გასართობისაკითხავი

მატა ჰარი

თავის დროზე მატა ჰარი ყველაზე ლამაზ და მაცდუნებელ ქალად იყო აღიარებული მსოფლიოში. მისი „სიყვარულის ცეკვის” სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასეულობით მამაკაცი ჩადიოდა. ბევრ მათგანს თავდავიწყებით უყვარდებოდა, მისი გულისთვის რას არ აკეთებდნენ. უამრავი საყვარელი ჰყავდა-პპოლიტიკოსები, გამოჩენილი ადამიანები… იგი გერმანელი გვირგვინოსანი პრინცის, უილიმის და მოგვიანებით მისი ვაჟის საყვარელიც იყო. სამეფო ოჯახის წევრები ფულსა და ძვირფასეულობას არ აკლებდნენ. უთვალავი უმდიდრესი საყვარლის ყურადღებით ტკბებოდა. ეს ყველაფერი 1917 წელს დასრულდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა, სენსაციური სასამართლო პროცესისა და მოკლევადიანი პატიმრობის შემდეგ მატა ჰარი სიკვდილით დასაჯეს.სასამართლოს პროცესზე „უდიდესი ჯაშუში ქალი” უწოდეს. ყველაზე ცნობილი ჯაშუში იმიტო გახდა, რომ ცნობილი მოცეკვავე იყო. ამბობენ, რომ არც ისე ნიჭიერი ჯაშუში იყო, მაგრამ ცეკვისა და მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭების ხელოვნებაში ვერავინ შეედრებოდა. მისი ნამდვილი სახელი მაგარეტ გერტრუდ ზელე მაკლეონია.
მატა ჰარი თვითონ შეირქვა. მალაიელები მატა ჰარის მზეს ეძახდნენ, სიტყვა სიტყვით ეს სახელი დღის სინათლეს ნიშნავს.

მამიკოს გოგონა

მარგარეტ გერტრუდ ზელე 1876 წელს ჰოლანდიაში დაიბადა. ოჯახში ერთადერთი გოგონა იყო.ოთხი ძმა ჰყავდა. სახლში სიყვარულით მაგრეტს ეძახდნენ. ქერათმიანი, ფერმკრთალი და ცისფერთვალა ადამიანებით დასახლებულ ჰოლანდიაში მშვენიერი მაგრეტი შავი თმით, შავი თვალებითა და ზეთისხილის ფერი კანით გამოირჩეოდა . ჰოლანდიელი არავის ეგონა. ასეც იყო. გოგონას ეგზოტიკური გარეგნობა დედისგან გამოჰყვა, რომლის წინაპრებიც კუნძულ იავადნ იყვნენ. მაშინ ეს კუნძული ჰოლანდიას ეკუთვნოდა. გოგონას მამას-ადამს, ძალზე წარმატებული ქუდების ბიზნესი ჰქონდა იმ დროს, როდესაც საზოგადოებაში უქუდოდ არც ერთი მამაკაცი გამოდიოდა. იგი ოჯახს კარგად ინახავდა და ერთადერთ ქალიშვილს ყველანაირად ანებივრებდა,როდესაც მარგარეტი ექვსი წლის გახდა, დაბადების დღეზე მამამ განსაკუთრებული საჩუქარი მიართვა: მინი ეტლი, რომელშიც ორი თხა ებმებოდა და ოთხი მგზავრი ეტეოდა. გოგონამ მისი მართვა იცოდა და მეგობრებს ხშირად ასეირნებდა. ბავშობიდანვე განსაკუთრებულად აცმევდნენ, სკოლაში თავის წარმოშობაზე იატორიებს ყვებოდა-თითქოს წარჩინებული იყო და ციხე-კოშკში ცხოვრობდა.მეგობრები ეჭვობდნენ რომ ეს ისტორიები მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ მაგრეტი მაინც პოპულარულ პიროვნებად ითვლებოდა. მასწავლებლებსაც ძალიან უყვარდათ. ნიჭიერი გოგონა განსაკუთრებით კარგად ენებს სწავლობდა.
მაგრეტი 13 წლის იყო, როდესაც მამამისი გაკოტრდა. ავეჯი გაყიდეს და ქალაქის საუკეთესო უბანში მდგარი მშვენიერი დიდი სახლიდან გარეუბანში, პატარა, ბნელ სახლში გადავიდნენ. ადამი ამსტერდამში წავიდა ბედის საძებნელად, ბავშვები მოსავლელად ცოლს დაუტოვა. ქალმა ამ ტვირთს ვერ გაუძლო, ღრმა დეპრესიამ შეიპყრო და მალე დაავადმყოფდა. 15 წლის მაგრეტს დედა გარდაეცვალა. იგი მამიკოს გოგონად ითვლებოდა, მაგრამ დედასთანაც ძალზე ახლოს იყო და მისი სიკვდილი ღრმად განიცადა. დასაფლავებაზე ჩასულმა ადამმა ბავშვები ნათესავების ოჯახებში გადაანაწილა. მაგრეტი პატარა ქალაქში, ნათლიასთან მოხვდა. ბიძამ ბაღის მასწავლებელმა, სკოლაში შესვლა ურჩია. იქ ერთ მასწავლებელს ქალიშვილი უსაზღვროდ შეუყვარდა. ამ რომანმა სკანდალი გამოიწვია და მაგრეტი აიძულეს სკოლიდან წასულიყო. ბიძასთან, ჰააგაში გაიქცა. სახლში ყველაფერს აკეთებდა, ოჯახისთვის რომ გამოსადეგი ყოფილიყო და თანაც გათხოვებაზე ფიქრობდა.

