საკითხავისასარგებლო

“იაპონჩიკი” – კანონიერი ქურდი,რომელიც ქართველებთან ყოველთვის მარცხდებოდა

ეს არის ისტორია ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ,,კანონიერი ქურდისა”,რომელიც წარმატებების მიუხედავად ქართველებთან დაპირისპირების დროს ყოველთვის მარცხდებოდა,და ვინ იცის სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა კიდეც.

* * *

– სახელი, გვარი?

– ვიაჩესლავ ივანკოვი.

– პროფესია?

– კანონიერი ქურდი.

– სად გაკურთხეს ქურდად?

– ბუტირკის ციხეში.

– რატომ შეგირჩიეს მეტსახელად “იაპონჩიკი”?

– იმიტომ, რომ კარგად ვფლობ ჯიუ–ჯიტსუს.

აღნიშნული შეკითხვები “იაპონჩიკს” ამერიკაში გფბ–ს თანამშრომლებმა დაუსვეს. როგორც ცნობილია, რუსული მაფიის ბოსი ამერიკაში დააკავეს.

კარიერის დასაწყისი

ივანკოვის ანუ “იაპონჩიკის” (1940–2008) კარიერა გასული საუკუნის 70–იან წლებში იწყება. ცნობილი კრიმინალისტი გუროვი წერს:

– საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, სსრკ–ში ორგანიზებული დანაშაული არ არსებობსო. მიუხედავად ამისა, მთელს ქვეყანაში უამრავი ბანდა მოქმედებდა. ერთ–ერთ ასეთ ბანდას მეთაურობდა ცნობილი ბანდიტი, მეტსახელად “მონღოლი”. სწორედ ის გახლდათ ახალგაზრდა “იაპონჩიკის” მასწავლებელი.

“მონღოლის” ბანდა უბრალო მოქალაქეებს არ ერჩოდა. სამაგიეროდ, “ჩრდილოვანი ეკონომიკის” წარმომადგენლებს აკითხავდა და ფულს აწერდა. თავად “მონღოლი” ამას ასე განმარტავდა:

– სახელმწიფოს არ სურს კერძო მესაკუთრისაგან გადასახადი აკრიფოს. ის ჯიუტად ამტკიცებს, ჩვენს ქვეყანაში კერძო სექტორი არ არსებობსო. მე ვაკეთებ იმას, რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს.

თავისი ბანდის წევრებიდან “მონღოლმა” რაღაცით გამოარჩია ახალაზრდა ივანკოვი. ალბათ იმით, რომ ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული და სწრაფადაც აზროვნებდა. სწორედ “მონღოლმა” შეურჩია მას სახელი “იაპონჩიკი”.

– არა იმიტომ, რომ კარგად ფლობდა ჯიუ–ჯიტსუს. მაშინ ივანკოვს ამ საბრძოლო ხელოვნებაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. იმხანად ივანკოვი მხოლოდ მოკრივე გახლდათ. მეტსახელი ვიწრო თვალების გამო შეურჩიეს, აქაოდა იაპონელს ჰგავხარო, – ამტკიცებს გუროვი.

“იაპონჩიკი” გამოირჩეოდა ხელგაშლილობითა და ხიფათისადმი სიყვარულით. რაღაც მომენტებში ფანტასტიკურად მდიდარი იყო, მიუხედავად ამისა, ახალ “საქმეზე” უყოყმანოდ მიდიოდა.

– კი მაგრამ, ფული ხომ საკმაოდა გაქვს? – ეკითხებოდა “მონღოლი”.

– მაგას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია “საქმე” და არა ფული, – მიუგო “იაპონჩიკმა”.

“მონღოლს” ასეთი “ფილოსოფია” მოეწონა. მოსწონდა ისიც, რომ იაპონჩიკს შეეძლო რესტორანსა თუ აზარტულ თამაშებში თვალისდაუხამხამებლად ათასები გაეფლანგა. ასევე თვალისდაუხამხამებლად შეეძლო მეგობრისათვის დიდძალი თანხა ესესხებინა.

