საკითხავიუცნაური

ადოლფ ჰიტლერის განწირული სიყვარული


ჰიტლერის პირადი ცხოვრების შესახებ პრაქტიკულად ძალიან მწირი ცნობებია საქართველოში,ამ პოსტით მე თქვენ გაგაცნობთ ,,ადის” სასიყვარულო ისტორიას რომელიც მას ევა ბრაუნამდე გადახდა.


გელი რაუბალი

ჰიტლერის სიყვარულის ერთ–ერთი ობიექტი მისი ნათესავი გელი რაუბალი გახლდათ. ჰიტლერი მას ბიძად ეკუთვნოდა, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა, სასიყვარულო კავშირის გაება გოგონასთან.

საუბრები კლასიკური მუსიკის თანხლებით

მათი რომანი 1925 წელს დაიწყო. ჰიტლერი მოაჯადოვა ნორჩმა, სიცოცხლით სავსე გელიმ. გოგონას ბავშვური სახე და საოცრად ცოცხალი თვალები ჰქონდა. ვერ იტყოდით, სილამაზით გამორჩეულიაო, მაგრამ მასში იყო რაღაც სუფთა, ბავშვური და უბრალო. ბიძას, როგორც ასკეტს, აღიქვამდა, რომელმაც გამოიარა პირველი მსოფლიო ომი, დაიმსახურა სიმამაცისათვის რკინის ჯვარი, ომის შემდეგ კი გერმანიის აღორძინებისათვის ბრძოლას შეუდგა. გელი ამაყობდა, რომ ბიძა ვერ გატეხა ციხემ, რომ მისთვის არც ძილი იყო და არც მოსვენება.

გელი ბრწყინვალედ უკრავდა ფორტეპიანოზე. ჰიტლერიც ხშირად სთხოვდა მას რომელიმე ნაწარმოების შესრულებას.

– დაუკარი, გთხოვ.

გელი მორჩილად მიუჯდა პიანინოს.

– რა დავუკრა?

– ვაგნერი, ვაღმერთებ ვაგნერს.

რამდენიმე წამის შემდეგ ოთახი ვაგნერის მელოდიით გაივსო. ჰიტლერი თვალებმილულული იჯდა სავარძელში.

– შესანიშნავია! – აღმოხდა მას.

მათი საუბრებიც როიალთან, კლასიკური მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა. გოგონასთან ჰიტლერი თავაზიანი და გალანტური იყო. წასვლისას ნაზად ემთხვეოდა ხოლმე ხელზე. საუბრისას კომპლიმენტებს უხვად ხარჯავდა, მაგრამ არასოდეს გადასულა ზღვარს, არც ხელი წაუვლია და არც კოცნა უცდია. ყველაფერი ეს ქალს ცნობისმოყვარეობას აღუძრავდა და აღაგზნებდა. მათი საუბრები ეხებოდა ყველაფერს, დაწყებული კლასიკური მუსიკიდან, დამთავრებული პოლიტიკით, სიყვარულით. გელის დიდი ხანია აწვალებდა ერთი კითხვა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და ჰკითხა:

– ადოლფ, შეყვარებული გყავდა?

– არ მყოლია.

– რატომ?

– შენ ვერ გამიგე. მე არ შემიძლია სიყვარული, მე მხოლოდ გაღმერთება შემიძლია. თხუთმეტი წლისას ერთი გოგო შემიყვარდა. მას ვაღმერთებდი, ამიტომ ძალა არ შემწევდა, სიყვარული ამეხსნა. ერთხანს შორიდან ვესიყვარულებოდი, შემდეგ წერილი მივწერე. მან ჩემი წერილი საჯაროდ წაიკითხა თან ღვარძლიანი კომენტარებიც დაურთო, – წამით ჰიტლერი გაჩუმდა. ეტყობოდა, წარსულის გახსენებამ ტკივილი მოჰგვარა. შემდეგ ხმაურით დაისხა ცივი ლიმონათი და ხარბად შესვა, – მას საჯაროდ სილა გავაწანი, – ყრუდ წარმოთქვა, – ვერ მოვზომე და ძალიან მაგრად მომივიდა. ის წაიქცა. ცხვირიდან სისხლი წასკდა. ამან გამაგიჟა. მივვარდი და წიხლებით შევდექი… ახლა მე ის მძულდა, საშინლად მძულდა, ალბათ მოვკლავდი, ხალხი რომ არ მიშველებოდა.

– მოკლავდი ქალს, რომელსაც წუთის წინ აღმერთებდი?

– გაღმერთებიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, გელი.

გოგონა მას თვალს ვერ აშორებდა. ეს კაცი ერთდროულად იზიდავდა და აშინებდა კიდეც. ადოლფში იგრძნობოდა როგორც ვნება, ისე ძალაც, ის, რასაც მამაკაცების უმრავლესობაში გელი ვერ ხედავდა. გოგონას ესმოდა, რომ ბიძამისი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. ვინ არის ის, ბოროტი არსება თუ კეთილშობილი რაინდი, რომლებზეც რომანებში წერენ?

– მეტი არავინ გყვარებია?