გათხოვება საქორწინო განცხადებით

მაგრეტს მიაჩნდა, რომ გათხოვებაში ხელს 2 მიზეზი უშლიდა-ერთი ის, რომ ძალზე მაღალი იყო და მეორე – პატარა მკერდი ჰქონდა. მკერდს ყველანაირად იდიდებდა. მშვენიერი ეგზოტიკური მაგრეტი ბევრს მოსწონდა, იგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ბედს გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება გადაწყვეტდა.
განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჰოლანდიის არმიის ოფიცერი ცოლს ეძებდა. ეს განცხადება მისი მომავალი ქმრის, რუდოლფ მაკლეოდის, მეგობარს გამოუქვეყნებია, რის შესახებაც მაკლეოდმა არაფერი იცოდა. 38 წლის ჩაფსკვნილი მაკლეოდი ასაკთან შედარებით უფროსად გამოიყურებოდა, დიდი ცხვირი და თეთრი ბაკენბარდები ჰქონდა. ბევრს სვამდა, დიაბეტი და არტრიტი აწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ განცხადება მას არ გაუკეთებია, შეხვდა იმ ლედის. რომელიც განცხადებას გამოეხმაურა. მათ ერთმანეთი მოეწონათ. რუდოლფის სამხედრო ტანსაცმელმა მედლების წყებამ მაგრეტი მოხიბლა. ჯვრისწერიდან 5 თვეში ვაჟი შეეძინათ. რუდოლფი არ შეცვლილა სვამდა და არც ქალებს იკლებდა. ცოლზე სასტიკად ეჭვიანობდა. ორსულობის დროსაც კი სცემდა.
მალე საცხოვრებლად კუნძულ იავაზე გადავიდნენ. მაგრეტს გარემოს შეცვლა გაეხარდა, თან იქაურობაც მოეწონა. სხვა ოფიცრის ცოლების მსგავსად, იქაური ეროვნული ტანსაცმლით-სარონგით-დადიოდა. რუდოლფი უწინდებურად სასტიკად ეჭვიანობდა ცოლზე, სხვა ტანსაცმლის ჩაცმის უფლებას არ აძლევდა, იქაური ქალები სახლშიც კი მიჰყავდა. ცოლს ეუბნებოდა , ეს ადგილობრივი ჩვეულებაა და უნდა აიტანოო. მეორე ბავშვზე ორსულობისას მაგრეტს ღრმა დეპრესია დაემართა. ქმარი სახლიდან გარეთ არ უშვებდა, მალაიური ენის შესწავლა აუკრძალა. ეს ენა კი მას ძალიან მელოდიური და მიმზიდველი ეჩვენებოდა.მათ ცხოვრებაში არც მეორე შვილის დაბადებას შეუცვლია რამიმე, რუდოლფი განაწყენებული იყო, მეორეც ვაჟი რომ არ შეეძინათ.გოგონას დის სახელი დაარქვა, მაგრამ მალაიურ სახელს,ნონს ეძახდნენ. რუდოლფი დააწინაურეს, იგი გარნიზონის მეთაური გახდა და ოჯახი უკეთეს სახლში გადავიდა. მაგრეტის მოვალეობა ძვირფასი წვეულებების მასპინძლობა გახდა, რასაც შესანიშნავად ართმევდა თავს. ამსტერდამში შეძენილ უძვირფასეს კაბებს იცმევდა, სტუმრებს მშობლიურ ენაზე-ჰოლანდიურად, გერმანულად, ფრანგულად, – ესაუბრებოდა, მოსამსახურეებს-მალაიურად. ფორტეპიანოზეც უკრავდა და შესანიშნავად ცეკვავდა. რუდოლფი ცოლით ამაყობდ, რადგან მაგრეტმა მის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ეს იდილია მალე დასრულდა. ღამით ორივე ბავშვი მოულოდნელად გაუხდათ ავად, ექიმის მოსვლამდე ვაჟი გარდაიცვალა, გოგონა გადაარჩინეს. ბავშვები მოწამლულები აღმოჩნდნენ, მაგრამ ვერასოდეს გაირკვა, ვინ ჩაიდინა ეს. ვარაუდობდნენ, რომ რუდოლფის რომელიმე მსახურმა ქალმა, რომელიც მისი საყვარელი იყო.

