გასართობისაკითხავისასარგებლო

უაზრო ჰოლივუდი #5(კომედიები)

კომენტარების მიხედვით ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ თემაზე ითხოვდა პოსტს, ამიტომ ეს პოსტი კომედიებს ეთმობა.

პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ ამ პოსტებს მე თვითონ ვწერ და არსაიდან არ ვაკოპირებ და არც ვთარგმნი.

არ დაგავიწყდეთ ბოლოში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა კომენტარებში.

კომედიურ სიტუაციებზე გაკვრით პირველ პოსტშიც მეწერა. ამ პოსტში კი სრულყოფილად შემოგთავაზებთ კლიშეებს კომედიებიდან.

დავიწყოთ რომანტიკული კომედიებით.

ალბათ ყველაზე გავრცელებული კლიშე ამ ჟანრში არის ის რომ, ღარიბ და შეუხედავ ბიჭს უყვარდება მდიდარი და ლამაზი გოგო.

ეს ბიჭი ისეთი მორიდებულია რომ ქალთან დალაპარაკებაც არ შეუძლია.

ეს ღარიბი ბიჭი აუცილებლად იპოვის ვინმეს ვინც ძალიან წარმატებულია ქალებთან, ეს უკანასკნელი მას მიეხმარება სრულიად შეიცვალოს, შეიცვალოს ჩაცმის სტილი, თუ სათვალეს ატარებს ურჩევს რომ კონტაქტური ლინზები ატაროს და ა.შ.

ეს პერსონაჟი რომელიც ეხმარება თავიდან თვითონაც არ იყო წარმატებული ქალებთან, მაგრამ მას შემდეგ რაც ის შეყვარებულმა მიატოვა მან საკუთარ თავს პირობა მისცა რომ შეიცვლებოდა.

ფილმის ბოლო რათქმააუნდა, ბედნიერია. მდიდარი გოგო, რომელიც ფილმის დასაწყისში ბიჭს ზედაც არ უყურებდა, ფილმის ბოლოს გააცნობიერებს რომ მთავარი შინაგან სამყაროა და არა ის თუ როგორ გამოიყურები.

არის ასევე სრულიად განსხვავებული ტიპაჟი, რომელიც სრულიად განსხვავდება ზემოთ მოყვანილ მაგალითისგან. ის ყოველდღე იცვლის ქალებს, მაგრამ ერთხელაც შეხვდება “იმ ერთადერთს” და გადაწყვეტს შეიცვალოს ცხოვრების სტილი.

ფილმები ასეთი პერსონაჟით ძირითადად რამდენიმე ეტაპად იყოფა. მთავარ გმირებს პირობითად დავარქვათ ჯეკი და სარა.

პირველი ეტაპი. პირველი ეტაპის მიზანია გვაჩვენოს მთავარი პერსონაჟების ცხოვრება ერთმანეთთან შეხვედრამდე. ეს სცენები ძირითადად ასე გამოიყურება: დილაა, მოქმედება საძინებელში ხდება, სარა იღვიძებს და დგება ლოგინიდან. მოქმედება სამზარეულოში გადადის, სადაც კონსერვატიულად ჩაცმული სარა უცებ შეირბენს, რომ ყავა დალიოს და შემდეგ სამსახურში წავა. შემდეგ მოქმედება გადადის მეორე საძინებელში, სადაც ჯეკი მის მორიგ ქალთან ერთად წევს ლოგინში. მას უნდა გააღვიძოს ქალი რომ დროზე წავიდეს მისი სახლიდან, მაგრამ მისი სახელი აღარ ახსოვს. ჯეკს, როგორც წესი, აქვს ბევრი ფული და უზარმაზარი ბინა ნიუ-ორკის ცენტრში (რატომღაც უმრავლესობა რომანტიულ კომედიებში სწორედ ამ ქალაქში ხდება მოქმედება), რაც ძალიან ძვირი ღირს. მიუხედავად ამისა, ის არსად მუშაობს.

მეორე ეტაპი. ეს ორი გმირი სადმე შემთხვევით იცნობენ ერთმანეთს. თავიდან ჯეკი რატომღაც მოიხიბლება (ის თვითონაც გაკვირვებულია, მას ხომ ასეთი ქალები არ მოსწონს), ეს გრძნობა ორმხრივი არ არის. ამის შემდეგ ჯეკი სარას უამრავ სიურპრიზს უწყობს: ან ოფისს გაუვსებს თაიგულებით ან რაიმე ძალიან ძვირფას საჩუქარს ჩუქნის და ნელ-ნელა ამით იგებს მის გულს.

