არქივი

შავი სიკვდილი ანუ შავი ჭირი

a6f339059c15

შავი სიკვდილი დღეისათვის ცნობილია, როგორც შავი ჭირი. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდედბოდა იღლიის, კისრის და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა.

ე.წ. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. იმ დროისათვის ყველა დარწმუნებული იყო, რომ დგება სამყაროს დასასრული.

ae08b8834c5c

შავი ჭირის პირველი შემთხვევა ევროპაში 1347 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. 12 იტალიური გემი შავ ზღვაში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა და და სიცილიის პორტ მესინაში შემოვიდა. თორმეტივე გემის ეკიპაჟი და მგზავრები გემბანზევე დაიხოცნენ.

თითოეულ გემზე თითქოს იმდენივე რაოდენობის ვირთხა იყო, რამდენიც მგზავრი. შავი ვირთხა დაავადებების ყველაზე სწრაფი გადამტანია. შავი ჭირის მიკრობი ვირთხას რწყილის საშუალებით გადაეცემოდა. თითქმის ყოველი გაჩერებისას, გემებს ემატებოდნენ ახალი ვირთხები ახალი მიკრობებით. ჭირი ინფიცირებულ ვირთხას კლავდა. დახოცილი ვირთხის რწყილები ახლა უკვე ადამიანებზე გადადიოდნენ და აგრძელებდნენ მათ დაინფიცირებას.

როდესაც გემები მესინას პორტს მოადგნენ, ის ვირთხები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ნაპირზე გადავიდნენ და თან გაიყოლეს ინფექციის გადამტანი რწყილები. ევროპული პორტების ტალახი და სიბინძურე ხელს უწყობდა ვირთხებისა და რწყილების გამრავლებას. სიბინძურე ამრავლებდა ვირთხებს, ხოლო ვირთხები — რწყილებს. როდესაც ინფიცირებული ვირთხები დაიხოცნენ, რწყილები ახლა უკვე მესინას მოსახლეობას შეესივნენ.

ამგვარად „შავი სიკვდილის“ გავრცელებია და მილიონობით ადამიანის განადგურების მიზეზი გახდა ჩვეულებრივი ვირთხა, რომელიც ინფიცირებული რწყილის მატარებელი აღმოჩნდა.

6351db233c0f

მოსახლეობის უმრავლესობა ხსნას რელიგიაში ეძებდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეპიდემიით ღმერთი ცოდვილ სამყაროს სჯიდა. სხვა მორწმუნეები, ე.წ. ფლაგელანტები ატარებდნენ პროცესიებს, რომლის დროსაც სახალხოდ იტანჯავდნენ თავს წკეპლებითა და მათრახებით. ზოგი გაქცევით შველოდა თავს, ზოგი — თვითმკვლელობით, ზოგიც მოახლოებული სიკვდილის მოლოდინში გართობას არ იკლებდა.

ერთერთი ყველაზე განსაკუთრებული ასპექტი ამ დაავადებისა იყო მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი. თუ ერთ ქალაქში ჭირი მოსახლეობის მოლოდ ერთ მეათედს იწირავდა, მეორე ქალაქი ნახევრად ნადგურდებოდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ იმ პერიოდისათვის ერთდროულად შავი ჭირის სამი სხვადასხვა ტიპი მძვინვარებდა. ყველაზე გავრცელებული იყო ე.წ. „ბუბონური“ ჭირი, მეტად სასიკვდილო კი — მისი ორი თანასახეობა.

იმ შემთხვევაში, თუ ჭირის ბაქტერია ადამიანის ფილტვებს აღწევდა, ვითარდებოდა ე.წ. პნევმონიური ჭირი. ავადმყოფები ხველებისა და დაცემინების გზით მიკრობებს ავრცელებდნენ ჰაერში, რაც საფრთხეში აგდებდა გარშემომყოფთ. ამგვარად პნევმონიური ჭირი ადვილად ვრცელდებოდა და უსწრაფეს სიკვდილს იწვევდა.

ჭირის მესამე ტიპს მიეკუთვნებოდნენ ის ავადმყოფები, რომელთა შემთხვევაში რწყილის ნაკბენის შემდეგ ჭირის მიკრობი პირდაპირ სისხლში გადადიოდა. ასეთი გზით ინფიცირებული ავადმყოფი რამდენიმე საათში კვდებოდა. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი იძინებდა თითქოსდა ჯამრთელი, დილით კი აღარ იღვიძებდა. ჭირის ამ ტიპს სეფსისური ეწოდებოდა.

1351 წლისათვის „შავი სიკვდილის“ ეპიდემია დასრულდა. შუა საუკუნეების ისტორიული წყაროების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ამოწყდა. ბევრი თანამედროვე მკვლევარი ამ რიცხვს ეთანხმება. რაც შეეხება ევროპას, მისი მოსახლეობის მეოთხედი მაინც დაიხოცა.

„შავი სიკვდილის“ პერიოდი დასრულდა, მაგრამ დაავადება მაინც არსებობდა. იგი რეგულარულად იჩენდა თავს XV საუკუნის ბოლომდე. ყველაზე საგულისხმოა 1361 წლისა და 1369 წლის ეპიდემიები. ამის შემდეგ ეპიდემიათა შორის პერიოდები მეტად ხანგძლივი იყო.

შავი ჭირი დღესაც არსებობს. XIX საუკუნის ბოლოს იგი განმეორდა აზიაში, სადაც მხოლოდ ინდოეთში ექვსი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. 1995 წელს ინდოეთში ისევ დაფიქსირდა შავი ჭირის შემთხვევები.

მსგავსი ამბები

Back to top button