გართობა

“ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”

792d95f413b9

ქართველი, ქართველობა – როგორ გვიყვარს თითეოულ ჩვენგანს ეს სიტყვა, მაგრამ ჩვენვე ვაქციეთ იგი სიცრუისა და აფერისტობის სინონიმად, რადგან სიტყვითღა დავრჩით ქართველებად, საქმით კი ვიქეცით ჰიბრიდებად. დაჩლუნგებული და ტვინგამომხმარი საზოგადოება, უვიცი თაობა, ზნეობას მოწყვეტილი აზროვნება, გაუფასურებული ფასეულობები, დავიწყებული წარსული, გაუთვითცნობიერებული აწყმო, ბუნდოვანი მომავალი, აი ტრაგიზმი ჩვენი დროის სინამდვილისა.

მე ვამაყობ ჩემი წინაპრებით, მაგრამ მცხვენია მათი მომავალის ანუ დღევანდელი ქართველი ერის უმეტესი ნაწილის, მეც ჩემი ერის ნაწილი ვარ, მტკივა მისი ტკივილი. ჩვენ უძლეველნი ვართ დღეს, მაგრამ მხოლოდ სიტყვით, საქმით კი უსუსურნი, ჩვენ ფლიდები ვართ, არარაობები ვართ, თითეოულმა ჩვენგანმა, ჩვენ განუყოფელ მეგზურად სიცრუე ვაქციეთ, დავტოვეთ ადამიანობა და ვიქეცით ცხოველებად, ჩვენ ვაი ქართველებმა არაფერი დავტოვეთ ფასეული, არამედ ყოველივე, ერთი ხელის მოსმით სანაგვეზე მოვუძახეთ, დავრჩით მხოლოდ უსულო, უპიროვნო, მოძრავი ცხედრები. შეიძლება ბევრმა გამკიცხოს ჩემი სიტყვების გამო და მითხრას, რომ მე ვცდები, რომ ჩემი სიტყვები სიძულვილის გამოძახილია, რომ ჩვენ ქართველები ვართ ისევ ჩვენი დიდი წინაპრების საქმის გამგრძელებელნი, რომ ჩვენში არ ჩამკვდარა არაფერი, რომ ჩვენში არ არის სიცრუე, ნეტავ ვცდებოდე, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა ამ სამყაროში, მაგრამ ცოტაოდენი დაკვირვება დღევანდელ დღეზე და აღმოაჩენთ, რომ ვცდები არა მე, არამედ ისინი ვინც ამ სიტყვებს მეტყვიან.

ვკითხოთ საზოგადოებას რა ფასეულობას წარმოადგენს მათთვის სამშობლო, დაიღვრებიან სიტყვებად და სიყვარულად, ძალაუნებურად იფიქრებ რომ მათთნაირი პატრიოტი ერი ჩვენ ქვეყანას არ ყოლია ჯერ, მაგრამ ამ საზოგადოებიდან, მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აასრულებს თავის სიტყვებს საქმით, უმეტესი კი . . . ალბათ გაგრძლებას აზრი არ აქვს თქვენც მიხვდებით, ასეთი პიროვნებები ხმას დაიყენებენ და ომახიანად შესძახებენ, თუ როგორ უყვართ სამშობლო, ეს ყველეფერი სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს, თუ თვალს მივაყოლებთ ამ საზოგადოების უმეტესი ნაწილის ცხოვრებას, კარგად დავინახავთ თუ როგორ ცრუობენ თავიანთ სიტყვებში, რას აკეთებენ თავიანთი სიტყვების მიხედვით, მათთვის სათაყვანებელი სამშობლოსთვის, არაფერს! მაგრამ არაფერს რომ აკეთებდნენ, ჩაეთვლებოდათ ესეც საქმედ, რადგან საქმეა ისიც, თუ არ ააშენებ, არ დაანგრიო მაინც, მივიდეთ ნებისმიერ ისტორიულ ძეგლთან, რომლებიც ასახავენ, ჩვენი ერის ისტორიას, ტკივილს და სიხარულს, შევხედავთ და უნებურად აღმოხვდება „ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!“ რადგან იქ დაგვხვდება, ჩვენივე ხელით დაქცეული ერის თვითმყოფადობა, ჩვენ, ჩვენი წინაპრების სისხლით აშენებულ და დამშვენებულ, მათი ოფლითა და რუდუნებით, წვალებითა და ვაებით ნაგებ კულტურაზე დავინახავთ, მრავალი პირუტყვის მიერ, ამოჩხაპნილ უპიროვნო და უსინდისო სახელს, ვითომდა საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად, ამ ყოვლადდაცემულ, პირუტყვული აზროვნების მქონე ადამიანებს ეშლებათ ის, რომ ამით საკუთარ სახელებს კი არ უკვდავყოფენ, არამედ საკუთარი ხელით უთხრიან საფლავს ქვეყნის თვითმყოფადობას, იმ ქვეყანას, რომელიც, შესაძლოა სულ რამდენიმე წუთის წინ სიტყვებით გააიდიალეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი იგი თავადვე წაახდინეს.

