საკითხავისასარგებლო

მონადირე კრაზანები


კრაზანა არცისე საყვარელი მწერია, მაგრამ მე პირადად აზრი შემეცვალა იმის შემდეგ, რაც გავიგე თუ რას უშვრებიან დედალი მონადირე კრაზანები ობობებს

კრაზანებს შორის ვხვდებით მონადირეთა სახეობას, რომლებსაც არაჩვეულებრივად შეუძლიათ ანესთეზიის გაკეთება. მონადირეთა მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ქცევით ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ზოგიერთი სახეობის დედალი კრაზანა თავისი შთამომავლებისთვის ბუდეებს თიხისგან აგებს და საგულდაგულოდ ყოფს ნახევარი სიგარეტის სიგრძისა და 5-6 მილიმეტრი სიგანის უჯრედებად. მაგრამ სანამ კვერცხს დადებდეს და უჯრედს დაგმანავდეს, დედას კიდევ ერთი საქმე აქვს მოსაგვარებელი. კვერცხიდან გამოჩეკილ მატლს, ვიდრე კრაზანად გარდაიქმნებოდეს, ჭამა უნდა. დედა კრაზანას შეეძლო დახოცილი მწერები მოემარაგებინა, მაგრამ ასეთი საკვები მატლების გამოჩეკვამდე გაფუჭდებოდა. ამიტომ კრაზანებმა სხვა (ანესთეზიის) ხერხს მიმართეს: გზის კრაზანის საყვარელი საჭმელია ობობა.

დედა კრაზანა ძერასავით დააცხრება ხოლმე მსხვერპლს, რომელიც აინუნშიც არ არის და ისე ზუსტად ჩაასობს ნესტარს, რომ ნარკოზს უკეთებს, ანუ ადამბლავებს მას. მერე გაშეშებული ობობა ბუდისკენ მიაქვს, უჯრედში მალავს და ზევიდან კვერცხს ადებს. უჯრედში 7-8 პატარა ობობა ეტევა. როცა დედა კრაზანა გულს დაიმშვიდებს, შთამომავლობა საკვების საჭირო რაოდენობით უზრუნველვყავიო, უჯრედს დაგმანავს და გაფრინდება.

ობობები შვიდ კვირამდე მკვდრებივით წვანან კრაზანების ამ საზარელ ბაგებში. ლუპით რომ გასინჯო და ხელითაც შეეხო, სიცოცხლის ვერავითარ ნიშანწყალს ვერ შენიშნავ, მაგრამ სინამდვილეში ობობები ცოცხლები არიან. ისე აწყვია ობობები, როგორც პროდუქტი მაცივარში და როცა კრაზანების პაწაწინა მატლები გამოიჩეკებიან , სიამოვნებით შესანსლავენ ნახევრად ცოცხალ ობობებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close