გასართობისაკითხავი

ჰიტლერის მანქანა

ფიურერის “მერსედესი“, ხშირად რომ ჩანს ძველი ქრონიკის კადრებში, რუსმა ოლიგარქმა შეიძინა. დიუსელდორფელი დილერის, მიხაელ ფროილიხის განცხადებით, ნაცისტი დიქტატორის ავტომობილის მოძიება რუსმა მილიარდერმა დაუკვეთა, რომლის გვარი არ ხმაურდება. ფროილიხს მუქი ლურჯი “მერსედესის“ იდენტიფიკაციაში ძველი დოკუმენტები და ფოტოები დაეხმარა. დილერი ბრონირებული კაბრიოლეტის ისტორიას გაჰყვა და დასავლეთ გერმანიის ქალაქ ბილეფელდში, კოლექციონერის ფარეხში მიაკვლია.

“მერსედეს-770K“ ჰიტლერის შეკვეთით 1935 წელს დაამზადეს. სწორედ ამ მანქანით გამოდიოდა სამხედრო აღლუმებზე ნაცისტების ლიდერი. ომის შემდეგ კაბრიოლეტი ავსტრიაში მოხვდა. იქედან ლას-ვეგასის ავტომობილების მუზეუმში გააგზავნეს. რელიქვია ამერიკიდან ისევ გერმანიაში დაბრუნდა და ბავარიული ლუდსახარშის მფლობელის კოლექციაში აღმოჩნდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ქვრივმა ბილეფელდში მცხოვრებ კოლექციონერს მიჰყიდა.

გასულ კვირაში რუსი ოლიგარქი იურიდიული დოკუმენტების
გასაფორმებლად საკუთარი თვითმფრინავით ჩაფრინდა გერმანიაში. დარწმუნდა, რომ ანტიკვარული მანქანის შეძენა არ ეწინააღმდეგებოდა გერმანიის კანონმდებლობას, მხოლოდ ის აეჭვებდა, რომ რელიქვიას არ ჰქონდა ნაცისტების სიმბოლიკა. ჰიტლერის „მერსედესთან“ ერთად რუსმა ოლიგარქმა ძველი ავტომობილების მთელი კოლექცია შეიძინა. ფიურერის ავტომობილი 10 მილიონ ევრომდე დაუჯდა.

ჰიტლერის ავტომობილი “მერსედეს-770K“ ხუთ ტონას იწონის, 400 ცხენის ძალისაა, 100 კილომეტრის გასავლელად 40 ლიტრ ბენზინს ხარჯავს, 300 ლიტრ საწვავს იტევს, აღჭურვილია 4 სმ სისქის ტყვიაგაუმტარი მინებით და ფოლადის დამცავი ფარებით. სპიდომეტრის მიხედვით, გავლილი აქვს 33 ათასი კილომეტრი.
ფიურერის ”მერსედესის“ მოსკოვში ჩამობრძანება ბედის ირონიას წააგავს. მართალია, მისი პატრონის ელვისებური გეგმა საბჭოეთის დაპყრობისა და წითელ მოედანზე აღლუმის მიღების შესახებ ჩავარდა, მაგრამ ”მერსედესი“ ხომ მაინც გაისეირნებს მოსკოვში.

წყარო: www.kvirispalitra.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close