ადამიანის სხეულის სიმბოლიკა (თავი,თავის ქალა)

მას შემდეგ, რაც ადამიანმა საკუთარი თავისა და სამყაროს მრავალფეროვნება შეიცნო, გაუჩნდა სურვილი, ყველაფრისთვის სიმბოლური მნიშვნელობა მიენიჭებინა. ამ სისტემაში, სხვა დანარჩენთან ერთად, რა თქმა უნდა, თავისი სხეულიც ჩართო და მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამის შესახებ, კერძოდ – თავისა და თავის ქალის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ვისაუბრებ.

თავს მრავალი ტომი სხეულის ყველაზე წმინდა ნაწილად თვლიდა, რაც უკავშირდებოდა რწმენას, რომ ადამიანის სული სწორედ მის თავშია და არა გულში. ჩავურთავ ჩემს მოსაზრებას და ვიტყვი, რომ ეს რწმენა არ უნდა იყოს მცდარი. გავიხსენოთ, სამედიცინო თვალსაზრისით, სიკვდილი დგება მაშინ, როცა ტვინი წყვეტს სიცოცხლეს. ვფიქრობ, ეს ის წამია, როცა სული ეყრება სხეულს. შესაძლოა, ტვინი მივიჩნიოთ სულის მატერიალურ სამყოფელად (თავად სული კი ის უნიკალური ფენომენი მგონია, რასაც ეწოდება აზროვნება). თუმცა, ამაზე არ შევჩერდები და განვაგრძობ სიმბოლიკაზე საუბარს. ასეთი რწმენის გამო, უმეტეს შემთხვევაში, გარეშე პირთაგან, თავზე შეხება დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა.

1. მაორის ტომის ბელადი

მაორის ტომის ბელადის თავი იმდენად საკრალურად ითვლებოდა, რომ თუ შემთხვევით თავადვე შეეხებოდა საკუთარ თავს, სასწრაფოდ, უკან შეისუნთქავდა ხელზე “გადმოსულ მადლს”. ანტიკურ სამყაროში თავი აღიქმებოდა, როგორც სამყაროს სიმბოლო. ეს მოსაზრება შუასაუკუნოვანმა აზროვნებამ განაზოგადა და წელსზემოთ ნაწილები ზეციურ, ღვთიურ საწყისს, ხოლო წელსქვემოთ ნაწილები ეშმაკისეულს მიაკუთვნა. თავი, როგორც დანარჩენი სხეულის მმართველი და განმკარგულებელი, საზოგადოდ, მართვის სიმბოლოდ გადაიქცა და ეს, რა თქმა უნდა, თითქმის ყველა ენობრივ სისტემაში აისახა – “თავკაცი”, “მეთაური” და სხვ.

2. რაულ ჰაუსმანი. “ჩვენი დროის სული”. 1919-1920 წწ.

3. ბრინჯაოს თავი. ბენინის სამეფო. ნიგერია. მე-16 ს-ის დასაწყისი.

დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა თავის ქალამ, რომელიც სიკვდილის ემბლემატურ გამოსახულებად იქცა. თუმცა, ამ სიმბოლოს სხვა, უფრო ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს და ცხოვრების ამაოების იდეას განასახიერებს. ამ დატვირთვით ის ხშირად, ხელოვნებასა და ლიტერატურაშიც გამოიყენება. გავიხსენოთ, თუნდაც შექსპირის “ჰამლეტი”, რომელშიც ვხვდებით თავად ჰამლეტს, თავის ქალით ხელში. იგივე სიმბოლიკა აქვს მას ფერწერულ ტილოებზეც. ქრისტიანულ რელიგიაში, ქალა წმინდანების ცხოვრებისეული ამაოებიდან განდგომას ნიშნავს. იგივე იდეური დატვირთვა აქვს სისხლიან თავის ქალას ინდუისტურ კულტურაში. ძალიან ხშირად შეხვდებით მარია მაგდალინელის გამოსახულებას თავის ქალით ხელში, რასაც რა თქმა უნდა, იგივე დატვირთვა აქვს, რაც ზემოთ ვთქვი. მან ხომ მიატოვა ყველაფერი და თავი ქრისტიანობას მიუძღვნა.

4. სამწუხაროდ, ამ სკულპტურაზე არ მაქვს ინფორმაცია.

5. ჟორჟ დე ლატური. “მარია მაგდალინელის მონანიება”. 1635-1637 წწ.


ავტორი:


© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE