ზღაპრები

Go Go ზღაპრები – თავი 7 (ნაწილი 7)

debdb4031fc2

კედელზე დიდი საათი ეკიდა, ძალიან დიდი. არასდროს უნახავს ამხელა სააათი. მხოლოდ ერთხელ ნახა, ისიც ბავშვობაში. ძალიან ზუსტად ახსოვს ის სახლი, ბებიასთან იყო მისული – მამის დედასთან. ხშირად არ დადიოდა ხოლმე მასთან. უფრო სწორად, სულ ხუთჯერ მოხვდა იმ სახლში
და ხუთივე სტუმრობა დაუვიწყარი იყო. ერთი, თუნდაც იმ საათის გამო; მეორე დაუვიწყარი ამბავი
ტყეში გასვლას და იქ დაკარგვას უკავშირდებოდა; და კიდევ სამი ამბავი, რომელთაც შეიძლება
მოგვიანებით დავუბრუნდეთ. ახლა იჯდა და უყურებდა კედელზე დაკიდებულ საათს. ის სულ სხვა საათი იყო, ბებიის საათისაგან სრულიად განსხვავებული. ჯერ ერთი, ბებიის საათს თითო რიცხვთან
რომელიღაც ცხოველი ეხატა; მეორეც, ეს საათი უფრო ხმამაღლა წიკწიკებდა; და მესამეც, ბებიის
საათს ძველებური იერი ჰქონდა. პრინციპში, რაღა იერი, ისედაც ძველი იყო. ეს საათი კი
თანამედროვეობის ნიმუში გახლდათ, დახვეწილი, სადა ისრებითა და ყოველგვარი ჩუქურთმების
გარეშე.
ალბათ ამიტომაც იყო, რომ მას მხოლოდ ერთი წუთით გაახსენდა ბებია და მერე ისევ თავის
პრობლემებში ჩაიძირა. საათს კედელი არ უხდებოდა. ცუდია, კედლებს რომ ვერ უხამებენ საათებს.
თუმცა, ჯობია, საათი შეუხამო კედელს. მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს?!
მთავარი ის იყო, რომ თეთრი საათი, რომელსაც შავი ისრები ჰქონდა, სრულიად არ შეეფერებოდა
ვარდისფერ კედელს, რომელზეც წითლად იყო მისხმული საღებავი. ეს ერთი შეხედვით ჩანდა ასე;
მაგრამ სინამდვილეში, დიზაინერის რჩევა იყო, რომ სახლის პატრონს ასეთი შპალერი შეეძინა.
საათის დაბლა მაგიდა იდგა _ ჩვეულებრივი ხის მაგიდა, თავისი ატრიბუტებით: ლამპით, საწერი
კალმით, კალენდრით, რაღაც ფურცლებით და კიდევ, საფერფლით, რომლის გვერდითაც პენსნე
იდო, თავისი თოკით. სკამი საკმაოდ უკან იყო გაწეული. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სახლის პატრონი,
ძალიან მსუქანი იყო, ან ადგომისას, სივრცე უყვარდა.
მოკლედ, კიდევ უამრავი რაღაცის თქმა შეიძლება. მოდით, მივყვეთ. ოთახის შუაგულში ორი
სავარძელი იდგა, რომელთა შუაშიც, შუშის მაგიდა იდგა, _ აი, ზუსტად ისეთი, იურიდიულ
ოფისებში რომ დგამენ ხოლმე. მაგიდის ქვეშ, რაღაც ჟურნალები ეწყო და მათზე დადებული მტვრის
რაოდენობით თუ ვიმსჯელებდით, მივხვდებოდით, რომ მათ, უკვე, კარგა ხანია, მკითხველი არ ყავთ.
ჟურნალები რა საკითხავიაო, იტყვის კაცი. ჰოდა, ალბათ ამიტომაც ედო მტვერი. სავარძლები,
რომლებიც სუფთა ტყავის ზედაპირით იყო დაფარული, მეტისმეტად დიდები ჩანდნენ, მაგიდასთან
შედარებით. ეს განსხვავება იქ მჯდომს დისკომფორტს უქმნიდა. ახლა სწორედ ამ დისკომფორტს
გრძნობდა ისიც. მართალია, ამჯერად ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც,
ყველა გაჭირვებას თან დისკომფორტიც ემატებოდა. ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა მისთვის
დამღუპველი იქნებოდა, თუმცა არც ეს იყო ახლა მისთვის გადამწყვეტი. მის უხასიათობას
ფანჯრიდან შემომავალი შუქი ოდნავ ანეიტრალებდა. სინათლე ძირს დაგებულ ლურჯ იატაკს
ეცემოდა და საოცარ ფერებად ირეკლავდა სხივებს. ფანჯარას ფარდები არ ჰქონდა და ამიტომ,
ოთახი სიცივის შეგრძნებას ტოვებდა, თუმცა, არ ციოდა.
თუ ვარდისფერ კედლებს ბოლომდე, ანუ ჭერამდე აუყვებოდით, დაინახავდით, მთელ ჭერზე
დახატულ სურათს სახარებიდან. ეს იყო ეპიზოდი, როცა ქრისტე მოწაფეებს ხორბლის თესლის
შესახებ უყვება. დიახ, სწორედ იმ ამბავს, როცა ხორბლის ნაწილი გზაზე დაიბნა და ამიტომ არ
გაიზარდა ეკალ-ბარდებში. მოკლედ, ეს სურათი, უფრო ზუსტად, ის ეპიზოდი იყო დახატული, როდესაც ქრისტე ხორბალს
ყრიდა და ეს ხორბალი ჰარში ჩერდებოდა. ყველაზე საკვირველი ის გახლდათ, რომ სურათი მთელს
ჭერზე იყო დახატული და ამიტომ, ოთახის სიდიდის წყალობით, გრანდიოზულ იერს იძენდა. თუმცა,
ტყავის სავარძელში მჯდომი, ახლა ამ სურათს არ უყურებდა. ის საათს მიშტერებოდა და ფიქრობდა.
რა თქმა უნდა, ისევ ბავშვობა გაახსენდა, ისევ ბებია და ის საოცარი ისტორიები, რომლებიც იმ
უცნაურ სახლში გადახდომია ხოლმე თავს. რა იქნებოდა ნეტავ, უფრო ხშირად რომ გაეშვათ
ბებიასთან. იქ ხომ იმდენი რამ იყო საინტერესო. თუმცა, ეგრე რომ ყოფილიყო, მაშინ არც დედა და
მამა დაცილდებოდნენ და, საერთოდ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. არადა, მეორე ბებიასთან ისეთი
საშინელება იყო, ისეთი საშინელება!… ჯერ მთელი ზაფხული უნდა ემეცადინა, მერე უნდა ეკითხა
ხოლმე, შუადღისას კი დაეძინა. შუადღისას, მთელი ბავშვები მდინარეზე იყვნენ და მას უნდა დაეძინა,
რადგან, ბებია მოითხოვდა ასე. ასე რომ არ მოქცეულიყო, კვირაობით დედა ჩამოდიოდა და ბებია
იმ წუთშივე ენას მიუტანდა, აი, შენი შვილი ასეთი და ისეთიო… მერე დედა უნდა გაბრაზებულიყო,
ეჩხუბა და ერთი ამბავი… თან, ჩხუბი რა, განა თვითონ რა უნდა ეჩხუბა, ისინი ტუქსავდნენ
გამუდმებით და ასე დატუქსული დადიოდა ხოლმე მთელი კვირა და ხანდახან ორშაბათიც. მერე
დედა ისე მიდიოდა, რომ ვერც კი ეფერებოდა. არადა, მეორე ბებია ისეთი კარგი იყო, ისეთი მშვიდი.
ის არაფერს უშლიდა და თვითონაც არ აფუჭებდა არაფერს. თუკი ბებია სთხოვდა, რომ არსად
წახვიდე, სახლში დარჩიო, იცოდა, რომ არსად არ უნდა გასულიყო. მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ
ერთხელ მოხდა, რადგან მხოლოდ ერთხელ დატოვა დედამ მასთან მარტო. თავიდან ვერ ხვდებოდა,
რატომ არ უშვებდა იმ სოფელში, მაგრამ მერე გაიგო, როგორ ეუბნებოდა მამას, დედაშენი გიჟიაო.
ჰოდა, ისიც პატარა იყო და იფიქრა, ბებო გიჟიაო. ამიტომ, აღარასდროს მონდომებია მასთან
ჩასვლა. აღარც ჩასულა და რომ მოკვდა, მხოლოდ მაშინ ჩააკითხა, ისიც ძალიან ცოტა ხნით.
ყვავილები დადო საფლავზე და მამის ცრემლიანი თვალებიც მყისვე მოიშორა. არ უნდოდა, ცუდი
განწყობა გაყოლოდა შინ. მერე ჩამოვიდა და დედას მოუყვა, ასე და ასე მოვიქეციო. დედამ უთხრა,
ყოჩაღ შენო და მასაც მეტი არაფერი უნდოდა. ამიტომ, არც კი გაუაზრებია თავისი საქციელი. ისე,
რაზეც დედა ეუბნებოდა კარგიაო, არაფერს აღარ იაზრებდა ხოლმე. გულში გაიფიქრებდა, დედას
ხომ ყოველთვის კარგი უნდა ჩემთვისო და კამათის გარეშე ასრულებდა ყველაფერს.
