არქივი

wrigley -ის დაბადების ისტორია (ნაწილი I)

f0693946a6cc

11 წლის უილიამ ვრიგლი, 1872 წელს, ფილადელფიიდან ნიუ-იორკში გაიქცა. დიდ ქალაქში ბიჭი გაზეთების გაყიდვით ირჩენდა თავს, ღამეს კი ქუჩაში ათევდა. მოგვიანებით, 29 წლის უილიამმა, ჯიბეში 32 დოლარით, ბედის საძებნელად ჩიკაგოს მიაშურა. ენთუზიაზმისა და მოჭარბებული ენერგიის გარდა, ვრიგლის ნამდვილი ნიჭიც ჰქონდა – ვაჭრობის ნიჭი!

თავდაპირველად საპნის გაყიდვას მიჰყო ხელი, რაშიც ბავშვობის დროინდელი გამოცდილება დაეხმარა, როცა მამას ფურგონით დაჰყვებოდა ქალაქიდან ქალაქში საპნის გასასაღებლად. ვაჭრობის წასახალისებლად უილიამი “პრემიებად” სხვადასხვა საქონელს იყენებდა, მათ შორის, ფქვილსაც. მალე ფქვილზე მოთხოვნილება ძალზე გაიზარდა. მაშინ ვრიგლი საპონს შეეშვა და ფქვილით ვაჭრობაზე გადაერთო. ერთხელაც საზრიან მისტერ ვრიგლის აზრად მოუვიდა, ერთი ქილა ფქვილის ყოველი მყიდველი ორი პაკეტი საღეჭი რეზინით დაესაჩუქრებინა. ამან კლიენტები გვარიანად აღაფრთოვანა და… საღეჭ რეზინზე მეტი მოთხოვნილება გაჩნდა, ვიდრე ფქვილზე…
ee33acf20196


იმხანად საღეჭ რეზინს აშშ-ში არაერთი კომპანია აწარმოებდა, თუმცა ინდუსტრია ჯერ განვითარებული არ იყო. უილიამმა მალე თავად დაიწყო საღეჭი რეზინის დამზადება. 1893 წელს ქვეყანას ცნობილი Juicu Fuit-ი მოევლინა, მოგვიანებით კი Wrigleys Spermint-ი. 1899 წელს საღეჭი რეზინის მწარმოებელი ექვსი კომპანია გაერთიანდა. ცხადი იყო, ეს კონცერნი დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ახალ ფეხადგმულ Wrigleys-ს. სხვათა შორის, კონცერნში გაერთიანება უილიამ ვრიგლისაც შესთავაზეს, მაგრამ მან საკუთარი გზით სიარული არჩია.
a830c06a4d13
საწარმო რამდენჯერმე დადგა კრახის წინაშე, მაგრამ მძიმე და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მისტერ ვრიგლი სიძნელეებს გაუმკლავდა. იგი თავად ზრუნავდა პროდუქციის გასაღებაზე. კარგად მუშაობდა ნაცადი მეთოდი – მყიდველის წახალისება მოულოდნელი სუვენირებით – პაწია ლამპით თუ სამართებლის პირით. საამისოდ კატალოგიც კი გამოუშვა, რათა მყიდველს არჩევანში დახმარებოდა.
0d62da85ba63

უილიამ ვრიგლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქონლის გასაყიდად რეკლამის გამოყენება დაიწყო. იცოდა, რომ Wrigleys-ს მიმზიდველობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა, თუ მყიდველს მის უპირატესობასა და სარგებლიანობაზე ჟურნალ-გაზეთებისა და პლაკატების საშუალებით მოუთხრობდა. რაც მეტი დაინტერესებული კლიენტი მოიკითხავდა ამა თუ იმ მაღაზიაში სასურველ Wrigleys-ს, მით უფრო დაინტერესდებოდა მოვაჭრე დახლზე მისი გამოსაჩენ ადგილას მოთავსებით…
6e62db0cda66

მალე შტატებში თითქმის ყველა იღეჭებოდა. გამჭრიახი მეწარმე მუდმივად გასაღების ბაზრის გაზრდაზე ფიქრობდა. ერთ მშვენიერ დღეს მან წინ დაიდო ქვეყნის სატელეფონო ცნობარი და თითოეულ აბონენტს ოთხ-ოთხი ფირფიტა საღეჭი რეზინი გაუგზავნა… საჩუქრად.
3d4543219d48

1920 წელს, მან 9 მილიარდი ფირფიტა დაამზადა და მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი გახდა. 1923 წელს კომპანიის აქციები ბირჟაზეც გამოჩნდა.
a6330922099c

მსოფლიო აღიარება ვრიგლის სავაჭრო მარკამ ექსპორტის წყალობით მოიპოვა. საწარმოები გაიხსნა კანადაში (1910 წ.), დიდ ბრიტანეთსა (1927 წ.) და ახალ ზელანდიაში (1939 წ.). ბაზრის გაფართოებამ ნაწარმის გამრავალფეროვნება მოითხოვა.

 

მსგავსი ამბები

Back to top button