უილიამ შექსპირი – სონეტები (ნაწ.5)

ესეც საბოლოო ნაწყვეტები სონეტებისა

ესე იგი იმდენი ვწერე რომ შექსპირი მლოცავს ალბათ და როცა ჩემი შთამომავლობა ამას ნახავს თუ რა წვლილი შევიტანე მე ამ დარგში, მადლობას მეტყვიან იმედია და იტრაბახებენ ამით :)))) ბევრს დააინტერესა ბევრსაც არა… მაინც მადლობა თქვენ რომ მოგეწონათ და მიხარია კიდეც. ( ყველა სონეტი დავდე -154_ივე )…
დანარჩენებმაც გადაიკითხეთ, ლამაზია მართლა , ეს შექსპირია, ეს კლასიკაა, ეს ლეგენდაა , ეს სონეტებია…

101
ზარმაცო მუზავ! რატომ დგახარ დღეს განრიდებით,
რად აღარ აქებ სატრფოს ლექსით, კეთილშობილით?!
ის გვირგვინია შვენების და ჭეშმარიტების,
მისი წყალობით შენც ოდესღაც გახდი ცნობილი.
ვინ იცის იქნებ შეგაცდინეს შენმა აზრებმა:
რომ განდიდებას ვერ აკადრებ უცხო ქმნილებას,
რომ სილამაზეს არას არგებს შელამაზება
და რო სრულყოფა არ სჭირდება სრულყოფილებას.
არა! შენს სატრფო არ დასტოვო დაუდაფნავი!
ლექსის ღარადა ჩამოჰკიდე ახალ მძივებად!
რომ წინ ვერასდროს ვერ აღუდგეს მისი საფლავი,
მისი მშვენების და სიცოცხლის გახანგრძლივებას.
მაშინ დღევანდელს დროის ჟანგი ვერ მოერევა
და უკვდავებას დაიმკვიდრებს მშვენიერება.

102
მე ძლიერ მიყვარს, მაგრამ გრძნობას არ გამოვაჩენ,
რადგან ტრფიალი უნდა იყოს მუდამ ფარული,
მაშინ მიჯნურის სიყვარულით არის მოვაჭრე,
თუ ხალხს მოუთხრო თავის გრძნობა და სიყვარული.
ვარდფობისთვეში სიყვარული გვქონდა ახალი.
ახლა გრძნობები ლექსში ვეღარ სათუთდებიან,
ვარდობისთვეში ზეცას სწვდება მგოსნის ძახილი,
შემოდგომაზე ბულბულებიც დადუმდებიან.
შემოდგომაზე გულბულები ღამეს ტოვებენ.
თუმცაღა ზეცა ვარსკვლავებით ისევ კიაფობს,
ველურ მუსიკით იღლებიან ხეთა რტოები
და ბულბულს არ სურს, რომ სიმღერა გააიაფოს.
მეც ბულბულივით დამუნჯება ვრაცხე წყალობად,
რომ არასოდეს მოგაწყინოს ჩემმა გალობამ.

103
დადუმებულა ჩემი მუზა ოდეს მღელვარე,
შენს სადიდებლად სიტყვა რა აქვს ამოსარჩევი,
რადგან შიშვლიც შენი სული ისე ელვარებს,
რომ სამოსელად არ სჭირდება ლექსის ფარჩები
არ გამამტყუნო, თუკი ხოტბით აღარ გაწუხებ,
სარკეს ჩახედე და მიხვდები მაშინ რაცა ხარ,
შენი მშვენება შთაგონებას ადებს მარწუხებს,
ჩლუნგი ლექსი კი რომ შეგბედო, ყველა დამძრახავს.
სწორედ ამიტო ვმუნჯდები და ვთავაზიანობ,
რა მოვიგონო უბადრუკმა შენი საქები?!
როგორ შევცოდო, ლექსით როგორ დავაზიანო
ეგ შენი სახე ღვთაებრივად ნაქანდაკები?
ლექსმა ვერ გიქოს ეგ ნაკვთები წარუშლელები,
შენს სარკეშია ჭეშმარიტი ხოტბა მშვენების.

104
ძვირფასო, ჩემთვის შენი სახე როგორ დაჭკნება,
ისეთივე ხარ, როგორც წინათ მყავდი ნახული,
მას შემდეგ სამი სუსხიანი ზამთრის კლანჭებმა
ტყეებს წაართვეს სიამაყე სამი ზაფხულის.
სამმ ვარდობისთვეს წაეყარა ფოთლები რუხი,
სამი აპრილის სილამაზეს და სურნელებას
ცეცხლად მოედო სამ ივნისის სიცხე და ბუღი,
დაჭკნა ყოველი, არ დამჭკნარა შენი მშვენება.
როგორ ისარი საათისა, მშვენიერებაც
მიიპარება და რჩება მას ნაკვალები,
იქნება დაჭკნა ეგ სიტურფეც ნაირფერება,
მე კი, უგუნურს მატყუებენ შენი თვალები?!
ყოველი ჭკნება, რაც მშვენებით მოდის ჩვენეამდე,
მაგრამ სიტურფე მჭკნარი იყო შენს გაჩენამდე.

105
ალბათ თქვენს თვალში მე ვიქცევი მართლა წარმართებრ,
ალბათ დამწამებთ სატრფოს კერპად გამოცხადებას,
რადგან ამ ქვეყნად ბედი ჩემი ასე წარვმართე:
ერთ სახელს ვუმღერ, ერთს ვუწოდებ სალოც ხატებას.
მიჯნური ჩემი კეთილია აწ და მარადის,
არ იცლება და მერყეობა არცა შეფერის,
რადგან ცდუნება ცვლილებისა აწ და მარად დიდს,
მასზე ნამღერი ჩემი ლექსიც დარჩა ერთფერი.
ნატიფი, ქველი, გულმართალი, – ვამბობდი გუშინ,
ნატიფი, ქველი, გულმართალი, – ვიტყვი მარადჟამს,
ეს ამის სამი სიტყვა ჩამებეჭდა ანთებულ გულში,
და ლექსიც ჩემი ამ სამ მცნებას უდგას დარაჯად!
თითო სიკეთეს აღმოვუჩენთ ათას მახლობელს,
მაგრამ ვის ახსოვს სამივ მადლი ერთში სახლობდეს?!

106
მემატიანე როცა მითხრობს წარსულ ოცნებას,
როცა გარდასულ სილამაზეს ხედავს ზმანებით,
როცა ვკითხულობ, როგორ აქეს წინათ მგოსნებმა
რაინდები და ლამაზმანი ბანოვანები,
მაშინ ვრწმუნდები, წინაპარი შენ დაგეძებდა,
შენ გგულისხმობდა, როცა აქო ლალის ბაგენი,
შენი დიდების ძალამ მხოლოდ იმათ შესწვდათ,
ისინი იყვნენ მაგ მშვენების მოქანდაკენი.
მათი წინასწარმეტყველება ქვეყნად განთქმულა,
შენმა ხოტბამაც წინ აღუსწრო შენს დაბადებას.
საგალობელი შენი ღირსი მაინც არ თქმულა,
რადგან ბუნდობნად ჩანდა შოროთ შენი ხატება.
ჩვენ ბედი გვერგო, ღვთაებაო, ვიცით ვინა ხარ,
მაგრამ სტრიქონი, შენი ღირსი ვერ მოგვინახავს.

