საკითხავისაქართველოსურათები

მტირალას ნაციონალური პარკი


საქართველოში, ისევე როგორც მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში, ბუნების ტერიტორიალურ დაცვას ხანგრძლივი ისტორია აქვს. საუკუნეთა განმავლობაში ადამიანები ბუნებრივ ტერიტორიებს ძირითადად რელიგიური წარმოდგენებიდან გამომდინარე იცავდნენ. საქართველოს მთაში არსებობდა ე.წ. `ხატის ტყეები~, მეფეთა და ფეოდალთა სამონადირეო სავარგულები და საეკლესიო ტყეები, სადაც იკრძალებოდა ხის ჭრა და დიდად ზრუნავდნენ ნადირ-ფრინველთა მოსაშენებლად. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ტიპიურ ნაკრძალებს წარმოადგენდნენ.
XVII საუკუნეში, ვახტანგ VI “კანონთა კრებული” მოიხსენებს ყორულის ტერიტორიას, როგორც დაცვის ობიექტს – იქ აკრძალული იყო ხეების მოჭრა და სეირნობა, ტერიტორიას კი მცველები იცავდნენ.

მეცნიერულ მიღწევებზე დაყრდნობით დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება საქართველოში XX საუკუნის ათიანი წლეებიდან დაიწყო, როცა ქვეყანა რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა და კვლავ ევროპულ კულტურულ არეალში მოექცა. ამ, ახალი ეტაპის დაწყების მაუწყებელი იყო 1912 წელს კავკასიაში პირველი-ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსება.
პირველი დაცული ტერიტორიები აჭარაში – კინტრიშისა და ცისკარას სახელმწიფო ნაკრძალები-1959 წელს შეიქმნა. 1961 წელს, საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით ცისკარას ნაკრძალი რატომღაც გაუქმდა.
აჭარაში, მწვანე კონცხის ფერდობზე საბჭოთა პერიოდამდეც არსებობდა უძველესი დროიდან შემორჩენილი, ხელუხლებელი, ულამაზესი კოლხური ტყის კორომი.

1912 წლის 3 ნოემბერს ცნობილმა გეოგრაფმა, პროფესორმა ა.კრასნოვმა ამ ტერიტორიაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი დააარსა. შეიძლება ითქვას, რომ ბუნების ეს საოცრება პრაქტიკულად მტირალას ეროვნული პარკის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. მსოფლიოში სახელგანთქმული ბათუმის ბოტანიკური ბაღის ეს მონაკვეთი თამამად შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად დაცული ტერიტორიების, კონკრეტულად კი ახლადშექმნილი მტირალას ეროვნული პარკის წინამორბედად აჭარაში.
მტირალას ეროვნული პარკი 2006 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა. არ არის შემთხვევითი, რომ პარკის მშენებლობა აჭარა-იმერეთის ქედის რელიქტური კოლხური ტყით დაფარულ ნაწილში, ნოტიო კლიმატის ყველაზე მეტად გამოხატული ზემოქმედების არეში დაიგეგმა და მის შემადგენლობაში ყოფილი ცისკარას სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაც შევიდა.

მტირალას ეროვნული პარკი გვევლინება ერთადერთ დაცულ ზონად, რომლის ბაზაზეც სამთო და ეკოტურიზმის საზღვაო ტურიზმთან შეხამების სრულყოფილი მოდელი ამოქმედდება. ეს უეჭველად გამოიწვევს ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვან ზრდას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას, რაც აჭარას საუკეთესო ეკონომიკურ პერსპექტივას უსახავს. ვიზიტორთა შემოსვლა მოსახლეობისათვის მდგრადი შემოსავლის წყარო გახდება, რაც, ცხადია, აამაღლებს ველური ბუნების ხელუხლებლად შენახვის მოტივაციას, ანუ, ცხოვრებაში გატარდება პრინციპი: პარკი ეხმარება რეგიონს, რეგიონი კი – პარკს.

საქართველოში გავრცელებულია მცენარეულობის თითქმის ყველა ტიპი: ტყეები, ბუჩქნარები, ტორფნარები, მდელოები, სტეპები, ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა, ზღვისპირა ქვიშნარების მცენარეული თანასაზოგადოებები, სუბნივალური ფლორისტული კომპლექსები. ფლორის ასეთი სიმდიდრესა და ენდემურობის მაღალ დონეს განაპირობებს საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების ნაირგვარობა. ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე აღწერილია ფარულთესლოვანი (ყვავილოვანი) მცენარეების 4300, შიშველთესლოვანი – 20-მდე, გვიმრანაირების – 75, ხავსების – 665, წყალმცენარეების – 2000-მდე სახეობა.

საქართველოს მცენარეული საფარის ჩამოყალიბების ისტორია მეტად ხანგრძლივი და რთულია. პალეოგენურ პერიოდში საქართველოს ადგილას არსებული კუნძულთა ფლორა პალეობოტანიკური მონაცემების მიხედვით ტროპიკული იყო. ნეოგენურ პერიოდში ჰავის თანდათანობითი გაცივების შედეგად ტროპიკული ჰავის მცენარეების უმეტესობა გადაშენდა და წარმოიშვა ძველი – თბილი და ტენიანი ჰავის ტყის მცენარეების კოლხური რეფუგიუმი (თავშესაფარი).

