არქივი

ინტელექტუალური სიცრუე ანუ, როგორ გამოვჩნდეთ უფრო ნაკითხები, ვიდრე ვართ

7dda98c5019e

რჩევა #1: აირჩიეთ რომელიმე აღიარებული მწერალი. დაიზეპირეთ მისი ძირითადი ნაწარმოებების სათაურები. გაარკვიეთ, რომელი ითვლება მათ შორის საუკეთესოდ და იქიდან საკვანძო პერსონაჟები, ან ტერმინები ამოარჩიეთ.

markes

სავარაუდო ფრაზა: “ვგიჟდები მარკესზე… აი, “მარტოობის 100 წელიწადი” ხო საერთოდ პროზის მწვერვალია…

ჯერ მარტო რა დასაწყისი აქვს: “გაივლის კიდევ რამდენიმე წელი და დასახვრეტ კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია…” – უჰ, გენიალურია!

არა, ნუ, “პატრიარქის შემოდგომაც” კარგია და “ჩემი ნაღვლიანი მეძავების მოგონებაც”, მაგრამ მაკონდოელი ბუენდიების პიროვნულ ტრაგედიასთან ვერცერთი ვერ მოვა…”

(რეალურად, თქვენ ამ ნაწარმოების მთავარი არსი ნორმალურად ვერც გაიგეთ.  ის კი არადა, პირველად წაკითხვა რომ სცადეთ, სახელებში აიბენით და ლამის შუა გზაში მიატოვეთ კიდეც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მარკესის სხვა ნაწარმოებები შეიძლება წაკითხული არც გქონდეთ და როგორც ბევრი, დასკვნას თქვენც მხოლოდ ერთი წიგნით აკეთებდეთ)

რჩევა # 2: აიტაცეთ, იაპონური ლიტერატურა – მოდაშია…

ფრაზა: “ეგ კი არადა, ამ ბოლო ხანებში იაპონურმა მწერლობამ გამიტაცა… რა ქვია იმ მწერალს? აი, ძალიან მაგარია…
(მოსაუბრე “გახსენებთ”: კავაბატა თუ მურაკამი?) ჰო, კავაბატა… მაგის წიგნს ვკითხულობდი და ისე გამიტაცა,  ღამე თეთრად გავათენე… ვაი, სახელი როგორ დამავიწყდა… (მოსაუბრე, აღტაცებული: “ათასფრთიანი წერო!!!”). ჰო, ეგ. აი, სკურპულოზური (რეკომენდირებული სიტყვაა) სიზუსტით ასახავს  რეალობას.ჰაიკუებზე ხომ საერთოდ მეკეტება (აქ თქვენი სიტყვების დასტურად იზეპირებთ ერთი-ორ ჰაიკუს, ან, უბრალოდ თქვენით თხზავთ ექსპრომტად და რომელიმე იაპონელ მწერალს მიაწერთ). მაგალითად ის:

ssdsd

“ქვიშის საათი  მოხერხებულ ადამიანს ჰგავს რაც ზევითაა, ათი იმდენი ქვევით არის ხოლმე, მიწაში”
(სასურველია, რომ ეს იაპონელი – ვისაც პოეტობას დააბრალებთ – საქვეყნოდ იყოს ცნობილი. ფაქტია, რომ ადამიანებზე “ცნობილის ავტორიტეტი” დიდად მოქმედებს. ამის გამო, თუნდაც უდიდესი სისულელე შეთხზათ, ისინი ვერ გაბედავენ, აღიარებული მწერალი დაიწუნონ და ჩათვლიან, რომ ის “ჩაუწვდომლად ღრმაა”. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა არ იტყვიან და მხოლოდ:“დიდებულია, ღმერთო, საოცარია”-ს თქმით შემოიფარგლებიან)