– როდის დაგიბრუნო?

– როდესაც შეძლებ.

– შეიძლება ვერასოდეს ვერ შევძლო.

– რაკი ამას პატიოსნად მეუბნები, ჩათვალე, რომ გაპატიე.

“მონღოლიც” ზრუნავდა “სიმპატიურ” ყმაწვილზე. ჯიუ–ჯიტსუ, ისევე როგორც კარატე, სსრკ–ში აკრძალული იყო. “მონღოლმა” მიიყვანა ივანკოვი არალეგალურ სექციაში და პირადად აფინანსებდა მის წრთვნას, ინტერესდებოდა, თუ როგორ გულმოდგინეთ ვარჯიშობდა, აცდენდა თუ არა ვარჯიშებს და ა. შ.

– ივანკოვი საკმაოდ კარგად დაეუფლა საბრძოლო ხელოვნებას, –ამბობს გუროვი.

“მონღოლის” წყალობით იაპონჩიკი შავ სამყაროში გაშინაურდა. ბანდაში მისი ავტორიტეტი დღითი–დღე იზრდებოდა.

ქართველები მას არ აღიარებდნენ

ნებისმიერი ბანდის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება კრიტიკული მომენტი. გამონაკლისი არც “მონღოლის” დაჯგუფება იყო:

სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა ბანდა აიყვანეს. ივანკოვი გადარჩა. ეს ნამდვილად ბედის წყალობა იყო და არა იმისი, რომ იაპონჩიკი მილიციასთან თანამშრომლობდა, – წერს გუროვი.

მალე ივანკოვს აპატიმრებენ. შემდეგ იყო პირველი სასამართლო და სასჯელი. ივანკოვზე, როგორც ავტორიტეტულ კრიმინალზე, დამნაშავეთა სამყაროში ხმამაღლა ალაპარაკდნენ. მას მხოლოდ ქართველებთან ჰქონდა პრობლემები.

– ქართველები იაპონჩიკს არ აღიარებდნენ, – წერს გუროვი, – საქმე ხელჩართულ შეტაკებამდეც მივიდა. იაპონჩიკისათვის ეს სავალალოდ დამთავრდა. ამიტომაც სხვა ზონაში გადაიყვანეს. გათავისუფლების შემდეგ “იაპონჩიკი” განაგრძობს თავის საქმიანობას. ამას მოჰყვა დაპატიმრებები, სასამართლოები. “იაპონჩიკზე”, როგორც კანონიერ ქურდზე, რუსეთში მთელი ლეგენდები დადიოდა. 80–წლებში მისით სუკი დაინტერესდა.

– ბევრი ამტკიცებს, რომ სუკმა გადაიბირა “იაპონჩიკი”, – იუწყება გაზეთი “სოვერშენნო სეკრეტნო”, თუმცა ზუსტად ამისი თქმა ძნელია. ასეა თუ ისე, “იაპონჩიკის” მეგობართა წრეს შეემატნენ ისეთი პიროვნებები, როგორიცაა ცნობილი მომღერალი კობზონი. როდესაც იაპონჩიკი კვლავ დააპატიმრეს და გაასამართლეს, კობზონი იყო ერთ–ერთი, ვინც მის დაცვას შეეცადა.

– ზონაში იაპონჩიკს კვლავ შეექმნა პრობლემები ქართველებთან, –ამბობს გუროვი – ხელჩართულ შეტაკებებსაც ბოლო არ უჩანდა. ქართველები ჯიუტად არ აღიარებდნენ “იაპონჩიკს”. ეს უკანასკნელი კი ამას მტკივნეულად განიცდიდა. მით უმეტეს, რომ ამ შეტაკებებში სასტიკად მარცხდებოდა.

