გართობა

პატარა ბავშვის წერილი უცხოეთში მყოფ დედას

5a47135723b0
გამარჯობა, დედიკო.

მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, 6 წლის გავხდი. ტელევიზორის ყურება ისევ მიყვარს. გინდა მოგიყვე, აქ რა ხდება? გუშინ “საბავშვო ამბებში”
გამოაცხადეს, ქინდერ-სიურპრიზი დაიხურაო, მაკდონალდსები დაიწვაო, ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენო, ბაბილინა მოკვდაო, ძალიან შემეშინდა და ბევრი ვიტირე, მერე თქვეს, იმიტაცია იყოო, სულელები არიან, რაში სჭირდებოდათ ბავშვების შეშინება, ვერ მივხვდი.
კიდევ შორენა დეიდას გადაცემას ვუყურე ჩუმად და გავიგე, რომ წეროს არ მოვუყვანივარ.

პოლიტიკოსებსაც ვუყურე: ხალიანი ბიძია რომ არის, ლევანი რომ ჰქვია, ის იყო გამოსული რომელიღაც გადაცემაში, მაგრამ რა თქვა, არ ვიცი, რადგან მამამ არ მაყურებინა, შენთვის ჯერ არ შეიძლება, პატარა ხარო.

“კურიერში” გამოაცხადეს, მიშა ბიძია ობამა ბიძიას შეხვედრია და ობამა ბიძიას უთქვამს, შენ ნუ გეშინია, პუტინს რო დავკრავ, ამერიკაში გავაფრენო.
ფეხბურთსაც ვუყურე, ჩვენი ნაკრები თამაშობდა, აქედან გამომდინარე, მე კოსმონავტობა მირჩევნია.

ბაღის ამბებსაც მოგიყვები: ინგა დეიდა იყო მოსული, არჩევნებში კენჭს ვიყრიო, გვითხრა, მას შემდეგ საჭმელს ბოლომდე ვჭამ. მასწავლებელი მეუბნება, ჭამე, თორემ კიდევ მოვა ინგა დეიდა და კიდევ იყვირებსო.

სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება, დედიკო, არჩევნებში სამი მეგრელი ბიძიაა რეიტინგული, მაგრამ ერთი ბიძია მარტოა აქეთ და სხვა ბიძიები იქით. მე ერთხელ ერთ თეფშ ფაფას მარტო ვჭამდი, ლუკა, ზურა და ნიკუშა კი ერთ თეფშ ფაფას ჭამდნენ ერთად, მე გავძეხი, ისინი კი მშივრები დარჩნენ.

აბა, წავედი ახლა, დედიკო, მე, ტელევიზორში ახალ ამბებს აცხადებენ და წამყვანმა დედა დაიფიცა, მართალიაო, მიყვარხარ ძალიან, გკოცნი.

წყარო:კვირის პალიტრა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button