საკითხავისასარგებლო

თავისუფალი მასონები, ბაფომეტი და ლეო ტაქსილის ფარსი

საზოგადოებაში დღესაც ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ თავისუფალი მასონები სატანის მსახურები არიან. პოსტში გაეცნობით, საიდან წამოვიდა ეს აზრი, რა საფუძვლები ჰქონდა და რამდენად ახლოა რეალობასთან :) ასევე რამდენიმე საინტერესო დეტალს მასონებზე

* * *

ტამპლიერების დევნა

1285 წლის 5ოქტომბერს საფრანგეთის მეფე ხდება ფილიპე III-ს შვილი, ფილიპე IV, რომელსაც მომხიბლავი გარეგნობის გამო მეტსახელად “ლამაზი” [ფრანგულად ‘Le Bel’] შეარქვეს.

მან გადაწყვიტა დაეშალა ტამპლიერების ქრისტიანული სამხედრო ორდენი, რამეთუ მათი დიდძალი ვალი მართებდა. ტამპლიერებს იმ დროისთვის 200 წლიანი ისტორია ჰქონდათ და ბანკირებივით მოქმედებდნენ: პოლიტიკურ პირებს ან სახელმწიფოს საჭირო დროს გარკვეული ოდენობის თანხას ასესხებდნენ და დროთა განმავლობაში დიდ პროცენტს ადებდნენ. გარდა ამისა, ფილიპე ლამაზს სურდა საფრანგეთის სამეფოს საზღვრები გაეფართოვებინა, რასაც დიდი თანხა სჭირდებოდა. ეს კი მხოლოდ ტამპლიერების სიმდიდრის ხელში ჩაგდებით მიიღწეოდა.

1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს, მეფის საიდუმლო ბრძანებით ასობით ტამპლიერი შეიპყრეს [ამის შემდეგ ითვლება თარსად ის პარასკევი, რომელიც 13 რიცხვშია]. რაინდები კითხვებზე დუმილით პასუხობდნენ და რომის პაპთან, კლემენტ V-სთან შეხვედრას ითხოვნდნენ იმ მოტივით, რომ მხოლოდ მას ემორჩილებოდნენ. მათდა სამწუხაროდ, კლემენტ V სუსტი და მშიშარა ადამიანი იყო და მეფის გავლენის ქვეშ ადვილად ექცეოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფილიპე IV-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა წინა პაპთან, ბონიფასე VIII-სთან და მის სიკვდილშიც მიუძღოდა წვლილი. დაძაბულობა გამოიწვია მეფის სურვილმა, შეემცირებინა ეკლესიის გავლენა სახელმწიფოზე. პაპ ბონიფასეს რა თქმა უნდა ძალაუფლების დაკარგვა არ სურდა და მიაჩნდა, რომ პაპი ღმერთისგან გამორჩეული ადამიანი იყო, რომელსაც ეკლესიის გარდა, სამეფოც ებარა.

7 წლის განმავლობაში არაადამიანურად აწამებდნენ რაინდებს, რათა მათი საიდუმლობანი შეეტყოთ, მაგრამ ამაოდ. მეფეს განუდგა ბევრი სასულიერო პირი, რომლებიც ფილიპმა მისი ერთგული ხალხით ჩაანაცვლა. 1314 წლის 19 მარტს ცოცხლად დაწვეს ტამპლიერების ბოლო დიდი მაგისტრი, ჟაკ დე მოლი. კოცონზე წვისას ის სამეფო ოჯახსა და რომის პაპს წყევლიდა და ამბობდა, რომ ძალიან მალე ისევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. მართლაც, ერთ თვეში [20 აპრილს] კვდება რომის პაპი, რომელსაც მალევე მიყვა უკან ფილიპე ლამაზიც [29 ნოემბერს]. რამდენიმე წელიწადში მეფის ყველა შთამომავალმა იგივე ბედი გაიზიარა. 1328 წელს მეფის გვარი ამოწყდა და საფრანგეთის სამეფო ვალუების [Valois] დინასტიის ხელში გადავიდა.