107
ვერ გეტყვი შიში, ვერც სამყაროს სული მარადი,
რაგინდ იცოდეს მომავალი დროის გზა-კვალი,
რა ხანი დარჩა ჩემს სიყვარულს კუბოს კარამდი,
როდის მომიკლავს ტრფიალებას ჟამი მზაკვარი.
მთვარემაც იცის, რომ წერაა შავი ჩრდილისა,
უკვე მისნებიც დასცინიან თავის მისნობას,
ისევ მშვიდობას უმღერს ტოტი ზეთისხილისა,
ისევ იმედით შეიცვალა დღეს უმიზნობა.
ვიცი, სიკვდილი ვერასოდეს ვერ გამაჩუმებს
არ მოაკლდება ჩემს სიყვარულს ნამის პკურება,
და უკდავებას ჩემი ლექსი შემინარჩუნებს .
უვიც ტომებს კი, ვიცი, ელით განადგურება.
როცა ტირანთა საფლავები გადივხასება,
ძეგლად დარჩება ჩემს ლექსებში შენი არსება.

108
გონებავ, ნუთუ კიდევ რამეს გამონახავდი,
რაიც არ უთქვამთ აღზევებულ ლექსის სტრიქონებს,
ამაო არის სიყვარულის ძველი ღაღადი,
რადგან შენს ქებად ახალს ვერას გამოვიგონებ.
ყველა სიძველე, მეგობარო, როდი ძველდება,
ამიტომ ლოცვად ვიმეორებ კუბოს კარამდის,
რომ უშენობა, ვით პირველ დღეს, კვლავ მიძნელდება,
რომ შენ ჩემი ხარ და მე შენი აწ და მარადის.
მარადიული სიყვარული არ იჟანგება,
არ იმტვერება აწყვეტილი დროის თარეშით,
და თუ სიბერე ააცილა ტრფობას განგებამ,
თვითონ სიბერე გახდა მისი პირისფარეში.
თუმცა ჩემი გრძნობა გარეგნულად გავდა წვალებას,
ვერ ეღირსება დრო ტრფიალის გარდაცვალებას.

109
გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო, განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდჩი შევინახე, შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის, თურმე, ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანი წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო – ისე დავეცე,
გადავივიწყო შენი სულის სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.

110
ვაგლახ, რომ მართლაც სად არა ვარ ნაწანწალები,
ხან ლაზღანდარა და მასხარა ვიყავ საწყალი,
ვფლანგე სიმდიდრე, შეძენილი დიდის წვალებით
და ძველი გრძნობა ახალ ტრფობით შევურცხვყავი.
ჭეშმარიტება არ მიყვარდა შმაგბუნებიანს,
ჭეშმარიტება არ მინდოდა ნათლად მენახა,
მაგრამ გულს ისევ სიჭაბუკე დაბრუნებია
და უკვე ვიცი, ჩემი სატრფო მხოლოდ შენა ხარ.
უკვე დასრულდა ჩემი გზები სახეტიალო,
აღარ დავეძებ ტრფიალების გაუთავებლად,
ვერას დამაკლებ ცდუნებათა მახევ, ტიალო,
რადგან ვიპოვე სიყვარულის წმინდა ღვთაება.
კარგო, შენი ვარ, შეისმინე ჩემი მუდარა,
შენი ნათალი მკერდი მინდა ნავსაყუდარად.

111
ჩემი კი არა, ბედისწერის ბრალია მხოლოდ,
ამ ცხოვრებაში სამარცხვინო რაც კი მქონია,
ვეღარ გავუგე წუთისოფელს თავი და ბოლო,
და მათხოვრობაც სათაკილო აღარ მგონია.
რადგან ვით მღებავს საღებავი, ხელზე წასმული,
ლაქად მაცხია სამარცხვინო ნამოღვაწარი,
გთხოვ, შემიცოდო შერისხული და დაღდასმული,
აღმადგენინო დანგრეული სულის ტაძარი.
მეც დაგიმტკიცებ ავადმყოფის მოწადინებას,
ვფიცავ, სიმწარე წამლებისა არ შემაშინებს,
შხამსაც მივიღებ, შენმა ნებამ თუკი ინება,
ოღონდ სენისგან განიკურნოს სული მაშინვე.
არა, არ გინდა, წამალს არ გთხოვ ძვირფას მეგობარს,
შემიბრალე და მკურნალობად ესეც მეყოფა.

112
სიკეთით სავსე შენი ტრფობა მალამოდ მექცა,
მოშუშდა სული დაშანთული ცილისწამებით,
საჩრდილობელი შენი ფრთის ქვეშ მარგუნა ზეცამ,
რაც უნდა ის თქვან, აღარაფრით არ ვეწამები.
ჩემი ცხოვრების მოსამართლე მხოლოდ შენა ხარ,
მე შენი სიტყვით ან ვიხარებ, ანდა ვიწვალებ;
სხვა კი ვერავინ გრძნობის აბჯარს ვეღარ შელახავს,
სხვები მოკვდნენ და მეც ყველასთვის გარდავიცვალე.
უკვე არც ძალმიძს აღარავის აზრის გაგება,
ისე დავიხშე ყველასათვის სმენა გველური,
გულს აღარ ხვდება აღარც ქება, აღარც ძაგება,
ყურს არ ესმის წუთისოფლის ხმები ველური.
ასე მგონია, საუკუნოდ ბედმა შეგვყარა,
ყველა დაინთქა და მე და შენ შევრჩით ქვეყანას.

113
რაც შენ დაგვტოვე, მე გონებით ვჭვრეტ ამ ქვეყანას,
თვალებს კი ბინდი გადაჰკვრიათ ოხერ-ტიალებს,
შენი დაკარგვით უბედობა შემომეყარა
ცხოვრების გზაზე უსინათლოდ მოხეტიალეს.
ფრინველებისკენ ჩემი გული აღარ ისწრაფვის,
მას აღარ სწვდება ყვავილებით სავსე ბუნება,
გონების თვალი დანავარდობს ელვის სისწრაფით,
მაგრამ არ ძალუძს დანახულის შენარჩუნება.
ყვავი თუ მტრედი, დღე და ღამე, ზღვა თუ ნაძვები,
უსინათლობას ერთ არსებად შეუკონია.
და ყველაფერში მეჩვენება შენი ღაწვები
და რასაც ვხედავ, მხოლოდ შენი სახე მგონია.
სავსე ვაარ შენით და ეს არის დიდი ქონება,
ასე მატყუებს გულმართალი ჩემი გონება.

114
ვინ იცის, იქნებ მართლა ცდება ჩემი გონება
და შეუყვარდა პირფერობა, – ბანგი მეფეთა,
ან თვალი ტყუის, შენს მშვენებას რომ ემონება,
რადგან ტრფიალით ჯადოქრობა ერგო სვე – ბედად,
მისთვის ურჩხულნი აღარ ჩანან უკვე მხეცებად,
გადაქცეულან უნატიფეს ქერუბინებად,
სიმახინჯესაც სილამაზე გადაეცემა,
თუკი თვალების ჯადოქრობამასე ინება.
თვალი პირფერობს ათას ხერხის გამოგონებით,
და გონება კი მის საწამლავს იღებს მეფურად,
თვალს არ ეშლება გემოვნება ჩემი გონების
და სიყვარულის შხამს აწოდებს უწინდებურად.
მაგრამ ამ ცოდვას არ მივიჩნევ გასაკვირველად,
რადგან საწამლავს თვითონ თვალი შესვამს პირველად.

