არქივი

რაინის კავშირი

confederation du rhin
რაინის კავშირი(გერმ. Rheinbund, ფრანგ. Confédération du Rhin) – 1806 წელს პარიზში ნაპოლეონის მიერ ჩამოყალიბებული რაინის გერმანული სამთავროების (საღვთო რომის იმპერიიდან გამოსული)კავშირი.

XIX საუკუნის დასაწყისში გერმანია კვლავ გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიად რჩებოდა, რომელშიც 350-მდე სახელმწიფო შედიოდა. გერმანული ქვეყნებიდან გამოირჩეოდნენ პრუსია, საქსონია, ბავარია, ვიურტემბერგი და განსაკუთრებით ავსტრია, რომლის მეფეები საღვთო რომის იმპერატორის ტიტულსაც ითავსებდნენ. საღვთო რომის იმპერიის ქვეყნები ფორმალურად ერთიან გერმანულ ქმნიდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან ავსტრიის გარდა ფაქტიურად არცერთი სახელმწიფო საღვთო რომის იმპერიის იმპერატორს არ ემორჩილებოდა. მაშინდელი გერმანული მოსახლეობა მდიდარი პატრიციული ოჯახების, ქალაქელი ბიურგერების, ოსტატებისა და შეგირდებისგან შედგებოდა, რომლებიც ოსტატებს ემორჩილებოდნენ. გლეხები უმეტესად ციხე-სიმაგრეებში და სოფლებში ცხოვრობდნენ.

ნაპოლეონის ომების პერიოდში ნაპოლეონმა რაინის გერმანული ქალაქებიდან მხოლოდ 5-ს დაუტოვა ავტონომია, დანარჩენი კი შეიერთა და 1806 წელს მათგან რაინის კავშირი შექმნა. რაინის კავშირს ნაპოლეონი პირადად ხელმძღვანელობდა. რაინის კავშირის შექმნამ საღვთო რომის იმპერატორი ფრანც II, ავსტრიის იმპერატორ ფრანც I-დ იქცა. რაინის კავშირის შექმნით ნაპოლეონმა ბოლო მოუღო ათასწლოვან გერმანულ ტრადიციას. ავსტრიელმა ჰაბსბურგებმა კი საპატიო ტიტული დაკარგეს. 1806 წელს პრუსიის განადგურების შემდეგ ნაპოლეონმა რაინის კავშირს კიდევ 23 გერმანული სამთავრო შეუერთა. 1808 წელს რაინის კავშირმა მაქსიმალურ ზომას მიაღწია. მასში შედიოდა ოთხი სამეფო, ხუთი დიდი საჰერცოგო, ცამეტი საჰერცოგო, ჩვიდმეტი სამთავრო და ასევე ჰანზას კავშირის ქალაქები, ჰამბურგი, ლუბეკი და ბრემენი. ყველაზე ბოლოს კავშირს გერმანეული თავადი, ანჰალტ-დესაუ შეუერთდა, რომელმაც სამაგიეროდ ჰერცოგის ტიტული მიიღო. რაინის კავშირს მიღმა დარჩნენ მხოლოდ პრუსია, ავსტრია და დანიის კუთვნილი გერმანული სამთავრო გოლშტეინი და შვედეთის პომერანია.

რაინის კავშირი ნაპოლეონმა თავის სასარგებლოდ ჩამოაყალიბა. კავშირის ყველა ქვეყანა ვალდებული იყო ეღიარებინა კონტინეტური ბლოკადა ინგლისის წინააღმდეგ, ამას გარდა რაინის კავშირი ვალდებული იყო ნაპოლეონის დასახმარებლად მთელი თავისი სამხედრო ძალა გამოეყვანა.
რაინის კავშირი 1813 წელს, ლეიპციგის ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ დაიშალა. დღეს რაინის კავშირის ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო რჩება, რომელმაც სახელი არ შეიცვალა, ეს არის ლიხტენშტაინი.

ეს სტატია დევს ქართულ ვიკიპედიაზე და დაწერილია ჩემს მიერ ( ნიკა ხოფერია ).

იხილეთ ასევე
Close
Back to top button