კულტურა

მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა

823c23c1ca2d
გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი. მაჭავარიანი დღეს საღამოს რუსთაველის თეატრის სცენაზე, ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე სიტყვის გამოსვლისას გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ცნობილი ქართველი პოეტი მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს სოფელ არგვეთაში (საჩხერის რაიონი). 1954 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1963 – 64 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი. 1967 – 82 წლებში ჟურნალ „დილის “მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორია.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ – 1955წ. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული – „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ე. ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის მ. მაჭავარიანს მიენიჭა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურიატის წოდება 1959წ. მომდევნო კრებულები „ლექსები, პოემა“ დაიბეჭდა 1962წ. „იარონ“ – 1970 წელს; „თქვი“ – 1971წ.; „ვინც იყო, იგი რომ არა…“ – 1973 წ.; „დუმილი რეკავს“ – 1974წ.; „ლექსები“ – 1976წ.; „ერთტომეული“ – 1979წ.

მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულთაა შთაგონებული, მისი შემოქმედებული კრებულიც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული („საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე“, „ხარ სავსავი ჩემთვის ტაძარი“, „თქვა ოპიზარმა“, „დუმილი რეკავს“ და სხვა).

პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა მუხრანს რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია („სხდომა“, „ხმას ამოიღებ…“, „რაშია საქმე“ და სხვა).

მ. მაჭავარიანის ლექსები ცნობილ ისტორიულ ამბავს წარმოსახავს და ბალადურად ვითარდება („საბა“ , „დავითი“, „ჭოლა“, „ვახტანგ მეფის ნანადირევი“ და სხვა). მათში აღსანიშნავია მხატვრის თვალთახედვა, ეფექტური აღქმა და ფრაზის აზრობრივი ტევადება.
მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, რომელც უმეტესწილად მცირე ზომის ლექსებით, ზოგჯერ თითო პოეტური წინადადებით არის წარმოდგენელი („უკვე მოვხუცდი“, „თქვი“, „როდემდე“, „ვეძებ და ვეძებ“ და სხვა).

ერთობ ნიშანდობლივია მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებაში სოფლის თემა, მშობლიური პეიზაჟები, წელიწადის დრონი და ყოფაცხოვრებითი სურატები, რომლებსაც ახლავს მზიური, მაჟორული განწყობა და ჯანსაღი დაძალოვანი შეგრძნებანი.
მ. მაჭავარიანის ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

ღმერთკაცი

ხელში გელათი უჭირავს ერთში ,
წიგნი უჭირავს მეორე ხელში .
მეფეა
კახთა ,
სომეხთა ,
რანთა ,
აფხაზთა ,
სვანთა
და უდიმართა .

ტანზე ქრისტესი აცვია კვართი ,
გადაჰყავს თევზნი
რიონში მტკვართით .
მზეა კახთა ,
მთიები – რანთა ,
ლიფლიფი –
სვანთა და უდიმართა .

მხარზე ვეება გაუდევს ლოდი
და მოდის –
თითქოს უტვირთოდ მოდის !-
მეფენი შვიდნი
ვინც პურად დასხნა ,
საზღვართა გარე
ვინც მტერნი გასხნა ,
იმერთა წყალთა
ვინც თევზნი შთასხნა ,
ვინც ვერ ისვენებს საფლავში ახლა

****************

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!

ეს ჩემი ლექსი, ბავშვებო,
არც შემოდგომას ეხება,
არც სურათია ზამთრისა,
არც გაზაფხულის შექება.

ეს ლექსი გახლავთ აუგი –
მე გამოვდივარ ძაგებით
იმ თქვენი თანატოლების,
იმ თქვენი ამხანაგების,

საუბედუროდ, რომელნიც
ისე აღზრდილნი არიან,
ქართულად ხმას ვერ იღებენ,
რუსულად – გაგიხარია!

რუსულის ცოდნა, იცოცხლე,
სახარბიელო რამ არი,
მაგრამ ეს უნდა იცოდე –
მშობლიურია მთავარი.

ენა არ გაწყენს არც ერთი,
უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.

განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი –
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!

თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.

მსგავსი ამბები

Back to top button