საკითხავისამხედროსაქართველო

სისხლის კვალი საქართველოს სასაზღვრო ზონაში

შემთხვევა, რომლის შესახებაც გიამბობთ, 26 წლის წინ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის სასაზღვრო ზონაში მოხდა. მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი ავღანეთს ეშმაკმა უწყის რაზე ეომებოდა, ქვეყნის შიდა სამხედრო საქმეები ხშირად ისე უყურადღებოდ რჩებოდა რომ ზოგიერთ შემთხვევას, რომელიც ყურადღების მიქცევას ასე თუ ისე საჭიროებდა, ზერელედ “გაატარებდნენ” და თუ “გატარება” აღარ გამოვიდოდა მაშინღა მიაქცევდნენ ყურადღებას როცა უკვე ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. რა თქმა უნდა ლაპარაკია მხოლოდ ისეთ სიტუაციებზე, რომელთა მოხსენიებასაც არავინ ითხოვდა ზემდგომ ორგანოებთან პატაკებში. ამ კონკრეტულ შემთხვევას კი ნამდვილად შეიძლება ეწოდოს პასუხისმგებელ პირთაგან უყურადღებობის ყველაზე დიდი ზეიმი და ამავე დროს საქართველოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში მომხდარი ერთერთი ყველაზე დაუჯერებელი და შემზარავი ამბავი.

ის სასაზღვრო შენაერთი, სადაც ეს შემთხვევა მოხდა სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა. იმ მომენტისთვის ე.წ. “ზასტავაზე” ერთი ასეული იყო და ასე თუ ისე თავის ფუნქციებს ნორმალურად ასრულებდა. მორიგეობის საათები როგორც ყველგან, აქაც მკაცრად იყო განსაზღვრული, არც რაიმე განსაკუთრებული ექსცესები ყოფილა ამ შენაერთის ისტორიაში მაგრამ ტერიტორია, რომელზეც ისინი მორიგეობნენ იმდენად დიდი იყო რომ, შენაერთის შემადგენლობა არ იყო ბოლომდე საკმარისი. ავღანეთის ომის გამო სამხედრო უწყებებში ისეც დაძაბული სიტუაცია იყო და მმართველობის გაღიზიანებას ყველა ერიდებოდა, ამიტომაც რამოდენიმე სადარაჯოზე მესაზღვრეებს მარტო უწევდათ მთელი ღამის გატარება რაც საკმაოდ ძნელი იყო და ვინაიდან საფრთხე არსაიდან იყო მოსალოდნელი ასეთ “ვახტებზე” ჯარისკაცებს ხშირად არაყიც მიჰქონდათ და წაძინებასაც ახერხებდნენ. ყოველ ღამეს ხდებოდა კოშკურების შემოწმება, სადაც ერთი ჯარისკაცი არასდროს იყო მაგრამ სასაზღვრო ტერიტორიას სადარაჯო წერტილები კოშკურებს აქეთაც გააჩნდათ და ზოგიერთი მათგანი ისეთ ადგილას იყო რომ ძნელად თუ შეიძლებოდა ხმის მიწვდენა მათზე. ერთერთი ასეთი სადარაჯო პუნქტი იყო გორაკის წვერზე, სადაც გაჩეხილი ტყისგან რამოდენიმე ხე იყო გადარჩენილი.

