არქივი

საქართველოს პატრიარქის ფერადკანიანი ნათლული ცოლად ქართველ გოგონას ეძებს

67a010190ead

ნიგერიელი აზუბიგე აგო ფრანკი 2 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში. მალე ქრისტიანად მოინათლა და უკვე გიორგი არუჯიშვილია. მოერგო აქაურ ცხოვრებას, ქართულად საუბარი ისწავლა, ჰყავს ქართველი მეგობრები და უნდა, საქართველოს მოქალაქე გახდეს. ცოლადაც ქართველის მოყვანას აპირებს და ქორწილში აუცილებლად დაპატიჟებს თავის 7 დედმამიშვილს, დედ–მამას და ბებიას. მას წილად ხვდა იშვიათი ბედნიერება – თავად უწმინდესმა და უნეტარესმა მონათლა და ახლა ტაძარში სტიქაროსნად მსახურობს.

– აზუბიგე–გიორგი, საიდან გაგიჩნდათ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ?

– ერთი ჩემი მეგობარი, ნიგერიელი, აქ ცხოვრობს და მან დამაინტერესა. ის დამეხმარა, რომ აქ ჩამოვსულიყავი. დროებით მასთან ვცხოვრობდი, ახლა აქ, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ვცხოვრობ.

– რომელ რელიგიას აღიარებდით, სანამ გაქრისტიანდებოდით?

– მონათლული არ ვყოფილვარ, დედა და მამა ქრისტიანები არიან, მე საქართველოში მოვინათლე წელიწადი და რვა თვის წინ.

– რატომ გადაწყვიტეთ, რომ აქ გაქრისტიანებულიყავით?

– ნიგერიაში ნახევარი მოსახლეობა ქრისტიანია, ნახევარი – მუსლიმი. პატარაობიდან მომწონდა ეკლესია. მიყვარს ღმერთი. დედაჩემი და მამაჩემი აქ არ არიან. დედაჩემი და მამაჩემი ჩემი ღმერთია. აქ გაქრისტიანება იმიტომ მომინდა, რომ მომწონს საქართველო, ქართული ეკლესიები. სტიქაროსანი ვარ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასა და სამებაში.

– მთავარანგელოზის ეკლესიაში და სამებაში როგორ აღმოჩნდით?

– სამება ვნახე ტელევიზორში, გავაჩერე ტაქსი, 5 ლარი მივეცი მძღოლს და ავედი. ძალიან ლამაზია სამება, ძალიან მომეწონა იქაურობა. ვნახე, იქ როგორი გოგოები და ბიჭები იყვნენ, დიდები, მოხუცებულები. შევედი ტაძარში, ყოველდღე დავდიოდი მას შემდეგ, 10 დღის მანძილზე. შემდეგ ვნახე მამა თეიმურაზი, ვუთხარი, ქრისტიანად მომნათლე–მეთქი. მკითხა, ადრე მონათლული თუ იყავიო. ვუპასუხე, არა–მეთქი. ვინაობა გამომკითხა. მამა თეიმურაზმა მომნათლა. მას ვთხოვე, ილია მეორე, მინდა, ჩემი ნათლია იყოს–მეთქი. ასეც მოხდა, პატრიარქისგან მივიღე თანხმობა და დღეს მისი სტიქაროსანი ვარ. ყოველ შაბათ–კვირას ვნახულობ ილია მეორეს სამებაში.

– ქართული როგორ ისწავლეთ?

– მეგობარმა მასწავლა, მიჭირს საუბარი, მაგრამ მაინც ვაგებინებ ჩემს ლაპარაკს ყველას. კითხვა არ ვიცი.

– აბა, ვინ წაგიკითხავს ჩვენს ინტერვიუს?

– ან მამაო წამიკითხავს, ან მეგობარი. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ქართველი, ნამდვილი მეგობრები არიან.

– ოჯახი არ გენატრებათ?

– როგორ არ მენატრება. მენატრებიან ჩემი და–ძმები. შვიდი დედმამიშვილი მყავს, ყველაზე პატარა მე ვარ. ტელეფონით ვურეკავ და მირეკავენ. ისინიც გიორგის მეძახიან. ეშინიათ, როგორ შევეგუე აქაურობას. ვაწყნარებ, ვეუბნები, რომ არ მაქვს პრობლემები, აქ კარგი, კეთილი ხალხი ცხოვრობს, ეკლესიაში ვარ, ღმერთი მმფარველობს. ქუჩაში არაფრის მეშინია, არავინ მერჩის, ჩხუბი არავისთან მომსვლია.

– აქ რითი ცხოვრობთ, რა შემოსავალი გაქვთ?

– დილით სამსახურში მივდივარ, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან ახლოს, მშენებლობაზე ვმუშაობ. საღამოს ეკლესიაში ვარ. ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, მაშინ ოჯახი მიგზავნიდა ფულს, მაგრამ ახლა ჩემი სამსახური მაქვს და მინდა, დამოუკიდებოლად ვიცხოვრო. მიყვარს მუშაობა, არ შეიძლება სახლში ჯდომა, უსაქმურობა. კარგია, რომ რეჟიმით ვცხოვრობ. ქუჩა არ მიყვარს იმიტომ, რომ ჩემს მშობლებს არ უყვართ, ქუჩაში რომ ვდგავარ. ქუჩაში ცუდი ბიჭები და გოგოები დგანან ნიგერიაში და, მგონი, აქაც. მერე იჩენ მეგობარ გოგოს, მერე კალთაში გიჯდება, გკოცნის, კოცნი… ამას ეკლესია კრძალავს და არც მე მინდა ასე ცხოვრება. ეკლესიის ეზოს ვალაგებ ყოველდღე, ტაძარსაც ვალაგებ. ღმერთის სიყვარული მაკეთებინებს სიკეთეს, გულით ვაკეთებ ყველაფერს.

– თქვენი ოჯახი რას საქმიანობს?

– ოჯახში ექვსი და და ორი ძმა ვართ. ზოგი ჩიკაგოში ცხოვრობს, ზოგი – ევროპაში. მამას ბიზნესი აქვს. მათ უნდათ საქართველოში ჩამოსვლა. ქორწილი რომ მექნება, მაშინ ჩამოვლენ. მე ჯერჯერობით არალეგალურად ვარ თქვენს ქვეყანაში. მამაო მეხმარება, რომ ლეგალიზება მივიღო, ღმერთის ნებაა.

– ე.ი. გინდა ქართველი გოგო მოიყვანოთ ცოლად?

– მინდა, მყავდეს ქართველი ცოლი, თუმცა ეს ღმერთის ნებაა. ჯერ შეყვარებული არ მყავს.

– ახლა რამდენი წლის ხართ?

– 24–ის ვარ. 26 დეკემბერს ვხდები 25 წლის.

– როგორ გადაიხდით დაბადების დღეს?

– მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის, სამების სტიქაროსებთან, მგალობლებთან, მამაოებთან ერთად, ეკლესიის ეზოში შევიკრიბებით და აღვნიშნავთ. რესტორანში არ მინდა დაბადების დღის გადახდა, ჩვენთვის დალევა არ შეიძლება, არც სიგარეტს ვეწევი. ქართული ღვინის გემო მხოლოდ ზიარების დროს მაქვს გაგებული.

– გიორგი გვარიც შეიცვალეთ?

– კი, ახლა გიორგი არუჯიშვილი ვარ, ჩემმა ნათლიამ მომცა გვარი. ღმერთმა ქნას, მალე მოქალაქე გავხდე. მიყვარს ქართველი ერი, ენა, ეკლესია, სარწმუნოება, მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი.

წყარო: sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button