გართობაუცნაური

კარლოს კასტანედა

9bb53261b156

“ჩემთვის ერთადერთი რეალური მიღწევა – მებრძოლად ყოფნის ხელოვნებაა. ესაა მხოლოდ, როგორც დონ ხუანი ამბობდა, გაწონასწორების საშუალება შენი ადამიანად ყოფნის საშინელებასა და შენ რომ ადამიანი ხარ, იმით აღფრთოვანებას შორის.”
კარლოს კასტანედა

მეოცე საუკუნის სამოციანი წლები: პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა და ვიეტნამის ომის დასაწყისი, რევოლუცია მუსიკასა და ხელოვნებაში და ჰიპიზმი, უნიკალური სუბკულტურა, Flower Power, დევიზები: Not war, Make Love; Sex, Drugs And Rock’n’Roll, როგორც მეცნიერთა უმეტესობა აღნიშნავს, სწორედ ამ მიზეზებმა და დევიზებმა ჩაუყარა საფუძველი ჰიპიზმის სუბკულტურას. თუმცა თუ უფრო ”ღრმად ჩავყვინთავთ”, ვნახავთ, რომ მთლად ასეც არ უნდა ყოფილიყო.
ჰიპიზმის ძალიან მსგავსი ანალოგი უკვე არსებობდა გერმანიაში ჯერ კიდევ 1896 წლიდან თვით ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე და ამ მსგავსებას ძალიან სასიამოვნო და მეტად პოეტური სახელიც ერქვა – ”გადამფრენი ჩიტუნები” (Wandervogel). ”ჩიტუნები”გატაცებულნი იყვნენ წარმართობით და ძველი, ”კეთილი” გერმანული სიძველეებით, უყვარდათ ბუნება და ვერ იტანდნენ კაპიტალიზმს, ატარებდნენ გრძელ თმებს და პაციფიკის მსგავს ნიშნებს, ეცვათ მძივებით მოქარგული პერანგები, უყვარდათ ყვავილებისა და სხვა უცნაური სიმბოლოების ხატვა.
ყმაწვილი ვანდერფოგელელები ანთებდნენ კოცონს ბუნებაში, მღეროდნენ ძველ სიმღერებს სიყვარულზე და თვლიდნენ, რომ სიყვარულს უფრო ხშირად უნდა მიეცნენ, ვიდრე იარაღის ჟღარუნს. რა თქმა უნდა ბევრ მსგავსებასთან ერთად ბევრი განსხვავებაც იყო: არანაირი ნარკოტიკები და გარყვნილება. სწორედ ამიტომაც ვანდერფოგელელებს პრინციპიალური ჰომოეროტების მყარი რეპუტაცია ჰქონდათ. როგორც ჰერმან ვირტი ამბობდა: ”ეს არის ფართო ახალგაზრდული მოძრაობა, რომლის წევრებიც მოგზაურობენ სოფლებში, აგროვებდნენ ეროვნულ ფოლკლორს, ჩვეულებრივ ყმაწვილკაცურ რევოლუციურობას არქაიკისადმი პარადოქსულ ინტერესში ხვევდნენ. ვერ იტანდნენ თანამედროვე სამყაროს, ქალაქებისა და ბირჟების მევახშე სულსა და კოსმოპოლიტურ ჯოჯოხეთს, რომლადაც მათი აზრით ნელ ნელა იქცეოდა სამყარო. მათი ანარქიზმი ეხამებოდა საკუთარი ერისა და მისი ისტორიის სიყვარულს. ვანდერფოგელელების მთავარი მოთხოვნები იყო:
1. ვეგეტარიანიზმი
2. ნუდიზმი
3. ხალხური მედიცინა
4. ალკოჰოლისაგან თავის შეკავება
5. ჩაცმულობის რეფორმა
6. სოციალური სტატუსის მოთხოვნა
7. ქალაქი-ბაღი
8. მიწის რეფორმა
9. სექსუალური რეფორმა
10. ჯანსაღი კვება და ეკონომიკური რეფორმა
11. სოციალური რეფორმა
12. ქალების, ბავშვებისა და ცხოველების უფლებების ლიბერალიზაცია
13. ერთობა
14. კულტურული და რელიგიური რეფორმა.

ვანდერფოგელელებს ძალიან მოსწონთ სიურეალიზმი, დადაიზმი, წარმართობა, ფემინიზმი, პაციფიზმი, ფროიდის ფსიქოანალიზი. ვანდერფოგელელთა შეხვედრების ხშირი სტუმრები იყვნენ ჰერმან ჰესსე, კარლ გუსტავ იუნგი, აისიდორა დუნკანი, ლოურენსი, ფრანც კაფკა და სხვები.”
მოგვიანებით, პროტოჰიპების დიდი ნაწილი ”გაიკრიჭა” და შეერწყა ჰიტლერიუგენდს, რომლის ხელმძღვანელი, ბალდურ ფონ შირახი, ოდესღაც ასევე ”გადამფრენი ჩიტუნა” იყო. ასე, რომ ჰიპების გენეალოგიაში SS-ის ერთი გრუპპენფიურერიც მოიხსენიება.