მესამე ეტაპი. მათი გრძნობები უკვე ორმხრივია და ერთად თავს კარგად გრძნობენ.

მეოთხე ეტაპი. აუცილებლად გამოჩნდება ჯეკის ყოფილი შეყვარებული, რომელიც მთავარი გმირების ჩხუბის მიზეზი გახდება.

მეხუთე ეტაპი. ჯეკი ცდილობს, საკუთარ გრძნობებში გაერკვეს და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდის, რომ სარა უყვარს.

მეექვსე ეტაპი სრულიად ეთმობა იმის ჩვენებას, თუ როგორ ცდილობს ჯეკი შეყვარებულის გულის თავიდან მოგებას, ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს, თუნდაც ამისთვის თავის დამცირება იყოს საჭირო (ხალხით სავსე როსტორანში ყვირილი იმისა თუ როგორ უყვარს, ან მსგავსი რამ). სარაც რათქმაუნდა იმის შემხედვარე თუ როგორ იმცირებს თავს მისთვის, გადაწყვეტს მეორე შანსი მისცეს.

მეშვიდე ეტაპი. Happy End

მერვე ეტაპი. ტიტრები.

სარას ყოველთვის ჰყავს მეგობრების მთელი “არმია”, რომლებიც ცდილობენ ჯეკი შეაძულონ.

მას შემდეგ, რაც მთავარი გმირები იჩხუბებენ, ჯეკი მივა სარას საუკეთესო მეგობართან და ჰკითხავს თუ სად არის. ის უპასუხებს, რომ მის მეგობარს გული აქვს გატეხილი და ამიტომ არ ეტყვის, სად არის, იმიტომ რომ მას უფრთხილდება. ცოტა ლაპარაკის შემდეგ კაცი შეყვარებულის მეგობარს გამოტეხს, რომ სარა აპირებს სხვა ქვეყანაში გაფრენას და მისი რეისი ნახევარ საათში მიფრინავს. კაცი თავქუდმოგლეჯილი მიდის აეროპორტში და რეგისტრაციის დროს აჩერებს სარას. ცოტა ხნის ლაპარაკის შემდეგ ის აუცილებლდა არწმუნებს სარას, რომ მეორე შანსის ღირსია. კიდევ ერთი Happy End.

ასევე ძალიან ხშირადაა შემთხვევა როცა სარა ჯეკს აცნობს თავის მეგობარს (კაცს). მთავარი გმირი ეჭვიანობას იწყებს და ერთხელაც, როცა მარტოები დარჩებიან, დაახლოვებით ასეთი დიალოგი წარიმართება.
– შევამჩნიე როგორ უყურებ სარას, მისგან თავი შორს დაიჭირე.
– არ მესმის რაზე ლაპარაკობ (ეს ფრაზა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამეორებადი ფრაზა ყველა ჟანრის ფილმებში)
– ძალიან კარგად გესმის და თუ თავს არ დაანებებ ძალიან ინანებ.
– (აქ იღიმის) ჯეკ, მე ხომ გეი ვარ.(რატომღაც ქალს თუ კაცი მეგობარი ჰყავს, ის აუცილებლად ცისფერია)

კომედიები სკოლის მოსწავლეებზე.

ყველა სკოლას ჰყავს ამერიკული ფეხბურთის ან კალათბურთის გუნდი, რომელზეც ყველა აფანატებს.

ყველა გუნდს ჰყავს მხარდამჭერთა გუნდი (მგონი ესე ქვია), რომლის კაპიტანი არის სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგო.

სპორტული გუნდის კაპიტანი სკოლაში ყველაზე პოპულარულ ბიჭად ითვლება.

მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი სკოლაში ყველაზე პოპულარულ გოგოდ ითვლება.

ეს ორი შეყვარებულები არიან.

ალბათ ყველანი დაკვირვებიხართ ამერიკულ სკოლაში, ჰოლში ჩამწკრივებულია კარადები, სადაც მოსწავლეები წიგნებს ინახავენ. ახალგადმოსული მოსწავლე ვერასოდეს ვერ აღებს თავის კარადას.

ამერიკული სკოლის ჰოლი ნამდვილი საგიჟეთია.

როდესაც ზარი დარეკავს, ასობით ბავშვი ერთდროულად გამოვარდება ჰოლში.

ამ დროს მთავარი გმირი აუცილებლად წიგნებით ხელში მიდის ჰოლში და როცა მას ვინმე დაეჯახება, წიგნებს ხელიდან გააგდებინებს, როცა ის დაიხრება ასაკრეფად მას რამდენიმე ადამიანი ზედ გადაუვლის.

