საკითხავისასარგებლოსაქართველო

აფხაზეთის ტრაგედია

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლების ბოლოდან დაიძაბა,1989 წლის მარტში, აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის დეკლარაციით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ცალკე საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. ეს მოთხოვნა სავარაუდოდ ემყარებოდა იმ მოსაზრებას, რომ აფხაზეთი ანალოგიური სტატუსით სარგებლობდა 1925—1931 წლებში, რომელსაც საქართველოს სსრ-სთან ე. წ. „ერთიანობის ხელშეკრულება“ აკავშირებდა.

პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს მოხდა სოხუმში. ამ ფაქტებისაგან გამოწვეული სამოქალაქო მღელვარება სწრაფად გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებებში, რომელთა შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 140-მდე მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველი.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაძაბულობამ საშიშ ზღვარს 1992 წელს მიაღწია, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა სამთავრობო სტრუქტურების შენობებს შეუტიეს. 1992 წლის 23 ივლისს, აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა ხელმძღვანელობამ რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა. ამ განცხადებას საერთაშორისო აღიარება არ მოჰყოლია, თუმცა უკიდურესად დაძაბა სიტუაცია ცენტრსა და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში.

ამრიგად, 1992 წლის 23 ივლისის დადგენილებით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეჩერდა. ცენტრსა და რეგიონს შორის დაწყებული იურიდიული ომი 22 დღეში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა.თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭომ ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ.ზეიკიძის მეთაურობით. მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან მოხდა.კონფლიქტი დაიწყო.

ქართულმა მხარემ გეზი სოხუმისკენ აიღო. ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ. ქალაქს აფხაზთა 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა.მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს შედგა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზური დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა.
15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა გაგრის “მხედრიონის” მეთაური ბადრი ფირცხელიანი, ხოლო მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ჯონი ლატარია. გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტობრივად ბლოკადაში მოექცა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მხოლოდ ბიჭვინთა-ახალი ათონის მონაკვეთი რჩებოდა. ბლოკირებული იყო ქ. ტყვარჩელის ზონა, სადაც კომპაქტურად ცხოვრობნენ აფხაზები.

20 აგვისტოს არმავირში შედგა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების, როსტოვის ოლქის,სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელთა ანტიქართული შეხვედრა. ბ.ელცინისადმი მიმართვაში მათ გამოთქვეს შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის „დაგვიანებული” რეაქციის გამო.

20 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისიდან შემოსული მედიკამენტები გაგრიდან გადაეცა გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოს. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ა.ჯორბენაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან გაიყვანეს 15 ათასი დამსვენებელი რუსეთიდან.

22 აგვისტოს აფხაზურმა და კონფედერატების შენაერთებმა გადმოლახეს მდ. გუმისთა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ისინი უკუაგდო. იმავე დღეს ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გ. ყარყარაშვილი, რომელმაც მკვეთრი შეფასება მისცა მოწინააღმდეგის აღნიშნულ გამოხდომას და მოწინააღმდეგე გააფრთხილა .

წინააღმდეგობის გასაწევად აფხაზებს არც სამხედრო და არც ეკონომიკური ბაზა გააჩნდათ. 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზთა გვარდია ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა. მათი მძიმე ტექნიკა მხოლოდ სამ ერთეულ ჯავშანტექნიკას შეადგენდა.

იარაღის დეფიციტი აფხაზებმა მოკლე პერიოდში შეივსეს. მათ გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის საზენიტო პოლკიდან 1000 ავტომატი, 600 ტყვიამრფქვევი, 500 ხელყუმბარა და უამრავი ტყვიაწამალი გადაეცათ.რუსების წყალობით სექტემბრის ბოლოს აფხაზთა შეიარაღება ქვეითთა ექვსი საბრძოლო მანქანით, ტ-72 ტიპის ტანკით, აგრეთვე საარტილერიო დანადგარებითა და ნაღმტყორცნებითაც შეივსო. იარაღთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობდა სეპარატისტების ცოცხალი ძალით მომარაგება. რუსეთის მსხვილ ქალაქებში დაქირავებულთა მოსაზიდად სპეციალური პუნქტები მუშაობდნენ. 21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში ჩამოსვლა დაიწყეს ადიღეიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან.