– როგორ არა. ვენაში ერთმა ქალმა მომაჯადოვა. მალე საყვარლებიც გავხდით. ის ერთი ჩვეულებრივი ქუჩის ქალი გახლდათ, თუმცა ეს მოგვიანებით გავიგე. მანამადე ზღაპრულ ფერიად აღვიქვამდი.

– მისი მოკვლის სურვილი არ აღგეძრა?

– როგორ გითხრა, სურვილი დიდი მქონდა, მაგრამ თავს მოვერიე. წლების შემდეგ მას ვენის ერთ–ერთ ქუჩაზე შევხვდი. საშინლად ნაცემი ტროტუარზე ეგდო. მაშინ ვიგრძენი რაღაც სიხარულის მსგავსი. ბედნიერი ვიყავი, რომ გასისხლიანებულს ვხედავდი ქალს, რომელმაც მიღალატა.

– საოცარი კაცი ხარ, ადი! – გელიმ თავი გადააქნია, – პირდაპირ არ ვიცი, შეგიძულო თუ შემიყვარდე.

– მე შენთან გულახდილი ვარ, გელი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ გაღმერთებ. შენ სწორედ ის ფერია ხარ, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.

ამრიგად, ჰიტლერმა ფრიად ორიგინალურად აუხსნა სიყვარული. როდესაც ბიძა წავიდა, გელი დარეტიანებულივით იჯდა სკამზე. ჰიტლერს არც ახლა უცდია ეკოცნა მისთვის. მხოლოდ ნაზად ემთხვია ხელზე გამომშვიდობებისას.

ინტიმური სცენა

გავიდა ორი კვირა. ჰიტლერს სასწრაფო საქმეები გამოუჩნდა და სადღაც გაემგზავრა. გელი შიშმა შეიპყრო. ანაზდად მოეჩვენა, რომ ბიძას სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდა. საბედნიეროდ, ჰიტლერი უვნებელი დაბრუნდა. გელი სიცილ–კისკისით ჩამოეკიდა კისერზე და სულ ახლოს მივიდა მასთან. ჰიტლერი ცხადლივ გრძნობდა მისი ტანის სურნელს, ცხელ ვნებიან ტუჩებს. ნაზად მოხვია წელზე ხელი და თავისკენ მიიზიდა. გელის წინააღმდეგობა არ გაუწივია. წამიც და ორივენი ტახტზე აღმოჩდნენ. ანაზდად გოგონა გაურკვეველმა შიშმა შეიპყრო. ჰიტლერმა კაბა შეუხსნა, გელი მთელი ტანით თრთოდა. კაცის ხელები საოცრად ალერსიანი და თბილი იყო. გოგონა მთლიანად მოეშვა.

უბედურება

გელის თვალები უბრწყინავდა. ახლა ადი მისთვის საუკეთესო მამაკაცი იყო მსოფლიოში. ძლიერი, ალერსიანი, დიდსულოვანი. გოგონა გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე მიადო.

– მიყვარხარ.

– მეც.

– ვიცი, ვერ დავქორწინდებით, მაგრამ მაინც შენ გვერდით უნდა ვიყო. გნებავს, მდივანი ვიქნები, გნებავს, უბრალოდ მოსამსახურე.

გელი მასთან საყვარლის რანგში დარჩა. ჰიტლერმა უქირავა სახლი, სადაც გელისთან ერთად დაუვიწყარ საღამოებს ატარებდა. შეთავსებით ქალი მისი მდივანიც იყო. ჰიტლერი მას თვალებში შესციცინებდა და ყველა სურვილს უსრულებდა. გელის თხოვნით ჰიტლერი ხმამაღლა კითხულობდა ლექსებს. გოგონა აღფრთოვანებული იყო თავისი საყვარლით, თუმცა მასში კვლავაც ბევრი რამ აოცებდა.

ზომიერება ყველაფერშია საჭირო, მათ შორის – სიყვარულშიც. ჰიტლერს კი ეს არ შეეძლო. მალე გელიმ ეს მტკივნეულად შეიგრძნო საკუთარ თავზე. ჰიტლერს უყვარდა გელი და საშინლად ეჭვიანობდა. გოგონას ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდა. ამისათვის საგანგებოდ მაძებრებიც კი დაიქირავა. გელისათვის ეს დამამცირებელი და დამთრგუნველი იყო.

მალე ჰიტლერმა თავის მძღოლზეც იეჭვიანა. თვლიდა, რომ გელისთან ჰქონდა კავშირი. გოგონა ამაოდ ცდილობდა მის დარწმუნებას. მან უკვე კარგად უწყოდა რჩეულის ხასიათი. გელიც როიალს მიუჯდებოდა და ვაგნერს უკრავდა. ჰიტლერი მშვიდდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

ჰერტა ბავშვობიდანვე გელის საუკეთესო მეგობარი იყო. მხოლოდ მას უზიარებდა ყველაზე სანუკვარ ფიქრებს:

– არ ვიცი, რა ემართება ადის. პათოლოგიურად ეჭვიანია, ასე არ შეიძლება.