მერე, როცა გაიზარდა, მიხვდა რაღაცებს, მაგრამ რაღაცები ხომ არასდროს არ არის საკმარისი.
ერთხელ, მესამედ რომ ჩავიდა სოფელში, ბებიამ ტბაზე წაიყვანა საბანაოდ. მთელი სოფლის
ბავშვები იყვნენ და ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. ძალიან ცხელოდა. ბებია კი იდგა ტბისპირას და
ისე უყურებდა შვილიშვილის ბედნიერ სახეს. ახლაც ახსოვს, ახალგაზრდულად, როგორ
უბრწყინავდა თვალები ბებოს, მოხუცი, ცისფერი თვალები. მაშინ იყო ზუსტად, ერთ-ერთმა ბავშვა
თქვა, დედაშვილობანა ვითამაშოთო. ერთი გოგო გახდა დედა. ყველაზე მეტად აქტიურობდა პატარა ქერათმიანი კუდრაჭა გოგო. წინა ორი კბილი მოცვლილი ჰქონდა და რომ იცინოდა, საოცარი
სანახავი იყო.
ზუსტად ახსოვს, იმ გოგომ რომ უთხრა, შენ წადი და საჭმელი მოიტანეო. სინამდვილეში იქვე
დაყრილი ქვიშა უნდა მოეტანა, რადგან მისმა თანატოლებმა, დაბარებულის მაგივრად, რაც იქვე
იშოვეს, ის მიუტანეს დედას, ვითომ ის არისო. ის კი გავიდა ნაპირზე, ბებიას წამოღებული საჭმელი
სთხოვა. ბებომ იფიქრა, მოშივდაო. აიღო ეს საჭმელი და პირდაპირ წყალში შევარდა. ახსოვს, ყველამ
დასცინა, ნახე, ნამდვილი პური მოიტანაო. მაგრამ თვითონ სულაც არ გრძნობდა თავს
დამცირებულად, რადგან კმაყოფილი იყო, რაც ხდებოდა. ის ხომ დედას დაეხმარა.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც დედა გარდაიცვალა. თავიდან გრძნობდა, რომ სიცარიელე
იყო. არა, უფრო სწორად, ჯერ კარადები დაცარიელდა, რადგან ყველაფერი გასარეცხი გაუხდა,
მერე სამრეცხაოში წაიღო და იქ გაურეცხეს. მაგრამ გადაწყვეტილებებს ხომ სამრეცხაოში არ
იღებენ? ჰოდა, დარჩა ასე ხახამშრალი, ჯერ ვალები დაედო, მერე ვერც ერთ სამსახურს ვერ შეეგუა
და დედის დატოვებული ფულიც დახარჯა. ბოლოს გადაწყვიტა, რესტორანი გაეხსნა და ვალები
მთლიანად დაეფარა. ხუთი ათასი ოქრო ისესხა და რესტორნის ამუშავებაც კი ვერ მოახერხა.
სწორედ ამ მევალის სახლში იჯდა ახლა. მიხვდა, რომ ფული აუცილებლად უნდა დაებრუნებინა და
ამიტომ სახლი და ძვირფასეულობა, რაც გააჩნდა, ყველაფერი გაყიდა. სულ რაღაც, ორი ათასი
ოქრო მოაგროვა და მევალეს მიუტანა. მან კი სრულიად მარტივად უთხრა, მე ხუთი ათასი მოგეციო.
ისიც წამოვიდა, რომ როგორმე, ფული ეშოვა. ქურდობა დაიწყო. გეგონება, ქურდობა საქმე არ
არისო. დაიწყო თუ არა, პირველივე მცდელობისას დააკავა პოლიციამ და დააპატიმრა. მევალემ
ციხეში მიაკითხა და უთხრა, ახლა აქ იჯექი, გიცდი; რომ გამოხვალ, ფულს მაინც მომცემო.
იქ, ციხეში ვიღაც ბიჭი გაიცნო, რომელმაც უთხრა, იმიტომ დამიჭირეს, ჩემს ქვეყანას ვიცავდიო
და მთელი ორი წელი რაღაც პოლიტიკურ ისტორიებს უყვებოდა. ესეც უსმენდა მორჩილად –
მორჩილება ხომ მისი სტილი იყო. ისიც კი შესთავაზა იმ ბიჭმა, აქედან რომ გახვალ, ჩემს პარტიაში
შემოდი, მიგიღებო. ამანაც იფიქრა, იქნებ ფული ვიშოვოთ ერთადო; ჰოდა, გათავისუფლდნენ თუ
არა, მის პარტიაში გაწევრიანდა. რაღაც ერქვა, მოიცა, ხო, “შავი ორმოცდაოთხი”. ამ ~შავ
ორმოცდაოთხში~ გაწვერიანდა და ფულის პარვა დაიწყო. იქედან ხან რაღაც გრანტს ითვისებდა,
ხან _ რაღაც კრედიტს. ისე, ვერც ერთ სამუშაოს ვერ აბამდა თავს, რადგან არაფრის კეთება არ
შეეძლო. ბეჭდვაც კი არ ეხერხებოდა დამოუკიდებლად, მხოლოდ ძარცვას და უქმად ცხოვრებას
ეძებდა. რადგან პარტიის ლიდერის თანამესაკნე იყო და მის ძლიერ თანამებრძოლად მიიჩნევდა
თავს. ყველაფერზე ხელი მიუწვდებოდა და როცა ხელმძღვანელი ქვეყანაში არ იყო, პარვას
ერთიორად ააქტიურებდა. სწორედ ასეთი გამალებული ძარცვის დროს, ისე გაკადნიერდა, რომ
პირდაპირ სეიფიდან დაიწყო ფულის პარავა, პარტიის მოხუცმა წევრმა შემოუსწრო. ჰოდა, ეს ამბავი იმწამსვე, ამერიკაში ვიზიტად მყოფ ლიდერს შეატყობინა. ისიც ჩამოვიდა, უთხრა, აქ ვეღარ დარჩები,
მაგრამ ჩვენს მეგობრობას ვერ გავწირავო და ამიტომ რაღაც სამსახური მისცა, რომელიღაც
სასტუმროში.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ახლა ის მევალესთან იყო მოსული ვალის მორიგი ნაწილის მოსატანად,
თუმცა ფული არსად ჩანდა. მხოლოდ მისი ნაცრისფერი პერანგი, თეთრი შარვალი და შავი
ფეხსაცმელი იქცევდა ყურადღებას, უგემოვნობის თვალსაზრისით.
ოთახის კარი გაიღო. ვიღაც მელოტი კაცი შემოვიდა, რომელმაც თვალებით მოძებნა
თეთრშარვლიანი და თვალებითვე ანიშნა, გამომყევიო. ცოტა ხანს, ადგილიდან არ დაძრულა. ალბათ
არც უნდოდა, რომ აქედან ამდგარიყო, რადგან მევალისთვის არაფრის შეთავაზება არ შეეძლო. ის კი
ვერ იტანდა ასეთ რაღაცებს. შავფეხსაცმლიანი ფიქრობდა კიდეც, რა უნდა ეთქვა იმ შემთხვევაში,
თუკი, მევალე, მის ინიციატივას, უარყოფითად შეაფასებდა, ანუ არ მოეწონებოდა. თუმცა, ფიქრი
ფიქრად რჩებოდა, გადაწყვეტილება და აზრი კი არსაიდან ჩანდა. მელოტმა ისევ შემოყო თავი:
_ წამოდი-მეთქი!
ნელა, ძალიან ნელა წამოდგა ფეხზე, წელში თითქოს გაჭირვებით გაიმართა. თმაზე ხელი გადაისვა.
ქერა თმა ჰქონდა; უფრო ზუსტად, ყვითელი, ძალიან ჭყეტელა ფერისა; თვალები ყავისფერი, ცხვირი
_ მოკლე, თუმც, არცთუ ისე კარგი ფორმის. თავზე რომ ხელი გადაისვა, მუჭში თმები შერჩა, რადგან
ამ ბოლო დროს ნერვიულობდა და თმის ცვენა დაეწყო. ჯერ კარგად არ გასცვენოდა და იმას
ახერხებდა, რომ გაცვენილი ადგილები დარჩენილი თმებით დაეფარა. სინამდვილეში, ასე, ყვითელ,
გაქუცულ, მუნიან ძაღლს ემსგავსებოდა. ამის მიუხედავად, გაცილებით ჯობდა, სიმელოტე არ
დაემალა, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, თუ რას ეტყოდა იგი მევალეს, რა პასუხს
გასცემდა, როდესაც ტრადიციული მოკითხვის შემდეგ, დაინტერესდებოდა, ფული მომიტანე თუ
არაო. ალბათ, ჯერ გაჩუმდება, მერე… თუმცა ახლა ამაზე ფიქრი სარგებელს არ მოიტანდა, რადგან
უკვე მისაღებ ოთახში იდგა და ელოდა, როდის შემოვიდოდა მისი მფლობელი.