115
თურმე ვტყუოდი ჩემი ლექსი რომ გიმღეროდა,
თითქოს და ჩემი ტრფიალება მწვერვალს ავიდა,
ისე მიყვარდი, რომ მე მართლა არა მჯეროდა,
თუ სიყვარული დასაწყები მქონდა თავიდან.
დრო, ათასგვარი შემთხვევებით დანატვირთები
შეცვლის ყველფერს, – აღთქმასა თუ მეფის ბრძანებას,
მშვენების ფერებს გადარეცხენ დროის ზვირთები,
შეესევიან ურყევ სულებს ველურ ძალებად.
და მეც მაფრთხობდა წუთისოფლის უკუღმართობა,
ვეღარ ვბედავდი მეთქვა: „ტრფობა ცამდე ავიდეს!“
მე დღევანდელი სიყვარულის ფიქრი მართობდა
და არასოდეს ვენდობოდი დილას ხვალინდელს.
თურმე ტრფიალი, როგორც ბალღი იზრდება გულში,
მე კი მოზარდი მოწიფულად ჩავთვალე გუშინ.

116
მოყვარულ გულებს შეუღლება არ ეკრძალება,
და მაინც გრძნობას არ დაარქვათ ტრფობის სახელი,
თუკი იოლად აჰყვა ყველა ფერისცვალებას,
თუკი დასჩემდა მერყეობა არგასამხელი.
რადგან ტრფიალი აღმართულა შუქურის მსგავსად,
გრიგალიც ვერ სპობს, თუმც წალეკავს ბევრჯერ დაპირდა,
აღრიალებულ სტიქიონში მოხვედრილ ნავსაც
ტრფობის ვარსკვლავი მიაცილებს მყუდრო ნაპირთან.
ტაკიმასხარად ვერ გაიხდის სიყვარულს ჟამი,
ის მხოლოდ ღაწვებს ჩამოღვენთავს დამჭკნარ ვარდებად,
ყველაფერს ცელავს ჟამთასრბოლის ყოველი წამი,
სიყვარული კი არასოდეს დასამარდება.
მაგრამ თუ ვცდები, თუ მატყუებს ჩემი ოცნება,
ვერც მიჯნურებად გავჩენილვართ, ვერცა მგოსნებად.

117
სთქვი, რომ ძუნწი ვარ სიყვარულში შენი მსახური,
ვერ დავაფასე, შენი გრძნობა რასაც მავალებს,
თუმცა ტრფიალი მე გულში მაქვს შემონახული,
მიტოვებული დამრჩა შენი ჩუმი სავანე.
სხვებთან ვლაღობ და სხვა მხარეში რას არ ვედები,
შენი მიჯნური სხვა გრძნობისკენ მივექანები,
შენგან წასული აღმა-დაღმა დავეხეტები
და ქარებს ვანდე ჩემი სულის იალქანები.
აღვირახსნილი ჩემი გული მინდა დალახვრო,
ჩემი ცოდვები შეაჩვენო, ჩემო იმედო,
წარბი შეჰკარი, ოღონდ ზიზღი არ დამანახო,
სიძულვილისთვის არასოდეს არ გამიმეტო.
გახსოვდეს, გრძნობამ მაიძულა გზიდან აცდენა
და გღალატობდი შენი გრძნობის გამოსაცდელად.

118
სანელებელსაც ხშირად ვხმარობთ გაორკეცებით
და გვიხარია, თუ სიცხარემ მადა მოგვგვარა,
თუ მოვიწამლეთ, იმავ წუთში წამალს ვეცემით,
თუმც მოწამლულებს მისი შხამი გვწამლავს ორგვარად.
„შენც მოგბეზრდაო ტრფობის სიტკბო“თითქოს ჩამესმა,
და მეც შხამს ვეძებ საკუთარი თავის ჯალათი,
უჯანმრთელესმა, უმხნევესმა, უჯანსაღესმა,
ავადმყოფობა დავიბრალე ძალისძალათი.
არ მაპატია სიყვარულმა ჩემი მზაკვრობა,
ავადმყოფობას გადამყარა მართლა საშინელს,
სხეულის მოშლაც შევიგრძენ და სულის ჩაქრობაც,
შეშინებული ნამდვილ წამლებს ვეცი მაშინვე.
მაგრამ ცხოვრებამ ერთი მწარე სიბრძნე გამანდო:
წამალიც მწამლავს, რადგან შენით მართლა ვავადობ.

119
სირინოზების შხამიანი ცრემლი შემისვამს,
გულს ჯოჯოხეთის საწამლავი ესადაგება,
შიში მიპრობდა თუ იმედი გადარჩენისა,
სადაც მოგებას მოველოდი, დამხვდა წაგება.
როს ნეტარებით ცად ავფრინდი ცოდვილ მიწიდან,
ო, რამდენ ცოდვას ჩავდიოდი დაურცხვენელი,
და თვალნი ჩემნი ბუდეთაგან გადმომიცვივდა
ჩემი ცხოვრების ამ გიჟური ციებ-ცხელებით.
ო, ბოროტებავ, სასიკეთო ძალა გქონია.
მშვენიერება მწუხარებით უფრო მშვენდება,
თურმე ტრფიალიც, დანგრეული როცა გვგონია,
მკვდრეთით აღდგება და არასდროს გადაშენდება.
მეც მწუხარებამ თუ მატარა ცოდვილ ყარიბად,
განძით ამავსო, განა მართლა გამაღარიბა.

120
დღეს მიხარია, რომ ოდესღაც ასე მაწვალე,
რომ მეც მომიხდა კაეშანის ახლოს გაცნობა,
დღეს მე ვაშავებ და ამიტომ თავს განაცვალებ, –
რადგან, ძვირფასო, არ ვიჩემებ რკინის კაცობას.
თუ დღეს ჩემს გამო შენც ჩემებრი შეგვხვდა წვალება,
თუკი ნამდვილი ჯოჯოხეთი შენც გამოცადე,
მაშინ მე უნდა ვუმადლოდე იღბალს, ცვალებადს
და გუშინ შენგან გულნატკენი, უნდა გლოცავდე.
როდესაც ჩემი ტანჯვის ღამე მომაგონდება,
ის მოგონება მინდა ისევ ცრემლმა დანამოს!
შენი ალერსით გაყუჩდება ჩემი გოდება
და მეც დაჭრილი სულისათვის მოგცემ მალამოს\
ორივ ვეწმწთ და გულს უკვე გული ენდობა,
შენც, ჩემგან უკვე შენდობილმა, მითხარ შენდობა.