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ძირითადად 3 ტიპის ნიადაგი გამოიყოფა. ზღვის დონიდან 600 მ. გავრცელებულია წითელმიწები, რომლებზეც შერეულ, ფართოფოთლოვან ტყეებს ვხვდებით. აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად წითელმიწები იცვლება ყვითელმიწა, ყომრალ და ტყის ყომრალ ნიადაგებით, რომლებსაც აქ ძირითადად წიფლნარები და წიფლნარ-წაბლნარი ტყის მასივები მიესადაგება. სწორედ ამ ორი უკანასკნელი ტიპის ნიადაგების სახესხვაობებია ყველაზე ფართოდ გავრცელებული პარკის ტერიტორიაზე. ჭალებში აქა-იქ ალივიური ნიადაგების ფრაგმენტებს ვხვდებით.

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია რელიქტურ მცენარეთა იშვიათი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გავრცელებულია 68 ოჯახის 202 გვარის 284 სახეობა, მათ შორის ხემცენარეთა 18, ბუჩქების 21 და ბალახების 245 სახეობაა. 16 სახეობა ენდემურია, მათ შორის კავკასიის 5, საქართველოს 1, კოლხეთის 3 და აჭარის 3 ენდემია. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი იშვიათი რელიქტური ენდემებია: პონტოური მუხა (Quercus pontica), მედვედევის არყი (Betula medwedewii), უნგერნის შქერი (Rhododendron ungerni), ეპიგეა (Epigaea gaultherioides) და სხვა. მარადმწვანე ბუჩქი უნგერნის შქერი და მედვედევის არყი მსოფლიოში მხოლოდ აჭარასა და თურქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გვხვდება.
მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიის თითქმის 100% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით ტყეები შემდეგნაირადაა განაწილებული:
500 – 600 მ. – შერეული ფართოფოთლოვანი კოლხური ტყეები;
500-600 – 1000-1200 მ. – წაბლის სარტყელი (Castanea sativa);
1000-1200 მ.-წიფლის სარტყელი ((Fagus orientalis).
არკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ტყის ფიტოცენოზებს წიფლის დომინირებით: ქვედა სარტყელში გვხვდება წაბლნარ-წიფლნარები, სადაც პირველ იარუსში ხშირია რცხილა (Carpinus caucasica), იფანი (Fraxinus excelsior) და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი (Staphylea colchica), ბზა (Buxus colchica), შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rh. Luteum), წყავი (Laurocerasus officinalis) და სხვა. ამავე სარტყელშია გავრცელებული ცენოზები წაბლის დომინირებით, რომლებიც კომპოზიციურად ბევრად არ განსხვავდება წიფლნარებისაგან.
ზ.დ. 1000-1200 მ-ს მაღლა გვხვდება უნიკალური წიფლნარი ცენოზები უნგერნის როდოდენდრონით (Rhododendron ungernii) და სხვა ტიპის მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ქვეტყით (Rhododendron ponticum, Laurocerasus officinalis, Vaccinium arctostaphyllos, Rhododendron luteum, Viburnum orientalis, Rubus caucasicus). ხეობაში ტიპურია თხმელიანები (მურყნარები) – Alnus barbata-ს დომინირებით ტყის ქვედა სარტყელში და Alnus incana-ს დომინირებით შუა სარტყელში.
ტერიტორიას განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებს მარადმწვანე, მაღალ ბუჩქნართა ფორმაცია `შქერიანი~. აქ შქერიანის გაუვალი რაყები შესანიშნავადაა წარმოდგენილი. შქერიანის ფარგლებში კოლხური რელიქტური სახეობების მონაწილეობის გამო ბევრი იშვიათი მცენარეული თანასაზოგადოება გამოიყოფა. იგი წარმოდგენილია სახეობებით:Rhododendron ponticum, Rh. ungernii, Rh. Luteum, Ilex colchica, Laurocerasus officinalis, Ruscus colchicus. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს მცენარეული თანასაზოგადოებები გამოსახულია მდ. ყოროლისწყლის ხეობაში (მისი მარჯვენა შენაკადის – ნამწვავისწყლის სათავეებში), სადაც შქერიანში გვხვდება აჭარა-ლაზეთის უიშვიათესი სახეობა Epigaea gaultherioides..

შქერიანი მდიდარი არ არის ბალახოვანი საფარით, რაც ბუჩქნარის სიხშირითაა გამოწვეული. თუმცა ჩრდილისა და ნესტის ამტანი ზოგიერთი სახეობა მაინც გვხვდება. ესენია: Dryopteris oreopteris, Athyrium filix-femina, Blechnum spicant, Oxalis villosa და სხვა.

ცხოველთა სამყარო

წინასწარი შესწავლის შედეგების მიხედვით პარკის ტერიტორიის ცხოველთა სამყარო (ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები, თევზები) წარმოდგენილია 95 სახეობით. იმ სახეობათაგან, რომელთა გავრცელებაც პარკის ტერიტორიაზე ეჭვს არ იწვევს 9 სახეობა (ღამურები – სამხრეთული ცხვირნალა და ევროპული მაჩქათელა, კავკასიური ციყვი, დიდი მყივანი არწივი, გავაზი, კავკასიური სალამანდრა, კავკასიური გველგესლა და პეპლები – აპოლონი და კავკასიური ზერინთია) შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები, ხოლო 23 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი; ზემოთ დასახელებულთა გარდა, ესენია: ფოცხვერი, მურა დათვი, მდინარის კალმახი და სხვ.. პარკის ტერიტორიაზე მსხვილი ძუძუმწოვრებიდან, ასევე, გავრცელებულია შველი (Capreolus capreolus) და გარეული ღორი (Sus scrofa). შედარებით დიდი ზომის სხვა ფრინველებიდან გვხვდება: ჩია არწივი (Hieraaetus pennatus, ძერა (Milvus migrans migrans), ირაო (Pernis apivorus), ქორი (Acipiter gentilis marginatus) და სხვ.


წყარო: www.mtiralapa.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close