ოთახი ძალიან დიდი იყო. თეთრ კედლებზე, სცენები იყო სახარებიდან დახატული. უფრო სწორად,
ოთხ დიდ კედელზე, ოთხი დიდი სცენა სახარებიდან სურათად გადმოტანილი. მეხუთე ჭერზე ის
ეპიზოდი ეხატა, მოსე რომ კლდეს ურტყამს ჯოხს და იქიდან წყალი გადმოდის. წყალი საოცრად იყო
გაკეთებული _ მუქი ფერის კლდიდან გამოდიოდა. ცხადია, კედელში წყლის ადგილას, შეუმჩნევლად
ჩაეტანებინათ პატარა ნათურები, რომლებიც მძლავრად ანათებდნენ. წყალი მთლიანად იყო
განათებული. საინტერესოა, ის სურათი სად იყო, როდესაც მოსემ პირველად ჯოხი რომ დაარტყა და
წყალი არ გადმოვიდა. ეს, ხომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ეპიზოდში; მაშინ ხომ ეჭვი შეეპარა
ღმერთში, მაგრამ ეტყობა, ეჭვის შეპარვა ამ სახლის პატრონს, არ სჩვეოდა.
_ ბატონი ვისენტე ორ წუთში ჩამოვა, _ რომელიღაც მოახლე იყო. _ რამეს ხომ არ მიირთმევთ?_ თუ შეიძლება, წყალი მომიტანეთ ერთი ჭიქა, და შიგნით ბლომად ყინულები ჩაყარეთ. ოღონდ
მალე, გთხოვთ! _ ახლა იგრძნო, რომ წყურვილი კლავდა.
_ როგორც ვხედავ, უკვე მოწყობილხარ, მეგობარო! _ ეს ხომ ისე ნაცნობი იყო მისთვის. სიტყვებს
სიცილიც მოჰყვა. _ ძალიან მიხარია, რომ ჩემი დაგვიანებით ისარგებლე და მოშინაურდი. მარტო
წყალი რა, სხვა რამეს არ დააყოლებ?
ის-ის იყო უნდა ეთქვა, არაფერი მინდაო, რომ მან ხმას აუწია:
_ ანეტა, გთხოვ, ტკბილეული მოუტანე ბატონს!
მერე სავარძელში ჩაჯდა. სახეზე ეტყობოდა, რომ კმაყოფილი იყო. სახეზე კიდევ უამრავი რამ
ეტყობოდა. მაგალითად, ის, რომ ცალი თვალი არ ჰქონდა. ეს პირველი ეფექტი იყო, როდესაც მას
შეხედავდით. პირველ შთაბეჭდილებას სწორედ მისი ამოგდებული თვალი იწვევდა. მართალია, ამ
თვალს შავი გადასახვევი ფარავდა, მაგრამ რომ უყურებდი, მაინც ისეთი შეგრძნება ჩნდებოდა,
თითქოს ეს თვალი რაიმე დაავადების გამო კი არ დაკარგა, არამედ ამოუგდესო. ასეც იყო. ინტუიცია
და შეგრძნებები ხომ ხშირად მართლდება. შავი გადასახვევი მეორე იყო, რასაც მაშინვე შეამჩნევდით.
თვითონ გადასახვევიც კი უცნაური ჰქონდა, საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ნაჭრისგან იყო. შეხედავდი
თუ არა, დამშრალი ჭასავით, უსასრულო და ბნელი მოგეჩვენებოდა. თუმცა საკმარისი იყო მზის სხივი
მოხვედროდა, რომ პრიალა ტყავი მყისვე ბზინვას დაიწყებდა. თავი მელოტი ჰქონდა, მთლიანად
მელოტი. კისერზე ოქროს ძეწკვი ეკიდა, ხოლო ხელზე – ოქროს ბეჭედი. შიშველ ტანზე ხალათი
მოეხურა, რაღაც კოპლებითა და ოთხკუთხედებით გაწყობილი; ხოლო მხარზე, სალათისფერი
თუთიყუში ეჯდა, რომელიც ცქმუტავდა.
_ როგორ ბრძანდებით, ძვირფასო ვისენტე, _ შეეკითხა მორიდებით.
ვისენტემ ხმამაღლა გადაიხარხარა,
_ ნუ იცი შენ, ბიჭო, ეს ძველი ბოლშევიკური რაღაცები. უფრო შინაურული იყავი
ურთიერთობებში, უფრო ჯიგრული, უფრო ჩვენებური, ჰა?! რა იყო, რა შენი ძვირფასი მე ვარ ახლა?
სიმართლე მითხარი, რომ მხედავ, გეზიზღები და
ძვირფასოს რატომ მეუბნები? ხომ იცი, მწყინს?!
_ არა, რატომ მეზიზღებით, პირიქით მე… _
შეაწყვეტინა.
_ არ გინდა, ახლა ბევრი ბაზარი. ხომ იცი,
ყველაზე მეტად, ტყუილს ვერ ვიტან. ვერ ვიტან,
როდესაც მიყურებენ და მატყუებენ. მითუმეტეს,
როცა მეგობარი მატყუებს. ამიტომ გთხოვ, არ
მომატყუო. მთელი ჩემი ცხოვრება ქონებას შევწირე და ბოლოს მივხვდი, რომ ხსნა სხვაგან არის, ხსნა
რწმენაშია და ახლა ხომ ხედავ _ ხელი კედლებისკენ გაიშვირა, _ ხომ ხედავ, როგორ ვიძირები
ჭეშმარიტ სამყაროში, _ თუთიყუში კინაღამ ჩამოუვარდა მხრიდან. _ დამიჯერე, ჩემო მეგობარო,
აქ არის ჭეშმარიტება. ფული? ფული მეორეხარისხოვანია. ფული სულ სხვა რაღაცაა და რწმენა _
სულ სხვა. ფულის გარეშე, ადამიანი იცხოვრებს, მაგრამ რწმენის გარეშე, ერთი წუთითაც კი ვერ
გაძლებ ამ ქვეყანაზე. ასე რომ, გონს მოეგე და ტყუილებს შეეშვი, მორჩი მასხრობას! განა შენზე
ნაკლები მიცხოვრია? განა, მე, შენზე ნაკლებს ვიტყუებოდი? მაგრამ ღმერთმა დამანახა, რომ ეს
ყველაფერი ამაოებაა და მეტი არაფერი; რომ ეს ყველაფერი, რაც მაქვს, აქვე დარჩება და იქ მხოლოდ
მე და ჩემი შიშველი სული ვიქნებით!
ასეთი საუბარი, ჩვენი ქერასთვის, მოულოდნელი იყოო რომ ვთქვა, მოგატყუებ; ხოლო რომ
ვთქვა, ამ სიტყვებმა იგი სულმთლად გამოაძენძა-მეთქი, მაშინ, ნამდვილად, მიზანში მოვარტყამ.
ყავისფერთვალა იდგა და ვერ ხვდებოდა, რა უნდა ეპასუხა ამ კაცისთვის, რომლისთვისაც დღეს
ფული არ მოუტანია, და რომელთანაც სულ სხვა საუბარს აპირებდა, სულ სხვა კი შედგა.
_ იცით? თქვენგან ასეთ საუბარს არ მოველოდი, თქვენ თითქოს… არ ვიცი, თითქოს სრულიად
შეიცვალეთ, თითქოს.. _ და მან კედლებს შეხედა. მართალია, იქ სახარების სურათები ამ
გარდაქმნამდე კარგა ხნით ადრე დაეხატათ, მაგრამ ისინი ახლა სრულიად სხვანაირად ჩანდა. _
თითქოს სიკეთე შემოვიდაო შენში… _ ხედავდა, სიამოვნებისგან როგორ ებადრებოდა ცალთვალას
სახე; როგორ ჩუმად იჯდა თუთიყუშიც. და მას იმედი მიეცა, რომ ფულს აღარ მოსთხოვდნენ; რომ
ახალი ცხოვრების დაწყებას ყოველგვარი ვალებისა და მტრების გარეშე შეძლებდა, _ მე ვთვლი,
რომ ბედნიერებაა, როდესაც… _ და საუბარი შეაწყვეტინა.
_ როდესაც ქვეყანას ასეთი მსახიობი ჰყავს, _ ფეხზე წამოდგა და საშინლად გაიცინა. მან
იგრძნო, რომ ხმა დაბრუნდა, _ ჰა?! ხო მაგარი იყო? როგორი იყო? ვგიჟდები ხელოვნებაზე! შენთვის
ადრე არ მითქვამს? ვგიჟდები! ჰოდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა ისეთი კაცის როლი შემომთავაზა,
რომელიც სხვა ადამიანად გარდაიქმნება. ეს გარდაქმნა ხდება მაშინ, როდესაც ცოლს ღალატისას
შეუსწრებს. ახლა შენ ცოლი არ ხარ, მაგრამ მაინც ხომ კარგი იყო, რას იტყვი?! _ გადაიხარხარა.
_ და შენ დაიჯერე, არა? ვაა!! ჰა ჰა ჰა ჰა!! იცი როგორი სახე გქონდა?! კინაღამ გამოვშტერდი.
კარგია, ჩემი ბავშვობის ოცნებასაც ავიხდენ და პოლიციასაც თვალში ნაცარს შევაყრი. რამდენი
რამის თქმა შეიძლება, აბა?! მსახიობი ვარ და ქონებაც ამიტომ მაქვს. მსახიობი ვარ, დამნაშავე
როგორ ვიქნები.
_ ასე რომ, ვანიჩკა, _ მელოტმა სიგარეტს მოუკიდა. _ ხუმრობა იქით იყოს და ფული თუ
მოიტანე? _ ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. სიგარის ბოლი მეტისმეტად მძიმედ გამოუშვა პირიდან.