121
სჯობია მართლა არამზადა იყო ნამდვილი,
ვიდრე ტყუილად არამზადას ხალხმა გადაროს.
ბედნიერებაც აღარ არის მაშინ ადვილი,
თუ ეს ცხოვრება სხვის ჭკუაზე უნდა ატარო.
რატომ შემიქეს აწყვეტილი ვნება დამნთქმელი,
სხვათა აზრები რატომ უნდა გახდნენ საჩვენო?
თვითონ ცოდვილებს ჩემს ცოდვებზე რა აქვთ სათქმელი,
ან რად ცდილობენ თეთრი შავად რომ მომაჩვენონ?!
მე იგივე ვარ და ვინც მადებს მძიმე ბრალდებას,
მხოლოდ თავს ამხელს, მე კი ვრჩები უზიანები,
სულით მდაბლების თავდასხმა კი მალიმალდება
და მსაჯულობენ თავად სულით კუზიანები.
პატივაყრილებს სურთ პატივი სხვასაც აჰყარონ
და მოგაჩვენონ ეს ქვეყანა ცოდვილთ სამყაროდ.

122
შენს საჩუქარზე გადავწყვიტე ხელის აღება
და სურათს შენსას დაგიბრუნებ თავაზიანად,
უსურათოდაც ცოცხლობს ჩემში შენი სახება,
სამარადისოდ, უკვდავების თანაზიარად.
იცოცხლებ, ვიდრე ჩემი მზეც არ ჩაესვენება,
ეს ჩემი გული დაგიდგება ამის თავდებად.
და მხოლოდ მაშინ, რის მოვკვდები, შენი ხსენებაც
არარსებობის საუფლოში დაბინავდება.
შენი ხატება გონებაში ძეგლივით დავდგი,
უსურათოდაც კარგად ვიცი ჩემთვის ვინა ხარ,
შენ ჩემში სახლობ და ამაზე უსაფრთხო ადგილს
ვერსად, ვერავინ, ვერასოდეს ვერ მოგინახავს.
გიბრუნებ სურათს, ანდა სატრფოდ რატომ გსახავდი,
შენს გახსენებას თუ სჭირდება სხვისი ნახატი?!

123
არა, დრო – ჟამო, ვერ შემიცვლი მაინც ბუნებას,
რაგინდ აშენო ცადაწვდილი პირამიდები,
მე არასოდეს გამაკვირვებს მათი ყურება,
ეგ ახლებური გარდასახვა ძველი დიდების,
რადგან მოკლეა წარმავალი წუთისოფელი,
შენ ძველმანებით მოგვაყარე თვალში ნაცარი,
თავი გვგონია ამა ქვეყნად ყოვლის მშობელი,
ჩვენად ჩავთვალეთ წარსულ დროის ნამოღვაწარიც.
მაინც ფუჭია შენი ძალა გოლიათური,
არც დღევანდელი მაოცებს და არც გუშინდელი,
აწმყოც ტყუის და შენი სიტყვაც ფოლიანტური,
ამიტომ, დროო, შენს ჭენებას არ ვუშინდები.
გინდა იცოდე ჩემი სულის ამოძახილი?
ჩემს ერთგულებას ვერ შეარყევს შენი მახვილი.

124
სამეფო კარზე არ შობილა ჩემი ტრფიალი,
ამიტომ ჟამი მის ბედ-იღბალს ვეღარ განაგებს,
ვერც ყვავილივით გაახარებს ბედისტრიალი,
ვერც სარეველა ბალახივით გააჩანაგებს.
ჩემს სიყვარულთან რა ხელი აქვს მაცდურ ბუნებას,
შემთხვევით ხომ არ გაჩენილა ტრფობის ნათელი,
არც სიღარიბე აკვირვებს და არც ფუფუნება,
ვერაფერს აკლებს ჟამთასრბოლის კორიანტელი.
ყველა მთავრობამ მის წინაშე თავი დახაროს,
სამეფოს ძალა დღეს რომ ბრწყინავს, ქრება მაშინვე,
ცალკე სიმაგრედ აღმართულა ტრფობის სამყარო,
არც მზეს თხოულობს, არც ნიაღვრის ზათქი აშინებს.
არამზადებო, ალბათ, თქვენც კი დამერწმუნებით,
ვინაც სიცოცხლე გაატარეთ ცოდვა-ცდუნებით.

125
ბალდახინების მოყვარული სულაც არა ვარ,
გარეგან პატივს ვერ მივიჩნევ ღირსად პატივის,
უკვდავებისთვის ოსტატურად არ ვყრი ბალავარს, –
ის უკვდავებაც მოკვდავია თვით ოსტატივით.
გაკოტრებულა განდიდებისს ყველა მსურველი,
არ შერგებია ნეტარება დაფნის მაძებარს,
დამტკბარ წუმპეზე ვინც გაცვალა მიწის სურნელი,
ის უძვირფასეს ატლასებსაც დაფლეთს ზაზებად.
მე კი შენს გულში დამაყენე მორჩილ მსახურად,
არ იცოტავო ჩემი მცირე შემონაწირი,
ალალი გულით სიყვარულის ფრთებს მოგახურავ,
რომ მუდამ დარჩე განუყოფლად ჩემი ნაწილი.
განვედ მაცდურო! თუმც არვის აქვს ძალა შენდენი,
სულს ამბოხებულს გალიაში ვეღარ შედენი!

126
ჩემო ბიჭუნავ, ჯერ შენი გზა კიდევ ვრცელია.
მაგრამ საათი რომ გიჭირავს, ყველას ცელია.
დროს წესად აქვს ჩვენი ჭკნობით შენი გაფურჩქვნა,
დრო ერთდროულად გვახარებს და გვიგდებს აბუჩად.
დრო სპობს ყველაფერს, მაგრამ ახლა ცდილობს ბუნება
შენი განვლილი დროის უკან შემობრუნებას.
ბუნებას უნდა თავის კვალი დროს დაამჩნიოს,
წინ აღუდგეს და დაბერებას გადაგარჩინოს.
თუმცა სიკეთის მეტი მისგან არა გინახავს,
მაინც უფრთხილდი, სამუდამოდ ვერ შეგინახავს.
დაგვიანებით, მაგრამ მოვა, როგორც სახადი,
და გადუხდელი არ დაგრჩება გადასახადი.

127
წინათ შავგვრემანს მშვენიერი არსად არ ერქვა,
არვინ ეტრფოდა, რაც ბუნებამ შავად დაქარგა,
ახლა საღდება მარგალიტად ჩვენში მდარე ქვა,
და სილამაზემ წინანდელი ფასი დაკარგა.
აღარ აცდიან დღეს ბუნებას დიდოსტატობას,
ფერუმარილით სიმახინჯე ყველამ დაფარა,
თავის საყდარი სილამაზემ თვითონ დასტოვა,
და უცხო მხარეს გადიხვეწა მიუსაფარად.
სატრფოს შავ თვალებს მეც შევცქერი დღეს გატაცებით,
ფერი გლოვისა ალამაზებს თვალებს უცოდველს,
ალბათ იმიტომ მოუხურავს შავი ძაძები,
რომ სიმახინჯეს მშვენება და ეშხი უწოდეს.
მაგრამ ძაძები ისე შვენით სატრფოს შავ თვალებს,
რომ შავი ფერი სილამაზის ფერად ჩათვალეს.