დიდი მწუხარება

ცოლ-ქმარს მძინე დეპრესია დაემართა. მაგრეტი საათობით ხმას არ იღებდა, რუდოლფი ბევრს სვამდა და სახლში წინ და უკან უაზროდ, შეუჩერებლად დადიოდა , თან მაგრეტს ადანაშაულებდა შვილის სიკვდილში. მაგრეტმა შვება ინდუისტური წმინდა ტექსტების კითხვაში ჰპოვა. ერთხელ ტიფი შეეყარა. ციებ-ცხელებისას ამბობდა, ინდუიზმის ღვთაების დანახვა შემიძლიაო. ქმარი მის ავადმყოფობაზე ჯავრობდა, ძალიან ძვირი მიჯდება მისთვის დღეში 5 ბოთლი რძის ყიდვაო. გულნატკენმა ქალმა მამას ევროპაში წერილი გაუგზავნა, ფულს სთხოვდა უკან დასაბრუნებლად. დახმარებაზე უარი განუცხადეს. ასაკოვანმა რუდოლფმა თვითონ გადაწყვიტა ჰოლანდიაში დაბრუნება. მაშინ ქალისთვის ქმართან გაყრა შეუფერებელ საქციელად მიიჩნეოდა, მაგრამ მაგრეტმა ამსტერდამის ტრიბუნალში განცხადება მაინც შეიტანა და პროცესი მოიგო. რუდოლფს დედისთვის ბავშვის დაბრუნება და ყოველთვიურად 100 გულდენის გადახდა დააკისრა. მან ნონი დედას დაუბრუნა, მაგრამმ ფული არასოდეს გადაუხდია. მაგრეტმა სამსახურის ვერ იშოვა, ბავშვს ვერც აჭმევდა და ვერც აცმევდა, ამიტომ იძულებული გახდა გოგონა რუდოლფისთვის დაებრუნებინა. თვითონ სამოწყალოდ სხვადასხვა ცხოვრობდა და პარიზში წასვლაზე ოცნებობდა. როგორც იქნა, ფული შეაგროვა და საოცნებო ქალაქში ჩასვლა მოახერხა.

