არქივი

ზანგი აფხაზები და შავი მონათვაჭრობა საქართველოში ნაწ. I

bc4da82a105e

XIX საუკუნის II ნახევარში, როდესაც რუსეთის იმპერატორის საგანგებო ბრძანებით აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა და კავკასიის მეფისნაცვლის ემისრებმა შერვაშიძეთა მთელი ქონება აღწერეს, ცნობილი გახდა, რომ მდ. კოდორის შესართავთან – აძვიბჟასა და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელში ცხოვრობდნენ შავკანიანი აფხაზები, რომლებიც მთავრის სხვა ქვეშევრდომებისაგან მხოლოდ კანის ფერითღა განირჩეოდნენ. აძვიბჟელი შავკანიანების ანუ “არაფების” (“არაფ” აფხაზურად “ზანგს” ნიშნავს) მშობლიური ენა აფხაზური იყო. ზოგიერთმა მათგანმა კი მეგრულიც იცოდა. რაც შეეხება ტანსაცმელს, “არაფებიც” სწორედ ისევე იმოსებოდნენ, როგორც “თეთრი” აფხაზები. როგორც წესი, შავკანიანები შერვაშიძეთა გლეხებად მიიჩნეოდნენ და სხვათა შორის, ისეთივე უფლება-მოვალეობები ჰქონდათ, როგორიც თეთრკანიანებს.

“არაფების” შესახებ პირველი ინფორმაცია რუსულ პრესაში 1913 წელს გამოჩნდა. ეთნგორაფმა ევგენი მარკოვმა გაზეთში “კავკაზი” აფხაზეთში შავკანიანთა თემის თაობაზე საკმაოდ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა: “ჩემი ყურადღება მიიპყრო კავკასიისთვის უჩვეულო, ტროპიკულმა ლანდშაფტმა და ციტრუსების პლანტაციების ახლოს მდგარმა, ისლით გადახურულმა ქოხებმა… სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა შავკანიანი იყო, მაგრამ აფხაზურად ეცვა და მეტყველებდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ზანგები აფხაზეთში მხოლოდ შემთხვევითი ელემენტია”.

აძვბიჯელი მცხოვრები შავკანიანებით საბჭოთა სპეცსამსახურები დაინტერესდნენ და როგორც წესი, ყველაფერი საქართველოს საზიანოდ გააყალბეს – “არაფები” კოლხების შთამომავლებად გამოაცხადეს, არგუმენტად კი ჰეროდოტეს ის ლეგენდარული ცნობა მოიშველიეს, რომელშიც “ისტორიის მამა” კოლხთა და ეგვიპტელთა ნათესაობის შესახებ საუბრობს. 1927 წელს ამ საკითხით დაინტერესებული ცნობილი პროლეტარი მწერალი მაქსიმ გორკი სპეციალურად ჩავიდა აფხაზეთში და აძვიბჟა მოინახულა, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც “ამტკიცებდა”, რომ ნამდვილი კოლხები შავკანიანები იყვნენ და ქართველებთან არაფერი ჰქონდათ საერთო, თანამედროვე აფხაზები კი ამ შავკანიან კოლხთა და თეთრკანიან ქართველთა შერევით წარმოიშვნენ.

გორკის ამ წერილის შინაარსი იმდენად იდიოტური იყო, რომ კრემლის მესვეურებმა გორკის მსგავსი “გამოკლვევები” აუკრძალეს, თუმცა აძვიბჟელი შავკანიანების “კოლხური წარმომავლობის” ჰიპოტეზა სხვა, გორკიზე უფრო კომპეტენტურმა პირებმა განავითარეს: თვით აფხაზური მწერლობის მამამ, დიმიტრი გულიამ თავის წიგნში “აფხაზეთის ისტორია”, აძვიბჟაში მოსახლე “არაფები” ეთიოპიიდან მოსული კოლხების შთამომავლებად მიიჩნია. საინტერესოა, რომ დიმიტრი გულიას აზრით, აფხაზეთის სახელი “აფსნი” ეთიოპიის ძველი სახელწოდებიდან (“აბისინია”) მომდინარეობს. შესაბამისად, შავკანიანი კოლხები აფზახეთში თეთრკანიან ურარტუელებს თუ ხეთებს შეერივნენ და ამგვარად წარმოიშვნენ აფხაზებიც. ცხადია, გულიას ეს თეორიაც ისტორიული სინამდვილისგან საკმაოდ შორს იყო.