_ დავიჯერო, არ მოიტანე? _ შეეკითხა. _ არ მოუტანია, არა, ამ დამპალს, ჩააძაღლე! _ თუთიყუში იყო.
_ არა, ვისენტე, მომისმინე, გთხოვ, ფული ვერ მოგიტანე, არ იშოვება იმ ოხერ სასტუმროში
არაფერი და რა მოგიტანო, რაც არ მაქვს. ახლა თუ მომკლავ, ამით ვერაფერს შეცვლი – ფული ხომ
არ გაჩნდება ჩემი სიკვდილის მერე?! თანაც ცოცხალს კიდევ შემიძლია რაიმე შემოგთავაზო, ან
ბოლოს და ბოლოს, მუშად მაინც დაგიდგები. აბა, მკვდარი რაში გამოგადგები, ჰა? მითხარი.
არაფერში. მკვდარი ვიქნები და მორჩა, მეტი არაფერი. ვერც შენ ისარგებლებ და ვერც მე. ასე არ
არის? _ მერე ცოტა ხანს გაჩუმდა. ვისენტეც ჩუმად იყო, თუთიყუშიც. ჰოდა, ეს ცუდის
მომასწავებელი ნიშანი გახლდათ. ამიტომ, ისევ დაიწყო:
_ მომისმინე, თუ ხათრი გაქვს! _ ნერვიულობა სახეზე დაეტყო, ლოყები შეეფაკლა, სიტყვები
ერეოდა. მოკლედ, ყველაფერი დაემართა, რაც შეიძლება ასეთ დროს დაგემართოს ადამიანს, თუმცა
არ ტყდებოდა, _ მომისმინე, რას გეუბნები…
_ ნუ უსმენ მაგ ახვარს, ჩააძაღლე ეგრევე! _ თუთიყუში იყო.
გასაოცარია, საიდან დაგროვდა ამდენი აგრესია ამ უწყინარ ფრინველში. საერთოდ, ხშირად
ამბობენ, რომ ფრინველებს საუბარი შეუძლიათო. აი, მაგალითად, ბულბულს და შაშვს გალობა
შეუძლია და გალობით იმდენს გაგაგებინებს, ზოგი კაცი რომ დიდხანს გელაპარაკოს, თანაც, მთელი
თავისი ჟესტებით, მაინც ვერ გაგრძნობინებს თავისას. ბულბული კი, – ერთს დაუსტვენს და მორჩა,
ყველაფერი ნათელია. შაშვიც ეგრეა, სხვათა შორის. მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე ვბრაზდები,
რომ ყვავი დაგვეჩაგრა. ის კი გავიგე, რატომ არის ბულბული კარგი ფრინველი, ან შაშვი… ისიც
გავიგე, რატომ უყვართ არწივი. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არ უყვართ ყვავი. ნუთუ ყველაფერი
ისე გამარტივდა, რომ ყვავების საკითხსაც მათი სიმრავლის თვალსაზრისით მივუდექით? მაშინ
ბეღურებიც იმავე დღეში უნდა იყვნენ… ისინიც ხომ ბევრნი არიან?!… დავიჯერო, არწივი და ქორი
უფრო კეთილია, ვიდრე ყვავი? რა დააშავმა ყვავმა? უბრალოდ, ჩხავის, ისიც ხანდახან და მორჩა…
არც ქათამი მოუტაცია, არც ბატკანი და არც წიწილი.. არც ბავშვისთვის დაუკორტნია თვალები.
მაგრამ ყვავი მაინც ყვავია. რაღაც რასობრივ დისკრიმინაციას უფრო ჰგავს ეს, თითქოს შავი რომ
არის, მისი ბრალი იყოს; ანდა რა ბრალზეა საუბარი, ეს ხომ დანაშაული არც არის?! ერთი სიტყვით,
ძალიან გამიგრძელდა საუბარი და თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რისი თქმაც მინდა. ამ
ბოროტ თუთიყუშთან ერთად, ყვავი რომ დაეჭირათ სადმე, მათთვის უცხო ადგილას, უგნური
ადამიანები მაინც ყვავს მოკლავდნენ და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის ყვავია და ეს – თუთიყუში. აი,
ზუსტად ასე მოხდებოდა. მერე იტყოდნენ, აბა, ამას ხომ არ მოვკლავდით, თუთიყუშია და თანაც
ლაპარაკობსო. მაგრამ ისე, რა მნიშვნელობა აქვს, რომ ლაპარაკობს. მის ლაპარაკს ყვავის ჩხავილი არ
ჯობია?
მისი მღელვარების ნახევარი საათი გავიდა. ოთახში ისევ სიჩუმე იყო. თუთიყუშის სიტყვებს ჯერ პატრონის რეაქცია არ მოჰყოლია, ვანიას კი,
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება, უკვე კარგა ხანია, დაწყებული ჰქონდა. ახლა მთავარი
იყო, გამბედაობა მოეკრიბა და მევალისთვის ყველაფერი დაწვრილებით ეთქვა. თუმცა ამაზე მთავარი
იყო ის, თუ როგორ შეხვდებოდა ამას მევალე და რას გადაწყვეტდა. ძალიან რთულად იყო საქმე. ალბათ
ყველაფერი ხალხური წარმოდგენების ბრალია, _ ისევ ყვავზე მაქვს საუბარი. ალბათ, ყველაფერი
იმის ბრალია, რომ ხალხური წარმოდგენის მიხედვით, ყვავი ავის მომასწავებელი ფრინველია, მაგრამ…
მოკლედ, ძალიან დაიჩაგრა ეს ყვავი და ვანიაც გრძნობდა, რომ დაიჩაგრებოდა. ახლა გადამწყვეტი
მოქმედების დრო დადგა; დრო იმისა, რომ ამ ფრინველისა და ვისენტესთვის თავი მოეწონებინა. რა
დრო დაუდგა? თუთიყუშისთვის თავის მოწონება უწევდა! პრინციპში, სხვა პერიოდი მის ცხოვრებაში
არც ყოფილა,
_ მოკლედ, ვისენტე, გთხოვ, მომისმინე, _ ვისენტემ სიგარის ბოლი ბედისწერასავით მძიმედ
ამოუშვა ფილტვებიდან და მხოლოდ მისი სახის მიმიკით თუ მიხვდებოდა ვანია, რომ უსმენდა. _ მე
ვიცი, როგორ გაშოვნინო ოციათასი ოქრო. მნიშვნელოვანი თანხაა. ამ ფულს გაშოვნინებ და მერე
დავამთავროთ ყველაფერი, კარგი? ეს იყოს და მორჩა, ამის მერე შენთან აღარაფერი მაკავშირებს,
საქმე და მორჩა.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. არა, ‘ჩამოწვა~ ჯობია.
_ კარგი, _ ვისენტემ სიგარეტი საფერფლეში ჩადო. _ კარგი, დაუშვათ, ასეა. მე უფრო
დაწვრილებით მაინტერესებს ყველაფერი.
_ ჩემს სასტუმროში ოთხნი მოვიდნენ. მათ საუბარს შევესწარი, თავიდანვე მე დავხვდი კარებში,
ტაქსის კარიც მე გავუღე. შევესწარი მათ ლაპარაკს. ერთი გიჟი ჰყავთ. იმან თქვა, ხუთი ათასი
გამომაქვს ბანკიდან, უნდა გავერთოო. მერე სხვებიც აიყოლია და ყველამ გამოიტანა. მაგათი ოთახის
გასაღებიც მაქვს და ისიც ვიცი, სახლში როდის არიან და როდის – არა. ყველაფერი ზუსტად ვიცი, _
მერე გაჩუმდა.
_ ისე, საერთოდ, ჯობია, რომ დახოცო, თორემ აუცილებლად ძებნას დაგიწყებენ. _ ვისენტემ
სიგარეტი აიღო და ხელი პრიალა თავზე გადაისვა. _ თუ ასეა და ყველაფერი იცი, შენ თვითონ რატომ
არ აიღებ იმ ფულს, ძალიან დიდ მოგებაშიც კი დარჩები. ჩემთან ხომ ათას ოქრომდე გაქვს დარჩენილი?
საერთოდ, თუ კარგად იფიქრებს ადამიანი, _ ამ შემთხვევაში, ჩემზე ვამბობ. _ კარგად რომ
დავფიქრდი ყვავისა და ადამიანების ურთიერთობაზე, ერთ დასკვნამდე მივედი. საერთოდ, დასკვნების
კეთება ყველას გვიყვარს, მაგრამ ეს დასკვნა არც ისე ჩქარა გავაკეთე; ანუ არც ისე მალე მივსულვარ
აქამდე. ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ადამიანებს ყვავების ეშინიათ. არ ვიცი, რამდენად ძლიერია
სხვადასხვა სახის შიშს შორის მისტიური შიში, მაგრამ ასეა თუ ისე, ჩვენ ყვავების გვეშინია და სწორედ
ამიტომ ვიჩენთ მათ მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეს. ვისენტემ, როგორც იტყვიან ხოლმე, ზუსტი კითხვა დასვა. ვანიას თავი ჰქონდა ჩაქინდრული და
მთელი ამ ხნის განმავლობაში, თვალებში ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის. მხოლოდ, ამ კითხვის
შემდეგ, აწია თავი. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ლოყები, დაბერილი. კბილებს, ერთმანეთზე
მაგრად აჭერდა.