მატა ჰარის დაბადება

მაგრეტმა პარიზში ახალი ცხოვრება დაიწყო, სახელი შეიცვალა და მაია ჰარიდ იქცა. მისი, როგორც ეგზოტიკური მოცეკვავის , დებიუტი აღმოსავლეთმცოდნეობის მუზეუმში შედგა 1905 წლის 13 მარტს. სცენაზე ბივას დიდი ქანდაკების ფეხებთან ცეცხლი ენთო. მატა ჰარი მუზეუმის კოლექციის ტანსაცმლით იყო შემოსილი, ოთხ მოცეკვავესთან ერთად ცეკვას ასრულებდა. ბოლოს ტანსაცმელს იხდიდა. ეს უჩვეულო სანახაობა – სტრიპტიზი – მან ხელოვნებად აქცია. ევროპის სხვადასხვა ქალაქში დიდი წარმატებით გამოდიოდა. სამოსელს ყოველთვის იხდიდა, მაგრამ სრულიად შიშველი არავის უნახავს. მკერდს ყოველთვის იფარავდა.
მან საკუთარ წარსულზე უარი თქვა და ახალი ბიოგრაფია შეთხზა. ღიზიანდებოდა, როდესაც გაღატაკებულ ჰოლანდიელ ქალად იხსენიებდნენ და ყველას უამბობდა, რომ იგი ინდოეთში, ბრაჰმანის ოჯახში დაიბადა. მისი დედა-ტაძრის მოცეკვავე-მშობიარობისას გარდაიცვალა.იგი ღვთაება შივას ტაძარში გაიზარდა და მას ემსახურებოდა. იქამდე ევროპული საზოგადოება ინდურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კულტურას არ აღიარებდა, მაგრამ მისი ეგზოტიკური ბიოგრაფია და რიტუალური ცეკვით აღფრთოვანდა. „ჩემი ცეკვა წმინდა პოემაა, მასში ყოველი მოძრაობა სიტყვას ნიშნავს და ამ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობას მუსიკა აძლევს. ტაძრის მოცეკვავენი ღრმად მორწმუნეები არიან და წმინდა ცეკვას ჟესტებითა და პოზებით გადმოსცემენ“,-ამბობდა იგი. მართალია, მისი ბიოგრაფია შეთხზული იყო, მაგრამ ხელოვნების სფეროში მაყურებლის მოსაზიდად საინტერესო ისტორიების მოგონება იმ დროს უჩვეულო სულაც არ ყოფილა. მდიდარმა მეწარმემ ემილ გუიმემ აღმოსავლეთმცოდნეობის მუზეუმის ზედა სართული მისი წარმოდგენების ოთახად აქცია. შივას დიდ ქანდაკებასთან ერთად იქ ჯუნგლების გარემოც შექმნა. 1905-1912 წლებში მატა ჰარი სენსაცია იყო. მაგრამ მოცეკვავის სასცენო ცხოვრება არც ისე ხანგძლივია და არც მატა ჰარი აღმოჩნდა გამონაკლისი.