კოლონიის ხელმძღვანელობა დაუსრულებელი შეტაკებებით უკმაყოფილო იყო. მათსა და “იაპონჩიკს” შორის იწყება აშკარა კონფრონტაცია. როგორც ჩანს, “იაპონჩიკმა” ამის შესახებ თავის მფარველებს აცნობა, რადგანაც მალე მის გათავისუფლებას უკვე რსფსრ–ს პარლამენტის დეპუტატებიც ითხოვენ. შემდეგ “იაპონჩიკის” მფარველებს ცნობილი სამართალდამცველი კოვალიოვიც შეემატა.

– მე მაცნობეს, რომ “იაპონჩიკი” კონფრონტაციაში იმყოფება ზონის ხელმღვანელობასთან და მისი სიცოცხლე საფრთხეშია, – ამბობს კოვალიოვი, – მე არ ვითხოვდი მის გათავისუფებას. მე მხოლოდ მის სხვა ზონაში გადაყვანას ვითხოვდი.

1990 წლების ბოლოს “იაპონჩიკი” გაათავისუფლეს. ის ამერიკაში გაემგზავრა.

აშშ–ში “იაპონჩიკი” შეეცადა ძველებური წესით ეცხოვრა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამერიკა ხომ რუსეთი არაა. “იაპონჩიკი” დააპატიმრეს. შემდეგ იყო სასამართლო, შემდეგ სამშობლოში დეპორტაცია.

“დემოკრატიული რუსეთი” ისეთივე კრიმინალური სახელმწიფო გახლდათ, როგორც საბჭოთა კავშირი. ის, რაც სსრკ–ში დაფარული იყო, ახლა აშკარად ხდებოდა. ჩრდილოვანი ეკონომიკის ბოსები ოლიგარქებად გადაქცულიყვნენ და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე აცხადებდნენ პრეტენზიას:

– ჩვენც შეგვიძლია ძალაუფებაზე პრეტენზია განვაცხადოთ, – ამბობდა “იაპონჩიკი”, – მათზე ნაკლებნი ვართ თუ რა?

ამრიგად “იაპონჩიკმა” თავის თავზე მეტი აიღო. თუმცა გამოჩნდა არაერთი ძალა, რომელმაც მისი გამოყენება მოისურვა. ზოგიერთს “იაპონჩიკის” მეშვეობით ცალკეული ოლიგარქიული კლანის დამარცხება სურდა, ზოგმა კი, მისი მეშვეობით, მეზობელ უკრაინაზე სცადა ზეგავლენის მოხდენა.

– იაპონჩიკის ხალხი გამოჩნდა დონბასსა და ყირიმში. არსებობს ვერსია, რომ სწორედ იაპონჩიკი იდგა დონეცკის “შახტარის” პრეზიდენტის მკვლელობის უკან. ასევე არსებობს ვერსია, რომ მავანმა ძალებმა სწორედ იაპონჩიკის ხელით მოიშორეს დონეცკის ოლქის გუბერნატორი შცერბანი, – წერს “უკრაინსკა პრავდა”, – ასევე არსებობს ვერსია, რომ იაპონჩიკის ნახელავია სისხლიანი გარჩევების სერია ყირიმში.

“იაპონჩიკის” მეგობრები უკრაინიდან გააძევეს. ოდესის მერი გურვიცი აცხადებს:

– ყველას ვურჩევ, დაიმახსოვროს: ვინც უკრაინაში ყაჩაღური წესით საკუთრების დაპატრონებას შეეცდება, მისთვის ეს ცუდად დამთავრდება!

უფრო კატეგორიული იყო ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი კუნიცინი:

– ხელებს მოვამტვრევთ ყველას, ვინც თავისი და სხვისი არ იცის და ყირიმში თავი ბატონ–პატრონი ჰგონია!

უკრაინაში “იაპონჩიკმა” საკმაოდ იგემა თავისიანების სისხლი. ივანკოვი ამას მიჩვეული არ იყო და აიმრიზა.