_ რატომ არ ვაკეთებ? _ თავი ისევ დახარა. _ ალბათ, მეშინია. _ ქართველები, პუტო, აბა! _ ხმამაღლა საუბრობდა პაპა. თანაც ისე, რომ ეტყობოდა, ემოციების
შეკავებას მომავალი ერთი საათის განმავლობაში არც აპირებდა. _ ნახე, როგორ ჭრის მათი ხმალი?
არა, რა! მართლა კარგი ხალხი იყო. ახლაც არიან, მაგრამ მე იქ აღარ მიმესვლება. უკვე იქ დიდი ხანია,
აღარავის ვჭირდები. _ მერე ჩაფიქრდა, ერთი საათის ეიფორია სადღაც გაქრა. _ შენ სანტა კლაუსი
თუ გაგიგია, პუტინ? _ პუტინი ყურადღებით უსმენდა.
_ კი, როგორ არ გამიგია. ეგ ის არ არის, საჩუქრებს რომ გვირიგებს ახალწლობით? _ დაფიქრდა
_ ეგ არის, ხო? ნაღდად ეგ არის! _ ისე თქვა, თითქოს გაახსენდა და თანაც გაუხარდაო. _ კი, ვიცი,
მერე?
_ ჰოდა, მაგაში გამცვალეს ქართველებმა. არადა, მე გასაცვლელი კაცი არ ვიყავი! _
გულდათუთქულმა წარმოთქვა ბოლო სიტყვები. _ არ ვიყავი წითელფორმიან მატყუარაში
გასაცვლელი კაცი.
_ ისე, რა გინდა, წითელი კარგი ფერია, _ თქვა პუტომ ისე, სხვათა შორის. _ ცუდი ფერი ნაღდად
არ არის. ახლა, ნუ, კარგიც შეიძლება არ იყოს, მაგრამ ცუდი ნაღდად არ არის. _ მერე პაპას რაღაც
ისეთი თვალებით შეხედა… რა, არ მეთანხმებიო?! თითქოს გამოხედვით ეუბნებოდა.
_ არ გეთანხმები, წითელი, საშინელი ფერია. მე, პირადად, არ მომწონს. არ ვიცი, სხვებს როგორ,
მაგრამ მე არ მომწონს. _ მერე ხმამაღლა დაიძახა _ ნაცარა! _ პასუხი არ იყო. _ ნაცარა!!!
_ ჰოო! _ დაიღრიალა.
_ წითელი კარგი ფერია? _ შეეკითხა ძალიან ნეიტრალური ტონით.
სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ნაცარას ახალგაზრდული ხმა გაისმა:
_ წითელი ბოზური ფერია! _ და გადაიხარხარა.
_ უუუ, დეგენერატი ხარ, რა! _ თქვა პაპამ. არა, ხმადაბლა არ უთქვამს, მაგრამ ნაცარა ამას
მაინც ვერ გაიგებდა, რადგან სხვა კუპეში იყო. დიახ, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ნაცარა, პუტო,
თოვლის პაპა და მშვენიერი წითელქუდა ახლა მატარებელში ისხდნენ და დევის ქვეყანასთან ყველაზე
ახლომდებარე სახელმწიფოში მიდიოდნენ. იქ პაპას ერთი ახალგაზრდა ბიჭი უნდა ენახა, რომელიც
საქართველოში ცხოვრებისას გაიცნო. ბიჭი ქართველი არ გახლდათ. პირიქით, ქართველებისგან მეტად განსხვავდებოდა. ის არაბი იყო.
თუმცა აზიური ქვეყნებიდან ხშირად სტუმრობდნენ საქართველოსო, ამბობდა ხოლმე პაპა. ერთიერთი
ასეთი სტუმრობის დროს, მან ეს ახლაგაზრდა არაბი ბიჭი გაიცნო, რომელსაც, პუტინისთვის,
უცნაური სახელი ერქვა, წითელქუდასთვის ზღაპრული, ხოლო ნაცარქექიასთვის _ უბრალოდ,
სასაცილო. ეს სახელი გახლდათ ალადინი. სწორედ ამ ალადინთან მიდიოდნენ ახლა ოთხივენი, იმ
იმედით, რომ ალადინი თავისი ჯადოსნური ხალიჩით მათ დევის ქვეყანაში გადააფრენდა; რადგან
პაპა ამბობდა, ალადინი ნამდვილი არაბი რაინდიაო, ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი დანაპირებს ყოველ
მიზეზგარეშე აასრულებდა.
მეტისმეტად უცნაურ მატარებელში ისხდნენ. თუმცა, ამას, მატარებელი არც შეიძლებოდა
რქმეოდა, რადგან რელსებზე არ დადიოდა. პირობითად, მაინც მატარებელს დავარქმევ. ის უამრავ,
უფრო სწორად, ორას რჩეულ ირემს მიჰყავდა, რომლებიც მას დანიშნულების ადგილისკენ
არანორმალური სისწრაფით მიაქანებდნენ.
მატარებელი წითელი იყო. მის გარდა, იმავე ადგილას და იმავე დროს, კიდევ ლურჯი და ყვითელი
მატარებლები გადიოდნენ, მაგრამ პუტინის თხოვნით, მათ ეს აირჩიეს. გარეთ საოცრად თოვდა და
ეს ირმებშებმული მატარებელი, ღამით, თოვლში საოცარი სანახავი იყო. ამ სურათს ისიც ემატებოდა,
რომ მატარებლის კუპეებიდან სინათლე გამოდოდა და გინდოდა თუ არა, ამ სიწითლის შემხედვარეს,
საახალწლო განწყობა გექმნებოდა.
თუმცა დაუჯერებელი იყო, რომ ვინმემ, ამ მატარებლის დანახვა მოახერხა. შეიძლება დანახვით
დაინახეს კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მატარებლის სიწითლესთან ერთად, კუპეებიდან
გამომავალი სინათლის აღქმას და თოვლის გათვალისწინებით, ამ ყველაფრისგან წინასაახალწლო
განწყობის შექმნას, ვერავინ მოახერხებდა, რადგან მატარებელი საოცარი სისწრაფით მიდიოდა.
ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის გახლდათ, რომ ის, ვინც ამ მატარებელს დაინახავდა, პირველად მის
სილამაზეს კი არა, სისწრაფეს აღნიშნავდა. სინამდვილეში კი, ეს არ იყო ყველაზე სწრაფი მატარებელი.
შეიძლება ითქვას, მას პრეტენზიაც კი ვერ ექნებოდა, რომ ყველაზე სწრაფი ყოფილიყო, თუმცა, აი,
ყველაზე ლამაზი მატარებელი შეიძლება გამხდარიყო, მაგრამ ამას მისი მესვეურები არ ცდილობდნენ.
ისინი იმ მშობლებს ჰგავდნენ, რომელთაც შვილს იურიდიულზე იმიტომ ჩააბარებინეს, რომ სკოლაში
ძალიან აზრიანი ბავშვი იყო. მაგრამ ეს, უკვე, სულ სხვა თემაა.
მოკლედ, პაპა და პუტო, ცალკე კუპეში ისხდნენ. მათი ნომერი ლამაზად იყო განათებული. შუაში,
პატარა მაგიდა იდგა, რომელიც, თავის მხრივ, მათ სამყოფელს სიმყუდროვეს მატებდა. ისინი
ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ხშირად არ უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში. შეიძლება…
ერთი სიტყვით, არ ვიცი, ეს რით იყო გამოწვეული. ფაქტი ერთი გახლდათ, რომ მას შემდეგ, რაც
მატარებელში ჩასხდნენ, პაპა გამუდმებით საუბრობდა ქართველებსა და მათ მიერ გაკეთებულ ხმალზე, რომელიც ვამპირებთან ბრძოლაში დაეხმარა. ეს კი, პუტოს ნერვებზე, უკვე ძალიან ცუდად
მოქმედებდა. არა, საერთოდ რეაქცია არ ექნებოდა ამაზე. გასაბრაზებელი ის იყო, რომ პაპა მას
ყოველი სიტყვის დასრულების შემდეგ აზრს ეკითხებოდა და სურვილის უქონლობის მიუხედავად,
აიძულებდა, პასუხი გაეცა. პატარა მაგიდაზე ყველი, პური და წითელი ღვინო იდო დოქით. დოქში
დაახლოებით ხუთი ლიტრი ჩადიოდა და იგი პირამდე სავსე იყო. პაპა ხან დოქს შეხედავდა, ხან _
პუტოს. ეტყობოდა, რაღაცის თქმა კიდევ უნდოდა. როგორც ჩანს, საქართველოზე საუბარი ჯერ არ
დაესრულებინა.
_ იცი, საქართველოში ყველაზე მეტი რა მოდის? _ შეეკითხა ცისფერთვალას და ახლა მთელი
გულისყურით უსმენდა პასუხს. ამით გაიგებდა, კიდევ შეიძლებოდა მასთან საუბრის გაგრძელება
თუ არა.
_ არა, წარმოდგენა არ მაქვს. _ მკაცრად უპასუხა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ მას კიდევ შეეძლო
რაღაცეების მოსმენა. ამიტომ პაპამ დაუნდობლად გააგრძელა.