128
თავად მუსიკავ, როგორ გვატკბობ მუსიკის დაკვრით,
ალბათ დალოცა ეს საკრავი თვითონ განგებამ,
როს კლავიშებზე მაგ თითების ნიავი დაჰქრის,
მაშინ სიმებიც ირხევიან ნეტარ ჰანგებად.
შენ დაგიკოცნეს კლავიშებმა თლილი თითები
და ბაგეს ჩემსას შავი შურის ალი ედება:
შენი ამბორის მონატრული, ეჭვით ვინთები,
როდესაც ვუმზერ ხის ნაჭრების გათავხედებას.
მეც კლავიშებად გარდასახვის ჟინი მაბოდებს,
არსება ჩემი რომ ბედნიერ საკრავს ვადარო,
მინდა გემგვანო მოხტუნავე, გამხმარ ნაფოტებს,
რომ ეგ თითები ტანზე ჟრჟოლად გადამატარო.
მაგრამ რადგანაც ხელზე კოცნით სხვანი სცოდავენ,
მე, უბედური, შენს ბაგესაც არ ვიცოტავებ!

129
ვნება ავხორცი იწვევს გრძნობის გამოხუნებას,
ის ურცხვად ფლანგავს და ამჭლევებს სულის დიდებას,
რადგანაც ასე მზაკვრულია მისი ბუნება,
ალბათ ველური არც მკვლელობას დაერიდება.
როდესაც ვნება დაცხრება და დაიღვენთება,
სტოვებს ზიზღიან მოგონებას, როგორც სამდურავს,
მერე კი ისევ სულში იწყებს ალის შენთებას,
როგორც ანკესი მოგდებული მუხანათურად.
აღზევებული გონგადასულს დაედარება,
დადევნებული მსხვერპლზე ჟინით დაუფარავით,
ასე ყოფილა ვნების ხვედრი – ჯერ ნეტარება,
მერე კი ფუჭი ოცნებები სავსე ვარამით.
ხომ კარგად იცნობს კაცთა მოდგმა ვნების ბუნებას,
რაღატომ მისდევს ჯოჯოხეთში ციურ ცთუნებას.

130
ჩემს სატრფოს თვალებს არ გამოჰყვა სხივი მნათობის
და მის ბაგესაც წითელ მარჯანს ვერ შევადარებ,
არც გულმკერდი აქვს თოვლისფერად გადანათოვი
და მავთულივით გაშეშებულ ნაწნავს ატარებს.
ბევრჯერ მინახავს ალისფერი და თეთრი ვარდი,
სატრფოს ღაწვები სულ სხვაგვარად შეუფერიათ,
მე ისიც ვიცი, მისი მკერდის სურნელის გარდა,
უფრო ნეტარი სურნელება ქვეყნად ბევრია.
ტკბილი ჩანგი, მე კი სატრფოს სმენა მწადია,
მისი ბაასი სიმის ხმაზე მეტად ვიწამე.
არსად მინახავს, ქალღმერთები როგორ დადიან,
ჩემი სატრფო კი, ვიცი დადის დედამიწაზე.
ვიცი და მაინც ძვირფას განძად გულით ვატარებ
და უსამართლოდ ვეღარავის ვერ შევადარებ.

131
ასე მზაკვრები ნეტავ რად ხარ ლამაზმანები,
მშვენიერებამ ასე რატომ გაგაგულისათ,
მტანჯავ, რადგანაც იცი, მუდამ შენ მეზმანები,
რადგანაც შენ ხარ საგანძური ჩემი გულისა.
თუმც ბევრი ფიქრობს, არ გეკუთვნის ტრფობა ამხელა,
შენი აუგი ხშირად მესმის, ხალხში როცა ვარ,
სხვებთან ვერ ვბედავ შესიტყვებით გრძნობის გამხელას,
გულში კი მხოლოდ შენი ხატი მაქვს სალოცავად.
შენდამი ტრფობას მე ტყუილად როდი ვანაზებ,
ტყუილად როდი მესიზმრება თმა გიშრიანი,
ვიცი, ერთია ნეტარება ამ ქვეყანაზე:
შავგვრემან ქალის შავი თმების შმაგი შრიალი.
თმების სიშავით, ნეტავ, ვის რა დაშავებია,
მაგრამ, ვაგლახ, რომ თმასთან გულიც გაგშავებია.

132
მიყვარს, როდესაც მიბრალებენ შენი თვალები,
მაშინ ვმშვიდდები თანაგრძნობით პატივნაცემი,
რადგანაც შენს გულს არასოდეს არ ვებრალები,
მიტომ ჩაიცვეს მაგ თვალებმა შავი ძაძები.
ისე არასდროს არ ეცვლება ცასაც იერი,
როცა მნათობი აფერადებს ცას მოკრძალებით,
ისე არასდროს არ მშვენდება დასალიერი
მწუხრის ვარსკვლავის დიდებული ამობრძანებით,
როგორც შენ სახე დაგიმშვენეს ჩემზედ მოზარე,
შავმა თვალებმა – ჩემი ბედის ჭირისუფლებმა.
შავი თუ გშვენის, დაე, გულსაც ძაძა მოსავდეს,
შენს გულცივ გულსაც მიეც ჩემზე გლოვის უფლება
მაშინ თამამად შემეძლება, ჩემო ხატებავ,
მშვენების ფერად, შავი ფერის გამოცხადება.

133
წყეულიმც იყოს ამა ქვეყნად შენი გაჩენა,
გულიც მომიკვდა, ამერია შენით გონებაც,
მაგრამ ტრფიალმა მარტო მე კი არ შემაჩვენა,
ჩემი ძვირფასი მეგობარიც შენ გემონება.
საკუთარ თავთან ვერ ვპოულობ უკვე მსგავსებას,
ჩემს მეგობარსაც გული შენით გასწამებია,
ისიც დავკარგე; შენც დაგკარგე, ჩემი არსებაც,
სამჯერ დავობლდი, კაეშანიც გამსამებია.
გულში ჩამკეტე, ტყვე ვიქნები შენი მარადჟამს,
ოღონდ მეგობარს დავუდგები შენთან თავდებად,
თუ სამუდამოდ დამაყენებ მასთან დარაჯად,
ჩემი წამება მხოლოდ მაშინ თუ გათავდება.
თუმცა რასა გთხოვ შენმა გულმა დამაპატიმრა
და აღარასდროს გამომილევ, ალბათ, სატირალს.

134
უკვე საჯაროდ ვაღიარე, რომ ის შენია
და მეც ვარჩიე გირაოში შენთან დარჩენა,
მინდა მევახშეს შემოგწირო რაც დამრჩენია –
ჩემი იმედის და მეგობრის გადასარჩენად.
მაგრამ ტყვეობა მეგობრისა აღარ თავდება,
არც შენ ელევი და გაქცევა თავადაც არ სურს,
როგორც მევალეს ის დამიდგა შენთან თავდებად
და სათნოს სული სამუდამოდ მოგანდო ავ სულს.
შენი ტყვეობა რადგან მართლა მშვენიერია,
მოძმე წამართვი და დაარქვი მასაც მძევალი.
ორივ ჩვენგანის უბედობა შენმიერია,
შენ მომისაჯე სიმარტოვე და საწყევარი.
იგი ჩემს ვალსაც გადაიხდია ადრე თუ გვიან
და მაინც, ვიცი, სამუდამოდ შენი ტყვე მქვია.

