საკითხავისასარგებლოუცნაური

მითები რეინკარნაციაზე

რეინკარნაციის ცნება ინდურ რელიგიებშია გავრცელებული. მათ მიხედვით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც რამდენჯერმე უნდა გამოიცვალოს. ადამიანი დედამიწაზე იმდენჯერ იბადება, სანამ მისი სული სრულყოფილებას არ მიაღწევს.

აქედან მოდის ისეთი გაგებები, როგორიცაა “წინა” და “სხვა” ცხოვრება – თითქოსდა შესაძლებელია ადამიანს “წინა ცხოვრების” მოგონებები აწმყოში გადმოყვეს და მან ზუსტად გაიხსენოს, მაშინ ვინ იყო ან რას აკეთებდა. ასეთი მაგალითები მრავლად არის მსოფლიოში და მეცნიერებს ჯერ ვერ გაურკვევიათ, რასთან გვაქვს საქმე – კარგად შენიღბულ თაღლითობასთან თუ შეუცნობელ მოვლენასთან.

პარანორმალური მოვლენების მკვლევარ გოჩა დანელიას თავის წიგნში “დედამიწის ცქერით დაიღალა მთვარე” ბევრი ასეთი ფაქტი აქვს მოყვანილი, რომელთაგან რამდენიმეს, ავტორის ნებართვით, ქვემოთ გაგაცნობთ.

* * *

ინდოეთის სოფელ ვადაჰშიდში მცხოვრებმა 7 წლის ტორიან პრასადამ დაიწყო მტკიცება, რომ ის ზრდასრული მამაკაცი სურეშ ვარმაა და ქალაქ აგრაში ცხოვრობს. აქვს რადიოსაქონლის მაღაზია; ჰყავს ცოლი უმა და ორი შვილი. შეშინებული მშობლები აგრაში გაემგზავრნენ და გაარკვიეს, რომ იქ მართლა ცხოვრობდა ასეთი პიროვნება, რომელიც საკუთარი მაღაზიის წინ იარაღით მოკლეს. ბავშვმა სურეშის ცოლიც ამოიცნო და მას ისეთი მომენტები გაახსენა, რაც მხოლოდ ცოლ–ქმარმა იცოდნენ. იმ ადგილზე, სადაც ვარმას ტყვია მოხვდა, ბავშვს ხალი აღმოაჩნდა.

* * *

ვიეტნამელი გოგონა თჰი კუენი ბავშვობაში მშობლებს ხშირად ეუბნებოდა, თქვენი შვილი არ ვარ, მეზობელ სოფელ ვინიდან ვარ, სახელად ჩუანი მქვია, მამაჩემს – ლიენი, ათი წლის რომ ვიყავი, ატმის კურკამ დამახრჩო, ახლა კი თავიდან დავიბადეო. კუენი გარდაცვლილი ჩუანის მამიდამ მოინახულა. ბავშვი მას სიხარულით შეხვდა და სახელიც დაუძახა. შემდეგ კუენმა სოფელ ვინში ლიენის სახლს ადვილად მიაგნო. მამის მაგივრად მას ბიძა უჩვენეს, მაგრამ გოგონა მათ ეშმაკობას მიუხვდა. მან მთელი სანათესაო ამოიცნო…

* * *

45 წლის რუს ინჟინერს გაურკვეველი შიშები და წელის ტკივილი აწუხებდა. რეგრესიული ჰიპნოზის დროს მან დაინახა, რომ ოდესღაც ის მოკლეს და ტყვია წელში მოხვდა. იმ ადგილას, სადაც ტყვიამ გაიარა, მას ხალი აღმოაჩნდა.

* * *

მიდლსბოროელი რკინიგზის მუშაკი, კარლ ედონი, ბავშვობიდან ირწმუნებოდა, რომ წინა ცხოვრებაში ჰიტლერის საჰაერო ძალების მსროლელი–რადისტი ჰენრიხ რიხტერი იყო. ამბობდა, ავიაკატასტროფის დროს ფეხი იმ ადგილზე მომწყდა, სადაც ახლა ლაქა მაქვსო. რამდენიმე წლის შემდეგ მიდლსბოროს გარეუბანში მართლაც იპოვეს გერმანული წარმოების თვითმფრინავის ნამსხვრევები და რიხტერის საბუთები.

* * *

4 წლის გოგონა, დოროთი იდი, მშობლემა ბრიტანეთის მუზეუმში წაიყვანეს. ბავშვს ინტერესი არ გამოუჩენია მანამ, სანამ ეგვიპტურ დარბაზში არ შეიყვანეს. იქ კი გოგონამ სარკოფაგების გარშემო სირბილი დაიწყო და ქანდაკებებს ფეხები დაუკოცნა. ჩაძვრა მუმიის მინის ყუთში და მას კოცნა დაუწყო. მშობლებმა დოროთის ძალით გამოყვანა სცადეს, მან კი შეჰყვირა: “თავი დამანებეთ, აქ არის ჩემი ხალხი… სად არის ახლა ჩემი ბაღი?”. ეგვიპტური იეროგლიფების ნახვისას კი ბავშვმა აღნიშნა, რომ ეს ენა იცოდა, მაგრამ დაავიწყდა.

დოროთი იდი ისტორიკოსი გახდა. იგი თავს ეგვიპტელი ბენტრუშეტის მიწიერ ხატად თვლიდა, რომელიც ბენტრუშეტი სეტი პირველის დროს ცხოვრობდა. როცა 14 წლის შესრულდა, ის სეტის შეუყვარდა, გოგონა დაფეხმძიმდა და იმის შიშით, რომ საყვარლის დასახელება მოუწევდა, თავი მოიკლა.

