არქივი

The Jimi Hendrix Experience

723d81cc54e9

ჯონი ელენ იგივე ჯიმი ჰენდრიქსი , მეტი ვიდრე უბრალოდ გიტარისტი დაიბადა 1942 წელს სიეტლში.
The Jimi Hendrix Experience ლონდონში ჩამოყალიბდაეს იყო მსოფლიოში პირველი როკ–ტრიო, რომელმაც ბლიუზი გაცილებით მძიმე ჟღერადობისკენ მიმართა. ამერიკაში ჰენდრიქსი სოულ მუსიკოსად ყალიბდებოდა და რომ არა ყოფილ „ენიმალსელ“ ბრაინ ჩაზ ჩენდლერის მიერ მისი აღმოჩენა და მუსიკალურ–ინსტრუმენტულ–ტექნიკური პროგრესისაკენ არამარტო მიმართვა, არამედ ჰენდრიქსის მიერ ზოგადად მუსიკალური ტენდენციების კარნახი, ძნელია წარმოვიდგინოთ, თუ რა გზით განვითარდებოდა მუსიკა და რა სახეცვლილებებს განიცდიდა როკ მუსიკოსების მომავალი თაობები, რადგან საკუთარი მუსიკალური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე უდიდესი ზეგავლენის მქონედ ჯიმი ჰენდრიქსს, არამარტო მსოფლიოს წამყვანი ჯაზ, თუ როკ გიტარისტები, არამედ მომღერლები და სხვა ინსტრუმენტებზე დამკვრელებიც აღიარებენ. 

თავად ჯიმიმ თავი მომღერლად მისივე თქმით თავდაპირველად 1968 წლის ალბომ Electric Ladyland-ში ბობ დილანის All Along The Watchtower-ის შესრულებისას აღიქვა. იქამდე კი ჯონ მეიალისა და სხვათა შორის ამ სტატიის შემდგენელის აზრით მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს მუსიკოსის დისკოგრაფიას, ზურგს უკვე ორი სტუდიური ალბომი უმაგრებდა და თანაც როგორი.სადებიუტო Are You Experienced და განსაკუთრებით მეორე Axis: Bold As Love თემატური დატვირთვით გამორჩეულობის გარდა, უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა სტუდიის განვითარების თვალსაზრისითაც. თუკი იმავე 1967 წელს ჩაწერილი Beatles-ის Sgt. Peppers Lonely Hearts Club Band მრავალი მუსიკალური ინსტრუმენტის და მომენტებში ლენონ-მაკარტნის ორხმიანობის ნაზავი იყო, The Jimi Hendrix Experience-ს სტუდიურ ჟღერადობას მხოლოდ აკუსტიკურ-სოლო გიტარულ ზედდებები და ბასისტ ნოელ რედინგისა და დრამერ მიჩ მიჩელის ვირტუოზული რიტმ სექცია ისე უნდა გაერთიანებინა, რომ მცირედი ბგერაც არ დაკარგულიყო!

5cdd5dd77fa0

Wait Until Tomorrow ბლიუზური აკორდებით გაფორმებული, მკაფიო რიტმით გადმოცემული ორიგინალური სიმღერაა, რომლის საკვირველება ისაა, რომ ოთხჯერ ერთსა და იმავე მოტივის განმეორების მიუხედავად, იგი სოლოს გარეშეა დარჩენილი. Ain’t No Telling თემაა, რომელიც როგორც ვოკალური, ასევე გიტარ იმპროვიზაციული თვალსაზრისით, მომავალში ჯიმის მრავალ კონცერტზე, სხვადასხვა სიმღერებში გადანაწილდება.ალბომის მშვენებად კი განუმეორებელი Little Wing იქცა, რომლის საწყისი აკორდები ჯაზის ბლიუზისა და როკის შერწყმის და აქედან გამომდინარე ჰენდრიქსის, მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს მუსიკოსად წარმოჩენის საუკეთესო მაგალითია. უნატიფესი სოლოთი დასრულებული სულ რაღაც ორწუთნახევრიანი სიმღერა, ჯიმი ჰენდრიქსის სულიერი შვილების იმპროვიზაციული თვალსაწიერის შთაგონების წყაროდ იქცა და სხვადასხვა დროს იგი შეასრულეს კლაპტონმა, სტივი რეიმ, სტივი ვაიმ, ჯო სატრიანიმ, ინგვი მალმსტინმა, სტინგმა…

ალბომის გონებრივი ცენტრი კი მის დამაბოლოვებელ Bold As Love-შია მოქცეული. ვოკალ პარტიას ბლიუზური გიტარ აკორდები მოხდენილად ავსებენ, სოლოს შემდგომ კი სიმღერა ფინალურ გიტარ ინსტრუმენტულ ფაზაში გადადის, რომლის მსგავსი ჟღერადობა თვით ჯიმის აღარასოდეს გაუმეორებია. მარცხენა არხში სოლო პარტია სიმღერის პირველი ნაწილის ვოკალ პარტიის გაგრძელება-გამოძახილია, ხოლო მარჯვენა არხის შემავსებელი მსუყე გიტარ აკომპანემენტი კი თითქოს ჰენდრიქსის გიტარასთან ერთად, მსმენელსაც სადღაც შორს მიაფრენს და თეთრი ფენდერ სტრატოკასტერი მცირე ხნით ცაზე გაბრწყინებულ ცისარტყელას ფერებად მოხატულ ჰანგებს წარმოგვიჩენს.

წყარო:jimihendrix.com ,მე

G.Bibileishvili

guitarist

მსგავსი ამბები

Back to top button