გასართობისაკითხავისასარგებლო

ზოგი რამ იაპონელთა შესახებ

არ მეგულება ადამიანი, რომელიც იაპონური ხელოვნებითა და კულტურით არ აღფრთოვანებულიყო. რა თქმა უნდა, არც მე ვარ გამონაკლისი და მინდა, სწორედ იმ ფაქტების შესახებ დავწერო, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

იაპონია ტრადიციების მოყვარული ქვეყანაა. ისინი მკაცრად და რაც მთავარია, გულწრფელად ეკიდებიან ამ ტრადიციებს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ისეთივე პოეტურები და “მსუბუქნი” არიან, როგორც ხელოვნებაში. მაგალითად, ეტიკეტის თანახმად, რომელიც იაპონიის არიტოკრატულ წრეებში იყო გამეფებული, ბარათს/წერილს რომელიმე აყვავებულ ტოტზე დებდნენ და ასე მიართმევდნენ ადრესატს. თუმცა, იაპონელის ბუნებასთან დამოკიდებულებაზე ქვემოთ ვისაუბრებ.

იაპონიაში არსებობს “ხუთი უპირველესი ურთიერთობის კანონი”: ურთიერთობა მმართველსა და ქვეშევრდომს, მამასა და ვაჟიშვილს, ქმარსა და ცოლს, უფროსსა და უმცროსს და მეგობრებს შორის. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის წინ აუცილებლად უპირატესს აყენებს (მმართველი, მამა, ქმარი,უფროსი). იაპონელს სისხლში აქვს გამჯდარი, იყოს ზრდილობიანი, დაემორჩილოს მასზე მაღლა მდგომს. ჩავურთავ, რომ ვისთანაც არ უნდა ჰქონოდა ომი ამ ქვეყანას, ის აუცილებლად სისასტიკესა და პრინციპულობას იჩენდა, მაგრამ საკმარისი იყო, იაპონელი მეომარი ტყვედ ჩავარდნილიყო, იმავე წუთიდან საოცრად მორჩილი ხდებოდა. იმიტომ არა, რომ ასე ვთქვათ, ლაჩრდებოდა, უბრალოდ მას შეგნებული ჰქონდა, რადგან დაატყვევეს, ე.ი. მასზე ძლიერები იყვნენ. სხვათა შორის, ამ თავმდაბლობის გამო, მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ იაპონია ყველაზე სწრაფად განვითარდა. ეს იმიტომ, რომ იაპონელებმა საგულდაგულოდ გაიაზრეს, სად დაუშვეს შეცდომები და მათი გამოსწორებით დაიწყეს ქვეყნის შენება. მათ არ სცხვენიათ, აღიარონ შეცდომები!

როგორც აღვნიშნე, იაპონელები განთქმულნი არიან ზრდილობით. მაგალითად, როდესაც დედას “კენგურუს” ასაკის ბავშვი მიჰყავს ქუჩაში და ხვდება ნაცნობი, ის მას ესალმება და აუცილებლად პატარასაც დააკვრევინებს თავს.  კიდევ ერთი მაგალითი: თუ ორი იაპონელი ერთმანეთს შეხვდა, ვთქვათ, შუა გზაზე, მოძრაობაც კი ჩერდება მანამ, სანამ ისინი ერთმანეთის მოკითხვას არ დაასრულებენ. საინტერესოა, რომ მოკითხვა იწყება ოჯახის იმ წევრიდან, რომელიც ყველაზე დიდია ასაკით, შემდეგ მოსდევენ ისინი, ვინც მასზე პატარები არიან (მაგ: ბაბუა, ბებია, მამა (ან დედა), შვილი, შვილიშვილი).

რაც შეეხება იაპონელის ბუნებასთან დამოკიდებულებას, ეს ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როდესაც იაპონიაში ალუბლის ხეები ჰყვავის. ეს დღესასწაულია. თუმცა, მათი ბუნებისადმი სიყვარული მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. საერთოდ, იაპონელებს ძალიან უყვართ ბუნებრიობა. ბაღების გაშენებისას ისინი არასდროს მიმართავენ ხელოვნურ ხერხებს, რათა გაალამაზონ გარემო (ევროპაში კი პირიქით, გავიხსენოთ ათასნაირად გაკრეჭილი ბუჩქები, გაზონები (უფრო რაციონალური აზროვნების შედეგი)). იაპონელმა იცის, რომ ბუნება თავად გვთავაზობს უამრავ ლამაზ ფორმასა და ტკბობის საშუალებას. ამიტომ, ის გარემოს გალამაზებისას ისე გათვლის, როგორ უნდა დაირგოს ხე, ყვავილი, რომ მაქსიმალურად ესთეტური და დახვეწილი შედეგი მიიღოს.

იაპონურ ხელოვნებაში და ამ შემთხვევაში მოვიშველიებ მხატვრობას, ისეთივე მნიშვნელოვანია ადამიანი, როგორც მცენარეები, ცხოველები… აქ არ ხდება ადამიანის ისე გაღმერთება, როგორც დასავლეთში. ევროპული ხელოვნება უფრო ანთროფოცენტიზმისკენაა მიმართული. აქ არის ადამიანი და შემდეგ ყველაფერი სხვა, აღმოსავლურ ხელოვნებაში და ამ შემთხვევაში, იაპონურში კი ადამიანს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ხეს, წყალს, ცხოველს, ყვავილს და ა.შ. იაპონელი სამყაროს აღიქვამს ერთ მთლიანობად და ამბობს, რომ ყველაფერი ზუსტად ამ პრინციპითაა მოწყობილი მასში. ვთქვათ, თუ ადამიანს სტკივა თითი, წუხს მისი მთელი სხეული. მედიცინაც ამ პრინციპებს ეყრდნობა. ექიმი ნიშნავს წამალს არა რომელიმე კონკრეტული ორგანოსთვის, არამედ მთლიანად სხეულისთვის, რადგან თვლის, რომ ყველაფერი ჰარმონიული და შესაბამისობაში მოყვანილი უნდა იყოს.

ქვემოთ წარმოდგენილია ალუბლის ყვავილობის პერიოდი და ცნობილი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის, იაპონური ხელოვნებით შთაგონებული, ნამუშევრები.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close