საკითხავისასარგებლო

ტამპლიერები – უქნელთა უმდიდრესი ორდენი

დიდი ხნით ადრე, ვიდრე ასასინების ისტორია ალამუთის ციხესიმაგრის დაცემით დამთავრდებოდა, შორს, ევროპაში (საფრანგეთი) ცხრა რაინდმა ტამპლიერების (ფრანგულად ტემპლე – ტაძარი) ორდენის დაარსება განიზრახა.

ორდენის წევრი რაინდი მორჩილების, სიღარიბისა და უქორწინობის აღთქმას დებდა. როგორც ამბობენ, ორდენის წესდება თავად წმინდა ბერნარმა შეადგინა, ხოლო 1128 წელს საფრანგეთის ქალაქ ტურში რომის პაპმა ევგენი მესამემ დაამტკიცა. ტამპლიერთა ორდენის წესდება ცისტერიანული ორდენის, ყველაზე მკაცრი და სასტიკი წესდების, გავლენით შეიქმნა. ეს უკანასკნელი არა სამხედრო-ბერული, არამედ კათოლიკურ-ბერული ორდენი იყო.

წესდების თანახმად, ტამპლიერების ორდენის წევრი რაინდი საწურთოს მთლიანად უნდა განდგომოდა, – უარი უნდა ეთქვა ოჯახსა და ნათესავებზე. საკვებად მხოლოდ პური და წყალი უნდა ეხმარა. აკრძალული ჰქონდა ხორცი, რძის პროდუქტები, მწვანილი, ხილი და რათქმაუნდა ღვინო. მხოლოდ უბრალო, ხამი ქსოვილისგან შეკერილი სამოსი უნდა ცმოდა.

თუ სიკვდილის შემდეგ რაინდ-ბერის ნივთებში ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობას, ან ფულს აღმოაჩენდნენ მას განწმენდილ მიწაში (სასაფლაოზე) არ დამარხავდნენ. თუ ასეთი ნივთები დასაფლავების შემდეგ აღმოჩნდებოდა, გვამს ამოთხრიდნენ და ძაღლებს საჯიჯგნად მიუგდებდნენ.

ტამპლიერი რაინდები თეთრი მოსასხამებით იყვნენ მოსილი, რომლებზეც ალისფერი მალტური ჯვრები იყო გამოსახული. მათი საბრძოლო ყიჟინა იყო “ბოსენ!” შავ-თეთრ დროშაზე (შტანდარტი) ეწერა დევიზი: “ნონ ნობის ომინე” – 113 ფსალმუნის დასაწყისი სიტყვები: “ ნონ ნობის ომინე, ნონ ნობის სედ ნომინი ტუო და გლორიან”… – “არა ჩვენ, უფალო, არა ჩვენ, არამედ შენ სახელს მოჰფინე დიდება…” ერთადერთი, რაც მათ ოდინდელ სიმწირეს მიანიშნებდა, გერბი იყო, რომელზეც ერთ ცხენზე ამხედრებული ორი რაინდი იყო გამოსახული. თავის დროზე, ხელმოკლეობის გამო ტამპლიერები იძულებულები იყვნენ, ასე ემგზავრათ.

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ტამპლიერთა მანტიაზე გამოსახულ ჯვარს არასრული სახე ჰქონდა და ლათინურ ასო თ-ს ჰგავდა. ორდენის წევრები სამ ფენად იყოფოდნენ: რაინდებად, მღვდლებად, და სერჟანტებად (მსახურები, პაჯები, საჭურველმტვირთველები, ხელზე მოსამსახურენი, ჯარისკაცები, მცველები და სხვა). ტევტონური ორდენისგან განსხვავებით, ბერული აღთქმა ტამპლიერთა ყველა ფენისთვის იყო აუცილებელი, რაც მკაცრად უნდა დაეცვათ. აღქმის დადების შემდეგ ორდენის წევრს საძმოდან გასვლა აღარ შეეძლო. თავდაპირველად, ორდენის რაინდის წოდება მხოლოდ კეთილშობილი ფრანგების პრივილეგია იყო. მხოლოდ მათ შეეძლოთ მაღალი თანამდებობების (დიდი მაგისტრის, სამფლობელოს მაგისტრის, კაპიტულიერის, კაშტელანის, დრაპიერის) დაკავება. თუმც, ამ კანონს არცთუ მკაცრად იცავდნენ. რაინდებს შორის მრავლად იყვნენ ინგლისელები, იტალიელები, ესპანელები, ფლამანდიელები.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close