_ საქართველოში ყველაზე მეტი, ყურძენი მოდის. _ მერე დოქს დახედა. _ ის ხომ იცი, ყურძენს
რისთვის იყენებენ?
_ კი, ჭამენ. _ მოკლედ უპასუხა.
_ კიდევ? _ ძალიან დინჯი იყო.
_ კიდევ, სვამენ ღვინოს, რომელსაც ყურძნისგან ამზადებენ. _ პუტოსაგან ასეთი ცოდნის
გამოვლენა გასაკვირი არ იყო, მაგრამ პაპას მაინც ესიამოვნა, რადგან ახლა, მისთვის, მნიშვნელოვანი,
მეგობრის საუბარში შეტყუება იყო.
_ ხოო, ეგრეა, ღვინოს დასაწურად იყენებენ. ყურძენი
წარმოშობს ღვინოს, ღვინო, კიდევ, აბა, თუ იცი, რას
წარმოშობს ღვინო? _ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო
შეკითხვა მილიონ ოქროზე, ანუ ძნელი შეკითხვა.
პაპას რომ ეს ქართველებისთვის ეკითხა, ისინი
დაუფიქრებლად უპასუხებდნენ, თუ რას წარმოშობს
ღვინო და რა შედეგი მოაქვს მას. მაგრამ ახლა იგი
ქართველებს არ ელაპარაკებოდა. ის ერთ კაცს ესაუბრებოდა და თანაც არაქართველს. სწორედ
ამიტომ, პუტინი დაიბნა და არ იცოდა, რა პასუხი გაეცა. მაგრამ მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ
ფარ-ხმალი არ დაუყრია.
_ ანუ? _ ძალიან მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა პუტომ.
_ ანუ, რას გვაძლევს ღვინო?! აი, ხომ არის, ქათამი გვაძლევს კვერცხს, ცხვარი – მატყლს,
ფუტკარი – თაფლს და მათ შორის ღვინოც გვაძლევს რაღაცას და რა არის ეს რაღაც? პუტო ცოტა ხანს დაფიქრდა.
_ ღვინო, ხომ ყურძნისგან კეთდება, არა? _ შეეკითხა პაპას.
_ არა, კი არ კეთდება, იწურება.
_ ხო, კაი, იწურება. ჰოდა, ყურძენი ხომ ხილია, არა?
_ კი, ხილია. _დაეთანხმა.
_ ჰოდა, ესე იგი ღვინო გვაძლევს ვიტამინს, რადგან ყველა ხილი შეიცავს ვიტამინს. _ და პაპა
გაოცდა.
არა, პასუხი, თავის მხრივ, სწორი იყო, მაგრამ ასეთი პასუხის მოსმენას, პაპას ერჩივნა, მისგან,
საერთოდ, არაფერი გაეგო. ამიტომ, რაღაც უცნაურად გაჩუმდა. _ რა იყო, რა, ვიტამინები არ არის
ღვინოში? _ შეეკითხა ოდნავ გულმოსული, იმის გამო, რომ მის პასუხს სათანადო აღრფთოვანება
არ მოჰყოლია.
_ კი, როგორ არ არის ვიტამინები, _ პაპა ხმადაბლა ლაპარაკობდა. _ ვიტამინების მეტი,
პრინციპში, მასში არც არაფერია. მაგრამ მას სულ სხვა რამის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის;
ყველაზე მთავარის, რისთვისაც ღვინო მოიგონეს; ყველაზე ტკბილის, რაც ამქვეყნად არის. _ პუტო
დაფიქრდა, მერე პაპას შეხედა.
_ არ ვიცი. _ თქვა ხმადაბლა.
_ ღვინოს სიხარულის მოტანა შეუძლია. მას ჩვენს სხეულში მზე შემოაქვს. გინახავს ყურძენი?
აი, ყურძნის მტევანი თუ გინახავს ოდესმე?
_ არა, არ მინახავს. მოჭრილი კი, მარა ისე – არა. _ პაპას აღელვებული ხმის გაგონების შემდეგ,
პუტო ოდნავ შეცბა.
_ ხო, მოუჭრელია სანახავი, თორემ აბა, მოჭრილი ყურძნის მტევანი ჩემმა მტერმა ნახა. მოჭრილი
საშინელი სანახავია. აი, როგორც მოჭრილი თავია ცუდი სანახავი, ეგრეა მოჭრილი ყურძნის მტევანიც.
გამოდის, რომ არ გინახავს. _ მერე დაფიქრდა. _ ისე, შენ ჩვენი ქვეყნის გარდა, კიდევ თუ გიცხოვრია
რომელიმე ქვეყანაში?
_ არა! _ სწრაფად უპასუხა პუტომ.
პაპა მიხვდა, ამ თემის გახსენება არ ესიამოვნა მის მეგობარს და სხვა თემით გააგრძელა.
_ მოკლედ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ამ შემთხვევაში, ის არის, რომ შენ
ყურძნის მტევანი არ გინახავს და ახლა მომიწევს, დაწვრილებით აგიხსნა, თუ რა არის ყურძნის მტევანი.
ისე, ჩემი ბრალიც არის, რომ ამაზე ლაპარაკი დაგიწყე. მეც, მხოლოდ საქართველოში მინახავს ყურძნის
მტევნები. ვაზს სხვაგან ვერსად გადავეყარე. კი, როგორ არა, საფრანგეთში ვნახე, მაგრამ იქ სულ სხვა
რაღაც იყო. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, თუ გინდა. _ ფანჯრიდან გაიხედა და ისე
მიაშტერდა რაღაცას, გეგონება, ამ სწარაფად მიმავალი მატარებლიდან, რამე დაინახაო. პუტომ ცოტა ხანს უყურა პაპას და ფანჯარაში გაიხედა. მერე ისევ პაპას შეხედა და მიხვდა, რომ
ყურძნის მტევნებსა და მაშინ დახატულ სურათს იხსენებდა და ყველაფერი თვალწინ დაუდგა… იმ
საქართველოს, თუ, რომელიღაც ქვეყნის ხედები.. პაპა უცბად დაბრუნდა ვაგონში. _ სად ვიყავი?
_ საფრანგეთზე თქვი რაღაც. _ ეს იმაზე მიუთითებდა, რომ პუტომ ბოლო ფრაზა ყურადღებით
მოისმინა.
_ ხო, საფრანგეთი. საფრანგეთში სულ სხვანაირად არის ყველაფერი. არა, მათაც უყვართ ღვინო
და შეიძლება ისევე უყვარდეთ, როგორც ქართველებს. მაგრამ საქართველოში, იმ დალოცვილ
მხარეში, ყველაფერი უცნაურად არის. იქ ყურძენი კი არ უყვართ, იქ ვაზს პატივს კი არ სცემენ, _ ამ
ყველაფერს აღმერთებენ. იცი, შენ? _ პუტინისკენ გადაიხარა და თვალებში ჩახედა. _ იცი შენ, რას
აკეთებდნენ ქართველი მეომრები? _ საიდან უნდა სცოდნოდა. _ ომის დროს ნებისმიერ ქართველ
ვაჟკაცს გულზე ვაზის თესლი ჰქონდა ჩამოკიდებული, რომ სიკვდილის შემდეგ, იმ ადგილას, სადაც
დამარხავდნენ, ვაზი ამოსულიყო!!! _ და ყბა აუკანკალდა. _ მიწა, მიწა, ყველაფერი მიწიდან იწყება
და მერე მზე აგრძელებს… გინახავს, როცა მტევანს მზე აჭერს და ყურძნის მარცვლები გამჭვირვალენი
ხდებიან?! დიდხანს რომ უყურო, გეგონება, ამ მარცვლებში მზე ილექებაო; გეგონება და ეგრეც არის,
მარცვლებში მზე ილექება და მერე ამ მზეს ვსვამთ. ამიტომ გითხარი, ღვინოს ჩვენში სინათლე
შემოაქვს-მეთქი. ახლა მიხვდი?
პუტო გაოცებული იჯდა. დიდხანს არაფერი უთქვამს. მერე სახეზე დაეტყო, რომ რაღაც
მოიფიქრა. აზრის დაწყობა საჭირო არ იყო:
_ მე მგონია, რომ ქართველებს… ქართველები, არა? ხომ არ მეშლება? _ პაპამ თავი დაუქნია, არ
გეშლებაო. _ მე მგონია, რომ ქართველებს ამ საკითხის მიმართ ძალიან რთული მიდგომა აქვთ. მე,
მაგალითად, ღვინოს არაყი მირჩევნია და იცი, რატომ? იმიტომ, რომ მალე თვრები. სასმელი ხომ
იმისთვის არის, რომ დალიო და დათვრე. ჰოდა, მე ვთვლი, რომ ამისთვის არაყი უფრო კარგია. ღვინო
ბევრი უნდა დალიო, რომ დაგათროს, არაყი კი – გადაკრავ ხუთ ჭიქას და მაგარი მთვრალი ხარ,
განგრეული მთვრალი… ღვინოთი, კიდევ, უნდა გაიჭყიპო… მერე კიდევ, მზე შემოდისო, რა მზე, რის
მზე, მაშინ ეგრე ვაშლიდანაც უნდა შემოდიოდეს მზე. ვაშლი რა, ხილი არ არის, თუ როგორ არის
ჩვენი საქმე? მსხალიც ხომ მზეზე მწიფდება და, საერთოდ, რომელი ხილი არ მწიფდება მზეზე?
