არქივი

ღვთივბოძებულ სიზმრებს გამორჩეული ადამიანები ხედავენ

a11c88e00cc7

ადამიანები მრავალი საუკუნეა სიზმრის ახსნას ცდილობენ, მაგრამ დღემდე ეს ფენომენი ამოუცნობია.

შეისწავლეს ძილის ფაზები, ადამიანის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ საიდან მოდის ზმანება, დღემდე ვერც ერთ სამეცნიერო კვლევით ცენტრში ვერ დაადგინეს. არავინ იცის, ამ დროს ადამიანის ტვინში რა ხდება. ღამე, როცა ცნობიერება იძინებს, ქვეცნობიერის ჯერი დგება და ის “თავისუფლად მოქმედებს”. ქვეცნობიერში დამალული ინფორმაცია ძილში სიზმრის სახით გვახსენებს თავს. ზოგი ამიტომაც თვლის სიზმარს მინიშნებად. ფსიქოთერაპევტები ამიტომაც აქცევენ პაციენტის სიზმრებს დიდ ყურადღებას და მათ ქვეცნობიერში დამალული ინფორმაციის ამოცნობას ცდილობენ.

ასეა თუ ისე, ეს ფენომენი მეცნიერებსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებს დიდ თავსატეხს უჩენს. მაგალითად, ვერაფრით ხსნიან, როგორ ახერხებენ ადამიანები ძილში დაწერონ ლექსები, მუსიკა, გააკეთონ აღმოჩენები… აინშტაინს დღე–ღამეში 10 საათი ეძინა. ფარდობითობის თეორიის ზოგიერთი ასპექტი სწორედ ძილში აღმოაჩინა. ედგარ პო ლექსებს სიზმრებში ხედავდა. მოცარტი სიზმარში მოსმენილ ნაწარმოებებს ცხადში წერდა. ფედერიკო ფელინი ფილმების სიუჟეტს სიზმარში ქმნიდა…

33 წლის მით ლი ჰადვინი მეცნიერებისთვის კიდევ ერთი თავსატეხია. ის ჩრდილოეთ უელსში ცხოვრობს. ჰადვინი დღისით ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანია, ღამით, ძილში, ხატვას იწყებს და შედევრებს ქმნის. მისი ნახატები საკმაოდ ძვირად იყიდება და მსოფლიოს ცნობილ გალერეებში იფინება. საოცარი ის არის, რომ გაღვიძებულს არაფერი ახსოვს. საწოლთან მხოლოდ შედევრები ხვდება. ცხადში მყოფს ერთი ესკიზის დახატვაც კი არ შეუძლია. ჰადვინის ფენომენს ედინბურგის ძილის ცენტრში იკვლევენ.

* * *

ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა მსოფლიო ისტორიიდან ბევრი საინტერესო ფაქტი გვიამბო, როცა სიზმარმა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

რამაზ გიგაური:

– ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია, რომლებიც ცნობილი ადამიანების დაბადებას ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას წინასწარ გვამცნობენ. მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელის მშობლებმა, ოლიმპიადამ და ფილიპემ, ქორწილის ღამეს სიზმრები ნახეს, რომლებიც ქურუმებმა მომავალი გავლენიანი უფლისწულის დაბადების მინიშნებად ჩათვალეს და ეს ასეც მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების მე–16 პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნს, პირად დღიურში სიზმარი ჰქონდა ჩაწერილი. მან ეს სიზმარი სიკვდილამდე ათი დღით ადრე ნახა. ეზმანა, რომ თეთრ სახლში ტირილი ისმოდა. ერთ–ერთ დარბაზში ხალხის ჯგუფი დაინახა, რომლებიც კუბოს შემოხვეოდნენ. კუბოზე ამერიკის დროშა იყო გადაფარებული. ლინკოლნმა იქვე მდგარ კაცს ჰკითხა: “ვის კრძალავენ?”. “ნუთუ არ იცით, პრეზიდენტი მოკლეს”, – უპასუხეს ლინკოლნს. დილით პრეზიდენტმა სიზმარი მეუღლეს მოუყვა და თან უბის წიგნაკში ჩაიწერა. ათი დღის შემდეგ ლინკოლნი გარდაიცვალა, იგი მოკლეს.

ცნობილ ფრანგ მეცნიერს, რენე დეკარტს, თავისი ერთ–ერთი წიგნი დაესიზმრა და ძირითადი თეზისებიც სიზმარში ნახა. დიმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების ცხრილი ასევე სიზმარში ნახა. გერმანელი ქიმიკოსი ფრიდრიხ კეკულე დიდხანს ფიქრობდა ბენზოლის სტრუქტურულ ფორმულაზე და ფორმაზე. ეს ყველაფერი მან სიზმარში ნახა – ეს იყო გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა და ბენზოლს სწორედ ასეთი სტრუქტურული ფორმა აქვს. საკერავი მანქანის გამომგონებელს, ამერიკელ ელიას ჰოუვს, დაესიზმრა საკერავი მანქანის ნემსის ფორმა.