135
თუმც არ აკლია შენს სურვილებს სიმრავლე ფერთა,
არ დაგავიწყდეს მეც „სურვილი“ მქვია სახელად,
ამიტომ გირჩევ შენს უთვალავ სურვილთან ერთად,
აღარასოდეს მოგერიდოს ჩემი გამხელა.
თუმც მიაღწიე შენი ნების ნამდვილ დიდებას,
მას ჩემს პატარა ნებასთანც ვეღარ ათავსებ!
მოწყალებას გთხოვ და ამ თხოვნის არ მერიდება,
რადგანაც ვხედავ გული შენი წყალობს ათასებს.
ზღვაც ხომ შეჰხარის სულ პატარა საწვიმარ ღრუბელს;
წვიმა წვეთია, მაგრამ მაინც ზღვას ემატება,
მეც გადამიხსენ შენს სურვილთა დიადი უბე,
ვით ზღვამან წვიმა – შემიკედლოს შენმა ხატებამ.
აღარ მიხედო აღარც მტერს და აღარც მოყვარეს,
ყველა სურვილი, შენეული, ჩემზედ მოჰყარე.

136
ჩემს სიახლოვეს სული შენი თუკი გიკრძალავს,
უთხარ უგუნურს, რომ „სურვილად“ მიცნობს ქვეყანა,
ისიც უთხარი, რომ სურვილი ჰქვია იმ ძალას,
ეს ჩემი გული შენს სანატრელ გულს რომ შეჰყარა.
მეც „სურვილი“ ვარ, სხვა სურვილებს მინდა ვემგვანო, –
ერთი კუნჭული მევ დამითმე შენს სასახლეში,
გამიხსენ შენი სურვილეთი უკიდეგანო, –
რომ ვერც ძველებში გამარჩიონ და ვერც ახლებში.
სხვათა ფერხულში მეც უჩინრად მინდა ვიარო,
მსურს, შემივრდომო და დაღუპვას გადამარჩინო,
არარა მერქვას, ოღონდ შენად მეც მაღიარო,
გავუჩინარდე, ოღონდ შენთვის დავრჩე საჩინო.
და შემიყვარებ მაშინ გრძნობით შეულახველით,
რადგან, ძვირფასო, „სურვილს“ ნიშნავს ჩემი სახელიც.

137
ბრმა სიყვარულო, რად წამართვი სინათლე თვალთა,
თუმც ვიყურები, აღარ ძალუძთ ხილვა ამ თვალებს,
მშვენიერებას ხომ ყოველთვის ვხედავდი ნათლად,
მაშ, სიმახინჯე სილამაზედ რატომ ჩავთვალე?!
მზერამ თვალები მოისყიდა უკუღმართები,
ყველასთვის ღია მოუძებნა ნავსაყუდარი,
თვალთა სიცრუემ გამოჭედა რკინის ხლართები,
ჩემი გულისთქმის საბორკავი და სახუთარი.
ადგილი, სადაც ყველა ბრიყვი დაბოდიალობს,
გულმა ნაკრძალად შეძლო მისი გამოცხადება,
თქვენ ამას ხედავთ, მაგრამ ცდილობთ, თვალნო ტიალნო,
ამ გონჯი სახის გასაღებას ნამდვილ ხატებად.
ჩემთვის სიცრუე გადაიქცა ამ ბილწ მორევად,
და აღარც გულის, აღარც თვალის ძალმიძმს მორევა!.

138
როდესაც სატრფო მიმტკიცებს ფიცით,
ვიცი, რომ ტყუის, მაგრამ მაინც ვუჯერებ სატრფოს,
მინდა იფიქროს, – ამ ცხოვრების მე არა ვიცი
და როგორც ჭაბუკს, ყოველივე მხიბლავს და მათრობს.
მერე კი მჯერა, რომ მას სჯერა, ბავშვი ვარ წმინდა,
თუმც კარგად იცის – სიყმაწვილე გადაჰყვა წარსულს,
მეც ჩემი სატრფოს სიცრუისა მჯეროდეს მინდა,
ვტყუით ორივე და სიმართლის გამხელა არ გვსურს.
სიმართლე ვიცით, მაშ სიცრუე რად ვათარეშეთ,
სინამდვილისგან რად გვიხდება ურცხვად გაპარვა?
არ არის ტრფობა მოჩვენებით ნდობის გარეშე,
სიბერემ იცის სიყვარულში წლების დაფარვა.
ასე ტყუილმა გაგვიხადა ორივ მონებად,
რადგან ამ ტყუილს მოაქვს მხოლოდ სიამოვნება.

139
ვერ გავამართლებ ვერასოდეს მე შენს საქციელს:
ჩემი ღალატი შენმა გულმა რადგან ინება,
მაგრამ თაღლითო, მე სამასხროდ რატომ მაქციე,
მაგ გამოხედვას მირჩევნია ლანძღვა-გინება.
სჯობს, რომ ვიფიქრო: შენმა გრძნობამ დღეს ამოხეთქა,
დღეს უკვე მივხვდი, სიყვარულო, შენთვის ვინა ვარ,
და რადგან იცი მე ვერ ვუძლებ შენს გამოხედვას,
მზერას მარიდებ, სხვას იმეტებ გასაგმირავად!
სთქვი, რომ სხვა გიყვარს და მისთვის გაქვს გულის სამხილი,
თვალს ნუ მარიდებ, თითქოს მართლა ვეღარ მიცანი,
უმაგისოდაც ხომ კარგად ჭრის შენი მახვილი,
მე შენგან თავი ხომ ისედაც ვერ დავიცავი.
უმაგთვალებოდ ყოფნას გული მაინც ვერ იტანს,
მზერით მომკალი, დამიხსენი სატანჯველიდან.

140
დაუნდობელო, ცოტა სიბრძნეც მონახე შენში,
იცოდე ჩემი მოთმინების ძალი მოცვდება,
შენი ჩემდამი სიძულვილი ჭკუიდან შემშლის
და არვინ უწყის გულდაკოდილს რა წამოსცდება.
თუმც არ გიყვარვარ, სიყვარულის მითხარი ფიცი,
შენი ტყუილიც ტრფიალების დარად მჭირდება.
კარგმა ექიმმა მომაკვდავის დანდობა იცის
და სარეცელთან სალაღობო დღეებს პირდება.
და თუკი მართლა შევიშლები, ვეღარ დავცხრები,
აღარ შემრცხვება შენი ლანძღვა, შენი დასმენა,
ამ ზნედაცემულ ქვეყნის თვალში გაილანძღები,
რადგან მზადაა ავი ყური ავის სასმენად.
მაგრამ თუ გინდა გაპატიო მაინც ეგ ქცევა,
თუმც არ გიყვარვარ, თვალი სხვისკენ ნუ გაგექცევა.

141
არ დააბრალო თვალთა ჩემთა გრძნობა ამხელა,
ვით შეგიყვარონ შემხედვარეთ ამდენ ნაკლისა,
შენ გულმა ჩემმა თავის სატრფოდ დაგასახელა,
თვალმა კი არა, მხოლოდ გულმა მოგისაკლისა.
მე ვერ დავთვერი ვერასოდეს შენი სურნელით,
არც შენს საუბარს დაუტკბია სმენა აროდეს,
შენთან ლაღობის ვიქნებოდი, ალბათ, მსურველი,
შენი შეხება ან ალერსი რომ მიხაროდეს.
მაგრამ ამაოდ დაშვრა გრძნობა, – ხუთივე ერთად,
ვეღარ მოთოკეს გული, შენგან განაბრიყვები,
სულელი გული კვლავ ჯიუტად გაცხადებს ღმერთად,
და ნაკაცარი შენს ბრძანებებს მონად მივყვები.
ისღა მამშვიდებს, – თუ ეს გული შენს წინ თავს ხრიდა,
ტანჯვაც მარგუნა ჩემი ცოდვის გამოსასყიდად.