ჩვენი წინაპრები ცალი ხელით მომხდურ მტერს იგერიებდა, მეორე ხელით კი აგურს დებდა მომავალი თაობისთვის, ჩვენ? ჩვენ რას ვაკეთებთ?! ჩვენც ვაკეთებთ, იმას რაც ყველაზე უკეთ გამოგვდის – ვაფურთხებთ მათ საქმეებს და მართლაც „ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!“

რა დარჩა შენგან ქართველო გარდა სიცრუისა? მე გამახსენდა ქრისტეს სიტყვები, რომელიც დღეს ჩვენზე მართლდება:“შეფეთქილ საფლავებს გავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნიდან კი სავსეა მკვდარი ძვლებითა და უწმიდურებით“ მართლაც, ჩვენ მხოლოდ გარეგნულად დავრჩით ადამიანებად, შინაგანად კი სავსენი ვართ უწმიდურებით, დავკარგეთ ადამიანობა და ყოველივე მისი მახასიათებელი. ჩემი მოგონებებიდან არ ამოდის ერთი ფაქტი, რომელიც ნათელი დადასტურებაა, დღევანდელი ადამიანის დეგრადირებული ბუნებისა, ყველას უნახავს ალბათ მათხოვარი ბავშვი, მუხლებზე დაჩოქილი გვეხვეწება 5 თეთრს იმისთვის, რომ უბრალოდ პური იყიდოს და მოიკლას შიმშილი, სწორედ ასეთ დროს, როდესაც მუხლებზე დაჩოქილი ასე ექვსიოდე წლის ბავშვი, განწირული ხმით ითხოვდა მოწყალებას, რატომღაც ამ ბავშვიდან მზერა გადავიტანე ჩემ წინ მჯდომ ახალგაზრდა გოგონაზე, შევხედე და ამ შეხედვას სჯობდა ჩემ თავზე მზე ჩაბნელებულიყო და ჩემს ქვეშ მიწა გახლეჩილიყო, მის სახეზე დავინახე ირონიული, ცინიკური და უგულო მზერა ამ ბავშვის მიმართ, რატომ ქონდა ასეთი მზერა მას? – ჩემი აზრით მას მთლიანად დაკარგული ქონდა სხვისი ტკივილის შეგრძნება, რაც ოდენ ერთერთი მთავარი მახასიათებელია ადამიანობისთვის, მან არ ან ვერ განიცადა ის, რასაც იმ წუთს ის ბავშვი განიცდიდა შესაძლოა შიმშილისგან უკვე ღონემიხდილი. თქვენ შემეკამათებით – არ ღირდა ამაზე საუბარი, რადგან ასეთი თითო ოროლა ადამიანი ყოველთვის არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ შევცვლით, არა ჩემო კარგებო, დღეს ასეთი ადამიანები უმცირესობაში აღარ იმყოფებიან, ჩვენ დროში უკვე უმრავლესობით მოვიდნენ და თუ ეს დაგაინტერესებთ, შესაძლებელია ამაში თქვენივე თვალებით დარწმუნდეთ, და ამისთვის სულ რაგაც ნახევარი საათიც კი საკმარისი იქნება, შევხედოთ მოხუცს, რომელიც სიბერის ჟამს უნდა დამტკბარიყო თავის განვლილი ცხოვრებით, ნაცვლად ამისა გზაზე გვხდება, ქუჩის კუთხეში ან ტროტუარზე ზის ან სულაც წევს, წინ გამოწვდილი, დანაოჭებული და აკანკალებული ხელით, ათრთოლებული, ტკივილნარევი და მუდარით სავსე ხმით გვთხოვს დახმარებას.