“ღრმად პატივცემულო ნიკიტა სერგეევიჩ! მიუხედავად თქვენი დაკავებულობისა, მაინც გთხოვთ, წაიკითხოთ ჩემი წინამდებარე წერილი აფზახეთის ზანგებზე… აფზახეთში შავკანიანები კომპაქტურად სახლობენ სოფ. აძვიბჟაში და ცნობილია, რომ მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს თავის ამალაში რამდენიმე აძვიბჟელი ზანგიც ჰყავდა,” – ასე იწყება წერილი, რომელიც ნიკიტა ხრუშჩოვს ადმირალმა ივან ისაკოვმა გასული საუკუნის 50-იან წლებში, გრიფით – “სრულიად საიდუმლოდ” – გაუგზავნა. ხსენებულ წერილში ისაკოვი წერდა, რომ შუა საუკუნეებში აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთი მონათვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო და აქედან მონები არათუ გაყჰავდათ, არამედ შემოჰყავდათ კიდეც. სხვათა შორის, “კაგებემ” “არაფების” შესახებ ყველა ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ გაასაიდუმლოვა. კრემლში არ სურდათ, რომ საბჭოთა კავშირის ისტორიაში შავნკანიანი მონებით ვაჭრობის ფაქტები ფართოდ ცნობილი ყოფილიყო.

აქედან გამომდინარე, გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან “შავი” აძვიბჟელების დიდი ნაწილი აფხაზეთიდან უკვალოდ გაქრა. საფიქრებელია, რომ ისინი სადმე ციმბირში გადაასახლეს; გადასახლებას ვერავინ გადაურჩა, თუმცაღა მათი ხსოვნა ხალხში შემორჩა. აფზახური წარმოშობის ცნობილ რუს მწერალს, ფაზილ კანდერს მოთხრობაში – “სანდრო ჩეგემიდან” – ერთ-ერთ გმირად გამოყვანილი ჰყავს აძვიბჟელი ზანგი, რომელიც ამაყობს, რომ აფზახია. მოკლედ, საბჭოთა კავშირის ისტორიაში საკმაოდ ბევრი თეთრი ლაქაა და მათ შორის ერთ-ერთი – “შავ აფხაზებს” შეეხება. აშკარაა, რომ ეს ხალხი აქ შუა საუკუნეებში წარმოქმნილი მანკიერი მოვლენის – მონათვაჭრობის შედეგად მოხვდნენ, ხოლო XX საუკუნეში კი საბჭოთა რეჟიმის ხუშტურებს ემსხვერპლა. საინტერესოა ისიც, რომ დღესდღეობით ცნიბილ ქართულ ისტორიულ წყაროებში “შავი აფხაზების” შესახებ ინფორმაცია არც კი გვხვდება.

შავნკანიანი მონებით ვაჭრობის ფართოდ გავრცელება, როგორც ცნობილია “დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების” ეპოქას მოჰყვა და მასში ჩათრეული აღმოჩნდა იმდროინდელი მსოფლიოს ყველა წამყვანი სახელმწიფო. მათ შორის – ოსმალეთის იმპერიაც. ოსმალეთში ამ საქმეს კურირებდნენ არაბი მონათვაჭრები, რომლებსაც მონები ძირითადად სუდანიდან და ეთიოპიიდან შემოჰყავდათ. შუა საუკუნეების ბევრ ოსმალურ წყაროში პირდაპირ წერია, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მონათა ბაზრები თითქმის ყველა დიდ ნავსადგურთან არსებობდა და იქ სავაჭროდ სოვდაგრები შორეული ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიოდნენ. ასევე, მეტად ფასეულია ვენეციურ ქრონიკებში ფაცული ცნობები იმის თაობაზე, რომ სწორედ მდ. კოდორის შესართავთან მდებარე ნავსადგურში, რომელსაც ვენეციურ დიალექტზე “კავი დე ბუზო” ანუ “ბზის კონცხი” ეწოდებოდა, მონათვაჭრობა “ორმხრივი” იყო. იქ ყიდნნენ როგორც ადგილობრივ თეთრკანიანებს, ისე აფრიკიდან ჩამოყვანილ ზანგებსაც.

bff3351106ee

b50c0439282a

სოფ. აძვიბჟაში მცხოვრები “შავკანიანი აფზახების” ოჯახი; ფოტო პავლე კოვალევსკის წიგნიდან “კავკასიის ხალხები”, 1914 წ.

გაგრძელება იქნება…

წყარო: ჟურნალი “გზა”

მსგავსი ამბები

Back to top button