ჰიპური სუბკულტურის ფუძემდებლებად უფრო უცნაური პოეტი და მწერალი ბიტნიკები ითვლებიან, რომლებიც აშშ-ში მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ. ჰიპიზმს ხშირად უკავშირებენ ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიც არიან ალენ გინზბერგი და ჯეკ კერუაკი. ამ ”დჰარმის მაწანწალებმა” ჰიპურ იდეოლოგიას მართლაც ბევრი რამ მისცეს – მგზნებარე, თუმცა სრულიად ზედაპირული დაინტერესება აღმოსავლეთით, ინდოეთი, ბუდიზმი, ადამიანის შინაგანი სამყაროსკენ მიბრუნება, თვითსრულყოფილების ახალი ხერხების ძიება, ადამიანის სრული თავისუფლების სატყუარა, ე.წ. ”ზურგჩანთიანი რევოლუცია”, მოკლედ ”ტონობით რომანტიკა” სიახლეებს მოწყურებული თაობისათვის.

639afa6a6745

ფსიქოდელიკური პოეზიის გაჩენაზე დიდი ზეგავლენა იქონია კენ ნორდინმა. ეს გახლავთ სახელი, რომელიც ამერიკელთა უმეტესობამ არ იცოდა, თუმცა მისი ხმა აბსოლუტურად ყველას ჰქონდა ერთხელ მაინც მოსმენილი. ნორდინი, რომელსაც უამრავი სარეკლამო რგოლი ჰქონდა გახმოვანებული, ითვლება ე.წ. ”Word Jazz”-ის სტილის ფუძემდებლად. მანვე შექმნა ალბომი ”Colors”, რომელზედაც ყველა ფერმა მიიღო აბსოლუტური ფსიქოდელიკური აღწერილობა. თუმცა ვერც ბიტნიკები იქცნენ თაობის სავიზიტო ბარათად, ამის გაკეთება უკვე თვით ჰიპებმა შეძლეს.
როდესაც ჰიპურ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული ”სითბოთი” უნდა მოვიხსენიოთ ”ოქროს სამკუთხედისა” და კოლუმბიელი ნარკობარონებიც. მათი კოლოსალური კაპიტალიც ხომ ზუსტად 60-იანი წლების შედეგი იყო. ნარკოტიკები (მორფი, კოკაინი) ამერიკული მუსიკის პოპულარულ თემად ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში იქცა – ჯაზი, ბლუზი, ქანთრი ხომ ზუსტად “The Stuff”-ს ეძღვნებოდა. თუმცა ჰალუცინოგენებისა და თეთრი ფხვნილების მასიური მოხმარება სწორედ 60-იანებში დაიწყო.

რა თქმა უნდა არ უნდა დავივიწყოთ ტიმოთი ლირიც – ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც დაახლოებით 1960 წელს მექსიკაში გემო გაუსინჯა ”მხიარულ სოკოებს”, რომლებმაც მისი შემეცნება საგრძნობლად ”გააფართოვეს” ისე, რომ კიდევ რაღაც-რაღაცეების ”გაფართოების” სურვილი გაუჩნდა. სწორედ მაშინ გაახსენდა ”LSD”. ლიზერგინული მჟავის დიეტილამიდი შვეიცარიელმა ფარმაცევტებმა ჯერ კიდევ 40-იან წლებში შექმნეს, თუმცა მისი ”საწარმოო” მოხმარება ზუსტად ტიმოთი ლირის ”ხელდასმით” მოხდა, ტიმოთი ლირისა, რომელიც უკვე შეუდგა ”შემეცნების ალქიმიას”. ყოველივე ამის გამო ”LSD- ს წინასწარმეტყველი” ჰარვარდიდან გარიცხეს, თუმცა ამას არც შეუწუხებია ტიმოთი ლირი. ჩაიცვა რა პაციფიკებითა და ყვავილებით შემკული თეთრი პერანგი, ის იქცა ”ყვავილოვანი ძალის გურუდ”. აქცენტმა აღმოსავლურ ფილოსოფიაზე, რომელიც ადამიანის შემეცნებას აქამდე არნახულ საზღვრებამდე აფართოვებდა (რა თქმა უნდა ტიმოთი ლირმა არ იცოდა არც სანსკრიტი და არც ჰინდი) განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს ემატებოდა LSD ან კოკაინი, პლუს ლევატურ ფილოსოფიასთან შეთამაშებამ და ანტისამხედრო პაციფიზმმა ტიმოთი ლირი ეპოქის სიმბოლოდ აქციეს. ჩვენ, ვისაც არ გვიცხოვრია ხმაურიან 60-იანებში, შეგვიძლია მივმართოთ ლირის ფირფიტას (სხვათაშორის არის CD-ზეც) ”You Can Be Anything This Time Around”-ს – სიტარა, ”ჰარე კრიშნა, ჰარე რამა”, ჯიმი ჰენდრიქსი და ბადი მაილზი ბექებზე, – ერთი სიტყვით შეგვიძლია მივმართოთ ეპოქის ერთობ დამაინტრიგებელ დოკუმენტს და დავინახოთ ყველაფერი ეს.

