საკითხავისასარგებლო

ნოდარ დუმბაძის ხსოვნას…

ჩემთვის უსაყვარლესი კაცის და დიდი ქართველი გენიოსის ნოდარ დუმბაძის გახსენებას…

ამ კაცმა მე კითხვა შემაყვარა, ძალიან ბევრი შემაგნებინა და დიდი ცოდნაც მომცა ბევრ რამეზე…

ის არის ერთადერთი მწერალი, რომლის ნაწარმოებების კითხვისასაც მე ხან სიცილით ვკვდებოდი და 1-2 გვერდის შემდეგ ბავშვივით ვქვითინებდი…

ღმერთმა ნათელში ამყოფოს და წყალობა არ მოაკლოს მის ნათელ სულს!!!

ნოდარ დუმბაძე (ამონარიდები)

* * *
„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“

„მარადისობის კანონი“

* * *

„კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს…“

„მარადისობის კანონი“

* * *

„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით…
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ… ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…“

„მარადისობის კანონი“

* * *

„ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს – მზე უყვარს… როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით…“

„ნუ გეშინია, დედა!“

* * *

„დათვის ღელის გაყოლებით იწვა უზარმაზარი ჭალა, მიწის ორთქლითა და ოდის საკვამურებიდან ამოსული თეთრი, ქათქათა კვამლით სუნთქავდა, ჭალას სისხლის დედო-ძარღვივით მისდევდა სუფსა და ქვევით მიჰქონდა ამ ვეებერთელა მიწაზე დაღვრილი ოფლი და ცრემლი, რომელიც ყოველი მხრიდან უერთდებოდა მას, გროვდებოდა ერთ დიდ მდინარედ, რწყავდა ამ უსასრულო ქვეყანას, ალბობდა ამ მკერდგადმობრუნებულ ნიადაგს, მერე მიდიოდა ისევ ქვევით, ქვევით, და გაუთავებელი სიცოცხლის ნაკადად შედიოდა ზღვაში. ვუცქერდი ჩვენი სოფლის გორაკზე მიწებებული ერთი მტკაველა ნაკაფიდან, – რომელიც უზარმაზარ კედლებში ჩატანებულ ვიწრო ფარჯარას გავდა, ამ დაუსრულებენ სიცოცხლეს, და ვხედავდი, რომ ეს ცოცხალი მიწა ჩემს გასახედზე არ თავდებოდა, რომ იგი იმის იქით ისევ იწყებოდა, მერე ისევ, მერე ისევ და ასე დაუსრულებლად, მე ვხედავდი მზეს, რომელიც ოქროს ჯიღასავით ადგა ამ ქვეყანას და ვხვდებოდი, რომ არავის სისხლი არ ეყოფოდა, ძალა არ ეყოფოდა, სიცოცხლე არ ეყოფოდა, რომ ეს მიწა, ზღვა და მდინარე დაელია“.

„მე ვხედავ მზეს“

* * *

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

„მზიანი ღამე“

* * *

„მზის ჩასვლას სამი თითის დადება აკლდა. მერე მზე ოდნავ შეეხო ზღვას და შორეული ჰორიზონტიდან ნაპირამდე ოქროს მოციმციმე ბილიკი გაწვა. მინდოდა, წამოვმხტარიყავი, გამერბინა ამ ბილიკზე, მერბინა ჩქარა, ჩქარა, მიმესწრო და ვიდრე ჩავიდოდა, ხელით შევხებოდი მზეს. ისე მომინდა, ისე, რომ ფეხზევ წამოვდექი. გურამი იჯდა დაფიქრებული და მზეს გასცქეროდა. მზე უკვე შუამდე იყო ჩასული ზღვაში, ბილიკი დავიწროვდა, გამუქდა, შეიკრა და ახლა ბაგირივით იყო გაჭიმული ნაპირიდან მზემდე. გურამი უცებ წამოხტა და გიჟივით გაიქცა ბულვარისაკენ. მე გაოცებულმა გავაყოლე თვალი. იგი გარბოდა დიდი ნაბიჯებით, ქვიშაში ეფლობოდა, ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა და ასე გავარდა პლაჟიდან. მერე უცებ ისევ მოვარდა გიჟივით, ნაპირთან მიირბინა და მზის ბილიკთან უზარმაზარი ლურჯი გორტენზია დადო. მერე მომიბრუნდა და ჩემს გვერდით დაჯდა აქოშინებული.

– მზეს ყვავილი მივართვი! – მითხრა მან და ბედნიერი ღიმილით გამიღიმა. მე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე. თან შემშურდა, დიდი შურით, ნამდვილი შურით, რომ ეს მე ვერ მოვიფიქრე. მზეს წვერიღა უჩანდა და სხივი ახლა ცის დასალიერიდან გამოწვდილ ოქროს ხელს ჰგავდა, რომლის მტევანზე უზარმაზარი ლურჯი გორტენზია ესვენა. მზე ჩავიდა. ბინდში გაქრა ბილიკი და ყვავილიც.

– ნახე, გურამ, მზემ ყვავილი წაიღო! – ვუთხარი მე. გურამმა ისევ გაიღიმა. მზემ წაიღო ყვავილი.

„მზიანი ღამე“

* * *

ფუნიკულიორიდან ღამის თბილისი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, და ისე ჰგავს, რომ გეგონებათ ზეცა დაბლა ჩამოვიდა, გულაღმა ამოტრიალდა და თქვენ ზევიდან დასცქერით. ყველა ნაცნობი ვარსკვლავი და თანავარსკვლავედი აქ არის, თქვენს ქვემოთ, დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედები, სასწორ-სამართალი, მარეხი, ირმის ნატხომივით დაღვრილი მსუბუქი ნისლი. შორს, უამრავი მოწყვეტილი ვარსკვლავივით გაელვებული და ჩამქრალი მანქანის ფარები. ფუნიკულიორი კოსმოსში მოცურავე დედამიწას ჰგავს. რადგან დაბლაც ზეცაა, მაღლაც და ყველგან, ყოველი მხრიდან ზეცაა: უსაზღვრო, უნაპირო, დაუსაბამო, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და კიდევ მეტი, თქვენ თვითონა ხართ დედამიწა, პატარა დედამიწა, ცოცხალი, მსუნთქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, დაკარგული და გზადაბნეული თქვენი ბადალი, ყველა თქვენი ტკივილისა და სიხარულის ბადალი, ცოცხალი მიწის მაძიებელი, ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში.

„მზიანი ღამე“

* * *

„უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

„თეთრი ბაირაღები“

თეგები
Close
Close