მის წინ ჩაივლის უამრავი ადამიანიდა მათგან მცირეოდენი თუ განიკითხავს რამოდენიმე თეთრით, ამათ გვერდით დავაკვირდეთ უმრავლესობას, მათ სახეებს, მათ მზერას, მოხუცი გაჭირვებული ბებოს მიმართ, თუ როგორი უგულობა, არაადამიანურობა, ზერელე დამოკიდებულება სხვისი ტკივილის მიმართ გამოსჭვივის მათი მზერიდან, თუ მხოლოდ მზერას არ დავკმაყოფილდებით და მეტ სიბეჯითეს გამოვიჩენთ მათ დაკვირვებაში, ჩვენ გავიგონებთ მეტად შემზარავ, გულის ამრევ სიტყვებს და სიყვარულს მოკლებულ ხმას „მომწყდი თავიდან“ „მომშორდი“ ღვარძლიან ამოძაახილს „არ მაქვს რა მოქცე“ კი ბატონო არ გაქვს, მაგრამ შენი ღვარძლით მაინც ნუ მოუკლავ ისედაც ათასჯერ მკვდარ გულს მოხუცს. აი დღეს ჩვენი ადამიანობა და მიმიფურთხებია დღეს ქართველობავ შენი ადამიანურობისთვის!

დღეს ჩვენ, რეალური სიწმიდის ნაცვლად, დაგვრჩა მხოლოდ ფსევდოსიწმიდე, სიცრუე და ამომავალი ჰაერში გაბნევადი უგვამოვნო სიტყვები. ქართველი დღეს აღმაფრთოვანებელია, ოღონდ მხოლოდ მაშინ როდესაც საუბრობს და განსაკუთრებით მაშინ თუ იგი სუფრასთან დგას და ამავე დროს ხელში დიდი განსხვავებული უჭირავს, იგი მრავალ სადღეგრძელოს წარმოთქვამს და თითეულ მათგანში ჩადნება და ჩაიღვენთება, ამოაფრქვევს სიტყვებით ვულკანისებურ სიყვარულს, მაგალითად სადღეგრძელოში ისე შეამკობს დედას, ისე აქებს და აიყვანს მეცხრე ცაზე, ადამიანს თვალებზე ცრემლი მოგადგება სიხარულისგან, თუ როგორ ყვარებია შვილს დედა, მორჩება სადღეგრძელოს, გაივლის მცირე დრო და გაარძელებს დედის ხოტბის შესხმას, ხოლო ამჯერად უკვე შურაწმყოფელი ეპიტეთებით, ქართველო მომიფურთხებია შენი სიტყვისთვის! გავთელეთ ყველა სიწმიდე, აღარ არსებობს წმიდა გრძნობა, რადგან აღვსილი იგი შურით და სიძულვილით, ძმა ძმას წირავს და დავიწყებულია მათ შორის სიყვარული, მეგობარი მეგობარს ღალატობს, შურს მისი და სწუხს მის წარმატებებზე, განქარვებულია ყველაფერი ის, რითაც ვამაყობდით და ამიტომ დღეს ქართველობავ მომიფურთხებია შენი სიწმიდისთვის!
მე მცხვენია, რომ ვარ იმ ერის შვილი, რომელშიც უმეტესობა ივიწყებს თავის წარსულს, ადამიანობას, ზნეობას, სიყვარულს, მეგობრობას, თავდადებას, სამაგიეროდ ითვისებს შურს, სიძულვილს, გაუტანლობას, გულქვაობას, დაუნდობლობას, ფლიდობას, ამიტომ დღეს ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო!

მსგავსი ამბები

Back to top button