4263de8d2bea

თავისთავად ფსიქოდელიკური მუსიკის ბუმი და Swinging 60-იანები, ”შავი პანტერებისა” და ჩარლი მენსონის კომუნის ჩათვლით გაცილებით უფრო ფართო და მრავლისმომცველია, ვიდრე მხოლოდ ჰიპური მოძრაობა, მაგრამ პაციფიკის ნიშნითა და იდეის, – Not War, Make Love, ზეგავლენით იღწვოდნენ ისეთი მუსიკოსები და მუსიკალური ჯგუფები, როგორებიც არიან: ”The Grateful Dead”, “Jefferson Airplane”, უპოპულარულესი და ლეგენდარული ჯიმი ჰენდრიქსი, ამერიკის ხელისუფლების მიერ ”ხრინწიან ისტერიჩკად” წოდებული ჯენის ჯოპლინი, ექს “Lovin’Spoonful”-ი ჯონ სებასტიანი, “Country Joe & The Fish”, ბარდი და ბარდის შვილი, არლო გატრი, რომელიც ერთ დროს ცნობილი ექსტრემისტი რაბინის, მეიერ კოჰანის მოსწავლე იყო. ჰიპიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესმა მოვლენამ – ”ვუდსტოკის მუსიკისა და ხელოვნების ბაზარმა” 400 000-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა, რომელთათვისაც ზემოთ ჩამოთვლილი მუსიკოსები უკრავდნენ. მოკლედ ეს იყო ეპოქა, რომელშიც მძვინვარებდა ფსიქოდელიკური მუსიკა, LSD და სხვა ჰალუცინოგენები, აღმოსავლური ფილოსოფიის ბუმი და ახალფეხადგმული New Age, ახალი ეპოქის ეკლექტიკა.

08b2b6012ccc

1968 წელს გამოდის კარლოს კასტანედას პირველი წიგნი,- ”დონ ხუანის სწავლებანი” და ფსიქოტროპული საშუალებებით დაინტერესებულ წრეებში უცებ დიდი აჟიოტაჟი ატყდა – ტიმოთი ლირისა და ჰიპების სხვა სახელგანთქმული მამებისაგან განსხვავებით, აქამდე ასე თუ ისე მაინც უცნობი და მომხიბვლელი შამანიზმის თემა ახალგაზრდობამ უცებ აიტაცა და კასტანედას პოპულარობამაც არ დააყოვნა. რა იყო მიზეზი ასეთი უეცარი პოპულარობისა? სწორედ ამის დადგენას შევუდგებით ჩვენც. მაშ ასე, დავიწყოთ დასასრულის დასაწყისიდან.
ცნობა გარდაცვალების შესახებ: “კარლოს კასტანედა – მასწავლებელი ბევერლი ჰილზიდან; დიაგნოზი: ღვიძლის კიბო”… ასეთი მოკლე და ლაკონური გახლდათ გარდაცვალების ცნობა ადამიანისა, რომელმაც საიდუმლოებებით მოცული ცხოვრებითა და სამხრეთ-დასავლელ მოგვთა შესახებ უცნაური ამბების “მოყოლით”, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ინფორმაციული ვაკუუმი მისი პიროვნების ირგვლივ და ჭორები: “კასტანედას მაგიური ფეხები აქვს – ქრისტეს მსგავსად ფეხშიშველი დადის, მაგრამ კორძები არ უჩნდება”… “კასტანედა ქვებით ჩაქოლეს”… “კასტანედამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა და ეს აქტი ერთდროულად დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ჩაიდინა”… ვინ იყო ის სინამდვილეში? ანთროპოლოგი, მწერალი, ბელეტრისტი, მაგი, თუ საუკუნის ყველაზე ცნობილი, მომხიბვლელი და შეურიგებელი მატყუარა?
თითქმის არაფერია ცნობილი კასტანედაზე. ის გარკვეული მოსაზრებების გამო მკაცრად არიდებდა თავს ყოველგვარ ფირზე ჩაწერას ან გადაღებას: “სხვადასხვა სამყაროებში რომ იმოგზაურო და უკანაც დაბრუნდე, ჯობია შეუმჩნეველი იყო. რაც მეტია შენს შესახებ ცნობილი, ანუ რაც უფრო იდენტიფიცირებადი ხარ, მით უფრო ნაკლებია შენი თავისუფლება. თუ ხალხში ჩამოყალიბდა წარმოდგენა იმის შესახებ, ვინა ხარ შენ და როგორი შეიძლება იყოს შენი მოქმედება, დაკარგავ გადაადგილების თავისუფლებას. “საკუთარი ისტორიის წაშლა,” – დონ ხუანის უპირველესი და უმთავრესი გაკვეთილია…”

