პერუში მდებარე ეს ქალაქი ოქროს მომპოვებელთა ბანაკს წარმოადგენდა, შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდა და დღეს ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 50 000 კაცს შეადგენს. ანდების მთებში მდებარე ეს ქალაქი ზღვის დონიდან 5100 მეტრზე მდებარეობს , რის გამოც რინკონადა მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქად მიიჩნევა.
რინკონადას ეკონომიკა მთლიანად ოქროს საბადოზეა დამოკიდებული, ვინაიდან იქ ათასობით ადამიანია დასაქმებული. ამ ქალაქში უამრავი ადამიანი დასახლდა საბადოში სამუშაოს პოვნისა და მომავლის უზრუნველყოფის მიზნით. Corporación Ananea არის ოქროს საბადოს მფლობელი კომპანია, რომელსაც ანაზღაურების უნიკალური მეთოდი აქვს შემუშავებული. ადამიანები მთელი თვე, 30 დღე მუშაობენ ანაზღაურების გარეშე, ხოლო 31-ე დღეს აქვთ უფლება საბადოდან გაიტანონ იმდენი მადანი, რამდენსაც მოახერხებენ. რინკონადას მოსახლეობა ამის გამო ყოველდღიურად იზრდება, ბოლო წლის განმავლობაში ზრდა 230%-ს შეადგენს.
მიუხედავად 50 000-იანი მოსახლეობისა, ქალაქში ცხოვრების პირობები ვერანაირ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ქალაქი თვითნებურად გაიზარდა, სწორედ ამის გამო მისი დაგეგმვა არასდროს მომხდარა. რინკონადაში არ არსებობს ისეთი ინფრასტრუქტურა რაც ყველა ნორმალურ ქალაქს ახასიათებს, როგორიცაა: კანალიზაცია, წყალსადენი, გათბობის სისტემები და ასე შემდეგ. პრობლემას ქმნის ასევე ის ფაქტიც რომ რეალურად ქალაქი მყინვარზეა გაშენებული.
ქალაქამდე მიღწევა მხოლოდ ჯიპებით და სხვა მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი. ცუდი გზა კი დამატებით პრობლემებს ქმნის.