ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია !!!


ერთთვიანი საფეხბურთო ზეიმი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გაჩემპიონებით დასრულდა.

გათამაშების სტარტზე წაგების შემდეგ, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა, რის შედეგადაც ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მსოფლიოც დაიპყრეს.

იოჰანესბურგის “სოკერ სიტი სთედიუმზე” გამართული ფინალური მატჩი ბევრი რამით იყო გამორჩეული. უპირველესად, მას უნდა გამოევლინა მსოფლიოს ახალი ჩემპიონი (არც ჰოლანდიას და არც ესპანეთს მუნდიალი მოგებული არ ჰქონდა). გარდა ამისა, აუცილებლად დაირღვეოდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, 1962 წლიდან მოყოლებული, სამხრეთ ამერიკული და ევროპული გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატს მონაცვლეობით იგებდნენ. ჰოლანდიასა და ესპანეთს შორის გამართული მატჩი სხვა ფინალებისგან გამორჩეული უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობითაც გახდა. საქმე ისაა, რომ აქამდე არცერთ ფინალურ მატჩში 8 ყვითელი ბარათი ნაჩვენები არ იყო, გუშინ კი ამდენჯერ მხოლოდ ჰოლანდიელი ფეხბურთელები გააფრთხილეს, სულ კი ჰოვარდ უებს ყვითელი ბარათის ჯიბიდან ამოღება 13-ჯერ მოუხდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მუნდიალის ზედიზედ მე-2 ფინალში დაინიშნა დამატებითი დრო და როგორც 4 წლის წინათ, ამჯერადაც ნაჩვენები იქნა წითელი ბარათი. აქამდე, მუნდიალების ისტორიაში ასეთი რამ ზედიზედ ორჯერ არასდროს მომხდარა.
“სოკერ სიტი სთედიუმზე” გამართული შეხვედრა ესპანელი ფეხბურთელების თვლსაჩინო უპირატესობით დაიწყო. დელ ბოსკეს შეგირდების მიერ ნახევარდაცვაში ძალიან კარგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ საწყის წუთებში ჰოლანდიელები მეტოქის ნახევარზე ბურთით გადასვლას ვერ ახერხებდნენ. ესპანელებს ანგარიშის გახსნა უკვე მე-5 წუთზე შეეძლოთ, როდესაც ხავის ფლანგური გადაცემის შემდეგ, სერხიო რამოსი ურტყამდა თავით ძალიან სახიფათოდ, მაგრამ “ფურია როხას” მე-15 ნომერს კარგად მოთამაშე სტეკელენბურგმა აჯობა.
ჰოლანდიელებმა პირველი დარტყმა მე-8 წუთზე განახორციელეს და ისიც მეტოქის შეცდომის წყალობით – სერხიო ბუსკეტსმა საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი კუიტს დაუგორა, ხოლო ამ უკანასკნელის დარტყმა კასილიასის კარისთვის დიდი ხიფათის მატარებელი არ ყოფილა.

მე-11 წუთზე კვლავ რამოსს შეეძლო გატანა, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობით მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ გასულმა მარჯვენა მცველმა მცირედით არაზუსტად დაარტყა. გავიდა ერთი წუთი და მარჯვენა ფლანგიდან ალონსოს ჩაწოდებას საჯარიმოს საპირისპირო მხარეს მარტოდმარტო მყოფი ვილიას სახიფათო, თუმცა, არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.

მე-18 წუთზე ჰოლანდიელებმაც სცადეს გატანა, მაგრამ კასილიასის იოლი ნადავლი ახლა უკვე სნეიდერის შორეული დარტყმული გახდა. ამ ეპიზოდიდან გუნდებმა დაახლოებით 20-წუთიანი პაუზა აიღეს. თამაში 37-ე წუთზე გამოცოცხლდა. ჰოლანდიელთა მიერ შექმნილი ძალიან სახიფათო მომენტის დროს, სნეიდერი ურტყამდა მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან და მართალია, “ნარინჯისფერთა” ათიანს დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ ბურთი საჯარიმოში მარტოდმარტო მყოფ მატიისენს მიუვიდა, თუმცა ჰოლანდიელთა მცველმა ბურთს საერთოდ ფეხი ააცილა. საპასუხო შეტევის დროს პედრომ სცადა შორეული დარტყმით ანგარიშის გახსნა, მაგრამ ესპანელთა მე-18 ნომერმა ბურთი კარს ააცილა. ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტი ჰოლანდიელებმა შექმნეს – პირველ დამატებულ წუთზე, რობენის საფირმო დარტყმის დროს კასილიასმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მე-2 ტაიმი ისე დაიწყო, როგორც პირველი დასრულდა, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ რობენის მიერ ახლო კუთხეში დარტყმულის შემდეგ, კასილიასმა ბურთი კუთხურზე კი არ მოიგერია, არამედ ხელებში დააფიქსირა. კიდევ უფრო უკეთესი შანსი მიეცა რობენს გოლის გასატანად 62-ე წუთზე, როდესაც კაპდევილას უყურადღებობის შედეგად მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა იკერ კასილიასმა ბრწყინვალედ ითამაშა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ამ ეპიზოდის შემდეგ მანამდე უინტერესოდ მიმდინარე თამაში გამოცოცხლდა. გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი მიეცა 69-ე წუთზე ვილიას, რომელიც ჰეიტინგას შეცდომის შემდეგ კარიდან 4 მეტრში აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ბურთი წაქცეულ მეტოქეს მოარტყა. 77-ე წუთზე ანგარიშის გახსნა უკვე სერხიო რამოსს მართებდა, მაგრამ თავით საკმაოდ კარგად თამაშით გამორჩეულმა მცველმა, ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან, არაზუსტად დაარტყა. რობენს შეექმნა მე-2 ტაიმის ბოლო სახიფათო მომენტიც – 83-ე წუთზე, ჰოლანდიელთა მე-11 ნომერი უკვე პუიოლის შეცდომის შემდეგ გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ კასილიასს ვერც ამჯერად აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში მეორედ დასრულდა ფინალური მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ.

