არქივი

აბსენტი

3590f01c6bb3

მრავალი პოსტი დევს აბსენტის შესახებ, სადაც ის უარყოფითად არის დახასიათებული…

აბსენტი ზურმუხტისფერ-მწვანე ფერის მცენარეული ლიქიორია. იგი ერთ-ერთ იდუმალ სასმელად არის მიჩნეული. ვან გოგის დროინდელ პარიზულ ბოჰემას ძალიან უყვარდა აბსენტი. მას ხოტბას ასხამდნენ გი დე მონასპანი, ედგარ დეგა, ოსკარ უაილდი, პაბლო პიკასო, ვან გოგი და სხვანი. აბსენტს მწვანე ფერია შეარქვეს. მიაჩნდათ, რომ იგი ხელოვანს მესამე თვალს უხსნიდა, შემოქმედებით პროცესებს ააქტიურებდა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში აბსენტი აკრძალეს, რადგან მიაჩნდათ, რომ იგი დაავადება აბსენტიზმს იწვევდა. მის ქრონიკულ მსმელებს ჰალუცინაციები, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება და გაუწონასწორებული ქცევა ჰქონდათ. აბსენტის თაყვანისმცემლები ირწმუნებიან, რომ მის აკრძალვაში მნიშვნელოვანი წვილილი შეიტანეს ღვინის მწარმოებელთა ინტრიგებმა. ამ სასმელს დღეს საფრანგეთში აღარ წარმოებენ. მის ძირითად მწარმოებლებს შორის არიან ჩეხეთის რეპუბლიკა, ესპანეთი, პორტუგალია და ანდორა.

აბსენტში ძირითადი აბზინდის ექსტრაქტია, მასში კამის, ანისულის, ბარამბოსა და სხვათა ექსტრაქტებიც შედის. ამ მცენარეების ეთერზეთების შესანარჩუნებლად ხსნადი სახით 70-75%_იანი სპირტია საჭირო. დამახასიათებელ მომწარო გემოს სასმელს ნივთიერება ტუიონი აძლევს. ეს ნივთიერება, აბზინდის გარდა, ტუაში, ასფურცელასა და სალბშიცაა. სწორედ ტუიონს მიაწერდნენ გამაბრუებელ თვისებებს.

669e51a6aa31

ისე როგორც სხვა ალკოჰოლური სასმელები, აბსენტიც თავიდან წამალი იყო. ძველმა ეგვიპტელებმა მისი სამკურნალო თვისებები კარგად იცოდნენ, ჰიპოკრატე იმ პაციენტებს უნიშნავდა, ვისაც სიყვითლე, რევმატიზმი და ტკივილები ჰქონდა. რომაელი პლინიუს უმცროსის ცნობით, I საუკუნეში ეტლებით რბოლისას გამარჯვებულებს აბზინდის ფოთლების ნაყენს აძლევდნენ, რათა არ დაევიწყებინათ, რომ სახელი და დიდება შეიძლება მწარეც იყოს. თვითონ პლინიუსი აბსენტს ახალგაზრდობის ელექსირს ეძახდა. მის სახელწოდება ზოგი ბერძნულ “სბსინტიონ”_ს უკავშირებს, რაც “არ ისმევას” ნიშნავს, შესაძლოა მწარე გემოს გამო, ზოგი კი აბზინდის ფრანგულ სახელწოდება – აბსინტეს. შუასაუკუნეების ინგლიში ძალზე პოპულარული იყო ცხელი ლუდი აბზინდით, მას პარლის ეძახდნენ. ზემოჩამოთვლილი სასმელები აბსენტის წინაპრები იყვნენ.

თანამედროვე რეცეპტი XVIII საუკუნეში გამოჩნდა. მას რამდენიმე ისტორიას უკავშირებდნენ. ერთ-ერთის მიხედვით, ეს სასმელი პირველად შვეიცარიაში მცხოვრებმა მადამ ენრიომ დაამზადა. ნაყენით ფრანგი ექიმი პიერ ორდინერი დაინტერესდა. 1792 წელს იგი აბზინდის ნაყენს თავის პაციენტებს უნიშნავდა. მეორე ვერსიით კი, ნაყენის ავტორი თვით ექიმი იყო. მან ცხენით სეირნობისას ველური აბზინდა აღმოაჩინა და ექსპერიმენტები დაიწყო. ნაყენის რეცეპტი მაიორ დიუბიეს ხელში მოხვდა. ამ უკანასკნელმა ვაჟთან და სიძესთან ერთად პირველი საწარმო გახსნა და წამალი პოპულარულ სასმელად აქცია. მან კიდევ ერთი რეცეპტი შექმნა, სადაც აბზინდა ანისულით შეცვალა. ამ სასმელს დღეს პერნოს ეძახიან. აბსენტს განსაკუთრებულ ფერს ქლოროფორმის დამატებით აძლევდნენ. იგი შვეიცარიელებსაც მოეწონათ და ფრანგებსაც.

აბსენტის სუფთა სახით დალება არც ისე სასიამოვნოა, ამიტომ მისი სმა რიტუალადაა ქცეული. მას წყლითა და შაქრით სვამენ. აბსენტს ჭიქაში ასხამენ, შაქარს კი სპეციალურ გახვრეტილ კოვზზე ან ჩანგალზე ათავსებენ, მასზე თხელი ჭავლით წყალს ასხამენ. წყალი შაქარს ხსნის, ეთერზეთები კი სასმელს ამღვრევს. მიაჩნიათ, რომ ტუიონის მოქმედებას ტკბილი წყალი აზლიერებს. ეს კლასიკური ფრანგული რეცეპტია.

აბსენტის მომზადების მეორე წესი იგივეა, ოღონდ შაქრის რიტუალის გარეშე, ფორთოხლის ან ანანასის წვენითა და ყინულით.

მესამე წესი ცოტა სახიფათოა – შაქრის ნატეხს თავდაპირველად აბსენტში ასველებენ და მას ცეცხლს უკიდებენ. როდესაც ჭიქაში სასურველი რაოდენობის შაქრის წვეთები ჩავარდება, მას გაყინულ წყალს ასხამენ. ამ წესით შედარებით ნაზი გემოს მქონე სასმელი მიიღება. მისი დამზადებისას, თუ უსაფრთხოების წესებს არ დაიცავთ, შეიძლება ხანძარიც გაჩნდეს. აბსენტის სასმელს არაფერს უმატებენ და ძალზე გაცივებულს მიირთმევენ.

აბსენტი იმ ტიპის სასმელებს მიეკუთვნება, რომლებიც საჭმლის მონელების სისტემას ააქტიურებს. მას სადილის შემდეგ მიირთმევენ. ისე კი, თუ სუფრაზე ბევრი კერძია, შუალედებშიც სვამენ. რაც შეეხება ტუიონს, თავის დროზე მას შხამად მიიჩნევდნენ. ირწმუნებოდნენ, რომ ამ ნივთიერებით მოწამვლა ვეგეტატური ნერვული სისტემის აგზნებას, კრუნჩხვებსა და გონების დაკარგვას იწვევს. დღევანდელი მწარომებლების აზრით, ეს ნივთიერება სრულიად უვნებელია. მთავარი ზომიერების დაცვაა.

ჟურნალ “სარკეს” მიხედვით.

 

Mozika

Nothing interesting

მსგავსი ამბები

Back to top button