acbfa7fc191b

თუმცა მაინც არსებობს რამდენიმე ჩანაწერი და კასტანედამ თავად დაუშვა მათი არსებობა. დაიბადა დაახლოებით 80 წლის წინ პერუში. მას საკმაოდ მკაცრი ბაბუა ზრდიდა. ცხოვრების დიდი ნაწილი ლოს-ანჯელესში გაატარა. კასტანედა ჰოლივუდის უმაღლეს სკოლში სწავლობდა. ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო. რის შემდეგაც, ცოტა ხნით, კითხულობდა ლექციებს ანთროპოლოგიაში ქალაქ ირვინში, კალიფორნიის უნივერსიტეტში. თომას რიპი იხსენებს: ”ის მე მაგონებდა მოცალეობის ჟამს ცრურწმენებთან მებრძოლ პროფესორს, ”არკეთების” პროფესორს, რომელიც საკუთარ ლანჩს ამზადებდა. თუმცა ყველაფერი ეს იმის გამოკლებით, რომ ამ პროფესორს თვალი მაგისა ჰქონდა, მარცხენა, სწორედ ის, რომელიც შენს შემეცნებას გადმოუცემელი ძალით იპყრობდა”. მაგრამ ყველა აღწერა მცდარი და ხანმოკლეა. კასტანედას არ ჰქონდა მხოლოდ ერთი ”გარეგნობა” და ”სახე”, მას ისინი ძალიან ბევრი ჰქონდა. მისი გარეგნობა იცვლებოდა გუნება-განწყობილების მიხედვით. კასტანედას მასწავლებლების, დონ ხუანისა და დონ ხენაროს მსგავსად ის იცინოდა, იგინებოდა, გამოსცემდა არამიწიერ ხმებს, შემდეგ კი დარწმუნებითა და მჭერმეტყველურად გადმოსცემდა საკუთარ აზრს საგანთა ბუნების შესახებ.
კასტანედას პირველი ორი წიგნის, – ”იაკი, ცოდნის გზა” და ”ცალკეული რეალობა”, გამოქვეყნების შემდეგ ფსიქოტროპული საშუალებებით დაინტერესებულ წრეებში დიდი აჟიოტაჟი ატყდა. მათ ფსიქოდელიკურ საშუალებათა მოხმარების ახალი, საოცარი ჰორიზონტები დაინახეს. მრავალთა თვალში ის უკვე ფსიქოდელიკური რევოლუციის პანთეონის პერსონაჟს წარმოადგენდა.
წიგნები სენსაციურად ხატავდნენ ას ფუტიან კოღოებთან შეჯახებებს, ადამიანთა თავებს, რომლებიც ყვავებად იქცეოდნენ, ავტომობილებს, რომლებიც ყველას თვალწინ, დღისით, მზისით ქრებოდნენ, ერთი და იმავე ფოთოლს, რომელიც ოთხჯერ ეცემა, მოლაპარაკე კოიოტს… მათ ფონზე კასტანედას მტკიცებები თავშესაქცევი და სასაცილო იყო. სწორედ ამიტომაც, ისინი იქცნენ ეპისტემოლოგიურ ნათელ დინებად თაობისათვის, რომელსაც აგიჟებდა და ახელებდა ახალი ფაქტების, ახალი ”გაგების” აღმოჩენა, თაობისათვის, რომელსაც სწყუროდა ახალი ცდები, ახალი შესაძლებლობები, თაობისათვის, რომლის დევიზიც იყო Sex, Drugs and Rock’n’ Roll და ეს დინება ძალიან ძლიერი იყო.

a33893e1e2bb

პოლიტიკური ესტაბლიშმენტი თავს ესხმოდა კასტანედას. აკრიტიკებდა მას და საზოგადოებისათვის საშიშად თვლიდა. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებდა კასტანედას სიძლიერეს. ცდილობდნენ რა მისი თავგადასავლების პეიოტას (ძლიერი ჰალუცინოგენური ნივთიერების, მესკალინის შემცველი კაქტუსი, რომელსაც მექსიკელი ინდიელების ზოგიერთი ტომის მოგვები სხვადასხვა რუტუალებისას იყენებდნენ) ზემოქმედებაზე გადაბრალებას, ისინი კიდევ ერთხელ ცდებოდნენ – აკრძალული ხილი უფრო გემრიელი აღმოჩნდა, პეიოტას პერსპექტივა კი უფრო გამომაჯავრებელი.
პოპულარობამ, რომელიც კასტანედას ამ წიგნებმა მოუტანეს, საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნებით დაინტერესება გამოიწვია. თუმცა კასტანედამ უკვე აამუშავა ”საკუთარი ისტორიის წაშლის” მექანიზმი და სახალხოდ განაცხადა:
”არაფერია მოსაყოლი კარლოს კასტანედაზე! პიროვნება? ეს ტყუილია, სიცრუეა! ქალები? წარმატება? მერე და ვის რა სირად სჭირდება ეს ყველაფერი? ჩვენ რომ საკუთარი თავით ამდენად გატაცებულნი არ ვიყოთ, ასე ბარბაროსულად არ მოვეპყრობოდით საკუთარ ”მე”-ს…”

