საკითხავისასარგებლოუცნაური

მობილური ტელეფონი

null

მე-20 საუკუნეში მობილური ტელეფონი დიდი ფუფუნება იყო და პატრონის გავლენიანობაზე მეტყველებდა. მისი მხოლოდ და მხოლოდ მანქანაში ჩამონტაჟება შეიძლებოდა, რადგან ძალიან დიდი ბატარეა ჰქონდა. თავად ტელეფონი ფეხსაცმლის ყუთზე გაცილებით დიდი ზომის იყო და ათასობით დოლარი ღირდა.

ჩვენს დროში კი მობილურის ქონა ისეთივე უბრალო ამბავია, როგორიც ჩვეულებრივი ტელეფონის. საინტერესოა, ვინ გამოიგონა პირველად მობილური. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ბევრმა არც კი იცის.

პირველი ტელეფონი 1876 წელს ალექსანდრ ბელმა აშშ–ში დააპატენტა. მას “მოლაპარაკე ტელეგრაფს” ეძახდნენ. პირველი საერთაშორისო საუბარი ნიუ იორკსა და ლონდონს შორის ტრანსოკეანური სატელეფონო კაბელის მეშვეობით 1927 წელს შედგა. მობილური ტელეფონის გამოგონებამ ჩვეულებრივი აპარატი ყველას დაავიწყა. მობილური უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა და საოცრად პოპულარულიც გახდა.

1954 წელს კომპანია “მოტოროლაში” მუშაობა დაიწყო ინჟინერმა მარტინ კუპერმა. მას დიდი სურვილი ჰქონდა, შეექმნა ისეთი აპარატი, რომლის ყველგან წაღებას შეძლებდა. 1976 წელს მან ჩიკაგოს პოლიციისათვის პირველი რაცია შექმნა. 1983 წლის 6 მარტს გაყიდვაში პირველი პორტატული ფიჭური ტელეფონი კომპანია “მოტოროლამ” გამოუშვა. მის დამზადებაზე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა. პირველი ფიჭური ტელეფონი 794 გ–ს იწონიდა და 3.995 დოლარი ღირდა.

ფიჭური ტელეფონების შექმნის იდეა პირველად 1946 წელს გაჩნდა. სატელეფონო კომპანიამ ტელეფონისა და რადიომიმღების “შეჯვარებით” პირველი გადასაადგილებელი ტელეფონი დაამზადა. მას ძირითადად მძღოლები იყენებდნენ. 12 კგ–იანი აპარატი საბარგულში მონტაჟდებოდა, სპეციალური კაბელით მას ყურმილი უერთდებოდა, რომელიც ავტომობილის სალონში იყო მოთავსებული, ხოლო ანტენა საბარგულზე გახლდათ დამონტაჟებული.

1978 წელს ნიუ იორკის 545 მძღოლს უკვე ჰქონდა ასეთი აპარატი. შემდეგ მობილური ტელეფონი სატარებლად უფრო მოსახერხებელი გახდა და 1990 წელს 11 მლნ ადამიანს ჰქონდა ფიჭური ტელეფონი (2007 წლის მონაცემებით, მობილურის მფლობელთა რიცხვი 2,15 მილიარდამდე აღწევდა).

ბუნებრივია, ახალ პროდუქტს გასაღებაც სჭირდებოდა. 1984 წლისთვის მობილური ტელეფონები შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და საუდის არაბეთის გარდა არც ერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგან იგი უსარგებლო სათამაშო ნივთი ეგონათ. 1985 წლისთვის კი ამ სათამაშომ ისე გაითქვა სახელი და იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ მის შესაძენად ხალხი რიგში ჩადგა.

