საკითხავისასარგებლოუკატეგორიო

ტიტანიკის დაღუპვა

6484598d2111

1912 წლის 15 აპრილის ღამეს, იმ დროს, როდესაც ოკეანეში იძირებოდა “ტიტანიკი”, მის მახლობლად შეუჩერებლად ჩაიარა უცნობმა გემმა. მრავალი წლის მანძილზე ითვლებოდა, რომ ეს იყო სატვირთო–სამგზავრო ხომალდი “კალიფორნია”.

“ტიტანიკი” აისბერგს 23 საათსა და 40 წუთზე შეეჯახა, ხოლო შეჯახებიდან 10 წუთში ლაინერის კაპიტანმა სმიტმა, მისმა უფროსმა თანაშემწე უაილდმა და გემის ამგებმა ენდრიუსმა დაზიანებული ადგილი დაათვალიერეს და ამ უკანასკნელმა თავის ნახელავს უაპელაციო განაჩენი გამოუტანა:

– “ტიტანიკი” განწირულია, კაპიტანო და მას ვერავინ უშველის! თავად უფალი ღმერთიც კი. ოთხი განყოფილებაა დაზიანებული. გადარჩენის იმედი იქნებოდა, მხოლოდ სამი რომ ყოფილიყო დაზიანებული. ამ შემთხვევაში კი ჩვენი წყლის საქაჩი მანქანები წყალს ოკეანიდან ოკეანეში გადაქაჩავენ. ჩვენ მაქსიმუმ ორ საათს გავძლებთ, მეტს ვერა.

ლაინერის მეკავშირე ფილიპემ 00 საათსა და 05 წუთზე იმ დროისთვის მიღებული უბედურების სიგნალის გადაცემა დაიწყო. 20 წუთის შემდეგ იგი თბომავალ “კარპატიას” დაუკავშირდა, რომელიც მისგან 58 მილში იმყოფებოდა.

“ტიტანიკის” მოწოდებას გამოეხმაურნენ “ფრანკფურტი” და “ტიტანიკის” ტიპის ხომალდი “ოლიმპიკი”.

მაგრამ ორივე მეტისმეტად შორს იმყოფებოდა დაღუპვის პირას მყოფი ხომალდიდან. ერთი სიტყვით, უახლოეს ხანში ვინმეს დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. და ამიტომ სრულიად გასაგები იყო სიხარული და გაოცება, რომელიც კაპიტნის მეოთხე თანაშემწის ბოკსჰოლის ყვირილში გამოიხატებოდა:

– მარცხენა ბორტთან სინათლეებია, სერ! გემი ჩვენგან ხუთ–ექვს მილშია!

ბოკსჰოლი თავის დურბინდში ნათლად ხედავდა, რომ ეს იყო ერთსაკვამურიანი თბომავალი. იგი შეეცადა მასთან კავშირი სასიგნალო ნათურის დახმარებით დაემყარებინა, მაგრამ უცნობი გემი არ პასუხობდა.

– როგორც ჩანს, გემზე არც რადიოტელეგრაფია, არ შეიძლება, რომ მათ ვერ შევემჩნიეთ, – განაცხადა კაპიტანმა სმიტმა და მესაჭე როუს უბრძანა ავარიული რაკეტებით მიეცა უბედურების მაუწყებელი სიგნალი.

როდესაც მესიგნალემ რაკეტების ყუთი გახსნა, ბოკსჰოლიც და როუც ადგილზე გაშეშდნენ: ყუთში ავარიული წითლის ნაცვლად ჩვეულებრივი თეთრი რაკეტები იდო.

– სერ, – საკუთარ თვალებს არ უჯერებდა ბოკსჰოლი, – აქ მხოლოდ თეთრი რაკეტებია!

– შეუძლებელია! – გაოგნდა კაპიტანი სმიტი, მაგრამ თანაშემწის სიმართლეში დარწმუნებულმა უბრძანა, – თეთრები ისროლე, იქნებ მიხვდნენ, რომ უბედურება შეგვემთხვა.

00 საათსა და 45 წუთზე ბოკსჰოლმა მარცხენა ფრთიდან პირველი თეთრი რაკეტა ისროლა, მაგრამ საიდუმლოებით მოცულ გემს მასზე რეაგირება არ მოუხდენია.