b61cb9305018

ყველაფერი კი 1960 წელს დაიწყო. ზუსტად ამ წელს კასტანედა შეხვდა იაკის ტომის ინდიელს, დონ ხუან მატუსს. ამ დროისათვის ის უკვე ლოს ანჯელესის უნივერსიტეტს ამთავრებდა და ანთროპოლოგიაში დიპლომის მისაღებად ემზადებოდა. პროფესორობის სურვილმაც გაიღვიძა და დასაწყისისთვის რამდენიმე პუბლიკაციის მომზადება დაიწყო. ერთერთი პუბლიკაცია სამკურნალო მცენარეებს შეეხებოდა. არიზონის ავტოსადგურში მეგობარმა მას მოხუცი ინდიელი დაანახა და აცნობა, რომ მატუსი პეიოტას ექსპერტი იყო. მოგვიანებით, 1972 წელს, სემ კინთან ინტერვიუში მან თქვა: ”მე დიდმნიშვნელოვანი, თავმომწონე გამომეტყველებით გამოვეჯგიმე მოხუცს და განვუცხადე: გავიგე, რომ ბევრი გცოდნიათ პეიოტას შესახებ. მე ექსპერტი გახლავართ ამ დარგში (ამ დროისათვის მხოლოდ ერთადერთი წიგნი, უესტონ ლა ბარრეს ”პეიოტას კულტი” მქონდა წაკითხული) და მგონი ურიგო არ იქნება ჩვენი საუბარი…” ჰოდა… მან მხოლოდ შემომხედა და ჩემი მამლაყინწობა უეცრად სადღაც გაქრა. ენა მუცელში ჩამივარდა. საერთოდ ფრიად მიმწოლი მოსაუბრე ვარ და ასეთი მდგომარეობა ჩემთვის სრულიად უჩვეულო იყო… შემდეგ დაიწყო ჩვენი შეხვედრები. ერთი წლის შემდეგ კი მან მითხრა, რომ გადაწყვიტა გადმომცეს საიდუმლო ცოდნა, რომელიც თავის დროზე მოძღვრისაგან მიიღო…”

