საინტერესო ფაქტები შექსპირზე
გამომცემლობა ,,The Times ” -მა ბრიტანელი დრამატურგის შესახებ 10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გამოაქვეყნა.
– მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ ლონდონში ვითომდა შექსპირის სიცოცხლეში შესრულებული ერთადერთი პორტრეტი წარმოადგინეს, დაზუსტებით დღემდე არავინ იცის როგორ გამოიყურებოდა შექსპირი სინამდვილეში.
– 18 წლის უილიამის ქორწინება ანა ჰატაუეისთან, ადგილობრივი მიწათმფლობელის ქალიშვილთან, რომელიც მასზე 8 წლით უფროსი იყო, გოგონას ფეხმძიმობამ გამოიწვია.
– შექსპირის მიერ ანასთვის ნაანდერძევი ”მეორეხარისხოვანი საწოლი” იყო არა დამამცირებელი საჩუქარი, როგორც ითვლებოდა, არამედ, რომანტიული ჟესტი, რომელიც მათი ქორწინების პირველი ღამის სიმბოლო იყო.
– მიუხედავად იმისა, რომ შექსპირის პიესებში მოქმედება ევროპის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაშიც, თავად დრამატურგი, სავარაუდოდ, არასდროს გასცდენია ინგლისის საზღვრებს.
– შექსპირმა ინგლისური ენა 1700 ახალი სიტყვით გაამდიდრა.
– შექსპირის ცნობილი პიესის ”მეფე ლირის” ფინალი იმდენად სევდიანად ითვლებოდა, რომ მთელი 150 წლის განმავლობაში იგი ორიგინალში არ დადგმულა.
– შექსპირის სიცოცხლეში მისი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები დღეისათვის ნაკლებად ცნობილი ლექსი ”ვენერა და ადონისი” იყო.
– შექსპირის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან, ყველაზე ცოტა, ორი პიესა უგზო-უკვლოდ დაიკარგა: “სიყვარულის გამარჯვებისთვის გაწეული ძალისხმევა” (Love’s Labour’s Won) და “კარდენიო” (Cardenio).
– დრამატურგის პიესებისათვის ასე აქტუალური ტყუპების თემა, რომელიც ”მეთორმეტე ღამეში”, ”შეცდომების კომედიაში” იჩენს თავს, შექსპირმა საკუთარი ცხოვრებიდან გადაიტანა. 1585 წელს მას ტყუპები შეეძინა: ვაჟი ჰემნეტი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა და ქალიშვილი ჯუდიტი, რომელმაც 77 წლამდე იცოცხლა.
– შექსპირის ნაწარმოებების ერთ-ერთი პირველი ეკრანიზაცია იყო ფილმი ”სცენები ”მეფე ჯონიდან”, რომელშიც მთავარი როლი ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა გერბერტ ბირბომ ტრიმ შეასრულა. ფილმი 1899 წელსაა გადაღებული.
წყარო:gelatin.ge