– ყოველ ათ წუთში თითო რაკეტა ისროლეთ, – გასცა განკარგულება კაპიტანმა, მაგრამ უცნობი ხომალდი ყურადღებას არ აქცევდა “ტიტანიკს” და ან დრეიფზე იდგა, ან ძალიან ნელი სვლით მიდიოდა. როდესაც ბოლო რაკეტა გაუშვეს, გემის სინათლეები ჯერ კიდევ ჩანდა “ტიტანიკიდან”, შემდეგ კი გემზე სინათლეები გამორთეს და იგი სწრაფი სვლით გაემართა აღმოსავლეთის მიმართულებით, უკან კი დასაღუპად განწირული ადამიანების წყევლა–კრულვა მიჰყვებოდა.

“ტიტანიკზე” ფიქრობდნენ, რომ ისინი განსაცდელში “კალიფორნიამ” მიატოვა. იმავდროულად გემზე წესრიგში მოჰყავდათ სამაშველო ნავები. 00 საათსა და 45 წუთზე დაკომპლექტებული და წყალში იყო ჩაშვებული პირველი სამაშველო ნავი, მას მეორე მიჰყვა, შემდეგ მესამე. პირველ რიგში ნავებში ბავშვები და ქალები სხდებოდნენ. 1 საათსა და 50 წუთზე “ტიტანიკის” რადიოსადგურმა უკანასკნელი რადიოგრამა გადასცა. 2 საათისა და 20 წუთისთვის ლაინერი უკვე ჩაძირული იყო.

გემი “კარპატია” კი მისთვის არნახული სისწრაფით, 17 კვანძი სიჩქარით მიეშურებოდა დასაღუპად განწირული ადამიანებისკენ. კაპიტანმა არტურ როსტონმა განკარგულება გასცა მოემზადებინათ ლოგინები, სათადარიგო ჩასაცმელები, საკვები გადარჩენილებისთვის. 2 საათსა და 45 წუთზე თავის გზაზე “კარპატიას” უკვე ხვდებოდა აისბერგები და მათი ნამსხვრევები, ყინულის დიდი მოედნები. მიუხედავად შეჯახების საფრთხისა, “კარპატია” სიჩქარეს არ ანელებდა. 3 საათსა და 50 წუთზე “კარპატიაზე” “ტიტანიკის” პირველი სამაშველო ნავი შენიშნეს, 4 საათსა და 10 წუთზე ხალხის გადარჩენა დაიწყეს, ხოლო 8 საათისა და 30 წუთისთვის გემზე ბოლო ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი აიყვანეს. სულ “კარპატიამ” 705 ადამიანი გადაარჩინა და მანვე ჩაიყვანა ყველანი ნიუ–იორკში.

თბომავალი “კალიფორნია”, რომელიც ასრულებდა რეისს ლონდონი–ბოსტონი, 14 აპრილის საღამოს “ტიტანიკის” მახლობლად აღმოჩნდა, მალე ყინულების ტყვეობაში მოექცა და სვლა დაკარგა. მისი რადიომეკავშირე ევანსი დაახლოებით 23 საათზე დაუკავშირდა “ტიტანიკს” და უნდოდა გაეფრთხილებინა მძიმე ყინულოვან ვითარებაზე და ეთქვა, რომ თავად ყინულებში არიან ჩაჭედილები, მაგრამ “ტიტანიკის” რადიომეკავშირე ფილიპემ, რომელმაც იმ წუთას გაჭირვებით დაამყარა კავშირი რეისის კონცხთან, მას უხეშად შეაწყვეტინა: – შემეშვით! დაკავებული ვარ, კონცხ რეისთან კავშირზე ვმუშაობ!

და ევანსიც შეეშვა. “კალიფორნიაზე” მეორე რადიომეკავშირე არ ჰყავდათ, რთული დღე ჰქონდათ და ევანსმა 23 საათსა და 30 წუთზე ოფიციალურად მოახსენა ყოველივე გემის კაპიტანს და რადიოკავშირი დახურა.

ასე რომ, “კალიფორნიას” “ტიტანიკის” ძახილი არ ესმოდა. ბოლოს მძიმე ცურვით გადაღლილი “კალიფორნიას” კაპიტანი სტენლი ლორდი თავის კაიუტაში დასასვენებლად მიწვა. გემბანზე კაპიტნის მეორე თანაშემწე სტოუნი მორიგეობდა. 00 საათსა და 45 წუთზე მან თეთრი რაკეტის შუქი დაინახა და გაუკვირდა, ვის მოუვიდა თავში აზრად ასე გვიან ღამით გემიდან რაკეტები ესროლა? 1 საათსა და 10 წუთზე, როდესაც სიბნელეში მეექვსე რაკეტამ გაანათა, სტოუნმა უცნაური რაკეტების თაობაზე კაპიტანს მოახსენა.

– ეს სიგნალები რომელიმე სანაოსნო კომპანიისაა? – იკითხა კაპიტანმა.