7fb832b68884

1961 წელს კასტანედა ანთროპოლოგი უცებ კასტანედა მაგის შეგირდად იქცა. მატუსთან ურთიერთობა 1973 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ კი… შემდეგ დონ ხუანი და მისი ჯგუფი ასრულებენ რა თავიანთ ბედს, ნისლის მსგავსად იშლებიან და ქრებიან ამ სამყაროდან, რათა ”უსასრულობის ნავიგატორებად” იქცნენ. მანამდე კი დონ ხუანი უბიძგებს კასტანედას დაწეროს მექსიკური შამანიზმის მისეულ სამყაროზე… და სამი ათეული წლის განმავლობაში არ ცხრებოდა დებატები – მისი ცხრა ბესტსელერი ფიქციაა თუ რეალობა.
კასტანედას წიგნები ხშირად შეიძლება ვიპოვოთ New Age სექციებში, რომელთა ჟანრი ”კვაზისინამდვილეა”, რომელიც შეიძლება ან არ შეიძლება იყოს რეალური თქვენი აღქმის მიმდინარე მდგომარეობის შესაბამისად. გაზეთმა ”The Los Angeles Times” კასტანედა New Age-ს მოძრაობის ერთერთ ნათლიმამად დაასახელა.
მაგრამ ეს არ არის ის აღწერა, რომელიც კასტანედას შეესაბამება. ”30 წელი ადანაშაულებენ კარლოს კასტანედას ლიტერატურული პერსონაჟის შექმნაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის, რასაც მე მათ ვუყვები, არ ექვემდებარება ანთროპოლოგიურ აპრიორის, სალექციო დარბაზებსა თუ ანთროპოლოგიურ საველე ცდებისას დამკვიდრებულ იდეებს”, – გვპასუხობს ის.
კასტანედა ამბობს: ”დასავლელი ადამიანის ცოდნის სისტემა გვაიძულებს დავეყრდნოთ წინასწარ გამზადებულ იდეებს. რა არის ორთოდოქსალური ანთროპოლოგია? რა არის შამანის საქციელი? მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ატაროს ფრთები თავზე და სულებს მოუხმოს?”…
როგორც უკვე აღვნიშნე, მკითხველი ძირითადად კასტანედას პირველ ორ წიგნს იცნობს: ”იაკი, ცოდნის გზა” და ”ცალკეული რეალობა”. ორივე მკაცრად ფოკუსირდება ჰალუცინოგენური მცენარეების გამოყენებაზე (რამაც, ჩემის აზრით, განაპირობა კასტანედას ასეთი უეცარი პოპულარობა), რომლებსაც შამანი დონ ხუანი იყენებდა, რათა დახმარებოდა კასტანედას ”გაეშვა საკმაოდ ვიწრო სოციალური შეგრძნება სწავლულისა”:
”ფსიქოტროპულ საშუალებებს დონ ხუანი მხოლოდ ჩემი განსწავლის დასაწყისში იყენებდა. იყენებდე იმიტომ, რომ მისი თქმით, მე მეტისმეტად თავდაჯერებული და დამუხრუჭებული ვიყავი. ისე ვებღაუჭებოდი სამყაროს ჩემეულ აღწერილობას, როგორც წყალწაღებული ხავსს. ფსიქოტროპულმა საშუალებებმა გაარღვიეს ჩემი თავდაცვა – გლოსების ჩემი სისტემა, დაინგრა ჩემი დოგმატური თვითდაჯერებულობა…”
თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ საშუალებებს მაგები, მედიუმები და ოკულტისტები ოდითგანვე იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში. მაგალითად, ჩრდილოელი შამანები უპირატესობას ანიჭებენ ახალი ”ბუზიჭერიას” ნაყენს – სოკო შეიცავს მიკოატროპინს, რომელიც ძლიერ ჰალუცინაციებს იწვევს. ამავე მიზეზით ყველა დროისა და ქვეყნის ჯადოქრები ჭკუას კარგავდნენ ”დურმანსა” და ”ბოლზე”. აზიელი მისტიკოსები კი ამისათვის ”ანაშასა” და ”ოპიუმს” ხმარობენ. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ მცენარეთაგან ყველა როდი შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს – ნარკოტიკებად ხომ მედიცინა მხოლოდ იმ ნივთიერებებს თვლის, რომლებიც მომხმარებლებში მიჩვევასა და უკვე შემდგომ, ბიოქიმიურ დამოკიდებულებას იწვევს.

d19a6a68cc65

”ბუზიჭერია”, ”დურმანი”, ”ბოლი”, ”ლენცოფა”, ესენი უფრო ტოქსიკომანების ტრფობის ობიექტებია, რომლებთაც იმავე მიზეზებისათვის წებო, ბენზინი ან აცეტონიც აწყობთ. მისტიკოსები კი ამ მცენარეებს განსაკუთრებული, ისეთი ეზოთერიკული ქმედებებისთვის იყენებდნენ, როგორებიცაა: სულების გამოძახება, მაგიური ზემოქმედება, წინასწარმეტყველება და ა.შ. თანამედროვე სნობ ახალგაზრდობას არ უყვარს ანთროპოლოგიური გამოკვლევები, თორემ წინაპართა ”კაიფზე” ბევრ საინტერესო რამეს გაიგებდა. აი მაგალითად, ტეილორი თავის წიგნში ”პირველყოფილი კულტურა” აღწერს, რომ ამერიკაში ინდიელები მაგიური მიზნებისათვის ხშირად ხმარობდნენ ჩვეულებრივ თამბაქოს. იმისათვის, რომ წინასწარმეტყველურ ბოდვაში დაფლული განძის ადგილმდებარეობა გაეგოთ, დარიენის ტომის ინდიელები ბავშვებს Datum Sanguinea-ს თესლებს აჭმევდნენ. პერუელი ქურუმები, რომლებიც ”გუაკას” ან ფეტიშებს ესაუბრებოდნენ, ეკსტატიკურ მდგომარეობაში ნარკოტიკული სასმელის, ”ტონკას” საშუალებით შედიოდნენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისს არც მექსიკელი ქურუმები წარმოადგენდნენ და ამ მიზნებისათვის ”ოლოლიუკის” თესლებისაგან დამზადებულ მალამოს ან სასმელს იყენებდნენ. ანალოგიური მიზნებისათვის მთელი ამერიკის კონტინენტზე თამბაქოს ხმარობდნენ. მაგალითად, ბრაზილიელი ჯადოქრები კონვულსიური ორგიების დროს დიდი რაოდენობის თამბაქოს მოწევით შედიოდნენ ექსტაზში და ხედავდნენ სულებს, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ თამბაქოს მათთან ”წმინდა ბალახს” უწოდებენ. მაგალითების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ასე, რომ აქ უბრალოდ ვიტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს გასაკვირი კასტანედას დაინტერესება ფსიქოტროპული საშუალებებით, თუმცა მასთან ყოველივე ამას, როგორც აღვნიშნეთ, ცოტა სხვა დატვირთვა აქვს.