ნილს ბორს ატომის სტრუქტურა მზის სისტემად დაესიზმრა, სადაც ბირთვსა და ელექტრონებს მზისა და პლანეტების ფორმა ჰქონდათ. კანადელმა ექიმმა ფრედერიკ ბანტინგამ ინსულინი სიზმარში იხილა და ნობელის პრემიაც მიიღო. ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი სრინივასა რამანუჯანი ამტკიცებდა, რომ ყველა მისი მათემატიკური აღმოჩენა სიზმარში ღმერთმა, ნამაგარმა ამცნო.

რიჰარდ ვაგნერის ოპერა “ტრისტან და იზოლდა” პირველად რომ შესრულდა, იზოლდას სიკვდილის მომენტზე ვაგნერს უთხრეს, ადამიანმა ასეთ მუსიკას მხოლოდ სიზმარში შეიძლება მოუსმინოსო. კომპოზიტორმა უპასუხა, დიახ, ეს ადგილი სწორედ სიზმარში ჩავიწერე, რადგან ჩემი საცოდავი გონება ასეთ რამეს ვერასოდეს მოიფიქრებდაო. იტალიელმა კომპოზიტორმა და მევიოლინემ ჯუზეპე ტარტინიმ აღიარა, რომ ნაწარმოები “ეშმაკის რაკრაკი” სიზმარში მოისმინა.

ლეგენდის თანახმად, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერმა “ღვთაებრივი კომედიის” იდეა 1300 წელს სწორედ სიზმარში იხილა. მისი სიკვდილის შემდეგ დაიკარგა ამ ნაწარმოების ბოლო თავი. დანტეს შვილმა, იაკოპომ, ნახა სიზმარი, სადაც მამამისმა მიუთითა ის ოთახი და ადგილი, სადაც ის თავი ინახებოდა.

ინგლისელმა პოეტმა სამუელ კოლრიჯიმ მთლიანად სიზმარში იხილა პოემა “ყუბულაი ხანი”. ის გაღვიძებისთანავე შეუდგა წერას. დაახლოებით 50 სტრიქონი დაწერა. ამ დროს კარზე მეზობელმა მიუკაკუნა, რომელსაც უმნიშვნელო საქმე ჰქონდა. პოეტმა მეზობელი გაისტუმრა და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა, მაგრამ ერთი სტრიქონის დაწერაც ვერ შეძლო. მას სიზმარში ნანახი დაავიწყდა. იმის მიუხედავად, რომ პოემა დაუმთავრებელია, იგი მსოფლიო ლიტერატურის ოქროს ფონდშია შესული.

იმპერატორ ავგუსტუსის მეგობარმა მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ სიზმარში ნახა, რომ იმპერატორს უღალატებდნენ და კარავში მოკლავდნენ. ავგუსტუსმა მეგობარს დაუჯერა და ჩუმად სხვა კარავში გადავიდა. ღამით მტერი მის ბანაკს თავს დაესხა და იმპერატორის კარავი გაანადგურა. იმპერატორმა ოქტავიანემ სიზმარში იხილა დღე, როცა ის მოკვდებოდა. ისიც კი თქვა, მის ცხედარს რამდენი კაცი გადმოასვენებდა. სიზმარი ზუსტად აუცხადდა…

ცნობილია, რომ პეტრე დიდის მეუღლე, იმპერატრიცა ეკატერინე პირველი, წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხშირად ხედავდა. მეუღლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ სიზმარში მას პეტრე პირველი გამოეცხადა და ზეცაში აიყვანა. იმპერატრიცამ სიზმარშივე ნახა, რომ მისი ქალიშვილების გარშემო ხალხი კამათობდა. ეკატერინემ იწინასწარმეტყველა, რომ მალე მოკვდებოდა და ქვეყანაში ქაოსი გამეფდებოდა. ასეც მოხდა. 1727 წელს დედოფალი გარდაიცვალა და რუსეთი ქაოსმა მოიცვა…

* * *

ეკლესიის მამები ადამიანებს აფრთხილებენ, რომ სიზმრებს არ ენდონ, რადგან ისინი აცდუნებენ. მათივე განმარტებით, სიზმარი ძირითადად ეშმაკისეულია. სიზმარს სატანის სწრაფ შიკრიკსაც უწოდებენ, რომელიც ადამიანს ეცხადება და წინასწარ რაღაც მოვლენას აცნობს. ამით ცდილობს, იგი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. წმინდა წერილი სიზმრებზე მინდობას კრძალავს. საეკლესიო მამები გვაფრთხილებენ: “ფუჭი და ცრუიმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები”, “რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე”.

ერთხელ არქიმანდრიტ ევსები მათიოპულოსს ესიზმრა, თითქოს ათენელმა სტუმარმა მას თევზი და ორი ბოთლი კონიაკი მიართვა. ცოტა ხანში მას მართლაც ეწვია ათენიდან სტუმარი და საუცხოო თევზი და კონიაკი მიართვა. არქიმანდრიტმა ძღვენი ფანჯრიდან მოისროლა. სტუმარს კი აუხსნა, ეს ყველაფერი სიზმარში ვნახე, ამიტომ ეშმაკს გალაღების უფლებას არ მივცემო.

მართლმადიდებელი მოძღვრების თქმით, ღვთივბოძებული სიზმრები იშვიათია და მათ მხოლოდ წმინდა და კეთილმსახური ადამიანები ხედავენ.

წყარო : sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button