142
ცოდვად ისა მაქვს, რომ შენს ტრფობას გულით ვატარებ,
სიკეთედ ია გაქვს, მე რომ გძულვარ დაუფარავად,
ჩემს გულს ცოდვიანს თუ საკუთარ გულს შეადარებ,
მაშინ მიხვდები, სიძულვილის ღირსი არა ვარ.
ვიცი, სხვებისგან გაკილვას ვერ გადავურჩები,
მაგრამ მე შენგან რა სინდისით გავიკიცხები?!
ვერ მაგინებენ ალისფერი შენი ტუჩები,
როცა თვითონაც ავხორცობენ თავდავიწყებით.
ნება მომეცი, რომ შენდამო ტრფობა მარადვჰყო,
თუ საკუთაარ თავს ნებას აძლევ სხვები გიყვარდეს,
გთხოვ შემიბრალო, გულისათვის გულს ხომ არა გთხოვ,
ეს სიყვარული შებრალებით გადამიხადე.
თუ სიბრალულით შენი გულის არ აღიცსება,
შენც შებრალება არასოდეს არ გეღირსება.

143
ვის არ უნახავს, კრუხს რომ დასდევს დიასახლისი,
გარბის ქათამი, ვერ ეწევა მისი მდევარი,
მტირალი შვილი მიუგდია იქვე სახლის წინ
და ბავშვზე უკვე აღარ ფიქრობს დაუდევარი.
დედის კვალდაკვალ ბიჭუკელაც მიხტუნავს მარდად,
გაჰკივის ბავშვი თვალზე ცრემლებშეუშრობელი,
მაგრამ უეცრად გაქცეული ფრთოსანის გარდა,
უკვე ვერაფერს ვეღარ ხედავს მისი მშოველი.
შენც ოცნებები გიტაცებენ უცხო ფრთოსნებად,
მე კი დამტოვე დატვირთული მუდამ დარდებით,
ძვირფასო ჩემო, თუ მიაღწე ნეტარ ოცნებას,
დამიბრუნდი და მოფერებას ნუ დამზარდები.
შენი ოცნების ახდენისთვის მეც ვარ მლოცველი
მჯერა, რომ მერე მიპატრონებ დარდით მოცელილს.

144
ორი არსება თუკი მიყვარს, რომელი დავთმო,
ჩემდა ბედად თუ ჩემდა ჭირად მათ დავემონე,
ჩემი ძმასავით მეგობარი – ყმაწვილი სათნო,
თუ ჩემი ავი ქალბატონი – შავი დემონებრ.
ჩემს სავალალოდ ქალს იმდენი უთვალთმაქცნია,
რომ განუყრელი ჩემი მოძმე ჩუმად წამართვა,
ალბათ დემონად ანგელოსი უცბად აქცია
და კიდეც შესძლო მისი ბედის ავად წარმართვა.
ვინ იცის იქნებ ვერც გახადა ნამდვილ ავსულად,
ვერ აზიარა ცთუნებებით ქცევას უკადრისს,
მაგრამ რადგანაც მზეჭაბუკი მართლა უქადის.
სიმართეს მეტყვის ამ ღალატის ჩუმად ჩამდენი,
ჯოჯოხეთიდან ქალბატონი როცა განდევნის.

145
სატრფომ, ვისთვისაც დავდივარ ხელი,
მკაცრად შემხედა ნესტოთ ბერვითა,
ბაგემ, ნაძერწმა ტრფიალის ხელით
უცებ დასძინა: „მართლა ვერ ვიტან!“
მაგრამ მყის იგრძნო კეთილშობილმა,
რომ ვერ შევიძლებ ამის ატანას.
ბაგენი მისი არცა შობილან
ამ განაჩენის გამოსატანად.
ბაგემ ახალი სიტყვაც მაჩუქა
და ჩემს სიყვარულს აღარ ვემდური,
თითქოს მზის სხივმა გამოაშუქა
და ღამეც გაქრა ჯოჯოხეთური.
სატრფომ სიცოცხლე ისევ აღმითქვა –
მითხრა: „ვერ ვიტან! თქვენზე არ მითქვამს!“

146
სულო საბრალოვ, ცოდვილ სხეულს როგორ გაგყარაო,
ავხორცულ ძალებს შემოსეულს ვერ გადარეკავ?!
დანაცრებულა შინაგანი შენი სამყარო,
შენ კი ამკობ და ალამაზებ კედლებს გარეგანს.
სხეული შენი დროებითი საცხოვრისია,
ნუ გენაღვლება, თუ დარჩება დაუდაფნავი,
სხეული არ ღირს ამდენ მოვლად, რადგან სხვისია,
მხოლოდ ჭიებს თუ გაალაღებს შენი საფლავი.
გალაღდი, სულო, ღვთაებრივი სხივით იდიდე,
და მიწიერი დაიმონე შენი დიდებით,
შენი იქნება წუთისოფლის მთელი სიმდიდრე,
თუკი გარეგან სამკაულს არ გაეკიდები.
სამარადისო ძალა აღარ შემოგაკლდება
და თვით სიკვდილიც მაშინ ხელში შემომაკვდება.

147
ციებ-ცხელება აიტეხა ჩემმა ტრფიალმა;
რითაც ავადობს იმავ შხამის არის მსურველი,
მოუმარჯვია საწამლავით სავსე ფიალა
და სამუდამოდ რჩება ასე განუკურნებელი.
ჩემს ტრფიალებას მკურნალობდა გონება საღი,
მაგრამ რა ვუყო, განკურნება თუკი არ მინდა,
საბედისწეროდ რადგან ავყევ ვნებების ძახილს,
გაწყრა ექიმი და უკვალოდ სადღაც წარვიდა.
უკურნებელი სენით დავეჩი ნაიარები,
სულმა ნამდვილი სიგიჟე და შფოთი იწვნია,
გონარეული შეშლილივით დავიარები
და ჭეშმარიტი სინამდვილე ვერ შემიცვნია.
თუმც შენი მზერა ნათელ სხივთა კონა მგონია,
შენს სიშავესთან ჯოჯოხეთიც მონაგონია.

148
იქნებ ეს თვალნი სიყალბისთვის შობა განგებამ,,
და მხოლოდ ტყუილს მაზიარებს მათი თანხლება.
იქნებ გონებას სინამდვილის არ სურს გაგება,
თვალით დანახულს არასდროს რომ არ ეთანხმება?!
თვალს რომ იტაცებს, თუკი მართლა არის მშვენება,
ეს სილამაზე რად არ ესმით შეურაცხადებას?!
მაგრამ სიგონჯე სინატიფედ თუ მეჩვენება,
მაშინ სიყვარულს, მართლა, ბეცად გამოვაცხადებ!
ტრფობამ დამივსო უძილობით თვალთა უპენი,
რაღა იხილოს თვალმა ცრემლით დანაბინდებმა?!
მზეც კი ბრმავდება, როს საავდრო ფარავს ღრუბელი
და შუქჩამქრალი ელოდება გაამინდებას.
მაცდურ სიყვარულს ცრემლიანი უნდა მატაროს,
რომ მოჩვენება სინამდვილეს ვერ შევადარო.

