ვიდეოებისაკითხავისაქართველო

ირაკლი ჩარკვიანი (მეფე)

undefined

ეს არის პიროვნება და მუსიკოსი, რომელმაც მე სიცოცხლე შემაყვარა. წარმოგიდგენთ მის ბიოგრაფიას.

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ არიშთან ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი ტაქსი, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. ალბომის ტაქსი (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.

ტაქსის წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.

ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Childrens Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Georgian Dance Empire (1993, ელექტრონული მუსიკა); Daira (1997) – პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.

ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა “War is Over”. მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის ორფეოსის სიკვდილი.

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა საქართველო, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა უსაფრთხოება. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით სექსი და ორღანი’78 (აგრეთვე გადაღებული იქნა ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).

2004 წელს გამოჩნდა ალბომი სავსე, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია ვიცი რომ, აქ ხარ და ნანასი. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით – შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად მეფე აირჩია.

2006 წლის 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, ცნობილმა მუსიკოსებმა, სპეციალური ალბომი მიუძღვნეს მის ხსოვნას : ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბა და სხვა შემსრულებლებმა. დისკს “ქაღალდის გემი – Tribute ალბომი” ეწოდება.

მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი ძირს მეფე!

მისი სოლო ალბომები:

1993 – “Svan Songs”
1997 – “აფრენ”
2001 – “ამო”
2004 – “სავსე”
2007 – “ძირს მეფე”

ეს იყო პოროვნება, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ხელოვნებაში და კერძოდ მუსიკაში.. ირაკლი ჩარკვიანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომანტიკოსი იყო, რომელმაც სექსი და სიყვარული ცამდე აიყვანა..

აი მისი რამდენიმე live :

ისტორიას

მენატრება

პატარა გოგო დამეკარგა (საქართველო)

ბოლო ვიდეოში მაგრად გიჟდება :D

ახლა კი მისი რამდენიმე ლექსი და ერთი ჩანაწერი:

მაიმუნები ვართ

ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…

დაე, იცოცხლონ..

გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.

* * *

რა კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი

ჩანაწერი:

..მიყვარს – მუსიკა; ვოცნებობ – მშვიდობაზე; ვფიქრობ – შვილებზე; მძულს – ტყუილი; ვნანობ – არაფერს; კმაყოფილი ვარ – მუსიკით; მენატრება – ცა; მსურს – ბევრი რამ; მაღიზიანებს – ბევრი რამ – ჯურნალისტების დაბალი კომპეტენცია; ვგრძნობ – ყველაფერს; მეშინია – არაფრის; ვიცი – არაფერი; არ ვიცი – არაფერი; შემიძლია – ყველაფერი; არ შემიძლია – ყველაფერი; ვმეგობრობ – ყველასთან; ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს – მართალ შემოქმედს ყველაფერს, “სიაფანდს” – არაფერს; ვტირი – თითქმის არასოდეს; ვიცინი – ყოველდგიურობაზე; ვეძებ-სიმყუდროვეს; ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ; ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება; ვკარგავ-დროს; მშურს – არაფრის; ვემალები – ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ; ვემტერები – თაღლითებს; მაინტერესებს-ყველაფერი; არ მაინტერესებს – უნიჭო შემოქმედება; მახსოვს – დაბადების პირველი 2 წელი; მრცხვენია – არაფრის, უსირცხვილო ვარ; უარვყოფ – მარქსიზმს; ვავადმყოფო ბ -იშვიათად; ვმალავ – არაფერს; ვინახავ – ფულს ბანკში; მწამს – მუსიკის; მიკვირს – ყველაფერი ახალი; მიხარია – ის, რომ მამა ვარ; ვჭორაობ – პოლიტიკაზე; ვდარდობ – იშვიათად; ვამაყობ – საკუთარი სიმღერებით; ვაკეთებ – საკუთარ სიმღერებს; ვეფერები – საკუთარ შვილს და ცხოველებს; მსიამოვნებს – ოჟახური სიმყუდროვე; მესიზმრება – გამთლიანებული საქართველო; ვეხმარები – შეძლებისდაგვარად ყველას; ვეწევი – სიგარეტ “კენტს”; მწყინს – როცა მატყუებენ; ვხარჯავ – ენერგიას; ვღალატობ – ხანდახან პრინციპებს; ვკამათობ – გემოვნებაზე; ვუხეშობ – საკუთარ ძაღლთან; ვუსმენ – მოცარტს; ვყოყმანობ – იშვიათად; ვკითხულობ – წიგნებს ცხოველებზე; ვამზადებ – ყავას; ვუყურებ – კომპიუტერის მონიტორს; ვკლავ – არავის; ვაფუჭებ – არაფერს; ვცხოვრობ – მშვიდად; ვცემ – არავის; ვყვირი – არასოდეს; ვმღერი – ყოველთვის; ვასრულებ – საკუთარ სიმღერებს; დავდივარ – ძაღლის გასასეირნებლად; ვმკურნალობ – მოჭარბებულ ემოციებს; ვერიდები;ალკოჰოლურ სასმელებს; ვთამაშობ – კომპიუტერულ თამაშებს; ვიტყუები – არასდროს; ვეთაყვანები – დიდ კომპოზიტორებს; ვგიჯდები – საკუთარ შვილებზე- 1 8 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე; ვაგროვებ – საკუთარ გამოცდილებას; ვიხდი – ყველაფერს; ვეჭვიანობ – არაფერზე; “ვკაიფობ” – ყველაფერზე; ვიზიდავ – ყველას; ვალამაზებ – ყველაფერს

მოკლედ ეს იყო და ეს.. ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ჩემი მუსიკის მეფე იქნება..)

undefined

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close