– არ ვიცი, – უპასუხა სტოუნმა, – რატომღაც რაკეტები თეთრია.

– შეეცადეთ იმ გემს დაუკავშირდეთ სასიგნალო ნათურის საშუალებით.

მაგრამ “ტიტანიკიდან” არავინ უპასუხა. განთიადისას “კალიფორნიაზე” ცხოვრება განახლდა. ხუთის ნახევარზე კაპიტანი ადგა. იმ დროისთვის ყინულების ბორკილები შესუსტდა და გემს გზა გაუნთავისუფლდა. ლორდს ღამის უცნაურობები გაახსენდა და ბრძანა ევანსი გაეღვიძებინათ და რადიოკავშირი განეახლებინა. რამდენიმე წუთში გემბანზე კაპიტნის უფროსი თანაშემწე სტიუარტი ამოიჭრა და დაიყვირა:

– “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და 2 საათსა და 20 წუთზე ჩაიძირა!

სიტუაციის შეფასების შემდეგ კაპიტანმა ლორდმა ბრძანება გასცა დაუყოვნებლივ აემუშავებინათ ძრავები და გემი “ტიტანიკის” დაღუპვის ადგილისკენ დაძრულიყო. ერთ საათზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ “კალიფორნია” და “კარპატია” ერთმანეთს შეხვდნენ, რის შემდეგაც “კარპატიამ” კურსი ნიუ–იორკისკენ აიღო, ხოლო “კალიფორნიამ” კიდევ ერთხელ შემოუარა ტრაგედიის ადგილს და კურსი ბოსტონისკენ აიღო. ამ დროს სტენლი ლორდი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ეს სირცხვილის კურსი იყო.

კომისია, რომელიც “ტიტანიკის” დაღუპვის გარემოებებს იძიებდა, საქმეს მიკერძოებით მიუდგა, არ გაითვალისწინა “კალიფორნიას” არც ოფიცრების და არც გემის ეკიპაჟის წევრების ჩვენებები, არც “კარპატიას” კაპიტნის როსტონის განცხადება, რომელიც ადასტურებდა კაპიტან ლორდის უდანაშაულობას. კომისია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველაზე ახლოს კატასტროფის ადგილას თბომავალი “კალიფორნია” იმყოფებოდა, რომ იგი ერთადერთი ხომალდი იყო, რომელსაც შეეძლო და უნდა აღმოეჩინა კიდეც დახმარება “ტიტანიკისთვის”. საგამოძიებო კომისიამ სტენლი ლორდი ერთ–ერთ მთავარ დამნაშავედ სცნო 1.500–ზე მეტი ადამიანის დაღუპვაში, მას ბრალი დასდო ადამიანებისთვის განზრახ დახმარების არაღმოჩენაში.

ასეთი ბრალდება იმდენად მძიმეა ნებისმიერი მეზღვაურისთვის, რომ წერტილს უსვამს მის პროფესიულ რეპუტაციას. წყევლა–კრულვის და ლანძღვა–გინების კორიანტელი დაატყდა თავს კაპიტან ლორდს. შერცხვენილი ფლოტიდან გააგდეს და მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა. გარდაცვალების წინ სტენლი ლორდმა ითხოვა, რომ გარდაცვალების წინა აღსარება დაეფიქსირებინათ ნოტარიუსის თანდასწრებით არამხოლოდ წერილობითი სახით, არამედ მაგნიტოფონზე ჩაწერითაც. მან ისევ გაიმეორა “ტიტანიკის” მგზავრების დაღუპვაში თავისი უდანაშაულობის შესახებ და უკვე მისუსტებული ხმით განაცხადა:

– მე, სტენლი ლორდი, ვემზადები რა უზენაესი სასამართლოს წინაშე წარსადგომად, ვიმყოფები რა საღ გონებაზე და მტკიცე მეხსიერებაზე, ყველა თქვენგანის წინაშე, საუკუნო ცხოვრების ზღურბლზე მდგომი, ისევ ვაცხადებ, რომ არ ვარ დამნაშავე “ტიტანიკის” მგზავრების დაღუპვაში.

1962 წლის იანვარში ჩეშირის საგრაფოს პატარა ქალაქ უოლასში იგი მშვიდად აღესრულა თავისი შვილის, ტიტენის მკლავზე, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა მამის უდანაშაულობა და მთელი ცხოვრება იბრძოდა მისი კეთილი სახელის აღსადგენად, მხარს უჭერდა, ეხმარებოდა და ამხნევებდა.