– მარცხს ის მუდამ მწვავედ განიცდიდა, – წერს “კომსომოლსკაია პრავდა”, – მის შეგნებაში უკრაინა და რუსეთი კვლავაც ერთ მთლიანს წარმოადგენდა. ამიტომ თავისიანების დარბევა ძმათამკვლელ ომად აღიქვა.

“იაპონჩიკი” უკრაინელების საქციელს შოვინიზმით ხსნიდა:

– ველურობაა, როდესაც ადამიანს სდევნი მხოლოდ იმიტომ, რომ “მოსკალია”. მე არ ვამტკიცებ, რომ ჩემი ბიჭები ანგელოზები არიან, მაგრამ ბევრად ნაკლებს აშავებდნენ, ვიდრე მათი ადგილიბრივი კოლეგები. მიუხედავად ამისა, დარტყმა სწორედ მათ დაატყდათ თავს. ბელორუსიაში ამგვარი ამბები არ ხდება, ბელორუსებთან შეიძლება საქმის დაჭერა, უკრაინელებისაგან განსხვავებით, ისინი ფაშისტები არ არიან!

რუსეთში არსებული სინამდვილის ამდაგვარ ინტერპრეტაციას ბევრი ეთანხმებოდა.

მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს, “იაპონჩიკთან” საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იგივე შეიძლება ითქვას ფსბ–ს ოფიცრებზეც, რომლებიც ცდილობდნენ, საკუთარი ინტერესებისათვიოს გამოეყენებინათ “იაპონჩიკის” ამბიციები, ასევე რიგ გავლენიან ბიზნეს–წრეებზეც.

– “იაპონჩიკი” ისეთ თამაშებში გაეხვია, რაც მის შესაძლებლობებს ნამდვილად აღემატებოდა, – აღნიშნავს “სოვერშენნო სეკრეტნო”, –მას დაავიწყდა უბრალო ჭეშმარიტება, ის, რომ ყველა ჭრიჭინობელამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. სასჯელმაც არ დაახანა. “იაპონჩიკი” კილერის ტყვიის წერა გახდა.

მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!

“იაპონჩიკს” დიდებული დაკრძალვა მოუწყვეს. მისი ცხედარი ეკლესიაში დაასვენეს. უკანასკნელ გზაზე ის უამრავმა ხალხმა გააცილა. “ნტვ”–ს ცნობით, გვირგვინების რაოდენობამ 250–ს მიაღწია.

დაკრძალვას არა ერთი ცნობილი პერსონაც დაესწრო, ერთ–ერთი კობზონი გახლდათ. ყველა ჟურნალისტი ერთსულოვნად აღნიშნავდა, რომ დაკრძალვა დიდებულად იყო ორგანიზებული.

– ეს ბაბუა ჰასანის მოწყობილია. “იაპონჩიკის” შემდეგ სწორედ ისაა რუსული მაფიის თავკაცი.

ბაბუა ჰასანი (ნამდვილი გვარი უსოიანი) ეროვნებით ქურთია. ის დაიბადა თბილისში 1937 წელს, თუმცა კარგა ხანია რაც მოსკოვში ცხოვრობს. ამბობენ, რომ მას ძალზე დაძაბული ურთიერთობები აქვს ტარიელ ონიანის დაჯგუფებასთან.

“დღეისათვის ეს ნამდვილ ომში გადაიზარდა”, – იუწყება “ნტვ”. რუსი ჟურნალისტების ცნობით, ბაბუა ჰასანი გარეგნულად უწყინარ პენსიონერს ჰგავს. დილის ექვს საათზე დგება და მთელი დღის მანძილზე დაძაბული “მუშაობს”. “იაპონჩიკისაგან” განსხვავებით, ბაბუა ჰასანს არ უყვარს არც ხმაურიანი თეატრალური ეფექტები, არც პოლიტიკური ინტრიგები. ის ამჯობინებს ჩუმად, წყნარად აკეთოს თავისი საქმე და ცდილობს, არც ზედმეტი ყურადღება მიიქციოს და არც სკანდალებში გაეხვიოს.