79dc82778959

კასტანედა არ ეთანხმებოდა ცნობილ ტიმოთი ლირის, რომელიც ასევე ფსიქოტროპული საშუალებების სპეციალისტი იყო.
მისი ნაშრომები არანჟირებაა ტრადიციული დასავლეთ-ევროპული გლოსებისა: ” მე არასოდეს მიმიღია LSD, მაგრამ დონ ხუანთან განსწავლის პროცესმა სრულიად დამარწმუნა იმაში, რომ ფსიქოტროპული საშუალებები გამოდგება მხოლოდ ჩვეულებრივ ინტერპრეტაციათა ნაკადის შესაჩერებლად, აღიარებული დარწმუნებულობის შესარყევად. მაგრამ ისინი თავისთავად ვერ დაგეხმარებიან ”სამყაროს გაჩერებაში”. ამისთვის საჭიროა სამყაროს ალტერნატიული, სრულფასოვანი აღწერილობა. აი, რატომ მასწავლიდა დონ ხუანი სახელდობრ მაგიას…”
აგრძელებს რა მსჯელობას ”პეიოტას”, ”ბოლისა” და ”ეშმაკეული ბალახის” გამოყენების შესახებ, ის ამბობს:
”ფსიქოტროპული საშუალებების ქვეშ მყოფს ყოველთვის გახსოვს ეს ფაქტი და ამიტომ ყოველთვის არსებობს დაეჭვება ამ მდგომარეობაში განცდილის სინამდვილეში…მაგრამ როდესაც კოიოტი დამელაპარაკა, მე აღარ მქონდა დაეჭვების მიზეზი. მე ვეღარ დავაბრალებდი ამას ნარკოტიკს და ამგვარად რაციონალური ახსნის მონახვაც შეუძლებელი იყო. მე სინამდვილეში ”შევაჩერე სამყარო” და მცირე დროით გავედი აღწერის ჩვეული, დასავლეთ-ევროპული სისტემის ფარგლებიდან…”

ca273b7a897e

ყოველივე ამის მიუხედავად, კასტანედას ნაწარმოებები მაინც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების სინიმებად იქცნენ. მაგრამ მკითხველი, რომელიც გასცდა მის პირველ ორ წიგნს, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც დაინტერესებულნი იყვნენ სამხრეთ-დასავლური კულტურითა და შამანიზმით, დაჯილდოვდნენ საინტერესო, უფრო რომანტიკული ანთროპოლოგიური თავგადასავლებით.
კასტანედას სამყაროს, ძველი მექსიკელი შამანების სამყაროს გაგება-გააზრება ემსგავსება ნახატში სახის აღქმის კლასიკურ მცდელობას. თავდაპირველად არ არის არაფერი, მაგრამ თუკი თქვენ აგრძელებთ ყურებას, მთელი თქვენი ყურადღების კონცენტრირებას ფოკუსზე ახდენთ, საბოლოოდ გამოიკვეთება სახე და ამ მომენტიდან, ყოველთვის, როცა არ უნდა შეხედოთ სურათს, მასზე თქვენ სახეს ხედავთ.
მაგრამ კასტანედასთვის მთავარი, როგორც თავადვე ამბობს – ”განსაკუთრებით მნიშვნელოვანი”, იყო მებრძოლის და ცოდნის კაცის წესით ცხოვრების იდეა. იმედი ”ხედვისა” და ”სამყაროს გაჩერების” უნარის დაუფლება:
”დონ ხუანი ამბობს, რომ რასაც მაგები ”ხედვას” ეძახიან, ესაა სამყაროს შეცნობა ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე. ტრადიციული ფილოსოფიური ტერმინოლოგიით კი – სუფთა, ”განცვიფრებული ბავშვის” აღქმა. სწორედ მაგიაა ამის მიღწევის საშუალება. ჩვენ ხომ გვაქვს უეჭველი რწმენა, რომ სამყარო მხოლოდ ისეთია, როგორსაც ვიღებთ შეთანხმებულ აღწერილობაში? ეს რწმენა რომ შეარყიო და დაანგრიო, უნდა შეისწავლო სამყაროს ახალი აღწერილობა – მაგიური. და შემდეგ ორივე აღწერილობა უნდა შეინარჩუნო. მაშინ დაინახავთ, რომ არც ერთი მათგანი არაა საბოლოო. ამ მომენტში თქვენ თითქოს სრიალს იწყებთ ამ ორ აღწერილობას შორის, თქვენ აჩერებთ სამყაროს და თქვენ ხედავთ, თქვენ იძირებით განცვიფრებაში, ჭეშმარიტ განცვიფრებაში – სამყაროს ხედვაში ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე…”