სტენლი ლორდის გარდაცვალებასა და მის აღსარებას შესაძლოა შეუმჩნევლად ჩაევლო, ორი თვის შემდეგ ნორვეგიის რადიოსა და ტელევიზიას მსოფლიოსთვის რომ არ ემცნო ვინმე ჰენდრიკ ნესის სენსაციური აღსარება, რომელიც 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის პატარა მეთევზეთა ქალაქში.

ზღვაოსნობისთვის თავის დანებების შემდეგ ჰენდრიკ ნესი ცხოვრების ბოლო წლებს პატარა მყუდრო სახლში ატარებდა. იგი ხშირად იჯდა ჩაფიქრებული და მძიმე ტვირთს ახსენებდა, რომლის ტარებაც წლების მანძილზე საკუთარი მხრებით უწევდა და რომელიც მის სინდისს ამძიმებდა. მის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ნესის ნათესავი ძველი ქაღალდების თვალიერებისას სარეწაო გემ “სამსონის” ჟურნალს და სქელ გაცვეთილ ჟურნალს წააწყდა. მან ნახა გემის კაპიტნის, ჰენდრიკ ნესის, პირადი დღიური, ასევე, უამრავი გაყვითლებული გაზეთის ამონაჭერი, რომლებიც “ტიტანიკის” დაღუპვას უკავშირდებოდა. იმან, რაც ნესის ნათესავმა ამ საბუთებიდან შეიტყო, იმდენად შესძრა, რომ ჰენდრიკ ნესს საზოგადოების წინაშე გამოსვლა და “ტიტანიკის” დაღუპვის საიდუმლოსთვის ფარდის ახდა მოსთხოვა.

ნესი ცდილობდა ყველაფერი უარეყო, მაგრამ ინფორმაციამ პრესაში გაჟონა, რამაც ნორვეგიელ მეზღვაურთა აღშფოთება გამოიწვია. ერთ დროს მშვიდი სახლი რეპორტიორების ალყაში აღმოჩნდა. ნესმაც გადაწყვიტა მხრებიდან მოეშორებინა ის ტვირთი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე აწვა. მან თავისთან არამხოლოდ ღვთისმსახურს უხმო აღსარების სათქმელად, არამედ ჟურნალისტებსაც და მაშინ ნორვეგიელებმა საკუთარი ტელევიზორის ეკრანზე იხილეს ჰენდრიკ ნესის დაგვიანებული აღსარება.

888

1912 წლის 14–15 აპრილის ღამე იყო. სარეწაო გემი “სამსონი” წარმატებული რეწვის შემდეგ ბრუნდებოდა და ცდილობდა თავი აერიდებინა აშშ–ს სანაპირო დაცვის გემებთან შეხვედრისთვის. მის ტრიუმებში ინახებოდა რამდენიმე ასეული მოკლული სელაპი. დაღლილი ეკიპაჟი ისვენებდა. გემბანზე თავად კაპიტანი და მისი პირველი თანაშემწე მორიგეობდნენ. ნესის თბომავალის რეისები ყოველთვის წარმატებული იყო და კარგი მოგება მოჰქონდა. იგი გამოცდილი და რისკიანი კაპიტანი იყო, არ ერიდებოდა უცხო ქვეყნების ტერიტორიულ წყლებში შესვლას, მას კარგად იცნობდნენ აშშ–ს სანაპირო დაცვის ხომალდების ეკიპაჟის წევრები, თუმცა იგი მათთან ახლო ნაცნობობას ყოველთვის გაურბოდა.

– საოცარი ღამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, მშვიდი, ალერსიანი ოკეანე, – ყვებოდა ნესი, – მე და ჩემი თანაშემწე ვყბედობდით, ვეწეოდით, ზოგჯერ გემბანზე გავდიოდი, მაგრამ იქ დიდხანს არ ვრჩებოდი, გარეთ საკმაოდ ციოდა. უცბად, შემთხვევით, ჰორიზონტის სამხრეთით ორი არაჩვეულებრივად კაშკაშა ვარსკვლავი შევნიშნე. ამან გამაკვირვა. თანაშემწეს დავუყვირე, რომ დურბინდი მოეტანა. იმ ვარსკვლავებისკენ მივმართე და მაშინვე მივხვდი, რომ ეს დიდი გემის სინათლეები იყო.