რჩევა # 3: გამოიყენეთ უცნობი გვარები, თუნდაც არარსებული…
ფრაზა: “ის იცი? ჯეისონ სმიტი… არა, არა, შმიდტი არა… სმიტი. აი, ძალიან მაგარი მწერალია. უბრალოდ, საქართველოში ჯერ არ იშოვება, ახალია და ვერ დააფასეს სათანადოდ. მე ხომ იცი, ინტერნეტში კითხვას როგორ ვერ ვიტანდი, მაგრამ ამ კაცმა ისე შემითრია, რომ უბრალოდ ვერ მოვწყდი…”

(შენიშვნა: გამოიყენეთ მხოლოდ ინგლისურის არმცოდნე ადამიანებთან… ვაიდა,  ენის მცოდნეებს ინტერნეტში კითხვის სურვილი გაუჩნდეთ)

რჩევა # 4: თქვით, რომ ესა თუ ის ნაწარმოები ორიგინალში გაქვთ წაკითხული

9e733b13cbce

ფრაზა: “უბრალოდ ცოდვაა, რომ დოსტოევსკი, ან, თუნდაც ბულგაკოვი ქართულად წაიკითხო. მე მაგალითად “ოსტატი და მარგარიტა”-ს ორივე ენაზე გავეცანი და შედარებაც კი არ შეიძლება… რუსული ენა უბრალოდ საოცარია”

რა თქმა უნდა, არავინ დაიწყებს იმის შემოწმებას, თქვენ რომელ ენას რა დონეზე ფლობთ. სამაგიეროდ, დაამახსოვრდებათ ის, რომ წიგნებს ორიგინალში კითხულობთ)

რჩევა # 5: დაიმახსოვრეთ რამდენიმე ლიტერატურული აქსიომა, ანუ, ის შეფასებები, რომელზეც არავინ დავობს!

79263f783bbe

ფრაზა: “აჰ, არა… კოელიო “პაპსაა”, მაგას მხოლოდ ის კითხულობს, ვისაც ზედმეტი ფიქრი ეზარება და ჰგონია, რომ ღრმა ჭეშმარიტებას ჩაწვდა”, “დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” მსოფლიოს საგანძურია… ყველაზე მეტად ის მომენტი მომწონს, ალექსანდროს ძმის ვინაობა რომ ირკვევა…” , “ჰარი პოტერი? კარგი ზღაპარია… ერთხელ თუ შეგიტყუა, მერე თავს ვეღარ დაანებებ…” (ასეთ ფრაზებზე არავინ შეგედავებათ)

რჩევა # 6: უბრალოდ, თქვით, რომ ესა თუ ის წიგნი წაკითხული გაქვთ

ვინმე ინტრიგანს თუ არ გადაეყარეთ, თქვენი სიტყვების გადამოწმებას არავინ ეცდება და პრინციპში, ზედმეტად ცნობისმოყვარეებისთვისაც არსებობს ერთი უკვდავი არგუმენტი: “ადრე მაქვს წაკითხული და კი არ მახსოვს კარგად… ერთი უნდა გადავიკითხო”

რჩევა # 7: აირჩიეთ რაიმე კარგი წიგნი, რომელსაც შეკითხვაზე: “ბოლოს რა წაიკითხე?” უპასუხებთ ხოლმე

საერთოდ, თუკი მუდმივად არ კითხულობთ ამ შეკითხვაზე პასუხის მყისიერი გაცემა რთულია.  შეყოვნება კი თქვენი იმიჯის მტერი შეიძლება გახდეს, ამიტომ შეარჩიეთ რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში გამოგადგებათ. რეკომენდირებულია: თომას მანი, ფრანც კაფკა, ჯერომ სელინჯერი, თეოდორ დოსტოევსკი…

რჩევა # 8: “საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა”

დაე, პირიქით დაანამუსეთ ისინი, რომ რაიმე წიგნი წაკითხული არ აქვთ. ამის შემდეგ უკვე მათ თქვენი განათლების დონის შემოწმების სურვილი ნაკლებად გაუჩნდებათ. სხვა თუ არაფერი, შეგიძლიათ ურჩიოთ, რომ კითხვა ამ პოსტიდან დაიწყონ. ის ხომ სწორედ მათ ეძღვნებათ…

წყარო: www.doin.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button