კურტიზანი ქალი

კარიერა 30 წლისამ დაიწყო, 40-ისა გასუქდა, მისი ბევრი იმიტატორი გაცილებით ახალგაზრდა იყო და ზოგი უკეთაც ცეკვავდა. ცნობილი მოცეკვავე კურტიზან ქალად იქცა. უჩვეულო, ძალზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმ მამაკაცებთან, რომლებიც არჩენდნენ. მამაკაცებისთვის სიამოვნების მინიჭების ხელოვნებაში ძალზე დახელოვნებული იყო.ამბობენ, რომ ინტიმურ გარემოებებშიც კი სრულიად შიშველი არავის ჩვენებია. მკერდს უწინდებურად მალავდა. წარმოსახვის მდიდარი უნარით დაჯილდოვებული ეს ქალი რითი არ ხსნიდა ამ ფაქტს.
იმ პერიოდში ქალიშვილთან, ნონთან, ურთიერთობის აღდგენა ცადა. ყოფილი ქმარი გაუხსნელ წერილებს უკან უბრუნებდა. რუდოლფმა გოგონას ჩვენებაზე მატას უარი განუცხადა და მისი ერთადერთი მიზანი ნონის მოტაცება გახდა.მაშინ გოგონა 13 წლის იყო. ეს საქმე მისმა მსახურმა და უახლოესმა მეგობარმა, ანა ლინტენსმა, ითავა. იმ დროის მორალის მიხედვით, ორივეს „დაცემულ ქალებს“ ეძახდნენ. ანას უკანონო შვილი ჰყავდა. მატა ჰარის დავალებით იგი იმ ქალაქში გაემგზავრა, სადაც რუდოლფი და ნონი ცხოვრობდნენ. გოგონას სკოლასთან დაუდარაჯდა. იგი ჯერ ამსტერდამში უნდა ჩაეყვანა და მერე პარიზში. ნონის მოტაცების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან რუდოლფი სკოლაში მის გამოსაყვანად მივიდა. ანა მის მოტყუებას შეეცადა, უთხრა, გოგონასთვის საჩუქარი მაქვს პარიზიდანო, მაგრამ გამძვინვარებულმა რუდოლფმა დალაპარაკების საშუალებაც კი არ მისცა.
1914 წელს მატა ჰარი გერმანიის მიუზიკ-ჰოლში გამოვიდა. მისი წარმოდგენის ნახვისას ზოგიერთმა პოლიციაში იჩივლა. ბერლინის პოლიციის ერთ-ერთი ოფიცერი წარმდგენაზე მივიდა და მისი ხელოვნებით მოიხიბლა. მათ შეხვედრები დაიწყე. შემდგომში ოფიცრის უფროსი, ტრაგოტ ფონ იაგოვიც, მატა ჰარის საყვარელი გახდა. ზოგიერთი მონაცემით, იაგოვი გერმანულ დაზვერვაში მუშაობდა და მან მატა ჰარის დავალება მისცა, გერმანული დაზვერვისთვის საფრანგეთში ცნობები შეეგროვებინა.

ჯაშუში

მატა ჰარის ზოგიერთი ბიოგრაფი, კერძოდ, ერიკ ოსტროვსკი, ირწმუნება, რომ მან ანტვერპენში გერმანულ „ჯაშუშთა სკოლაში“ მიიღო განათლება. ამ სკოლას თითქოს ძლიერი ქალი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს აიძულებდა 24 საათი ემუშავათ. ასეთი მძიმე დისციპლინისთვის მას მეტსახელად „წითელი ვეფხვი“ და „ვეფხვის თვალება“ შეარქვეს. ოსტროვსკის მიხედვით, მატა ჰარის 14 კვირაში კოდები, შიფრები, რუკები, ფოტოგრაფირება შეასწავლეს და კოდური სახელი H-21 უწოდეს, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მატა ჰარის არასოდეს დაედგას ფეხი იმ სახელგანთქმულ გერმანულ სკოლაში. იგი ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ ჯაშუში არ იყო. 1914 წელს, ომის დაწყებიდან 2 დღეში, გერმანია სასწრაფოდ დატოვა,ამბობდა,პოლიცია უცხოელებს მკაცრად ეკცევაო. პარიზიდან ხშირად დადიოდა სხვადასხვა ქალაქში. მას გერმანელი საყვარელი ჰყავდა და ამიტო გაჩნდა ეჭვი, რომ ჟაშუშობდა.