აგვისტოს ბოლოს გაგრის რაიონში ქართულმა მხარემ ბზიფის მიმართულებით შეტევა დაგეგმა. მდინარე ბზიფზე გასვლის შემთხვევაში იკეტებოდა ყველა გზა, მათ შორის მამზიშკის მთიდან ჩამოსასვლელი ბილიკებიც. ამის შემდეგ გაგრის ზონა პრაკტიკულად შეუვალი ხდებოდა. შეტევა 28 აგვისტოს დაიწყო.
დამრტყმელ ძალას ავტომაგისტრალზე მოძრავი ჯავშანტექნიკა წარმოადგენდა. ბრძოლა კოლხიდიდან ნახევარ კილომეტრში დაიწყო. დამრტყმელმა კოლონამ წინ წაიწია, თუმცა ფლანგებიდან შეტევა შეჩერდა. დამრტყმელ ძალას ცეცხლი სამი მხრიდან გაუხსნეს. შეტევა ვეღარ განვითარდა და გაგრიდან სამ კილომეტრში, წითელ ჯვართან შეჩერდა.

ქართული მხრიდან 20-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დიდი დანაკარგის გამო შავნაბადას ბატალიონი 5 სექტემბერს გაგრიდან გამოვიდა.

ბზიფზე წარუმატებელი ოპერაციიდან ერღი დღის შემდეგ სოხუმში მყოფი ქართული ნაწილები ეშერის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ. ქართულმა ნაწილებმა გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე სტრატეგიული პლაცდარმი აიღეს, მაგრამ იერიშის გასაგრძელებლად ძალა აღარ ეყოთ.

1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ ჰყავდა. ყველა დაჯგუფებას საკუთარი მეთაური ჰყავდა და ყველა რაზმი თავისთვის იბრძოდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000-კაციანი შენაერთი. ქალაქში არ არსებობდა დისციპლინა და ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა. ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი.

გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.

1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია “ავაზას” ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ჯარისკაცი უტევდა. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა.

მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა.

5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.

1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დამუშავვების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. განსაკუთრები მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.

16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.

მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.
16 მარტის კატასტროფის შემდეგ აფხაზურმა მხარემ გამოსავალის ძიება დაიწყო. სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად სეპარატისტთა არმია მთლიანად დეზორგანიზებული იყო. დამარცხებიდან ერთი კვირის თავზე 23 მარტს არძინბამ დახმარებისთვის კვლავ მოსკოვს მიამრთა.ქართული მხარესათვის აფხაზები მოულედნალად გააქტიურდნენ. 2 ივლისს დილის 5.00 საათზე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. 2 ივლისს ტამიშის მუნიციპალიტეტში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ანხორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა ცაკირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო.

2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის კონტროლი დაიწყო.5 ივლისს მოწინააღმდეგე შრომა-კამანის მიმართულებით კვლავ გააქტიურდა. გამთენიისას აფხაზური ფორმირებები კამანში შეიჭრნენ. სოფელი დღის ბოლოს დაეცა. სოფლის აღების შემდეგ მოსახლეობა მთლიანად გაანადგურეს. სოხუმამდე აფხაზებს სულ 12 კილომეტრი აშორებდათ.

კამანის აღებამდე ერთი დღით ადრე მოწინააღმდეგემ საჰაერო დესანტით სტრატეგიული სიმაღლე ახბიუქის დაკავება სცადა. დესანტირება წარუმატებელი აღმოჩნდა; ქართულმა ნაწილებმა მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი ჰაერშივე ააფეთქეს. აფხაზურმა მხარემ 50-მდე კაცი დაკარგა.

1993 წლის შემოდგომა სოხუმში სროლის გარეშე დაიწყო. 1 სექტემბერს ქალაქის ყველა საშუალო სკოლაში სწავლა განახლდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა. აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა.16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა.

აფხაზეთის ომი 1992—93 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.
კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ეს კი ჩვენს მხარეს მებრძოლი უკრაინელი ჯარისკაცები(უნა-უნსო)

ვიკიპედია

თეგები

hallucination

born on a different cloud

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close