პომიდორსაც კი მზე უნდა, მითუმეტეს, ბოსტნეულია, მაგრამ მე, პომიდორის ჭამისას შეგრძნება არ
მიჩნდება, რომ ორგანიზმში მზე შემოდის!
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა. პაპას სახეზე ეტყობოდა, რომ ბოლოს უკვე აღარ უსმენდა პუტოს.
ალბათ იმანაც ამიტომ შეწყვიტა საუბარი, თორემ არც აპირებდა გაჩერებას. მერე სულმა წაძლია და
ისევ გააგრძელა: _ არა რა, მე მაინც არაყი მირჩევნია. სასმელი იმისაა, რომ დათვრე. _ დაასკვნა და
გაჩუმდა, თანაც ისე, რომ ხაზი გაუსვა, ეს ჩემი ბოლო სიტყვააო. პაპა კარგა ხანს იყო ჩუმად, მერე ფეხზე წამოდგა და კუპედან გავიდა. ცოტა ხანში ისევ შემოვიდა,
მხოლოდ ახლა, უკვე, გაბრაზებული სახით. პუტოს წინ დაუჯდა, _ ისე როგორც, იჯდა. თვალებში
შეხედა და უთხრა:
_ სასმელი მარტო დასათრობად არ არის. ქართველები მის დასალევად მთელ დღეს ხარჯავენ.
როცა მას სვამენ, მათთვის ეს დღესასწაულია. როცა სუფრაზე ღვინოა, იქ სიხარულია, მაგრამ შენ
ამას ვერ გაიგებ და იცი, რატომ? _ პუტოს მართლაც აინტერესებდა რატომ, მაგრამ ახლა ის ამას ვერ
გრძნობდა, რადგან პაპას არასასურველმა ტონმა მასზე ცუდად იმოქმედა. ახლა მისი გონება სულ სხვა
ფიქრებით იყო დაკავებული. თუმცა პაპასთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მან თავადვე
უპასუხა შეკითხვას, _ შენ ამას იმიტომ ვერ გაიგებ, რომ _ საზურგეს მიეყრდნო. _ შენ არასდროს
დაგიწურავს ღვინო. არა, ღვინოც იქით იყოს, არც არაფერი შეგიქმნია ფასეული. შენ ხომ ყურძენს და
პომიდორს ერთმანეთს ადარებ და საიდან უნდა იცოდე ღვინის ფასი?! შენ ხომ იმისთვის სვამ, რომ
დათვრე. _ მერე გაჩუმდა და მთელი გზა ხმა არ ამოუღია.
ღვინით სავსე დოქი კი ისევ მაგიდაზე იდგა. ყველი და პური პუტოს მთელი გზა ეყო საციცქნად.
ციცქნიდა და თან ფიქრობდა, _ ჰეი! რამდენი რამ მოხდა მის ცხოვრებაში. არა, უფრო სწორად, მის
სულში, მის პიროვნებაში… ახლა დაფიქრდა, რომ ფასეული არაფერი შეუქმნია და პაპა, როგორც
ყოველთვის, სიმართლეს ამბობდა. ის, მართლაც, იმისთვის სვამდა სასმელს, რომ დამთვრალიყო.
სინამდვილეში არც არაყი არ უყვარდა. უბრალოდ, კარგად ათრობდა და მორჩა! აბა, არაყი რა
საყვარელია?! მაგრამ მის რამდენიმე ნაცნობს უყვარდა ეს სასმელი. ქარხანაში, ერთ-ერთ მათგანს,
სპეციალური ბოთლითაც კი დაჰქონდა ხოლმე. მაგრამ არა, მას არც არაყი არ ჰყვარებია არასდროს.
და ახლა მიხვდა, რომ არაფრის ფასი არ იცოდა. ყოველთვის უნდოდა ვაჟკაცობა, მაგრამ არასდროს
იცოდა ვაჟკაცობის ფასი და ახლა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა – პუტინმა საქართველოს ნახვა
გადაწყვიტა.
იმ კუპესგან განსხვავებით, სადაც პაპა და პუტო ისხდნენ, მათ გვერდით კუპეში, სადაც ნაცარა და
წითელქუდა მოთავსდნენ, ყველაფერი მეტისმეტად მშვიდად იყო. სხვაგვარად არც შეიძლებოდა
ყოფილიყო. ამ შემთხვევაში მათ არ უჩხუბიათ. განა იმიტომ, რომ უცნაურ განწყობაზე იყვნენ. არა,
უბრალოდ, არ უჩხუბიათ და ახლა გაახსენდათ, რომ ერთმანეთს უკვე კარგა ხანია არ მოფერებიან. აი,
ბოლოს, ზუსტად ისე, როგორც შეყვარებულები ეფერებიან ხოლმე ერთმანეთს, როდესაც არაფერი
არ უნდათ, არაფერს ითხოვენ, ერთხელ ლოყაზე მოფერების და კოცნის გარდა, ზუსტად ისე მოუნდათ,
ერთმანეთს რომ შეხებოდნენ. ორივეს ერთად და ერთნაირად მოუნდა. ეს, მგონი, მნიშვნელოვანია,
იმიტომ, რომ ურთიერთობების რაღაც ეტაპზე, ასეთნაირად მოფერების სურვილი აღარ უჩნდებათ
ხოლმე. ზოგჯერ ქმარს უნდა, რომ ცოლს მოეფეროს და ცოლს არა, ზოგჯერ ცოლს უნდა და ქმარს _
არა. საბოლოოდ კი, ვიღაც სითბოს გარეშე რჩება. სითბოსა და მოფერების გარეშე კი, ყველაფერი ჭკნება და ფუჭდება, სიყვარული კი – მითუმეტეს. ახლა, სწორედ, მატარებლის ამ ინტიმურად
განათებულ ვაგონში, ნაცარა და წითელქუდა მიხვდნენ, რომ მათ სიყვარულს ბავშურობა აკლდა. არა,
მიხვდნენ ცუდი ნათქვამია. რაღაც გამოცანას რომ გამოიცობ, მიხვდები, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.
მათ, უბრალოდ, იგრძნეს, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაღაც აკლდათ და ეს რაღაც,
როგორც ბოლოს გაირკვა, ის იყო, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. წითელქუდა მეორე სართულზე იწვა.
ბავშვობიდან უყვარდა ასეთი საწოლი, ორსართულიანი, მაგრამ და არ ჰყოლია, რომ ასეთ საწოლში
დაეძინათ, ერთს ზემოთ და მეორეს – ქვემოთ. ახლა კი იწვა მეორე სართულზე და ფანჯარა გაღებული
ჰქონდა. ფანჯრიდან თოვლის ფანტელები ცვიოდა და ხან სახეზე ხვდებოდა, ხანაც – მხრებზე. ლოყები
გაყინული ჰქონდა, თვალები _ დახუჭული. ცივი ჰაერი პირდაპირ სახეში ხვდებოდა და სიამოვნებისგან,
გონის დაკარგვამდე მიდიოდა. მუცელზე იწვა. ნაცარა მის გვერდით მოკალათებულიყო, მხოლოდ იმ
მხრიდან, საიდანაც არ გადავარდებოდა. ჯერ მხრებზე კოცნიდა დიდხანს, ძალიან დიდხანს და
კოცნისას, მისი კანის სუნს შეიგრძნობდა, რომელსაც ყველა სუნისგან განასხვავებდა, თუნდაც,
სამყაროში რაც კი ქალები იყვნენ, ყველა დაგეყენებინათ. ხანდახან გაჩერდებოდა და ხელით
ეფერებოდა თმაზე, ქერა, ძალიან ლამაზ თმაზე. ახლა ხვდებოდა, რომ სიგიჟემდე უყვარდა წითელქუდა.
გრძნობდა, რომ არც რომეო იყო და არც ჯულიეტა ეწვა გვერდით… ახლა იმასაც გრძნობდა, რომ არც
ბონი და კლაიდი იყვნენ და არც რომელიმე ცნობილი წყვილი… მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ სხვებისგან
განსხვავდებოდნენ და მიხვდა, ისინი ახალი წყვილი იყვნენ, ჯერ კიდევ უცნობი, მომავალს რომ სიხალეს
პირდებოდნენ. დიდხანს კოცნიდა ლოყებზეც და არც ერთხელ არ უკოცნია ტუჩებში, არც კი გაუფიქრია.
ამიტომაც კმაყოფილი იყო. წითელქუდა კი სიამოვნებისგან, ხშირად, გონის დაკარგვამდე მიდიოდა
ხოლმე, თუმცა ნაცარას არაფერს ეუბნებოდა, რადგან არ უნდოდა, ეს სიამოვნება შეწყვეტილიყო.
სიამოვნებები ხომ ისედაც ცოტაა ცხოვრებაში და ჩვენი შეწყვეტა არ სჭირდება, თვითონაც ზუსტად
შეწყდება, როცა საჭიროდ ჩათვლის. საჭიროდ კი ყოველთვის მოულოდნელად თვლის.
მთელი ღამე არ დაუძინიათ. დილით ჩავიდნენ იმ ქვეყანაში, რომელზეც პაპა ეუბნებოდა. ჩავიდნენ
თუ არა, იმწამსვე იგრძნეს აუტანელი სიცხე. საოცარი იყო ასეთი სიცივიდან ასეთ სიცხეში მოხვედრა.