როდესაც მთავარი გმირი ახალ სკოლაში გადადის, ის აუცილებლად მოედება თვალში სპორტული გუნდის კაპიტანს და ის ამერიკული ფილმისთვის ჩვეულებრივი მანერით დაისჯება. მას ან კარადაში შეტენიან და ჩაკეტავენ, ან უნიტაზში ჩააყოფინებენ თავს, ან კიდევ რამე (მდიდარი ფანტაზიის უნარი აქვთ)

ამერიკული სკოლის სასადილოს საჭმელი ყოველთვის საზიზღრობაა.

როდესაც მთავარი გმირი ახალ სკოლაში გადავა და პირველად შევა სასადილოში, აიღებს საჭმელს და დაიწყებს ადგილის ძებნას დასჯდომად, აღმოჩნდება რომ მასთან ერთად დაჯდომა არავის უნდა, ასევეა ავტობუსშიც.

როდესაც მთავარი გმირი პირველი დღის შემდეგ სახლში ბრუნდება, მას აუცილებლად შეეკითხებიან გაიჩინა თუ არა ახალი მეგობრები. ის აუცილებლად იტყვის, რომ მის სკოლაში ძალიან კარგი ბავშვები არიან და უამრავი მეგობარი გაიჩინა. თუმცა სინამდვილეში დღემ საშინლად ჩაიარა.

ფილმის ბოლოს მთავარი გმირი სკოლის “ცუდ ბიჭებს” ფიზიკურადაც და მორალურადაც ამცირებს და სკოლაში ყველაზე პოპულარული ხდება.

წვეულებების დროს ვინმემ აუცილებლად უნდა იჩხუბოს. (ეს საქართველოშიც ასეა)

წვეულების დროს სახლში ვიღაც მთვრალი შემოვარდება დაიყვირებს, გარეთ მაგარი ჩხუბია და გავარდება გარეთ, მას მიჰყვება დანარჩენი ხალხიც.

არ შეიძლება წვეულებამ ისე ჩიაროს რომ სტუმრებმა ყველაფერი არ დაამტვრიონ, რისი დამტვრევაც შეიძლება.

სკოლის დამთავრებიდან წლების შემდეგ, როგორც წესი სპორტული გუნდის კაპიტანი გვევლინება როგორც გამელოტებული და გასუქებული.(თავისი ცოდვებისთვის მიეზღო), ხოლო მთავარი გმირი უფრო გალამაზებული და წარმატებული.

გამოსაშვები საღამო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა ამერიკელის ცხოვრებაში.

ყველა ფიქრობს, რომ ამ საღამოს მეფე და დედოფალი უნდა ყოფილიყვნენ სპორტული გუნდის კაპიტანი და მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი, მაგრამ მეფე და დედოფალი მთავარი გმირი და მისი შეყვარებული ხდებიან.

თუ მთავარი გმირი სკოლის მოსწავლე გოგოა, მისი შეყვარებული მას გამოსაშვებ საღამოზე რამეს აწყენინებს, ისიც ტუალეტის კაბინაში ჩაიკეტება და ტირილს დაიწყებს, მისი მეგობარი გვერდზე კაბინაში შევა და იქიდან ეცდება მის დამშვიდებას.

ტირილის დროს სახიდან ცრემლების მოსაწმენდად მთავარი გმირი ტუალეტის ქაღალდს იყენებს, ხშირად მას ქაღალდი არ ჰყოფნის და მისი დაქალი გვერდზე კაბინიდან აწვდის ქაღალდს.

დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ, თუმცა კომედიის ჟანრი თითქმის ამოუწურავია. გამორიცხული არ არის, მეორე პოსტიც დავდო კომედიებზე.

ვეცდები რეგულარულად დავდო მსგავსი პოსტები, ოღონდ ყველა პოსტი ამერიკული ფილმების რაღაც კონკრეტულ თემატიკაზე იქნება. შეგიძლიათ თემა კომენტარებში დაწეროთ და ვეცდები ამ თემაზე პოსტი დავდო.

დღევანდელი “უაზრო ჰოლივუდის” კითხვაა…

ჩემი პასუხი: მუმია 3 (The Mummy: Tomb of the Dragon Emperor)

თუ არ გინახავს წინა პოსტები “უაზრო ჰოლივუდის” შესახებ მაშინ გადადი ბმულებზე რომლებიც დაბლაა მოცემული.

უაზრო ჰოლივუდი #4(საშინელებათა ფილმები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #3(ძარცვა, მოტაცება, მძევლები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #2(ამერიკული პოლიცია,FBI,სპეცსამსახურები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი ბმული

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close