თავისუფალი კალატოზები

თავისუფალ კალატოზებს (მასონებს) დიდი სიმპათიები ჰქონდათ ტამპლიერების მიმართ და 1307 წელს მომხდარი ამბის გამო უარყოფითად ეკიდებოდნენ კათოლიკურ ეკლესიას. გარდა ამისა, მათ სასტიკად აღიზიანებდათ ინკვიზიციის კანონები, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ძალაში იყო. მასონების მთავარი პრინციპები იყო: ძმობა, ერთობა, თანასწორობა, რაც იმდროინდელ ეკლესიას ეწინააღმდეგებოდა. მასონებმა გადაარჩინეს ასევე ბევრი მეცნიერული ნაშრომი, რომელთა ავტორები კათოლიკურმა ინკვიზიციამ ან შეაჩვენა, ან სიკვდილით დასაჯა. კათოლიკური ეკლესიაც არ იყო მათი არსებობით აღფრთოვანებული და 1738 წელს რომის პაპმა კლემენტ XII-მ კათოლიკეებს სასტიკად აუკრძალა მასონთა რიგებში გაწევიანება, 1907 წელს მიღებული კანონით კი მასონად გახდომა ან მათი ლიტერატურით გატაცება ავტომატურად ეკლესიიდან განკვეთას უდრიდა. მხოლოდ 1974 წელს გააუქმეს ეს კანონი და აღიარეს, რომ ვატიკანი მასონებთან მიმართებაში ცდებოდა.

მასონებმა ჩამოაყალიბეს ანალოგიური ორგანიზაცია “ტამპლიერი რაინდები” [Knights Templar]. როგორც მასონები აცხადებენ, ისინი არ არიან ტამპლიერების შთამომავლები და არც რაიმე სახის კავშირი აქვთ მათთან, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს ორგანიზაცია სწორედ ტამპლიერთა საიდუმლო განძის აღმომჩენებმა შექმნეს. მასონებმა რაინდების პატივსაცემად ამერიკულ ლოჟას დაარქვეს ჟაკ დე მოლის სახელი, რამდენიმე ლოჟას უწოდეს “ვარდები და ჯვრები” [ვარდი და ჯვარი, როგორც სიმბოლოები, ხშირად გამოიყენებოდა ტამპლიერებში], წევრების თანამდებობებიც თითქმის იგივეა: მაგისტრი, შეგირდი, რაინდი, არქიტექტორი და ა.შ.

ლეო ტაქსილის ფარსი

ლეო ტაქსილი [1954-1907] იყო ფრანგი მწერალი და ჟურნალისტი, რომელიც სკანდალებით გახდა ცნობილი.

მან გადაწყვიტა გაემასხარავებინა კათოლიკური ეკლესია და თავისუფალი კალატოზები. მან გამოუშვა ოთხტომიანი წიგნი “მასონების საიდუმლო”, რომელიც აგებული იყო ვითომდა ყოფილი მასონების მონაყოლებზე, რეალურად კი ეს მხოლოდ მწერლის ფანტაზიები იყო. წიგნში აღწერილის მიხედვით, მასონები სატანური ორგანიზაციის წევრები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ ბაფომეტს [იხ. სურათები]

წარმართული კერპი ‘ბაფომეტი’

ლეო ტაქსილის წიგნის ყდა

ტერმინი ‘ბაფომეტი’ შეითხზა, როგორც მუჰამედის დამახინჯებული ვარიანტი. მისი გამოსახულება ფართო საზოგადოებას პირველად ფრანგმა ოკულტისტმა და მაგმა, ელიფას ლევიმ წარუდგინა

ამ წიგნის გამოსხვლამდე ცოტა ხნით ადრე, რომის პაპს ლეო XIII-ს გამოშვებული ჰქონდა ნაშრომი “Humanum Genus”, სადაც ასეთ რამეს წერდა:

– სამყაროს გზები ორ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი რეალობაა, მეორე კი ილუზია, სიცრუე.. რეალურ, ჭეშმარიტ გზას მივყავართ ღმერთამდე, რაშიც გვეხმარება იესო ქრისტეს ეკლესია. მეორე, ილუზიური გზა კი სატანამდე მიდის და ამ გზას თავისუფალი კალატოზები ადგანან…

ტაქსილის აზრები საოცრად დაემთხვა რომის პაპისას, ამიტომ მისი ნაწარმოები სიხარულით აიტაცა ვატიკანმა და ლოცვა-კურთხევაც მისცა. ამის შემდეგ ლეო ტაქსილი წერს მეორე წიგნს სახელად “ეშმაკი მე-19 საუკუნეში”, სადაც საზოგადოებას წარუდგენს ახალ პერსონაჟს, დიანა ვაუგანს. დიანა ვაუგანი, ავტორის თქმით, ალქიმიკოს მასონის, ტომას ვაუგანის შთამომავალი იყო. წიგნში მრავლად იყო აღწერილი, როგორ ეკონტაქტებოდნენ მასონები ხორცშესხმულ დემონებს და ძალაუფლებასაც მათგან იღებდნენ.