– ბაბუა ჰასანი ნამდვილი კრიმინალური იმპერიის სათავეში დგას, –წერს “კომსომოსლკაია პრავდა” – მას თავისი ხალხი ჰყავს მთელს რუსეთში და არა მარტო რუსეთში. მისი იმპერიის საცეცები შორეულ ათენამდე და მარსელამდეც აღწევენ, რომ არაფერი ვთქვათ, ყოფილი სსრკ–ს ტერიტორიაზე. აქ “ბაბუს” ყველგან ჰყავს თავისი ხალხი. ისინი წყნარად, ჩუმად “მუშაობენ” და ცდილობენ ყურადღება არ მიიქციონ. ჟურნალისტები ამტიკებენ, რომ “ბაბუა ჰასანს” არ სიამოვნებს, როდესაც კრიმინალური იმპერიის თავკაცს უწოდებენ.

– ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და არავის ვერჩით, – ამბობს უსოიანი, – უბრალოდ, ერთმანეთს ვეხმარებით და გაჭირვებაში ხელს ვუმართავთ. ნუთუ ეს დანაშაულია?

სიფრთხილის მიუხედავად “ბაბუა ჰასანი” სკანდალს მაინც ვერ ასცდა. ის ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს და უკრაინაში შესვლის უფლება არ მისცეს.

– რა გინდა ჩემგან, შვილო? – შეეკითხა “ბაბუა” მილიციელს, – რა დაგიშავე? შენი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ხომ ჩემზე ბევრად უფრო დიდი ყაჩაღებია!

“იაპონჩიკის” მსგავსად “ბაბუაც” შოვინიზმად თვლის იმას, რომ უკრაინაში არ შეუშვეს.

ეპილოგი

– იცი, რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად? იმიტომ, რომ ჩვენში ყველაფერს ანტიბიოტიკი და მისი მსგავსი ტიპები განაგებენ, – ამბობს გახმაურებული ტელესერიალის “ბანდიტური პეტერბურგის” ერთ–ერთი გმირი.

“ანტიბიოტიკი” გამოგონილი პესონაჟია, “იაპონჩიკი – რეალური. ის მოკლეს, რადგანაც ძალიან ბევრი მოინდომა. თუმცა მისნაირები უხვად დარჩნენ. რუსეთში ისინი ყველაზე ლაღად გრძნობენ თავს, რადგანაც მათ ბანკირები, მსხვილი ბიზნესმენები, უშიშროების მაღალჩინოსნები და პოლიტიკოსები მფარველობენ.

პ.ს მე ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია,რომ ეს ადამიანები არიან ყოველი ნგრევის და კრიმინალური წყობილების აყვავების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო,ესენი არიან სულიერი,ეკონომიკური,ფიზიკური და სამართლებრივი ნგრევის მომხრე ყველგან და ყოველთვის,ეს არის სიბნელე ნათელთა შორის და სიბოროტე კეთილთა შორის,და მე სამარცხვინოდ მიმაჩნია რომ ერთ ერთი ამ ეგრეთწოდებული ,,მაგარი ბიჭების” წარმომადგენელმა ჯერ დისერტაცია დაიცვა და დოქტორი გახდა შემდეგ კი საქართველოს მთავრობის სათავეში მოექცა,აქედან გამომდინარე ძნელი მისახვედრი არაა თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს სახელმწიფოსთვის ეს ყოვლად აბსურდული და გულისამრევი იდეოლოგია,ესენი ამბობენ ,,ციხე ქურდებისაა ძმაოვო”,ჰოდა შეარგოთ ღმერთმა,ძალიან მიხარია,რომ საქართველოში სულ სხვა ღირებულებებმა წამოიწია წინ და ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული,მე ერთ–ერთი ვარ იმათგან ვინც ამ ღირებულებების განმტკიცებისთვის და ამ ,,ადამიანების” ციხეში აქტიურად გაგზავნისთვის იბრძოლებს.

წყარო:sana.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close