თან, წინასაახალწლო განწყობა აქ ნამდვილად არ იგრძნობოდა. ამ განწყობას აკლდა ყველაზე მთავარი
– სიცივე, შემდეგ კი თოვლი. ეს ორივე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. მოკლედ, ამაზე
ოდნავ მოგვიანებით.
_ სად ვეძებოთ ახლა ეს შენი მეგობარი? _ შეეკითხა პუტო პაპას.
_ ასე დამიბარა, რომ ჩამოხვალთ, ბაზარში გაიარეთ და იქ, თვითონ გნახავთო.
_ მოიცა, რა! ამხელა ბაზარში სად ვიაროთ, _ ისე დაიბუზღუნა ნაცარამ, როგორც შვილები
ებუზღუნებიან ხოლმე მამებს, როდესაც რაღაც უნდათ და ისინი არ უსრულებენ; ან რაიმე ეზარებათ,
მაგალითად, სამზარეულოდან წყლის მოტანა ან მაღაზიიდან პურის ამოტანა. _ მაშინ ვიდგეთ აქ და ბედის ირონიით შევხვდებით ოდესმე. _ თქვა პუტომ.
_ ბედის ირონია ანუ გაამოთ… რაღაც მაგრად მეცნობა, ტო! _ ჩაფიქრდა ნაცარა. _ ეგ რაღაც
ფილმი არ არის? ისა, რუსული ფილმი რომ არის, ხო? ის ბიჭი რომ დათვრება და მერე ოთახში კი
არა, სახლში რომ მივა შეცდომით. მერე ქალი რომ მოვა და შეუყვარდებათ ერთმანეთი, ეგ არის
ხომ? _ ბავშვივით გაუხარდა, რომ გაახსენდა. მერე დაფიქრდა. უფრო სწორად, ჩაფიქრდა. _ აუ,
ეგ მაგარი ფილმია. _ მკაცრად თქვა.
_ რატომ არის მაგარი ფილმი? _ შეეკითხა პუტო. _ ვიცი, რუსული ფილმია, იმისი, რა ჰქვია,
რიაზანოვის, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არის რუსების ეგ ფილმი მაგარი.
_ იმიტომ, რომ სიყვარულზეა, შტერო! _ ნაცარას მაგივრად უპასუხა წითელქუდამ, რომელიც
ახლა იმაზე უფრო ფიქრობდა, სად ენახათ ეს ალადინი.
_ ესე იგი, სიყვარულზე რომელი ფილმიც არის, ყველა მაგარია? _ საინტერესო კითხვა დასვა
პუტომ.
ცოტა ხანს ყველა დაფიქრდა. მერე პაპამ წვერზე ხელი მოისვა და ხმადაბლა თქვა.
_ დიახ, ნამდვილად ასეა.
ბაზარში მაინც წავიდნენ, რადგან სხვა გზა არ იყო. ალადინი თავისით ხომ არ მოვიდოდა აქ.
მითუმეტეს, არც იცოდა, ჩამოსულები თუ იყვნენ.
ბაზარი ძალიან დიდი იყო; უფრო ზუსტად, ხალხმრავალი, იმდენი ხალხი იეროდა, გეგონებოდა,
რაღაც კონცერტიაო. ბაზარი მართლაც არის სანახევროდ კონცერტი, მაგრამ მაინც შედარებისთვის
ვთქვი.
ალბათ ვერასდროს მიაგნებდნენ ალადინს, ამ აღმოსავლური ტიპის ხალხმრავალ, ბინძურ
ადგილას, სადაც ყველგან ხმაური იყო და ყველა, ყველას ატყუებდა, რომ არა მეტისმეტი ჩოჩქოლი
ბაზრის ცენტრში. პაპამ დაინახა თუ არა ასეთი ამბავი, მაშინვე იქითკენ გაქანდა. სამივენი მას
გაჰყვნენ.
_ შენს გიჟ დედას… _ ყვიროდა ახალგაზრდა ბიჭი; თანაც ისე, რომ ხმას ძალიანაც არ ძაბავდა,
თუმც, სახეზე, ნერვიულის იმიჯს კარგად ირგებდა.
_ ეს არის! _ თქვა პაპამ და მისკენ გაექანა. _ ალადინ! ალადინ! _ ყვიროდა ხმამაღლა. _
ალადინ! როგორ ხარ, ჩემო ბიჭო! _ ალადინს თავიდან არაფერი არ ესმოდა, რადგან ვიღაც წვერიან
კაცს აგინებდა. მაგრამ მერე გამოიხედა და პაპა რომ დაინახა, ისე მაგრად ჩაეხუტა, რომ ამ ბებერ
კაცს, ნეკნები, კინაღამ ჩაუმტვრია. ერთმანეთი მოიკითხეს. ის წვერიანი კი არ წყნარდებოდა. _
ვინ არის, კაცო, ეს? რა უნდა შენგან? _ ამ დროს წვერიანი აყვირდა:
_ დააბრუნე, რაც წაიღე, დააბრუნე, გეუბნები! ეგ შენი არ არის, მე მეკუთვნის, ეგ ჯადოსნური
ნივთია! _ და მტყუანის დედას შევეცი!! _ ისევ ისე დაიყვირა. _ გიჟია რა, გეუბნები, ვერ არის თავის
მატორზე, _ პაპას ეუბნებოდა. _ მეჩხუბება, რაღაც ლამპა მომპარეო და ეგ ლაპმა
ჯადოსნურიაო. ბიჭო, გამაგიჟა კაცი! ისედაც ვალებში ვარ, ახლა ამის ნერვები მაქვს კიდე? აღარ
შემიძლია, რა. არადა, რაღაც ლამპა, მართლა მოვპარე, მაგრამ გავყიდე. ოცი ოქრო ღირდა,
ოქროსი იყო. რა ვიცოდი, ჯადოსნური თუ იყო?! მე თვითონ გამოვიყენებდი, ეგ რომ მცოდნოდა.
ეს მეუბნება, უნდა გაგეპრიალებინა და იქიდან ჯინი ამოვიდოდა, რომელიც სამ სურვილს
შეგისრულებდაო. მე, კაცო, უკვე სამი წელია, ჩემი სახლის ფანჯრები არ გამიწმენდია და ახლა იმ
ლამპას დავუწყებდი პრიალს? თან, რა ჯინი, რის ჯინი, ისედაც ვერ ვიტანდი ეგეთ არსებებს
ბავშვობიდან.
_ დააბრუნე, მე შენ გეუბნები, თორემ ისეთ ჯადოს გაგიკეთებ, რომ მთელი ცხოვრება ვერ
გაიხარებ!! _ არ ოკდებოდა.
_ ტრაკში არავის გაერჭო! _ მერე ისევ პაპას მიუბრუნდა. _ წამო რა, წავიდეთ, ამის გიჟი
დედაც ვატირე, რამდენი ხანია არ მინახიხარ. თან, შენი მეგობრებიც გამაცანი, _ ხელი მხარზე
დაჰკრა.
_ ისე, იმ კაცს რა ჰქვია? _ ჰკითხა პაპამ.
_ რავიცი, მგონი, ჯაფარი, თუ რაღაც ეგეთი.
ალადინის სახლი მართლაც ბინძური იყო. აქ რომ სანიტარული ინსპექცია შემოსულიყო,
აუცილებლად სახელმწიფოს ხარჯზე ჩაატარებდა დეზინფექციას. იმიტომ კი არა, რომ ალადინი
შეეცოდებოდათ, არამედ იმიტომ, რომ ეს სახლი ამ ქალაქის ნებისმიერ მცხოვრებს, საფრთხეს
უქმნიდა, რადგან ეპიდემიები ასეთი ადგილებიდან იღებს სათავეს. სწორედ ამის გამო და იმის
გამოც, რომ თავი არ მოგაბეზროთ, არ მოვყვები მისი სახლის დეტალურ აღწერას. მხოლოდ ერთს
კი დავამატებ, რომ ყველა ოთახში მტვრის სხვადასხვა სისქის ფენა იდო და ნებისმიერ ადგილას
დაჯდომისას, ალადინის სტუმრებს, ერთმანეთის დანახვა უჭირდათ.
_ დღეს დარჩებით, არა? არ ვიცი, აქ როგორ დაგაძინოთ, მაგრამ თუ გინდათ, პრობლემა არ
არის. ჩემი სახლის კარი მუდამ ღიაა მეგობრებისთვის. _ მერე ნერვიულად პაპას გახედა, ხომ
არაფერი შემეშალაო.
პაპა არ დაბნეულა, რადგან იცოდა, რომ დასარჩენად არ ეცალა და დროც რომ ჰქონოდა,
დანარჩენები არ დარჩებოდნენ ამ სახლში. თორემ მარტო რომ ყოფილიყო, თვითონ დარჩებოდა
კიდეც და შეიძლება მეგობრის არეული ცხოვრება მოეწესრიგებინა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.
_ არა, ალადინ, დღესვე უნდა წავიდეთ, ძალიან გვეჩქარება. _ პაპამ და ალადინმა
ერთმანეთთან მხოლოდ ერთი საათი ისაუბრეს.
ხალიჩა მზად იყო.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button