არქივი

რუსთაველის თეატრი

163e466b1645

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი. თეატრი რომელსაც პატარა ისტორია ნადვილად არ აქვს… ინტერნეტში ვეძებდი ამის შესახებ ინფორმაციებს და მივაგენი რაღაც-რაღაცეებს და მინდა რომ თქვენთვისაც გახდეს ცნობილი ,თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი … და სადაც მისვლა მე პირადად ძალიან მსიამოვნებს…

თეატრის შენობის პროექტის ავტორები არიან საგუბერნიო ინჟინერი კორნელი ტატიშჩევი და თბილისის საქალაქო არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩი. მშენებლობა ,,ისაი პიტოევისა და ამხანაგობის” სავაჭრო სახლმა ითავა. თეატრის საძირკველი 1898 წლის 18 ნოემბერს გაიჭრა. 1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი ,,ივერია” იუწყებოდა: ,,6 თებერვალს, ნაშუადღევს 2 საათზე აკურთხეს გოლოვინის პროსპექტზედ ახლად აგებული დიდი შენობა ტფილისის საარტისტო საზოგადოებისა”. შიმკევიჩმა და ტატიშჩევმა გამოიყენეს გვიანდელი ბაროკოს ფორმები და მოტივები, როკოკოს სტილის ორნამენტიკა. თავდაპირველად შენობას მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონდა და თეატრალური საზოგადოების საკლუბო ნაგებობას წარმოადგენდა. პირველ სართულზე განთავსებული იყო მაყურებელთა ხოლო მეორეზე _ სააღლუმო (საკონცერტო) დარბაზი და საკლუბო სათავსოები. სარდაფი რესტორან ,,ანონას” ეკავა, რომელიც მოგვიანებით, 20-იან წლებში ,,ცისფერყანწელთა” კაფე-რესტორან ,,ქიმერიონად” გადაკეთდა. ,,ცისფერყანწელთა” თხოვნით კედლების მოხატვა თეატრის გამოჩენილმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა დაიწყო, მასთან ერთად მუშაობდნენ ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანევიჩი და ზიგმუნდ (ზიგა) ვალიშევსკი, მოგვიანებით მათ მოსე და ირაკლი თოიძეები შეუერთდნენ. მხატვრობა გასული საუკუნის საბჭოთა პერიოდში ვანდალურად განადგურდა, გადაიღება. სამწუხაროდ, ფრესკების აღდგენა ნაწილობრივ მოხერხდა.

52d7a86c7084

1949 წლის 9 ივნისს ხანძარმა თეატრის შენობა გაანადგურა, გადარჩა მხოლოდ რუსთაველის პროსპექტზე გამოსული ფასადი. ფოტოების მიხედვით შენობა ერთ წელიწადში აღადგინეს.
დროთა განმავლობაში გადაუდებელი გახდა შენობის კომპლექსური რეკონსტრუქცია (1982-87 წლები). სარესტავრაციო საქმეს სათავეში ჩაუდგა არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი. თეატრის ფასადმა პირვანდელი სახე დაიბრუნა. მხატვარ-რესტავრატორ ამირან გოგლიძის ხელმძღვანელობით აღდგა ,,ქიმერიონის” ფრესკები.
ამჟამად თეატრს აქვს სამი უახლესი აპარატურით აღჭურვილი დარბაზი: დიდი (786 ადგილი), მცირე (263 ადგილი) და ექსპერიმენტული (182 ადგილი), ასევე კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დიდი ,,სამეჯლისო დარბაზი”, ,,მცირე ფოიე” და ,,პატარა სასტუმრო ოთახი”.
თეატრში მოქმედებს მუზეუმი, რომლის საცავებში საინტერესო მასალები და ექსპონატებია დაცული.
თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქცია საბოლოოდ დასრულდა 2002-2005 წლებში.

e7426f9f13bd

მუზეუმი:

რუსთაველის თეატრის მუზეუმი ოფიციალურად 1932 წელს შეიქმნა . მისი პირველი გამგე და სულისჩამდგმელი თეატრის მსახიობი ია ქანთარია იყო. იგი წლების განმავლობაში აგროვებდა და ინახავდა იმ ისტორიულ მასალას, რომლის საფუძველზე შეიქმნა და შეივსო მუზეუმის ფონდები.
მუზეუმის ცხოვრება არასდროს ყოფილა მშვიდი, ქვეყნის ყველა ისტორიული მოვლენა მის არსებობაზე აისახა. მუზეუმს განადგურების საშიშროება გასული საუკუნის 30-იან წლებში დაემუქრა, სანდრო ახმეტელისა და მისი ,,ფაშისტური ჯგუფის” დაპატიმრების შემდეგ თეატრში გამოცხადდა შინსახკომის წარმომადგენელი, რომელმაც მოითხოვა ახმეტელთან და მსახიობებთან დაკავშირებული მასალის ფონდებიდან ამოღება და განადგურება. ბატონებმა პაპუნა წერეთელმა და ესტატე ბერიაშვილმა მომავალ თაობებს სიცოცხლის რისკის ფასად შემოუნახეს უნიკალური ისტორიული საგანძური, თეატრის ეზოში ძველი გაზეთებისა და უსარგებლო ქაღალდების კოცონი გააჩაღეს და მეორე დღეს “სამუზეუმო მასალის განადგურების აქტი” მთავრობის წარმომადგენელს ჩააბარეს. ბატონმა ესტატე ბერიაშვილმა თითოეული ფურცელი მალულად შინ გადაიტანა, 20 წელი რუდუნებით მოუარა და 1956 წელს მუზეუმს დაუბრუნა. მუზეუმმა ფუნქციონირება შეწყვიტა 1941-45 წლებში II მსოფლიო ომის დროს. კეთილშობილმა ადამიანებმა მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური 1949 წლის ხანძარსაც გამოსტაცეს. მუზეუმი 90-იანი წლების თბილისის ომსაც გადაურჩა.