1897 წლის 19 აპრილს ლეო ტაქსილმა მოიწვია ჟურნალისტები და დაპირდა, რომ ფართო საზოგადოების წინაშე წარადგენდა დიანა ვაუგანს. პრესის უამრავი წარმომადგენელი მივიდა შეკრებაზე და მოუთმენლად ელოდნენ დანაპირების ასრულებას. თუმცა მათდა გასაოცრად, ტაქსილმა განაცხადა, რომ მის ნაწარმოებებში აღწერილი ამბები მასონებზე იყო აბსოლუტური სიცრუე და მისი მიზანი იყო კათოლიკე ეკლესიის გამასხარავება. ხოლო დიანა ვაუგანი, როგორც რეალური პერსონაჟი, საერთოდ არ არსებობდა. სიტყვით გამოსვლის ბოლოს მან მადლობა გადაუხადა სამღვდელოებას, რომ მისი ნაშრომები ასეთი პოპულარული გახადეს.

გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს ლეო ტაქსილის ზემოთხსენებული ნაშრომიდან:

– ჩვენ (მასონებმა) უნდა ვუთხრათ მსოფლიოს, რომ ვეთაყვანებით ღმერთს, მაგრამ ნამდვილ ღმერთს. იმას, რომელიც იმსახურებს ამას. ლუციფერი რომ ღმერთი არ იყოს, რატომ დასწამებდნენ ცილს და მოიგონებდნენ ჭორებს მასზე ადონაი (“ადონაი” ებრაულად ნიშნავს ‘უფალს’) და მისი მსახური მღვდლები ? დიახ, ლუციფერია ღმერთი, და სამწუხაროდ, ადონაიც ღმერთია. სამყაროს კანონი ასეთია: არ არსებობს სინათლე სიბნელის გარეშე, სილამაზე – სიმახინჯის გარეშე, თეთრი – შავის გარეშე, ამის გამო აბსოლუტი უნდა არსებობდეს ორი ღმერთის სახით. სიბნელე უნდა ემსახუროს სინათლეს, ეს ისევე საჭიროა, როგორც კვარცხლბეკი ქანდაკებისთვის და მუხრუჭი მოძრავი სხეულისთვის … ასე რომ ტრადიციული მოძღვრება სატანიზმზე არასწორია. ნამდვილი და ჭეშმარიტი ფილოსოფიური რელიგია არის ლუციფერისადმი რწმენა, რომელიც ძალაუფლებით ადონაის უტოლდება. მაგრამ ლუციფერი, სინათლის ღმერთი [ლათინურად “ლუციფერი” ნიშნავს ‘სინათლის მომტანს’], იბრძვის მშვიდობის დასამყარებლად. ის ებრძვის ადონაის, ბნელეთისა და ბოროტების მომტან ღმერთს.

თავისუფალი კალატოზები ჰოლოკოსტის პერიოდში

წიგნში “ჩემი ომი” ჰიტლერი წერდა, რომ მთავრობისადმი დაუმორჩილებლობის იდეის ყველაზე აქტიური გამავრცელებლები იყვნენ მასონები, რომლებიც იყოლიებდნენ ებრაელებს და ამგვარად, საფრთხეს წარმოადგენდნენ ქვეყნისთვის. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწყო მასონების შევიწროება და მათი თავისუფლების შეზღუდვა. გერმანიის გარდა, განსაკუთრებული წნეხი მიდიოდა საფრანგეთსა და ნორვეგიაში. მათ ორი ვარიანტი ჰქონდათ: გამხდარიყვნენ ნაცისტების მოკავშირე ან ნაცისტების მორჩილები. მასონებმა ორივე ვარიანტზე უარი თქვეს და ანტინაცისტური პროპაგანდები დაიწყეს. ამის გამო ჰიტლერის ბრძანებით მრავალი მასონი დააკავეს, როგორც პოლიტიკური პატიმრები და საკონცენტრაციო ბანაკებში უკრეს თავი. იქ მათ სასტიკად აწამებდნენ, ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ და ბოლოს კლავდნენ. შოტლანდიის დიდი ლოჟის მონაცემებით, ჰოლოკოსტმა 80 000-დან 200 000-მდე მასონი იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ გეების, ინვალიდების, ებრაელების, პოლონელებისა და ჰოლოკოსტის სხვა მსხვერპლების მიმართ რომის პაპმა თანაგრძნობა გამოხატა და ნაცისტების საქციელი დაგმო, მასონებზე კი სიტყვაც არ დაუძრავს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close