უკანასკნელი სიყვარული

რომანტიკულ პარიზში მატა ჰარიმ გაიცნო მამაკაცი, რომელიც უსაზღვროდ შეუყვარდა. ეს რუსი ოფიცერი ვლადიმირ მასლოვი იყო, მას ვადიმს ეძახდნენ. ვადიმი მხოლოდ 21 წლის იყო, მატა-40-ის. შავგვრემან, გრძელცხვირა ვადიმთან რომანი 8 თვე გაგრძელდა. მათისასიყვარულო ურთიერთობა მაშინ შეწყდა, როდესაც მასლოვს უკან, ფრონტზე დაბრუნება უბრძანეს. იგი დაჭრეს და ცალი თვალით დაბრმავდა.მას შემდეგ მუდმივად ცალთვალახვეული დადიოდა. იგი ვიტელის სამხედრო ჰოსპიტალში იწვა. ეს ქალაქი საომარ ზონად იყო გამოცხადებული. იქ სამოქალაქო პირებს სპეციალური ნებართვის გარეშე არ უშვებდნენ. ვადიმს მეორე თვალშიც ეკარგებოდა თვალის ჩინი და მატა ჰარიმ გადაწყვიტა,მის სამკურნალოდ ფული ეშოვა. საომარ ზონაში შესასვლელად ჯორჯ ლადუქსს დაუკავშირდა-ფრანგული კონტრდაზვერვის ორგანიზატორს. ქალს ქალაქში მაინც არ უშვებდნენ, გერმანელთა აგენტად თვლიდნენ. ურჩიეს, იქ ლადუქსის თანხლებით ჩასულიყო. ჰკითხეს, საფრანგეთ-გერმანიის კონფლიქტში ვის მხარეზე იყო. უპასუხა, ჰოლანდიის მოქალაქე ვარ და ნეიტრალიტეტს ვარჩევო. შემდეგ საფრანგეთის დაზვერვასთან თანამშრომლობა შესთავაზეს. შეთავაზება მაშინვე არ მიიღო. ეს საუბარი ვიტელში ჩასვლამდე მოხდა. ჯაშუშობა სახიფათო იყო, მაგრამ მას ფული არ ჰქონდა, ისე ვეღარ ცხოვრობდა, როგორც მიჩვეული იყო და გადაწყვიტა, შეთავაზებაზე დათანხმებულიყო. ლადუქსმა გეგმა შეუდგინა-იგი ბრიუსელში ყოფილ საყვარელს უნდა დაკავშირებოდა, რომელიც გერმანიის არმიას საკვებს აწვდიდა. ამ უკანასკნელს გერმანელი მაღალჩინოსნებისთვის უნდა წარედგინა, რომლისგანაც სამხედრო საიდუმლოებებს გაიგებდა. გარდა ამისა, მატა ჰარის იმედი ჰქონდა, რომ გერმანიის გვირგვინოსან პრინცთან ძველ ურთიერთობას განაახლებდა.
პირველივე დავალების შესრულებისას ინგლისის დაზვერვამ დააპატიმრა, იგი სხვა ჯაშუშ ქალში შეეშალათ, რომელსაც იმ ხანად ეძებდნენ, ზოგი მონაცემით, მან გაჭივრებით ჩააღწია ესპანეთში და რომანი გააჩაღა გერმანელ მაიორთან. გაიგო, რომ იგი წყალქვეშა ნავით გერმანელი და თურქი ოფიცრების გადასხმას აპირებდა საფრანგეთის ზონაში. დარწმუნებული იყო, რომ მნიშვნელოვანი ცნობა მიიღო, ეს ფაქტი კი ფრანგულ დაზვერვას კარგად სცოდნია. ამ ინფორმაციისთვის ფული არ გადაუხადეს. შეეცადა უფრო მაღალჩინოსანი გერმანელი ენახა და მნიშვნელოვანი საიდუმლო გაეგო, რათა საკუთარი თავიც შეენახა და მომავალი ქმარიც-ვადიმიც.გერმანული დაზვერვის შიფროგრაფმა ფრანგებმა დაიჭირეს. მასში ნათქვამი იყო, რომ ფრანგებთან მუშაობის დაწყებამდე მატა ჰარი გერმანელებთან თანამშრომლობდა. ეს ბევრს საეჭვოდ ეჩვენებოდა. მიაჩნიათ, რომ გერმანელებს მისი თავიდან მოცილება სურდათ და ეს ჭუჭყიანი საქმე ფრანგების ხელით გააკეთეს.