დამატებითმა ტაიმებმა ესპანელი ფეხბურთელების სრული უპირატესობით ჩაიარა. 92-ე წუთზე, ერთი შეტევის დროს, ჯერ ფაბრეგასს, შემდეგ ინიესტას, ბოლოს კი ხავის შეეძლოთ დარტყმა, მაგრამ ეს ვერცერთმა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ხავის დარტყმაში ხელი მეტოქემ შეუშალა და მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საბაბი ჰქონდა. 95-ე წუთზე, ინიესტას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ფაბრეგასი გავიდა სტეკელენბურგთან პირისპირ, მაგრამ როგორც რობენისა და კასილიასის შემთხვევაში მოხდა, გადამწყვეტ მომენტში ამჯერადაც მეკარემ ივარგა. ერთ წუთში, ჰოლანდიელებმა პირველ დამატებით ტაიმში ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს – კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი ძალიან სახიფათოდ მატიისენმა დაუხვედრა, თუმცა ჰოლანდიელთა მე-4 ნომერმა მცირედით არაზუსტად დაარტყა. 101-ე წუთზე, საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილ ნავასს ანგარიშის გახსნამდე სულ ცოტა დააკლდა – მისი დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ ბურთი ჰოლანდიელთა კარს სანტიმეტრებში აცდა, არადა სტეკელენბურგი უკვე საპირისპირო მხარეს იყო გადამხტარი.
მე-2 დამატებითი ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ინიესტა, ბურთის ხავისთან ეფექტურად გათამაშების შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გავიდოდა, რომ არა ჰეიტინგას მიერ მისი წესების დარღვევით შეჩერება. ინგლისელ არბიტრს ეს ეპიზოდი ყურადღების მიღმა არ დარჩენია და ვინაიდან ჰოლანდიელს ერთი ყვითელი ბარათი მიღებული უკვე ჰქონდა, ვან მარვიიკის გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. 115-ე წუთზე, ჰოლანდიელებმა სახიფათო ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც სნეიდერმა შეასრულა და მართალია ბურთი ჯერ ფაბრეგასს, შემდეგ კი კასილიასს მოხვდა, მაგრამ უებმა კუთხურის დანიშვნა მაინც არ ისურვა. ეს ეპიზოდი მსაჯის ერთ რიგით, მცირე შეცდომად დარჩებოდა, საპასუხო შეტევის დროს ესპანელებს გოლი რომ არ გაეტანათ. 116-ე წუთზე, ინიესტას მისამართით ტორესის გადაცემის შემდეგ ჰოლანდიელმა მცველებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს, რასაც საჯარიმოს ხაზთან მყოფი ფაბრეგასის კარგი გადაცემა და ინიესტას მეკარესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა. ესპანელთა მე-6 ნომერმა, რომელიც გოლების ხშირად გატანით ნამდვილად არ გამოირჩევა, მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-2, ხოლო კარიერაში უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა.

ესპანეთი გახდა ისტორიაში მე-2 გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის მოგებიდან 2 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების ტიტულიც მოიპოვა. აქამდე ეს მხოლოდ გერმანელებს ჰქონდათ გაკეთებული 1972 წლის ევროპისა და 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რაც შეეხება ჰოლანდიას, იგი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის სამ ფინალში ითამაშა და ვერცერთ მათგანში ვერ მიაღწია წარმატებას.

სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ერთადერთი გოლის ავტორი ანდრეს ინიესტა დასახელდა, რომელმაც კარში სულ ერთხელ დაარტყა, გააკეთა 70 გადაცემა (41 ზუსტად) და გაირბინა 14028 მეტრი.

***************************************************************************************

იოჰანესბურგი, “სოკერ სიტი სთედიუმი” 98490

ჰოლანდია-ესპანეთი 0:1 დ.დ.

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვან ბრონკჰორსტი (ბრააფჰაიდი 105), ვან ბომელი, დე იონგი (ვან დერ ვაარტი 99), რობენი, სნეიდერი, კუიტი (ელია 71), ვან პერსი
მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი

ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი, რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა, ბუსკეტსი, ალონსო (ფაბრეგასი 87), პედრო (ნავასი 60), ხავი, ინიესტა, ვილია (ტორესი 106)
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

გოლი: 0:1 ინიესტა (116)

გაფრთხილება: ვან პერსი 15, ვან ბომელი 22, დე იონგი 29, ვან ბრონკჰორსტი 54, ჰეიტინგა 56, რობენი 84, ვან დერ ვილი 111, მატიისენი 117 – პუიოლი 17, რამოსი 23, კაპდევილა 67, ინიესტა 118, ხავი 120+1

გაძევება: ჰეიტინგა 109

მსაჯი: ჰოვარდ უები

დარტყმა 13 (5)-18 (6); ჯარიმა 28-19; კუთხური 6-8; თამაშგარე 7-6; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 3-5

ბომბარდირები
5 – მიულერი (გერმანია), ვილია (ესპანეთი), სნეიდერი (ჰოლანდია), ფორლანი (ურუგვაი).
4 – იგუაინი (არგენტინა), ვიტეკი (სლოვაკეთი), კლოზე (გერმანია)

საუკეთესო ფეხბურთელი – დიეგო ფორლანი. საუკეთესო მეკარე – იკერ კასილასი.საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ტომას მიულერი

წყარო: www.worldsport.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close