ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

საიდან მოდის ხმა

ადამიანები უამრავ მუსიკალურ ინსტუმენტს ვიცნობთ, რომელთა უმრავლესობა ჩვენ მიერვეა დამზადებული. ისინი კარგად გაპრიალებული და სასიამოვნო გარეგნობისანი არიან. თუმცა ჩვენ ასევე აღფრთოვანებით ვუსმენთ ბგერებს, რომლებიც თვითნაბადი ინსტრუმენტისაგან წარმოიქმნება.

ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტის მატარებელი თითოეული ჩვენგანია. ეს, რა თქმა უნდა, სახმო სიმები, ანუ მგერავი იოგებია. სახმო სიმი არის კანის თხელი და სათუთი ნაირსახეობა, რომელიც გაბმულია სასულე მილის (ტრაქეას) თავზე, ხორხში. მათი დაბოლოებები მიერთებულია ყელის კუნთებთან. ამოსუნთქვის შედეგად ფილტვებიდან ტრაქეის გავლით ამოსული ჰაერი (სხვანაირად ვერც ამოვა ) გაივლის ხორხში მოთავსებულ სახმო სიმებს, რომლებიც ჰაერის ნაკადის ზეგავლენით ირხევიან, ვიბრირებენ. სწორედ ეს ქმნის ბგერას. მარტივი ექსპერიმენტი: თქვით “ააააა” და ამ დროს თითი ხორხზე მიიდეთ. შეიგრძენით ვიბრაცია? ეს არის ჩვენი ინსტრუმენტის “ბგერა”. თუ უფრო გაინტერესებთ, რა როგორ გამოიყურება, აი ვიდეოც.

ქალის ნეიტრალური ანუ ძირითადი, სასაუბრო ბგერა ჩვეულებისამებრ მამაკაცისაზე მაღალია. ეს იმიტომ, რომ მამაკაცის სახმო სიმები უფრო გრძელია, შესაბამისად, მათ შორის უფრო დიდი სივრცეა. რაც მეტია სივრცე, მით დაბალია ბგერა. ანალოგიური ვითარებაა ჩასაბერ საკრავებშიც: ფლეიტას დიაპაზონი გაცილებით მაღალია, ვიდრე ტომბონისა. თუკი ადამიანს მუსიკალური სმენა აქვს და ვოკალის დამუშავება სურს, ვოკალისტი მის ყელის კუნთებს ავარჯიშებს. სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობა სხვადასხვაგარ ბგერას მოითხოვს. არსებობს სასიმღერო ტექნიკის 3 ძირითადი ფორმა: ყელის, დიაფრაგმის, შერეული. ყელისმიერი ვოკალი ძირითადად გამოიყენება პოპ და როკ მომღერლებისათვის. მათი მუსიკა მოითხოვს მკვეთრ, ბასრ და ხისტ ბგერას. ასეთი ტექნიკით მღერის დროს ყელის კუნთები ისეთნაირად იკუმშება, როგორც ჩვეულებრივი საუბრისას. დიაფრაგმის ვოკალი კლასიკური ჟანრის მუსიკაში გამოიყენება. ოპერის მომღერლისათვის დიაფრაგმით სიმღერა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ გამოსცემს იმ ვიბრაციულ და ნარნარა ბგერას, რომელსაც საოპერო ჟანრი მოითხოვს. ასეთი ტექნიკით მღერისას ვოკალისტი აწვება, კუმშავს გულმკერდის ქვემოთ მოთავსებულ კუნთებს, რომელთაც დიაფრაგმის კუნთები ეწოდებათ. როცა ზეწოლა ამ ადგილას მოდის, ყელის კუნთები თავისუფლდება ზედმეტი დატვირთვისაგან და უფრო ადვილად იკუმშება მაღალი ბგერის გამოსაცემად. ეს კი მგერავი იოგების თავისუფალ რხევას უზრუნველყოფს.

შერეული ვოკალის ტექნიკა გამოიყენება საესტრადო და რომანსული რეპერტუარისათვის. ეს არის ზემოხსენებული ორი ტექნიკის მეტნაკლები ნაზავი. მომღერალი სურვილისა და შესაძლებლობისამებრ არჩევს, როდის გამოიყენოს ყელისმიერი ბგერა და როდის – დიაფრაგმული. რაც შეეხება ფალცეტს, იგი ყელისმიერი ტექნიკის ნაირსახეობაა. ქართულად მას კრინი ეწოდება და ნახევარ ხმას ნიშნავს. როდესაც ადამიანს სიმღერისას რომელიმე მაღალი ბგერის აღება უჭირს, იგი “ყელში მღერის”. ამ დროს ბგერის ძალა ნახევრდება და ყელის კუნთებიც განსხვავებულად იკუმშება. მიუხედავად იმისა, რომ ფალცეტი გამოიყენება როკშიც, პოპ მუსიკაშიცა და ზოგჯერ ოპერაშიც, იგი მაინც არ არის აღიარებული ცალკე საშემსრულებლო მიმართულებად. ფალცეტი ჩვეულებრივი სასიმღერო ხმის დამატებად მოიაზრება. როგორც ვხედავთ, მხოლოდ სახმო სიმები არ არის მთავარი. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, “დამოკიდებულია” ყელის კუნთებზე, რომელთა სიძლიერე უზრუნველყოფს ყელის ღრუს შეკუმშვა გაფართოებას. დიაფრაგმის პოზიციის სწორი ცვლა კი ბგერის ძალასა და სიმაღლეს უზრუნველყოფს.

წყარო: zurriuss.wordpress.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close