75f6f521e0d5

კასტანედამ იცოდა ისიც, რომ ყველა, ვინც კი შეთანხმებული სამყაროს გაკვალული ბილიკების მიღმა მოგზაურობს, ძალიან მარტოდ უნდა გრძნობდეს თავს:
”… სამყარო, რომელშიც დონ ხუანი ცხოვრობს, ჩვენთვის საშინელია. ამ სამყაროს რომ შეუერთდე, უნდა მოშორდე ყველაფერს მეტად ადამიანურს; ერთხელ დონ ხუანთან და დონ ხენაროსთან ყოფნის დღეებში, მე გამეხსნა მათი მარტოობა და დავინახე, რომ ჩვენს ტრადიციულ ათვლის წერტილებთან, ჩვენს სასაცილო, საყვარელ სათამაშოებთან დაბრუნების გზები მათ უკვე აღარა აქვთ… ეს მარტოობა დონ ხუანს, ჩემი აზრით, ხელოვნების ხარისხში ჰყავს აყვანილი. ამ ხარისხის მარტოობა აუცილებლადაა დაკავშირებული ძალასთან, რომელსაც იგი თავად ფლობს და სრულად აკონტროლებს… სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს თავისებური მეტაფორული ნირია, ყაიდაა ცხოვრებისა…ამიტომაა, რომ მის მოძღვრებას დრამატულობის გემოც დაჰყვება…”
დონ ხუან მატუსისა და მისი თანამოაზრე მექსიკელი შამანების ამოცანა მთავრდება იმით, რასაც თავად ”ასტრალურ გაფრენას” და ”უსასრულობის ნავიგატორებად ქცევას” უწოდებენ. ისინი მართლაც გაქრნენ, შეერწყნენ უსასრულობას. მაგრამ ამ სამყაროდან წასვლამდე დონ ხუანი უხსნის კასტანედას და მის სხვა მოსწავლეებს, რომ ძველ მექსიკელ შამანთა ეს ხაზი კასტანედაზე, უკანასკნელ ნაგვალზე დასრულდებოდა. ენერგეტიკულ კონფიგურაციაში რაღაც, რასაც თავის შემდეგ ტოვებდნენ შამანები, არაკეთილსასურველი იყო ხაზის გაგრძელებისათვის.

5a55f34dd90b

ასე, რომ კასტანედასა და მისი თანამოაზრეების ამოცანა ძველი მექსიკელი შამანების ხაზის დახურვა იყო:
”…და დონ ხუანი უკანმოუხედავად წავიდა. დონ ხენარომ ერთი-ორჯერ მოიხედა და თვალი ჩამიკრა: მიდიო! – მანიშნა. მე ვუყურებდი როგორ იკარგებოდნენ ისინი ბინდიან შორეთში…მერე კი ჩემი ავტომანქანისაკენ გავემართე. მივედი, ჩავჯექი, დავქოქე და გავემგზავრე, რადგან ვგრძნობდი, რომ ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო…”

dcf2843f1e04

ჭორები კარლოს კასტანედას გარდაცვალების შესახებ ისეთივე გაზვიადებული იყო, როგორც მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მიზეზი? საზოგადოებამ კასტანედას გარდაცვალების შესახებ მისი აღსასრულიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ გაიგო, მისი აგენტის ინფორმაციით, ცხედარს კრემაცია გაუკეთეს, ფერფლი კი არიზონას უდაბნოში მოაპნიეს. იქნებ ეს ასეც იყო, მაგრამ საზოგადოება, რომელიც 30 წლის განმავლობაში თვალს ადევნებდა და ფსიქოდელიკური პანთეონის გმირად ასახელებდა კასტანედას, მის აღსასრულშიც სხვა რამეს ხედავდა, ან უნდოდა დაენახა. რატომ? ბოლოს და ბოლოს, კასტანედა ამტკიცებდა, რომ ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა სასამართლო ჩანაწერები საპირისპიროს ამტკიცებდნენ. ის დაბადების ყველაზე ცოტა ორ ადგილსა და თარიღს ასახელებდა. ის წერდა, რომ გაიზარდა ნისკარტი, გადაიქცა ყვავად და ისწავლა ფრენა (რაც ასევე საეჭვოა). თუმცა გარდაცვალების ცნობამ მას უტიფრად საშუალო სკოლის მასწავლებელი უწოდა. ე.ი. კასტანედა ცდილობდა ყველაფერი ”გაეყალბებინა”…
შეეძლო კი ამ ყველაზე პრაქტიკულ ”მატყუარას” საკუთარი გარდაცვალების გაყალბება? ასეთი შესაძლებლობის განსახილველადაც კი მისი ორსახოვანების წარმოდგენა იყო საჭირო…
თაყვანისმცემელთა არმიისათვის კი ის გაფრინდა, ვითარცა ყვავი, აორთქლდა, შეერწყა უსასრულობას, მოახდინა ”ასტრალური გაფრენა” და დონ ხუანისა და დონ ხენაროს მსგავსად ”უსასრულობის ნავიგატორად” იქცა…

d0f3f66c70c4

იხილეთ ასევე
Close
Back to top button