გართობაკულტურაუცნაური

კიდევ ერთი სუპერგმირი

6mzcn

ალბათ გახსოვთ ლინვუდელი სუპერგმირი, სახელად ფენიქს ჯონსი, ღამე რომ დადის ლინვუდის ქუჩებში და წესრიგს ამყარებს. მას კოლეგა გამოუჩნდა, ოღონდ ოკეანის აქეთა მხარეს – დიდ ბრიტანეთში.

დღისით, როცა ოფიციალურ ფორმაშია შემოსილი, ინგლისელი ბანკირი ნაკლებად ჰგავს სუპერგმირს, მაგრამ ყველაფერი იცვლება ღამით, როცა ეროვნული დროშის ფერებში შეკერილ მაისურს იცვამს და სახეს ზოროს ნიღბით მალავს – ამ ფორმით ის დიდი ბრიტანეთის ქუჩების მეთვალყურეა და სახელად “სახელმწიფო მოღვაწე” (Statesman) ჰქვია.

ბრიტანელი სუპერგმირი კიდევ ერთი ადამიანია, რომელზეც ფილმმა “Kick Ass” დიდი გავლენა მოახდინა. ამ ფილმში თინეიჯერი საკუთარ თავზე იღებს დანაშაულთან ბრძოლას სიცოცხლის ფასად. ამერიკელი კოლეგისგან განსხვავებით, Statesman-ის ჩაცმულობა თითქოს არახელსაყრელია სუპერგმირისთვის, მაგრამ ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ უკვე მოახერხა ნარკოტიკებით მოვაჭრის დაკავება და რამდენიმე ძარცვის აღკვეთა.

ყოფილი ჯარისკაცის “აღკაზმულობაში” შედის შავი ნიღაბი, ბეტმენის მსგავსი ქამარი, დროშის ფერებიანი ზედა, უთითებო ხელთათმანები, საბრძოლო შარვალი და სამხედრო ფეხსაცმელები, ამას დამატებული პირველადი დახმარების პაკეტი, ფანარი და მოკრივის უნარ-ჩვევები.

g9ywk

“მე ბანკში ვმუშაობ, სადაც მთელი დღე დანაზოგსა და ინვესტიციებზეა საუბარი. სამუშაო პერიოდში მუდმივად რიცხვებს ვუყურებ და ვეძებ გზებს, როგორ დავეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ამის შემდეგ კი ღამით გავდივარ გარეთ და ვაკეთებ ისეთ რამეს, რითიც ყველას ვეხმარები.”

რიგ შემთხვევებში ის მარტო არაა – მასთან დასახმარებლად სამი სხვა სუპერგმირი გამოდის ასპარეზზე. სწორედ მათი დახმარებით შეიპყრო ნარკოტიკებით მოვაჭრე და პოლიციას საქმე გაუადვილა.

როცა სიტუაცია მწვავდება და ძალის გამოყენება ხდება საჭირო, “სახელმწიფო მოღვაწე” ამაზეც არ იხევს უკან. “კრივში 11 წლიდან ვვარჯიშობ და ჯერ კიდევ არ შემიწყვეტია, ასე რომ შესანიშნავ ფორმაში ვარ. ეს მეხმარება სწრაფად აზროვნებასა და საქმის მოგვარებაში.”

პირველ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2010 წლის აპრილში, როცა ორი ადამიანი სახლის გატეხვას ცდილობდა. “ფანარს ყოველთვის თან ვატარებ. ადამიანები იმიტომ ჩადიან დანაშაულს ღამით, რომ მათ ვერავინ უყურებს. მაგრამ როცა სახეზე მიანათებ და დაუყვირებ, სრულიად საკმარისია, რომ გაჩერდეს. როგორც კი ასე მოვიქეცი, ორივე უკანმოუხედავად გაიქცა.”

მორიგეობას საღამოს 7 საათზე იწყებს. “მას შემდეგ, რაც კარგად ვივახშმებ, შევხედავ რუკას და ვიტყვი – ამ ღამით ეს არეალი უნდა დავიცვა – და ასეც ვიქცევი. როცა ვმორიგეობ, ცუდი არაფერი ხდება. მთელ ქალაქს ვერ დავიცავ, მაგრამ ყოველ ღამით ერთი პატარა მონაკვეთის გაკონტროლება შესაძლებელია. 1 ან 2 ადამიანის დაცვაც კი გამარჯვებას ნიშნავს.”

რაც შეეხება სახელს, ის ასე ხნის: “სახელმწიფო მოღვაწე არის წარმომადგენელი, ელჩი, ის ვინც ორ მხარეს შორის ურთიერთობას აგვარებს. ეს აზრიანი და დადებითი საქმეა. მიმაჩნია, რომ ჩემი ქმედებაც მათი მსგავსია. მინდა, ისეთი რამე გავაკეთო, რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება. იმედი მაქვს, სხვებსაც გაუჩნდებათ იმავეს კეთების სურვილი. ერთმა მაინც რომ გადაწყვიტოს, ეს უკვე წარმატებაა.”

პოლიციამ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მსგავსი ამბები

Back to top button