არქივი

რა? სად? როდის? #4

0a0f8b2a4672

ახლი კითხვები

  1. რომაელი ისტორიკოსის, ტაციტუსის ცნობით ერთი კონკრეტული პროცედურისათვის ძველ რომში გამოყოფილი იყო სპეციალური ადგილი ესკვილინის კარიბჭესთან. იგივე დანიშნულების ადგილამდე მიმავალი ქუჩის სახელწოდება აზიის ერთ ქალაქში კი დაკავშირებულია “ტკივილთან”. დამისახელეთ თუ რა ჰქვია ამ ადგილს აზიის ზემოხსენებულ ქალაქში?
  2. ხულიო კორტასარი თავის ესეში აღწერს რა ერთი ლეგენდარული ადამიანის საქმიან ვიზიტს პარიზში, თავის ყურადღებას აჩერებს მის თანმხლებზე, კოზი კოულზე. მწერალი კოზი კოულს ადარებს მარკიზ დე სადს, რომელიც თითქოსდა დაკიდულია ქალის რვა შიშველი უკანალის თავზე და მათ მათრახის ცემით სულს ხდის. ის, რასთანაც პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა კოზი კოულს მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიგურირებს ერთი ნობელიანტი მწერლის რომანის სათაურში. დაასახელეთ კოზი კოულის პროფესია ერთი ინგლისური სიტყვით!
  3. ყოველთვის, როდესაც ამ შეკითხვის ავტორი უყურებს ერთ წარმოდგენას, მას ახსენდება ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი მწერალი, ბრაზილიელი არქიტექტორი, ავსტრიელი ექსპრესიონისტი ფერმწერი და გერმანელი მეწარმე. დამისახელეთ რომელ წარმოადგენაზეა საუბარი?
  4. [ყურადღება: შეკითხვაში არის ცვლილება] რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ეკატერინბურგში, ტაქსის გამოძახების ადგილობრივმა სერვისმა გადაწყვიტა, რომ თავის მომხმარებლებს მისცეს საშუალება ჩერჩილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ერთი დღის განმავლობაში ანგარიშსწორების სახით გამოიყენონ ეს, აწ უკვე არამსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალება. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ჩერჩილს უშუალო კავშირი აქვს ზემოხსენებულ გადახდის საშუალებასთან. თუ მიხვდით რა სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში “ჩერჩილით”, დაასახელეთ ორი სიტყვით და ამავდროულად მაქსიმალურად ზუსტად, ამ წარსულში მსყიდველობითუნარიანი გადახდის საშუალების სახელწოდება!
  5. 1925 წლის 2 სექტემბერს ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლდუელთან ძლიერი ქარიშხლის დროს ავარია განიცადა და განადგურდა დირიჟაბლი სახელწოდებით “შენანდოა”. სპეციალისტთა მტკიცებით, ამ დირიჟაბლთან ერთად განადგურდა ერთი კონკრეტული ნივთიერების დედამიწაზე იმ დროს არსებული თითქმის მთელი მარაგი. დაასახელეთ ეს ნივთიერება.
  6. „რინგა პაკია / უმა ტირაჰა / ტური ვატია / ჰოპე ვაი აკე / ვაევაე ტაკაჰია კია კინო. / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / კა მატე, კა მატე / კა ორა, კა ორა / ტენეი ტე ტანგატა პუჰურუ ჰურუ / ნანა ი ტიკი მაი ვაკავიტი ტე რა / უპანე, უპანე / უპანე კაუპანე / ვიტი ტე რა!“. არ გთხოვთ ამ ტექსტის თარგმნას, დამისახელეთ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენლები მხნეობას და ენერგიას იკრებენ ამ სიტყვების საშუალებით.
  7. ამ ქვეყნის სახელმწიფო გერბზე მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოთავსებულია ორი პალმა, უკანა ფონზე — მზე, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კი ჩვენ ვხედავთ ფარს, რომელზეც გამოსახულია ცხოველის თავი პროფილში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცხოველს ამშვენებს მისი ერთ-ერთი ატრიბუტი. ამ ატრიბუტის გავრცელებული სახელი კი, თავის მხრივ, ფიგურირებს ქვეყნის სახელწოდებაში. დამისახელეთ ამ ქვეყნის თანამედროვე სახელწოდება.
  8. როგორც ცნობილია, ინკვიზიცია მიზნის მისაღწევად წამების უამრავ იარაღს იყენება. ძირითადად ინკვიზიტორები მიზანს, ადამიანისათვის აუტანელი ფიზიკური ტკივილის მინიჭებით აღწევდნენ. მაგრამ როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ინკვიზიციას, არსენალში ბევრად “ჰუმანური” და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად უფრო ეფექტური იარაღიც ჰქონდა. თუ ისტორიულ ჩანაწერებს დავუჯერებთ, ამ იარაღის ზემოქმედების სამი დღის შემდეგ, ადამიანი კარგავდა რეალობის აღქმის უნარს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ — თანახმა იყო ყველაფერი ეღიარებინა. თქვენ კი უნდა დაასახელოთ იმ ადამიანის სახელი, რომელიც ერთ–ერთი წყაროს თანახმად, ასეთ ტანჯვას თითქმის სამი წელი უძლებდა.
  9. იგი დაიბაა 1989 წლის 23 ინვლისს, ხოლო მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1999 წელს ფილმით “დევიდ კოპერფილდი”, სადაც მან პატარა კოპერფილდის როლი განასახიერა. 2007 წლის თებერვალში, ინგლისელი დრამატურგის პიტერ შეფერის პიესის მიხედვით დადგმული სპეკტაკლის ერთ–ერთ ეპიზოდში მას შიშვლად მოუწია როლის განსახიერება. რა თქმა უნდა ამ დადგმის ფოტოსურათები მალევე გავრცელდა პრესაში, რასაც მოჰყვა დიდი უკმაყოფილება უფროსი თაობის მხრიდან. არ გეკითხებით ამ მსახიობის ვინაობას, უბრალოდ დაასახელეთ სახელი და გვარი, რომელიც ფიგურირებდა გაზეთ “სანდეი თაიმსში” დაბეჭდილი სტატიის სათაურში, რომელიც მიეძღვნა ზემოთხსენებულ მოვლენებს.
  10. ამ სიტყვის ძიებისას კირილესა და მეთოდეს ენციკლოპედიამ მოიძია უამრავი სტატია, რომელშიც ეს სიტყვა ფიგურირებს. სტატიები ეძღვნებოდა ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორებიც არიან: კეიტ ჯარეტი, ლუი არმსტრონგი, ელა ფიცჯერალდი, იან გარბარეკი, მაილზ დევისი და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ სტატიათა დიდი ნაწილი დაკავშირებულია გამოჩენილ ადამიანებთან, მათ შორის მაინც აღმოჩნდა ორი სტატია, რომელიც აშშ–ს ტოპონიმიკას უკავშირდება. მიხვდით, რომელ სიტყვაზეა საუბარი და დაასახელეთ ეს ორი ტოპონიმი ერთი წუთის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ ერთი არის ქალაქი, მეორე კი — შტატია.

xixani

http://xixani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button