ახალი ამბებისასარგებლოსურათები

გულთან დაკავშირებული 6 მითი

მოდი, ვკითხოთ საკუთარ თავს: ვზრუნავთ თუ არა გულზე და რას ვაკეთებთ იმისათვის, რომ მის ნორმალურ მუშაობას შევუწყოთ ხელი. ან საერთოდ, რა ვიცით იმის შესახებ, თუ რაა სასარგებლო და რა არა გულის კუნთის გავარჯიშებისათვის? გულთან დაკავშირებით, ხალხში უამრავი ტყუილ-მართალი მოსაზრებაა გავრცელებული. ეს მითები უძველესი დროიდან არსებობს და მათი კატეგორიულად უარყოფა ან დადასტურება შეუძლებელია.

მითი პირველი – “ვინც ვარჯიშობს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, მას გულის არანაირი დაავადება არ ემუქრება”.
სწორი კვება, სპორტით დაკავება – ეს ნამდვილად, მისასალმებელია, მაგრამ ჯანმრთელი გულის შენარჩუნების 100%-იან გარანტიას არ იძლევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი მატულობს ისეთი არაკონტროლირებადი ფაქტორების გავლენით, როგორიცაა:

– სქესი – მამაკაცები, ქალებთან შედარებით, გულის დაავადებების განვითარებისკენ მეტად არიან მიდრეკილნი;
– ასაკი – რაც მეტია ასაკი, მით მეტია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკი;
– თუ ადამიანს აქვს მიდრეკილება არტერიული წნევის მატებისა და სისხლში ქოლესტერინის დონის ზრდისკენ, მაშინ გულზე პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

მითი მეორე – “ახალგაზრდა ასაკში გულის დაავადებებზე ნერვიულობა არ ღირს”.
გულთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას საფუძველი სწორედ ახალგაზრდობისას ანუ მაშინ ეყრება, როცა ჯანმრთელობაზე არ ვზრუნავთ და დამღუპველი მავნე ჩვევები (სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მიღება, უკონტროლო ჭამა-სმა) ხდება ჩვენი ცხოვრების წესი. რასაკვირველია, მაღალი არტერიული წნევის მქონე ბავშვები ან ის მოზარდები, რომელთაც სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე აქვთ, ან რომელთა ოჯახის წევრებსაც აქვთ ასეთი ცვლილებები, უფრო მეტად არიან გულის დაავადების განვითარებისკენ მიდრეკილნი. ამიტომაც, პერიოდულად, ექიმს კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ.

მითი მესამე – “მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი გულისთვის სასარგებლოა”.
ახლახან ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ყოველდღიურად ალკოჰოლის მცირე რაოდენობით (ერთი ჭიქა ღვინო) მიღებამ შეიძლება, თქვენს ჯანმრთელობას სარგებლობაც კი მოუტანოს, მაგრამ კამათი არ წყდება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სახის ალკოჰოლია სასარგებლო.
გახსოვდეთ! დიდი რაოდენობით ალკოჰოლს აქვს ტოქსიკური ეფექტი და ის გულის კუნთის უჯრედების დაზიანებას იწვევს.

მითი მეოთხე – “საუზმეზე ორი უმი კვერცხის მიღება (მაგალითად, გოგლი-მოგლის სახით) ქოლესტერინის დღიური დოზის გადაჭარბებას ნიშნავს”.
ფრინველის კვერცხის გული შეიცავს 200-250 მგ ქოლესტერინს (ქოლესტერინი არ შედის კვერცხის ცილის შემადგენლობაში), მისი დღიური ნორმა კი 300 მგ-ს შეადგენს. შესაბამისად, თუ 2 უმი კვერცხის გულს მივირთმევით, ქოლესტერინის ნორმას 1/3-ით ვზრდით.
გახსოვდეთ! ერთი უმი კვერცხის გულის მიღების შემთხვევაშიც კი ცხოველური ცხიმის მიღებისგან მთელი დღის განმავლობაში უნდა შევიკავოთ თავი.

მითი მეხუთე – “გულით ავადმყოფებს კატეგორიულად ეკრძალებათ ყავა”.
მას, ვინც გამუდმებით სვამს ყავას, ერთ ჭიქა ცხელი სასმლის დალევის შემთხვევაში, არტერიული წნევა ნამდვილად არ აეწევა. ასე რომ, ყავის მუდმივ მომხმარებელს ჰიპერტენზია დღეში 2-3 ფინჯანი ყავის მირთმევის შემთხვევაშიც არ ემუქრება.

მითი მეექვსე – “გულის არეში ტკივილი გულის შეტევის მაუწყებელია”.
მიუხედავად იმისა, რომ გულის შეტევათა 60-90%-ს ერთმანეთის მსგავსი ნიშნები აქვს, გათვალისწინებულ უნდა იქნას ისიც, რომ შემთხვევათა A25%-ს აბსოლუტურად ატიპური მიმდინარეობა ახასიათებს.
ქალების ნახევარზე მეტს გულის შეტევა ეწყება არა გულის არეში ტკივილით, არამედ – თავის ტკივილით, კუჭის არეში დისკომფორტით, გულისრევით, დაღლილობით და სხვა ნიშნებით.

წყარო:ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close