1984 წლის მაისში ამ სადარაჯოზე გავიდა მორიგე მესაზღვრე რომელსაც ღამით ევალებოდა იქ დარაჯობა და მას შემდეგ თვალით აღარავის უნახავს… როცა ის დილით უკან აღარ დაბრუნდა, მეთაურმა ორ ჯარისკაცს დაავალა მისი მოძებნა, ისინიც სამორიგეო ადგილას მივიდნენ და მუხის დიდი ხის ქვეშ ნახევრად დაცლილი არყის ბოთლი და სისხლის კვალი იპოვეს. მეთაური ზედმეტ შარს მოერიდა და ეს ამბავი რიგით მესაზღვრეებს დაუმალეს, სისხლისგან ჩუმად გაწმინდეს იქაურობა ისე რომ ნორმალურად არც გამოუკვლევიათ და მომხდარს შემდეგი ახსნა მისცეს, დალია, სახლი მოენატრა, ვენების გადაჭრა სცადა ან რაიმე ამდაგვარი და შემდეგ გაიქცა. ჯარისკაცზე ძებნა გამოაცხადეს ხოლო სამორიგეო ადგილი იმავე გორაკზე, ასიოდე მეტრის დაშორებით გადაიტანეს. ყველაფერი ნორმალურად გაგრძელდა და ერთ კვირაში მეთაურებმაც შეწყვიტეს ამაზე თავის მტვრევა მაგრამ მოხდა მეორე, და კიდევ უფრო საზარელი შემთხვევა. იმავე სადარაჯოზე გასული ჯარისკაცი დილით აღარ დაბრუნდა და მის მოსაძებნად წასულმა მესაზღვრეებმა სადარაჯოდან რამოდენიმე ათეული მეტრის დაშორებით ყელგამოღადრული იპოვეს. მეთაურები უკვე სერიოზულად აღელდნენ, აუცილებელი გახდა ზემდგომი ორგანოებისთვის ყოველივეს მოხსენება რამაც სერიოზულად შეაშფოთა პოლკოვნიკი, რომელსაც ეს შენაერთი ექვემდებარებოდა. მათი შეშფოთება სულაც არ იყო უსაფუძვლო რადგან პირველ შემთხვევაში დასკვნა თავად გამოიტანეს და თვითნებურად იმოქმედეს, რის გამოც დაუსჯელი არ დარჩებოდნენ. მათი მოქმედება კი იმიტომ იყო უკანონო რომ მაშინ ზემდგომ ორგანოებს საერთოდ არ შეატყობინეს სადარაჯო პუნქტზე სისხლის არსებობის შესახებ, ალბათ ზედმეტი თავის ტკივილი მოიშორეს მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე დამალვა აღარ შეიძლებოდა. გვამი გადაიგზავნა ექსპერტიზაზე, პასუხამდე კი ყველა ერთს და იმავეს ვარაუდობდა, რომ ამ ტერიტორიაზე იგეგმებოდა, ან უარეს შემთხვევაში უკვე განხორციელდა რაიმე სერიოზული ჯაშუშური ოპერაცია მაგრამ ექსპერტიზის პასუხმა ისინი შოკში ჩააგდო, ბასრი საგანი, რომლითას მესაზღვრეს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, იყო არა დანა, არა სკალპელი (რომელსაც ხშირად ხმარობდნენ “ჩუმი” მოქმედებისთვის), არამედ საშუალოზე დიდი ზომის ცხოველის კლანჭი

სასაზღვრო პუნქტი რათქმაუნდა არაა საბავშვო ბაღი და ამუნიების და ბუების ნამდვილად არ ეშინიათ ხალხს, რომლებიც სრულიად მარტო, ფეხმოუცვლელად ატარებენ ღამეებს ტყეებში მაგრამ, მსგავსი ცხოველი, რომელიც მიესადაგებოდა ექსპერტის დასკვნას, სამცხე-ჯავახეთში უბრალოდ არ ბინადრობდა, ან უფრო სწორად, ბინადრობდა მაგრამ ზომებით არანაირად არ ემთხვეოდა მხოლოდ ერთი ცხოველი, ეს იყო ფოცხვერი.