მობილური ტელეფონი თანდათან იხვეწებოდა. პირველი ფერადეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს გამოვიდა, ხოლო პირველი ორბარათიანი მობილური – 1999 წელს. 2000 წელს იაპონელებმა აწარმოეს ქზ”–ითა და ფოტოაპარატით აღჭურვილი მობილური “შარფი”. 2002 წელს კომპანია “ერიქსონმა” შექმნა პირველი ბლუთუზიანი ტელეფონი. იმავე წელს “სამსუნგის” ფირმამ პირველმა გამოუშვა ყოველმხრივ დახვეწილი აპარატი, რომელსაც ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა.

დღეისათვის მობილურების რიცხვი უსაზღვროდ დიდია. მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს დღეს მობილური აქვს. ბევრი აპარატი ისეთი მინიატურულია, ხელისგულზეც კი ეტევა, ზოგიერთს უფასოდაც კი სთავაზობენ მომხმარებელს.

მობილური არამარტო ტექნიკის სასწაულია, არამედ შემოსავლის უზარმაზარი წყაროცაა. მაგალითად, ავსტრალიაში 20 მილიონი მოსახლეობიდან 15 მილიონს მობილური აქვს.

ეს მოწყობილობა არამარტო დაუკითხავად შეიჭრა ადამიანების ცხოვრებაში, არამედ საზოგადოებას სერიოზულ საშიშროებასაც უქმნის. კანადაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ საჭის მართვის დროს მობილურის გამოყენება საშიშია, ისევე როგორც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. დღემდე გრძელდება დისკუსია იმის თაობაზე, იწვევს თუ არა კიბოს მობილურის გამოსხივება. ვინაიდან მობილური დღეს ათასობით ადამიანს აქვს, მათგან ძალიან მცირე რაოდენობას მაინც რომ შექმნოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, უამრავი მეცნიერი დაიწყებდა გამოკვლევის ჩატარებას, თუ რა გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმზე მობილური ტელეფონის რადიაცია. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ მობილურის გამოყენების შიში. დღემდე მილიონობით დოლარი იხარჯება ამ საკითხის კიდევ უფრო ღრმად შესწავლაზე. ერთადერთი, მკვლევრები 16 წლამდე მოზარდებს ურჩევენ, არ გამოიყენონ მობილური, რადგან მათი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

დღეს მობილური ტელეფონით ვერავის გააკვირვებ. ცოტა ხნის წინ კანში გამართულ მილიონერების აუქციონზე შვედურმა კომპანიამ ყველაზე ძვირადღირებული მობილური ტელეფონი გაიტანა. ოქროს ხელნაკეთი აპარატი ბრილიანტებითაა გაფორმებული. იგი ერთ–ერთმა ბიზნესმენმა 1,2 მლნ დოლარად შეიძინა.

კომპანია “სამსუნგმა” მსოფლიოში პირველი მობილური ტელეფონი გამოუშვა, რომელიც მზის ენერგიით იტენება. როგორც კომპანია იუწყება, მისი მზეზე 5 წუთით დატენვის შემთხვევაში შესაძლებელია 10 წუთი საუბარი. ამ აპარატს ყველა ჩვეულებრივ ფუნქციასთან ერთად აქვს ფანარიც, რომელიც დიდხანს ვერ მუშაობს, რადგან დიდ ენერგიას ითხოვს. აზიურ ბაზარზე ეს ტელეფონი 894 დოლარი ღირს. ჯერჯერობით უცნობია სხვა ქვეყნების საბაზრო ფასები.

დაბოლოს, სტატისტიკის მიხედვით, კორეელი თინეიჯერი წელიწადში 20 ათას სმს–ს გზავნის (დღეში დაახლოებით 60–ს); მრავალ ქვეყანაში ოპერატორები აბონენტებს მობილურებით აცნობებენ მოსალოდნელი საფრთხის (შტორმი, მიწისძვრა) შესახებ; იაპონელებმა მობილური ტელეფონით რომანების წერა დაიწყეს – 2007 წელს 10 გაყიდული რომანიდან 5 მობილურზე იყო აკრეფილი; ესტონეთში კი არჩევნებზე ხმის მიცემა უკვე ტელეფონის მეშვეობითაც შეიძლება.

წყარო: sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close