– მე გაფრთხილებდი, გელი. გახსოვს, რომ გეუბნებოდი, მაგ კაცისაგან თავი შორს დაიჭირე–მეთქი? მას არ შეუძლია ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება. საკუთარი სამყარო შექმნა და თავისი იდეების ტყვეობაში მოექცა. ის ძლიერია, არ გედავები და სწორედ ამიტომაცაა საშიში. შეუძლია, ადამიანები საკუთარ ნებას დაუმორჩილოს, მასზე ბევრად ძლიერი და ჭკვიანებიც კი. ამიტომაც თავისი იდეების განხორციელებასაც შეძლებს. ამ გზაზე ის ყველას გაწირავს.

– მე არ გამწირავს.

– ის შენ გაღმერთებს, ჩემო კარგო! ეს კი ძალიან საშიშია! გაღმერთებიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. ის, ვინც ვინმეს აღმერთებს ან აიდეალებს, შეიძლება თავისი იდეალის მიმართ საოცრად დაუნდობელი იყოს, თუკი ჩათვალა, რომ იდეალი ჩაკვდა ან გაფერმკრთალდა.

– მისი მიტოვება არ შემიძლია, გესმის, არ შემიძლია!

ჰიტლერის უზომო გატაცება გელი რაუბალი უკვე მის უახლოეს გარემოცვასაც აშფოთებდა. ახლოვდებოდა არჩევნები. ჰიტლერს კი გელი რაუბალის მეტი აღარავინ ახსოვდა. ამომრჩეველისათვის, რომელიც მხარს ნაცისტებს უჭერდა, ჰიტლერი იყო ბელადი. მეტიც, ისინი ხმას ნაციონალ–სოციალისტურ პარტიას კი არა, ჰიტლერს აძლევდნენ, ამიტომ მისი მოშორება ვერ მოხერხდებოდა და სხვა გამოსავლის პოვნა იყო საჭირო.

– მე ვიცი, რასაც გავაკეთებ, – წარმოთქვა მოიერიშეთა თავკაცმა რემმა.

მან მართლაც გადადგა ქმედითი ნაბიჯი. სწორედ რემმა მოაწყო ჰიტლერისა და ევა ბრაუნის პირველი შეხვედრა. მოიერიშეთა სარდალმა კარგად უწყოდა ჰიტლერის გემოვნება. მართლაც ევას დანახვაზე ფიურერს თვალები გაუბრწყინდა. მართალია, საქმე მაშინ ამის იქით არ წასულა, მაგრამ რემის აგენტმა ყველაფერი ფირზე აღბეჭდა. შემდეგ ფირი რაღაც მანქანებით გელის ხელში აღმოჩნდა:

– ადი მღალატობს? ჩემზე ეჭვიანობს, თავად კი ისე სეირნობს ქალებში, როგორც გაუხარდება!

როდესაც ადიმ მორიგი ეჭვიანობის სცენა მოუწყო, გელიმ მიაძახა:

– რა უფლებით მეუბნები ამას? განა შენ არ წევხარ იმ შენს საყვარელთან?

– რომელ საყვარელთან? ხომ არ შეიშალე? – ჰიტლერმა გამეტებით გაარტყა სახეში.

გოგონა დაეცა, თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ თავი შეიკავა.

– აბა პატიება ითხოვე, ჩქარა!

– ადი, გეთაყვა, მაპატიე.

ჰიტლერმა ხელი გაუშვა, შემდეგ შემოტრიალდა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან. იატაკზე გაშხლართული გელი კი საშინლად ქვითინებდა.

მალე გელი რაუბალი ტყვიით შუბლგახვრეტილი იპოვეს. თვითმკვლელობა – ასეთი გახლდათ ოფიციალური ვერსია. მღვდელი, რომელსაც გელი რაუბალი აღსარებას აბარებდა ხოლმე, რამდენიმე დღის შემდეგ ტყეში დაცხრილული იპოვეს. იდგა 1931 წელი.

მოკლეს გელი რაუბალი თუ თავი მოიკლა? ზუსტად ეს არავინ იცის. ოფიციალური ვერსიით, ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა ზოგი მკვლევარი იმასაც ამტკიცებს, რომ გოგონა რემის ბრძანებით იქნა ლიკვიდირებული.

ეპილოგი

გელი რაუბალის სიკვდილის შემდეგ ჰიტლერი ვეგეტარიანელი გახდა. ფიურერი გარკვეული პერიოდი ქალებს ერიდებოდა. მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო მისი რომანი ევა ბრაუნთან. გერმანიაში დღემდე არსებობს სახლი, სადაც ჰიტლერი გელი რაუბალთან ერთად ცხოვრობდა. ახლა იქ პოლიციის შტაბია განთავსებული.

სანამ ჰიტლერის ამ და სხვა სასიყვარულო ისტორიებს გავეცნობოდი,ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ჰიტლერს ასეთი რომანტიზმის გამოვლინება შეეძლო,მაგრამ დამეთანხმებით ალბათ,რომ მან სიყვარულიც თავისებური იცოდა.

წყარო: sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close