ექსპერტის დასკვნის მიხედვით ცხოველი მინიმუმ 30 კილო მაინც უნდა ყოფილიყო რომ მსხვერპლი ამ მანძილზე ეთრია ხოლო ფოცხვერი მხოლოდ 13-15 კილოს იწონის. მიუხედავად ექსპერტიზის დასკვნისა ჯერ კიდევ მიდიოდა სხვა ვერსიებზე მსჯელობაც მაგრამ 2 დღეში ყველაფერი გაირკვა და კიდევ უფრო დიდ საგონებელში ჩააგდო ამ ამბის მომსწრენი, ვიდრე მანამ იყვნენ. იმ გორაკიდან 500 მეტრის მოშორებით, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, მეორე, შედარებით უფრო პატარა გორაკზე ერთი დიდი მუხის ქვეშ იყო ისეთივე სადარაჯო პუნქტი. იმ ღამით ძლიერი ქარი ამოვარდა, მესაზღვრემ რომელიც ამ სადარაჯოზე იყო ცვლაში, რამოდენიმეჯერ სცადა სიგარეტის მოკიდება ასანთით, ბოლოს კი “კალაშნიკოვის” ავტომატი, რომელსაც ლულაზე თავისივე ხიშტი ეკეთა მხარზე გადაიკიდა და სიგარეტის მოსაკიდებლად ჩაიმუხლა. ის იყო სიგარეტს მოუკიდა როცა ზემოდან რაღაც მძიმე დაეცა და წაიქცა… რამოდენიმე წუთის სხვაობით ორ სხვადასხვა ადგილას ბოლომდე აეხადა ფარდა იმ შემთხვევას, რაზეც უკვე არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სასაზღვრო შენაერთი იმტვრევდა თავს. ამ მომენტისთვის თბილისიდან ორი “ვილისი” წამოვიდა სადაც მძღოლის გარდა, მაიორზე დაბალი ჩინი არც ერთ მგზავრს არ ჰქონდა.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, სამცხე-ჯავახეთში მობინადრე ფოცხვერის საშუალო წონა 13-15 კილოს შეადგენს, ამ შემთხვევაში კი რასთან გვაქვს საქმე ეს დღესაც გაურკვეველი რჩება. არის შემთხვევები როცა კურდღლებს ზრდიან და ახალი, გაცილებით უფრო დიდი ჯიშები გამოყავთ რითიც გინესის წიგნში მოხვედრასაც ცდილობენ, არის შემთხვევები როცა ადამიანის ჩარევით ცხოველი შეიძლება ორჯერ უფრო დიდი გაიზარდოს ვიდრე მას “ევალება” მაგრამ, ტერიტორიაზე, სადაც არც რადიოაქტიური ნივთიერების არავითარი კვალი არ არსებობს და არც მითუმეტეს ადამიანი ცდილობს რაიმეს შეცვლას, ასეთი უცნაური შემთხვევა ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ჯარისკაცი, რომელიც ზემოთ ვახსენე, თავისდაუნებურად გახდა იმ მტაცებლის მკვლელი, რომელის მორიგი ულუფაც შეიძლება თავადვე გამხდარიყო, ის მხოლოდ თავისი ავტომატის ხიშტმა გადაარჩინა. ფოცხვერი რომელიც ხიდან დაესხა მას თავს, რეკორდულად დიდი იყო და მას სამხრეთ საქართველოში ანალოგი არ ჰყავდა არც ზომით და არც წონით. ჩამუხლული ჯარისკაცის მხარზე გადაკიდული ავტომატის ხიშტი მას პირდაპირ გულ-მკერდის არეში მოხვდა და რამოდენიმე წუთში მოკლა, თუმცა მანამ იმ ჯარისკაცის დაზიანებაც მოასწრო. ბოლო და ყველაზე საინტერესო ფაქტი კი ის იყო რომ ადგილიდან, სადაც პირველი მესაზღვრე გაუჩინარდა, მეორე სადარაჯომდე შემაწუხებელმა სუნმა მიაღწია და მესაზღვრეებმა იფიქრეს რომ ეს იყო საქონლის ლეში რომელიც მგლებმა მთაზე ამოათრიეს მაგრამ ის, რაც მათ აღმოაჩინეს, გაცილებით უფრო შემზარავი იყო ვიდრე მგლების მიერ ამოთრეული ლეში. ჯარისკაცი, რომელიც თავდაპირველად გაუჩინარდა, სინამდვილეში არსადაც არ წასულა, მისი გვამი იმავე ხეზე იყო გადაკიდული რომლის ქვეშაც ის მორიგეობდა და რომლის ქვემოთაც აღმოაჩინეს არაყი და მისი სისხლის ნაკვალევი.

ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა როცა ფოცხვერმა ადამიანის გვამი ხეზე აიტანა, ეს იყო ყველაზe დიდი ზომის ფოცხვერი რომელიც ოდესმე უნახავთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. ეს ბუნების ნამდვილი ანომალია იყო მაგრამ იმ დროს ნამდვილად არავის ადარდებდა მიზეზები, არც არავის დაუპირებია რაიმე გამოკვლევა ჩაეტარებინა ამასთან დაკავშირებით. იმ ფოცხვერის ფიტული დღესდღეობით თბილისშია, რომელიღაც ზოოლოგიურ მუზეუმში თუ ლაბორატორიაში მაგრამ ზუსტად სად, ეგ გაურკვეველია, გაურკვეველია ასევე ის თუ რა პასუხი მიიღო დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებმა. ასეა თუ ისე, ბუნება ხანდახან თავად გვიტარებს ექსპერიმენტს და საბუთად, ვფიქრობ მოყვანილი შემთხვევაც კმარა.

სტატია მომზადებულია რეალურ წყაროებზე დაყრდნობით, მხოლოდ www.ucnauri.com-ისთვის

ავტორი: Velociraptor

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close