– კაპიტანო, ჩემი აზრით, ეს სანაპირო დაცვის ხომალდია, – მითხრა თანაშემწემ, მაგრამ ეს თავადაც ვიფიქრე. რუქაზე დახედვის დრო აღარ იყო, ორივემ გადავწყვიტეთ, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიულ წყლებში შევედით, ხოლო მათ ხომალდებთან შეხვედრა კარგს არაფერს გვიქადდა. რამდენიმე წუთში ჰორიზონტის თავზე თეთრი რაკეტა გამოჩნდა და ჩვენ მივხვდით, რომ შეგვნიშნეს და ჩვენგან შეჩერებას მოითხოვენ. იმედი მქონდა, რომ მიმალვას მოვახერხებდით, მაგრამ მალე კიდევ ერთი რაკეტა ავარდა ცაში, გარკვეული დროის შემდეგ მესამე. საქმე ცუდად იყო. ჩვენი გემი რომ გაეჩხრიკათ, არამხოლოდ მთელ ნანადირევს დავკარგავდი, არამედ შესაძლოა გემიც დამეკარგა და ყველანი ციხეში აღმოვჩენილიყავით. ამიტომ გადავწყვიტე იქაურობას გავცლოდი.

გავეცი განკარგულება სინათლეები გამოერთოთ და სრული სვლით დავძრულიყავით. რატომღაც არ გამოგვეკიდნენ. ბრძანება გავეცი კურსი შეგვეცვალა და სრული სვლით განვაგრძეთ ცურვა. მხოლოდ დილით შევანელეთ სვლა. 25 აპრილს ღუზა რეიკიავიკში, ისლანდიაში ჩავუშვით და მხოლოდ იქ გაზეთებიდან შევიტყვეთ “ტიტანიკის” ტრაგედიაზე. მაშინვე საკუთარ ჩანაწერებს გადავხედე და მივხვდი, რომ “ტიტანიკის” მგზავრები ხედავდნენ ჩვენს გემს და არა – “კალიფორნიას” და რაკეტებით საშველად ჩვენ გვიხმობდნენ, მაგრამ სასიგნალო რაკეტები ხომ თეთრი იყო და არა – წითელი, ავარიული. ვინ იფიქრებდა, რომ სულ ახლოს ადამიანები იღუპებოდნენ, ჩვენ კი მათ სრული სვლით ვშორდებოდით ჩვენი საიმედო და დიდი გემით “სამსონით”, რომელსაც სამაშველო ნავებიც გააჩნდა და კატერებიც! ოკეანეც მშვიდი იყო. ჩვენ შეგვეძლო ყველა გადაგვერჩინა! ყველა! იქ ასეულობით ადამიანი იღუპებოდა, ჩვენ კი აყროლებულ სელაპის ტყავს ვუფრთხილდებოდით! მაგრამ აბა რა ვიცოდით? რადიოტელეგრაფი კი არ გვქონდა.

ისლანდიიდან ნორვეგიისკენ მიმავალ გზაზე ეკიპაჟს ავუხსენი, რაც მოხდა და გავაფრთხილე, რომ ჩვენ მხოლოდ ერთადერთი რამ დაგვრჩენოდა – დუმილი! თუ სიმართლე გამჟღავნდებოდა, კეთროვანზე უარეს დღეში აღმოვჩნდებოდით, ყველა ზურგს შეგვაქცევდა, ფლოტიდან გამოგვაძევებდნენ, ჩვენთან ერთად გემზე მუშაობას არავინ მოისურვებდა, ხელს არავინ ჩამოგვართმევდა და პურის ნაჭერსაც კი არ მოგვაწვდიდნენ. ეკიპაჟის წევრებს არ დაუფიციათ. ჩვენ უბრალოდ ვდუმდით, ვდუმდით ნახევარი საუკუნე, ვიხოცებოდით და “სამსონის” საიდუმლო თან მიგვქონდა.

მძიმე იყო კაპიტან ჰენდრიკ ნესის ხვედრი, ის ყურადღებით კითხულობდა გაზეთებს, კითხულობდა სასამართლოს ანგარიშებს, თვალს ადევნებდა სტენლი ლორდის მცდელობებს საკუთარი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. სულ რამდენიმე სიტყვით შეეძლო ჰენდრიკ ნესს გადაერჩინა კაპიტან ლორდის რეპუტაცია, მაგრამ იგი იმასაც ხვდებოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მას თავად წაუყენებდნენ ბრალს ყველაზე საშინელ დანაშაულში, უმწეო ადამიანებისთვის დახმარების არაღმოჩენაში და ამის შიშით პირზე დიდი კლიტე დაიდო.

ნესის ამ აღიარების შემდეგ დაიწყო კამპანია სტენლი ლორდის საქმის გადასახედად. ბოლოს, როგორც იქნა, “კალიფორნიის” უდანაშაულო კაპიტნის სტენლი ლორდის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close