27 წლის დოროთი ცოლად ეგვიპტელს გაჰყვა და პირამიდების ახლოს დასახლდა. თავის ვაჟს სეტი დააქვა. იმ დღის შემდეგ საკუთარ თავს ომ სეტის, ანუ სეტის დედას უწოდებდა. ომ სეტიმ ეგვიპტოლოგიას დიდი სამსახური გაუწია. მან ზუსტად განსაზღვრა ტაძრის მდებარეობა. არქეოლოგები ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილის გვირაბთან მიიყვანა, სადაც მათ ბაღი აღმოაჩინეს. სიკვდილის წინ კი დოროთიმ მეცნიერებს ახალი თავსატეხი შესთავაზა – თქვა, რომ ტაძრის ქვეშ არის უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელზეც მას სეტი უყვებოდა.

* * *

ვისაც რეინკარნაციის სჯერა, ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯონ კენედი განსხეულდა, ანუ რეინკარნაცია განიცადა და ჯუნგლებში ცხოვრობს. ასევე საგულისხმოა, რომ პრეზიდენტების ლინკოლნისა და კენედის ცხოვრებაში ერთმანეთს ემთხვევა როგორც ფაქტები, ასევე თარიღები ასწლიანი ინტერვალით.

გოჩა დანელია:

– აშშ–ის კონგრესის არჩევნებში ლინკოლნი 1846 წელს მონაწილეობდა, კენედი – 1946 წელს. ლინკოლნის კანდიდატურა მაშინდელმა სამხედრო–საზღვაო მინისტრმა, ჯონ კენედიმ წამოაყენა. ორივე პრეზიდენტი სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდა. კენედსა და ლინკოლნს პარასკევ დღეს ცოლების თანდასწრებით ესროლეს. ლინკოლნი “ფორდის თეატრში” მოკლეს, კენედი კი ფორდის ფირმის ავტომანქანა “ლინკოლნში”. ორივეს უკნიდან ესროლეს და ტყვია თავში მოარტყეს. თეთრ სახლში ცხოვრების პერიოდში ორივე პრეზიდენტის მეუღლეებმა თითო ბავშვი დაკარგეს. ორივეს ვიცეპრეზიდენტი გვარად ჯონსონი იყო. ამაან ენდრიუ ჯონსონი დაიბადა 1808 წელს, ლინდონ ჯონსონი – 1908 წელს. ლინკოლნის მკვლელი ჯონ უილკის ბუტი 1839 წელს დაიბადა, კენედის მკვლელი ლი ხარვი ოსვალდი – 1939 წელს.

პრეზიდენტ კენედის ისტორიას საინტერესო გაგრძელება აქვს. მისი გარდაცვალების მომენტში ახალი გვინეის ჯუნგლებში ბურუოკოს ტომს შეემატა მეომარი, რომელსაც არაანუ დაარქვეს. დღეს მეცნიერები მას ტრაგიკულად დაღუპული კენედის განმეორებად თვლიან. არაანუ არასოდეს გამოსულა ტყიდან, არ შეხვედრია ცივილიზებულ ადამიანებს, არ წაუკითხავს წიგნები და გაზეთები, არ აქვს ტელევიზორი, მაგრამ კენედის შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე ამ თემაზე წლობით მომუშავე ისტორიკოსებმა. ის ამტკიცებს, რომ წინა ცხოვრებაში ამერიკაში ცხოვრობდა, ჯონი ერქვა და დიდი ტომის ბელადი იყო…

* * *

ქრისტიანობისათვის რეინკარნაციის ცნება მიუღებელი და აბსურდულია. ქრისტიანული მოძღვრებით, პიროვნება სულისა და სხეულის ერთიანობას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის დაბადებისას იქმნება. გარდაცვალებისას სული სხეულს დროებით ეყრება, რაც ქრისტეს მეორედ მოსვლამდე, ანუ საყოველთაო აღდგომამდე გაგრძელდება. უფლის მეორედ მოსვლის დროს ადამიანის სული კვლავ შეიმოსავს ახალ, უხრწნელ და ფერნაცვალ სხეულს და ამის შემდეგ მარადიული სიცოცხლე მიენიჭება. სულის სრულყოფილება სხეულიდან სხეულში გადასვლით, ქრისტიანული გაგებით, ცრუ სწავლებაა, რომელიც დასაბამს კერპთაყვანისმცემლობიდან იღებს და ადამიანს აბნევს. შესაძლებელია, აქ დემონურ მანქანებს ჰქონდეს ადგილი.

ქრისტიანული მოძღვრებით, ყველა ადამიანი თავისი სხეულით აღდგება, სულის გადასვლა სხვა სხეულში შეუძლებელია. თითოეული ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და მართლმადიდებელი ქრისტიანი სასუფევლისა და მარადიული ცხოვრებისთვის უნდა მოემზადოს. ჭეშმარიტება ისაა, რომ ადამიანი სრულყოფისაკენ მხოლოდ განღმრთობის ანუ ღმერთთან მიმსგავსების გზით მიდის, ეს კი ნიშნავს ქრისტიანული, უფლის მცნებებით ცხოვრებას, სინანულს, აღსარებას და ზიარებას.

წყარო : www.sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close