არქივი

ერთიანი საქართველოს მეფეები I (ბაგრატ III)

fd9cc278a0f6

ბაგრატ III — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს.

978 წელს დავით III-მ და იოანე მარუშისძემ ბაგრატ III აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) გაამეფეს. 980 წელს, როცა სრულწლოვანი გახდა ბაგრატ III-მ ხელში აიღო სამეფოს მართვა-გამგეობა. მისი უმთავრესი ამოცანა ქვეყნის გაერთიანება იყო. ამ ამოცანის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობოდა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა ნაწილს. გაერთიანების მოწინააღმდეგე ქართლის მსხვილმა ფეოდალებმა ბაგრატ III-ის ქართლში გაბატონებისთანავე მოიშველიეს კახეთის სამეფოს ლაშქარი, შეიპყრეს ბაგრატ III-ის დედ-მამა, მაგრამ დავით III-ის ენეგრიული ჩარევის შედეგად რეაქციონერ ფეოდალთა ეს გამოსვლა მარცხით დამთავრა. 80-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ III-მ დაამარცხა ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა. 989 წელს ბაგრატ III-მ დაამარცხა გაერთიანების პოლიტიკის მოწინააღმდეგე კლდეკარის ერისთავი რატი რატის ძე ბაღვაში და შემოიერთა კლდეკარის საერისთავო.

1001 წელს, როცა გარდაიცვალა დავით III, მისი სამფლობელოს უდიდესი ნაწილი ტაოში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ დაიკავა. ბაგრატ III-ისა და გურგენის ცდა, დაუფლებოდნენ დავით III-ის მემკვიდრეობას, უშედეგოდ დამთავრდა. შემდეგში ეს ტერიროტია საქართველოსა და ბიზანტიას შორის ცილობისა და ომების ობიექტი იყო. 1008 წელს, გურგენ მეფეთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III-მ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერ ტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ამ დროიდან ბაგრატ III “აფხაზთა და ქართველთა მეფის” ტიტულს ატარებდა. 1010 ბაგრატ III-მ დაიკავა კახეთ-ჰერეთი. ამრიგად, საქართველოს სამეფოს ფარგლებს გარეთ რჩებოდა თბილისის საამირო და იმიერ ტაო. მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-მ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანის) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატ III-მ აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტერთა წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.

ccab1bfd15a5

გაერთიანებისა და ერთმეფობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში ბაგრატ III ზოგჯერ უკიდურეს ღონისძიებებსაც მიმართავდა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი, ბაგრატ არტანუჯელის ძენი, სადარბაზოდ მიიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში დაამწყვდია, სადაც გარდაიცვალნენ 1012 წელს. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიც პატიმრობაში დაიხოცნენ. ბაგრატ III ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. ის მიიწრაფოდა ერთმმართველი შეუზღუდველი ხელისუფლებისაკენ, წინანდელ მემკვიდრეობით მფლობელებს ყველგან მეფის მოხელე ერისთავებით ცვლიდა. ბაგრატ III-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას. ბაგრატ III-ის დროს აგებული იქნა ქართული არქიტექტურის ცნობილი ძეგლები – ბედიის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი (ქუთაისში), ნიკორწმინდა და სხვა ტაძრები. XI საუკუნის მემატიანე ბაგრატ III-ს “დიდ მეფეს” უწოდებს. გარდაიცვალა ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში. დასაფლავებულია ბედიაში.

2012 წელს ბედიის მონასტერში ბაგრატ მესამის ფრესკა, ქართული ორნამენტები და წარწერები წაშალეს.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button