სექსსიმობოლოს სასამართლო

1917 წლის 13 თებერვალს ფრანგებმა მატა ჰარი ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს.
სასამართლოს დაწყებამდე ლაზაროს ციხეში ჩასვეს. ცალკე კამერაში იჯდა, რადგან სხვა პატიმრები, როგორც გერმანელთა ჯაშუშს, თვითონვე უპირებდნენ გასამართლებას. იქიდან წერილებს იწერებოდა-გევედრებით ამ ციხიდან გამომიყვანეთ, დასუსტებული ვარ, ნუ მაწამებთ, გერმანელების ჯაშუში არ ვყოფილვარო. ვადიმისთვის წერილის მიწერის უფლება არ მისცეს. მას მხოლოდ 74 წლის მოსამართლე ედუარდ კლინე ნახულობდა.იგი ერთ დროს მისი საყვარელი იყო და მისდამი ნაზი გრძნობები შენარჩუნებული ჰქონდა. რამდენიმე თვის განმავლობაში მატა ჰარის დაპატიმრების ამბავი საიდუმლოდ ინახებოდა, მხოლოდ მართმსაჯულების სასახლეში პროცესის დაწყების წინ გამოაცხადეს. იმ დროს ყველაზე ცნობილი სექსსიმბოლოს სანახავად სასამართლოს უამრავი ხალხი მიაწყდა.
პროცესზე ცისფერი კაბით, ქუდითა და ხელთათმანებით გამოცხადდა. ჯერ დახურული პროცესის ჩატარება სურდათ, რათა სახელმწიფოს საიდუმლოებები არ გამჟღავნებულიყო. ეს არ მოხერხდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო, სიკვდილი მიუსაჯა და სასამართლოს ხარჯების გადახდაც დააკისრა. მატა ჰარი განაჩენმა შოკში ჩააგდო.
რესპუბლიკოს პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი განუცხადა.1917 წლის 15 ოქტომბერის დილით დასაჯეს. ძლივს გააღვიძეს-ექიმს სიკვდილით დასჯის წინ ღამეს დამამშვიდებელი წამალი დიდი დოზით მიუცია.

სიკვდილით დასჯა
ბოლო წუთებში პატიმარს ორმა მონაზონმა მიაკითხა, ცდილობდნენ სიკვდილის წინ ენუგეშებინათ. „ნუ გეშინიათ, მე ვიცი, როგორ უნდა მოვკვდე“,-ამაყად უთხრა მატა ჰარიმ მონაზვნებს. ასეც მოხდა. სიკვდილს მამაცად შეხვდა, არ ისურვა წესისამებრ მისთვის თვალები აეხვიათ. იგი პირდაპირ უყურებდა მისკენ მიშვერილ 12 შაშხანას, ჯარისკაცებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. მისი გვამი არავის მოუთხოვია და ამიტო იგი სამედიცინო სკოლაში გადაიტანეს, რათა სტუდენტებს გამოეყენებინათ. მისი ერთადერთი ქალიშვილი ნონი, რომელიც დედის გარეშე გაიზარდა 21 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა.სიკვდილით დასჯიდან ერთ წელიწადში მოცეკვავე,კურტიზანი ქალი და შემდეგ ჯაშუშად ქცეული მატა ჰარი ლეგენდად იქცა. სხვადასხვა დროს გადაღებულ ფილმებში მას გრეტა გარბო, მარლენ დიტრიხი,
სილვია კრისტელი და ჟანა მორო განასახიერებდნენ. როგორც ჯაშუშს, ძალზე ხანმოკლე კარიერა ჰქონდა. დღემდე სადავოა ის ფაქტი, იყო თუ არა იგი ორმაგი აგენტი. ფაქტია, რომ გერმანელი საყვარლებისგან ბევრ ფულს იღებდა, მაგრამ ირწმუნებოდა, ამას როგორც საყვარელს ისე მიხდიდნენო. ბევრს მიაჩნია რომ გერმანელთა აგენტობა უსამართლოდ დასდეს ბრალად.მისი სახელობის ერთ-ერი ჰოლანდიური ორგანიზაცია ფრანგულ მართმსაჯულებას მატა ჰარის საქმის გადასინჯვას სთხოვს, რათა საბოლოოდ დადგინდეს, ემსახურებოდა თუ არა ქალი ლეგენდა გერმანულ დაზვერვას.

წყარო : actual.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close