მუზეუმში მოქმედებს:

ხელნაწერთა განყოფილება (8 ათასი ერთეული) – (აკაკი წერეთლის უნიკალური ხელნაწერი პიესისა ,,გელა”, სარეპეტიციო ჩანაწერები ს. ახმეტელის სპექტაკლებისა ,,ლამარა”, ,,ანზორი”, ,,თეთნულდი” და სხვა).
ფოტო-ფონო განყოფილება – (35 ათასი ერთეული)

d0744f1189a7

სახვითი განყოფილება (3 ათასი ერთეული) – (ლ. გუდიაშვილის, ე. ახვლედიანის, ი. გამრეკელის, ს. ქობულაძის, ს. ვირსალაძის, მ. მალაზონიას, გ. ალექსი-მესხიშვილის, სამეულის, მ. შველიძის, თ. ნინუასა და სხვათა ესკიზები).

e5bb2c968782

სარეკლამო განყოფილება – აფიშები და პროგრამები გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან.
ბიბლიოთეკა (4 ათასი ერთეული, მათ შორის – რარიტეტები რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე).
მემორიალური ნივთები – (ალ. ახმეტელისა და თ. წულუკიძის და სხვათა)

464ef05faea9

საცნობარო განყოფილება – კატალოგი (რეპერტუარი, გასტროლები, მსახიობთა დატვირთვა, მხატვრები და რეჟისორები)
მუზეუმის ბაზაზე მოეწყო გამოფენები, დაიწერა სამეცნიერო ნაშრომები, გამოიცა რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომები და წიგნები. მუზეუმის საცავებში დაცული ფონდები დღემდე მზარდია.

7ec6f717ce30

შოთა რუსთაველის სახელი “ქართული დრამის თეატრს” ოფიციალურად 1921 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა, მაგრამ რუსთაველის თეატრის ისტორია იწყება იმ დღიდან, როცა ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა რუსეთის იმპერიის ანტიქართული პოლიტიკით 1856 წელს დახურული ქართული პროფესიული თეატრის აღდგენა გადაწყვიტეს. სწორედ მათი თაოსნობით შეიქმნა დრამატული კომიტეტი, ჩამოყალიბდა დრამატული საზოგადოება.

1879 5 სექტემბერი – თეატრის დაარსების დღე.

პირველი სეზონი გაიხსნა ბარბალე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვპოვე”.

ამავე წელს დაიდგა რ. ერისთავის ”ვოდევილი” რეჟ.: გ. თუმანიშვილი.

1883 წლის 16 თებერვალი – ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა შექსპირის “მეფე ლირი”, რეჟ.: ი. ჭავჭავაძე, ივ. მაჩაბელი, მ. ბებუთაშვილი

1925 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა უ. შექსპირიის ,,ჰამლეტი”, რომლის პრემიერა შედგა 12 ნოემბერს

3b36c5954efa

1966 წელი , რუსთაველის თეატრში დაიდგა მ. ელიოზიშვილის ,,ბებერი მეზურნეები”

დამდგმელი რეჟისორი: ა. ჩხარტიშვილი… /პრემიერა შედგა 1966 წლის 16 ივლისს

f1e3f5559d21

1975 წელი. სცენაზე დაიდგა ბ. ბრეჰტის “კავკასიური ცარცის წრე”

მთარგმნელები: ძმები ჯორჯანელები

დამდგმელი რეჟისორი: რ. სტურუა

მხატვარი: გ. მესხიშვილი

კომპოზიტორი: გ. ყანჩელი

ქორეოგრაფი: ი. ზარეცკი

5c532c35fd77

a20f4906fbe3

პრემიერა შედგა სექტემბერში

სპექტაკლმა მიიღო სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია

1987 წელს რობერტ სტურუამ რუსთაველი თეატრის სცენაზე გამოიტანა უილიამ შექსპირის “მეფე ლირი”, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა სპეკტაკლს

01727e9a8cc9

a6c9866dee6c

18273b7981f3

ასე გაგრძელდება დიდი ხანი ეხლა მე რომ არ შევწყვიტო ამ პოსტის წერა… ჰოდა დღესაც შეგიძლიათ ესტუმროთ ამ თეატრს და იხილოთ სპეკტაკლები, გარწმუნებთ არ ინანებთ…

7fa64de2d93b

მსგავსი ამბები

Back to top button