149
ო, ულმობელო, გულცივობა როგორ დამწამე,
შენთვის გავბედე საკუთარი გულის ღალატი,
ის არ ვიკმარე სატანჯველად, შენ რომ მაწამებ,
და შენთვის გავხდი საკუთარი თავის ჯალათი.
განა შენს მტრებთან ვარ ნაზი და ამაგიანი,
განა მეგობრად მივიჩნიე შენი მოძულე?
განა საკუთარ თავს არ ვუხდი სამაგიეროს,
როს წარბებს შევკრავ, მრისხანების ცეცხლით მოცულებს?
მე ერთი გრძნობაც არ დავტოვე შენაცოდები,
თუ შენი სულის გაღმერთებას ვერ შეეთვისა,
ამ უდაბნოში ხატად დამაქვს შენი ცოდვები
და მორჩილი ვარ შენი ერთი გამოხედვისა.
მაგრამ ყოფილხარ თვალხილულთა ტრფობით გართული,
მე კი თვალები სიყვარულით მაქვს დაშანთული.

150
მითხარი, მაინც ვინ შთაგბერა ძალა ამხელა,
ნუთუ ნაკლოვანს ჩემს მბრძანებლად უნდა გრაცხავდე,
შენი წყალობით სინამდვილის მიჭირს გამხელა,
და დღის ნათელი უკუნ ღამედ გამოვაცხადე.
სიკეთედ როგორ მომაჩვენე შენი სიავე,
შემომატყუე სიმახინჯე ნამდვილ მშვენებად.
ეჭვი ყოველი ასე როგორ გამინიავე,
ცოდვები შენი ღირსებებად რომ მეჩვენება.
შენით მონუსხულს სიყვარულის ძალი მერევა,
ზიზღის ღირსი ხარ, მაგრამ მაინც ვერ შეგიძულე,
თუ შენ დამლოცავ, სხვა არ მინდა ბედნიერება,
და არ ვინაღვლებ, ამ სიყვარულს სხვა რომ მიწუნებს.
მე თუ უღირსი შეგიყვარე დაუფარავად,
ამ ღირსებისთვის ტრფობის ღირსი ნუთუ არა ვარ?!

151
ტრფობა ნორჩია, სინდისი არ მოეთხოვება,
თუმცა სინდისი ქვეყნად ტრფობას გაუჩენია,
შენც არ გაკილო ცოდვიანი ჩემი ცხოვრება,
თუკი არ გინდა, კიდევ ერთხელ ავნო შენიანს.
შენმა ღალატმა ყველაფერი წმინდა წარხოცა,
სხეულის ჟინით შემიცვალა თრთოლვა სულისა,
შენმა ღალატმა საბოლოოდ გამაავხორცა,
სულმა სხეული საბოლოოდ გააგულისა.
შენს ხსენებაზე აღზევდება ჩემი არსება,
და იამაყებს, შენ რომ ასე მოგინადირა,
ხან აღსდება და ხანაც მონას დაემსგავსება,
ძირს დაემხობა და შეგჩივლებს თავის სატირალს.
უსინდისობად ნუ ჩამითვლი, თუ გთხოვ თანხმობას,
თუ შენთვის აღმდგარს, შენს წინაშე მინდა დამხობა.

152
მე სიყვარულში ცოდვილი ვაარ, გამოგიტყდები,
მაგრამ შენ თვითონ ხომ ორკეცი ცოდვით ეწვალე:
ქმარს უღალატე, როს მე მითხარ ფიცის სიტყვები,
და მერე ჩემი სიყვარულიც ზიზღით შეცვალე.
ვიცი და მაინც სამდურავი ვეღარ გითხარი:
ფიცის გატეხის ცოდვა მადევს თავად ოცამდე:
შეცოდებაა, დარჩე ჩემგან განუკითხავი,
შეცოდებაა, მოღალატეს მევე გლოცავდე.
გამოგაცხადე მთელი ქვეყნის წმინდა საუნჯედ,
ვადიდე შენი სინაზე და შენი სიკეთე,
მე სიყვარულით შენს ცოდვებზე თვალი დავხუჭე
და სიმართლისკენ გზა ყოველი გარდავიკეტე.
ამდენ სიცრუეს როგორ ვბედავ, ნეტავ ვიცოდე,
ასე უყიფრად მშვენიერი როგორ გიწოდე.

153
მარად ანთებულ ჩირაღდანთან სძინავს კუბიდონს
და შეხეთ, ნიმფამ გადაწყვიტა ერთი მზაკვრობა:
სურს, რომ ჩირაღდანს ცეცხლის ძალა გამოუფიტოს
და ყინულოვან ღელის წყალში ცდის მის ჩაქრობას.
უზენაესი სიყვარულის ცეცხლი რა იქნა?
წყალს გადაედო რაც ჩირაღდანს ძალა ებადა,
უბრალო ღელე სამკურნალო წყლად გადაიქმნა,
გამკურნებელად ათასნაირ სნეულებათა.
ღმერთმა ის ცეცხლი კვლავ აანთო სატფოს თვალთაგან,
მკერდზე მომადო ჩირაღდანი ალის ნაკადით,
მეც სიყვარულის შემოტევამ მყისვე გამთანგა
და ჯავრიანი სამკურნალო წყლისკენ გავქანდი.
შველა ვერ ვპოვე, ახლა უკვე იმ აზრს ცადგივარ,
მხოლოდ მიჯნური თუ მომირჩენს მძიმე სატკივარს.

154
თურმე ხანდახან კუპიდონსაც ძილი უნდება:
მიწვა დათავის ჩირაღდანი იქვე მიაგდო,
ცეცხლი მოსტაცეს ფერიათა თეთრმა გუნდებმა,
და არვინ უთხრა – ჩირაღდანი ნიმფებს მიაქვთო.
რომ კაცთა მოდგმას დაავიწყდეს ძველი განცდანი,
რომ ადამიანს ტრფობამ სული ვერ დაუბინდოს,
რომ მიჯნურობით არ ეწამონ ძენი კაცთანი,
ნიმფამ მოსტაცა სიყვარულის ცეცხლი კუბიდონს.
აგერ, გამოჩნდა ცივი წყარო ნიმფას წინარე
და მანაც წყალში გადააგდო ალი წყეული.
ჩამქრალ ჩირაღდნით უცებ გათბა თვითონ მდინარე,
ავადმყოფთათვის სამკურნალო წყლებად ქცეული.
მეც სააქიმოდ მოველ, მაგრამ უკვე ვიცი მე:
ტრფობა რომ ათბობს, იმ წყლით ტრფობას ვერ გავიცივებ!

P.S_ მე უნდა ვთქვა “სონეტები მაქვს გადაწერილიო თავიდან ბოლომდეო” … :))))))))))))))))))))))))


ავტორი: Wooden Monkey

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

  • Guest

    დიდი მადლობა, მაგრამ თუ შეიძლება გვითხარით, ვისი თარგმანია?

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC