მისტიკასაკითხავიუცნაური

შავი ხვრელები დედამიწაზე

სხვადასხვა სტატისტიკით, დედამიწაზე, მსოფლიო მასშტაბით, 20 მილიონი ადამიანია გაუჩინარებული, უგზო–უკვლოდ დაკარგული. მათ ასავალ–დასავალს ვერც კრიმინალისტებმა მიაგნეს და ვერც – დეტექტივებმა. არც კვალი არსებობს და არც რაიმე სამხილი. ისინი უბრალოდ გაქრნენ. მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ უცნაურად გაუჩინარებული ადამიანები რამდენიმე ხნის, ზოგჯერ თვეებისა და წლების შემდეგ, ბრუნდებიან, მაგრამ ვერაფერს იხსენებენ იმის შესახებ, თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისელი მწერალი, აგატა კრისტი, რამდენიმე თვე იყო დაკარგული. მისი მანქანა იპოვეს, ის კი არსად ჩანდა. რამდენიმე თვის შემდეგ ერთ სასტუმროში მიაგნეს. მწერალმა ვერ გაიხსენა, იმ ხნის განმავლობაში რას აკეთებდა ან სად იყო.
გაუჩინარებული ადამიანების ფენომენი პარანორმალური მოვლენების პირველ ათეულშია შეტანილი. მეცნიერები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ. დაზუსტებით კი არავინ იცის, რასთან გვაქვს საქმე. უფოლოგების ვერსიით, ადამიანებს უცხოპლანეტელები იტაცებენ. ზოგიერთს, ვინც დაბრუნდნენ, კვლევა ჩაუტარეს. ჰიპნოზის ქვეშ რამდენიმემ გაიხსენა, რომ რაღაც ლაბორატორიაში იყვნენ, სადაც უცხო არსებები მათ გამოკვლევებს უტარებდნენ.

ერთ–ერთი თეორიის მიხედვით, დედამიწაზე, ისევე როგორც კოსმოსში, არსებობს შავი ხვრელები. იქ მოხვედრის შემთხვევაში ადამიანი უჩინარდება. კენიაში, რუდოლფის ტბაზე, კუნძულ ენვაიტენტს დღემდე ყველა ერიდება, დაწყევლილ ადგილად თვლიან და იქ არავინ ცხოვრობს. ადგილობრივი ტომის, ელმოლოს ენაზე კუნძულის სახელი ასე ითარგმნება – მოუსავლეთი. აბორიგენებმა სიგრძით სულ რამდენიმეკილომეტრიან კუნძულს ეს სახელი იმიტომ უწოდეს, რომ იქ წასული ადამიანი დაბრუნებული აღარავის უნახავს, მისი კვალი ქრება. 1935 წელს კენიაში ინგლისელების ექსპედიცია მუშაობდა მეცნიერ ფუშის ხელმძღვანელობით. ექსპედიციის ორი წევრი – მარტინ შელფისი და ბილ დაისონი – კუნძულზე გაემგზავრნენ. 15 დღის განმავლობაში რომ არ გამოჩნდნენ, ფუშმა კუნძულზე მაშველები გაგზავნა. იქ მხოლოდ ნასოფლარი აღმოაჩინეს, ექსპედიციის წევრებს კი ვერსად მიაგნეს. ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ოდესღაც ის კუნძული დასახლებული იყო, მაგრამ ერთ დღეს მთელი სოფელი გაუჩინარდა და მათ კვალს ვერავინ მიაგნო. საინტერესოა ყოფილი მეკობრის, ოუენ პარფიტის გაუჩინარების ისტორია. ის სიბერეში ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული. ერთ დღეს მომვლელმა ეზოში გაიყვანა, პლედი დააფარა, თვითონ კი მცირე ხნით საქმეზე გავიდა. უკან რომ დაბრუნდა, მოხუცი აღარ დახვდა, ეტლი და პლედი კი თავის ადგილზე იყო. დამბლადაცემული მოხუცი ვერსად წავიდოდა, მეზობლებს კი მათ სახლთან არავინ დაუნახავთ და არც რაიმე ხმა გაუგონიათ. ინგლისში ერთი მამაკაცი უამრავი ადამიანის თვალწინ გაუჩინარდა. მან გაზეთი იყიდა, გზაზე გადადიოდა და მოულოდნელად გაქრა. მის კვალს ვერავინ მიაგნო.

1952 წელს ნიუ იორკში ერთ კაცს მანქანა დაეჯახა და იგი დაიღუპა. მძღოლი პოლიციელებს არწმუნებდა, რომ ის კაცი გზაზე მოულოდნელად გაჩნდა. გარდაცვლილს საკმაოდ უცნაურად, ძველმოდურად ეცვა. ჯიბეში აღმოუჩინეს პასპორტი, რომელიც 80 წლის წინ იყო გაცემული. საბუთის მიხედვით, მისამართი დაადგინეს და ის კაცი მოიკითხეს. ერთმა მოხუცმა ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ ისინი მამამისს კითხულობდნენ, რომელიც 70 წლის წინ უეცრად გაუჩინარდა, ქუჩაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ქალმა პოლიციელებს მამის ფოტოც აჩვენა. ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი საოცრად ჰგავდა იმას, რომელიც მანქანამ გაიტანა. ფაქტებით ცნობილია, რომ სანამ ადამიანები გაუჩინარდებიან, იმ ადგილას მწვანე ნისლი ჩნდება. ამგვარი რამ ბერმუდის სამკუთხედშიც არის შემჩნეული, სადაც ბევრი ადამიანი, საზღვაო თუ საჰაერო ხომალდი გაქრა. გაუჩინარებამდე პილოტები გადმოსცემდნენ, რომ უჩვეულოდ მწვანე ბურუსში მოხვდნენ. ბრიტანეთში არსებობს მეტაფიზიკური საზოგადოება, რომელსაც უამრავი ასეთი შემთხვევა აქვს მოძიებული. იქ ამგვარ ამბებს 150 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. ძალიან საინტერესო ისტორიული ფაქტები აქვთ მოძიებული. მაგალითად, 1593 წლის 25 ოქტომბერს მოულოდნელად მექსიკაში ესპანელი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომელიც ფილიპინებზე მსახურობდა. გაოგნებული ჯარისკაცი ამტკიცებდა, რომ იმ საღამოს ფილიპინებზე იყო და მის მეთაურზე თავდასხმა მოხდა. ის არანორმალურად ჩათვალეს და ციხეში გამოამწყვდიეს. მოგვიანებით ფილიპინებიდან მექსიკაში გემი ჩამოდგა. იქიდან ჩამოსულებმა დაადასტურეს, რომ მართლაც მოკლეს ის მეთაური, თანაც სწორედ იმ დღეს, როცა ჯარისკაცი მექსიკაში გამოჩნდა.

1988 წელს აღდგომის კუნძულზე ავსტრალიელები ექსპედიციას ატარებდნენ. მოგეხსენებათ, რომ იქ არის ძველი ცივილიზაციის დანატოვარი გიგანტური ქვის ქანდაკებები. ტორფიან ველზე გათხრების დროს მეცნიერებმა იპოვეს ლითონის აბჯარში ჩასმული რაინდის ჩონჩხი. აღმოჩნდა, რომ რაინდი ლიონის ორდენს ეკუთვნოდა, რომელიც ევროპაში 1237–1525 წლებში არსებობდა. მეცნიერებმა ვერ ახსნეს, როგორ შეიძლებოდა, რომ რაინდი აღდგომის კუნძულზე აღმოჩენილიყო. 1620–31 წლებში ესპანეთში ცხოვრობდა მონაზონი მარია, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ტელეპორტაციულად, ანუ ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე, ამერიკაში მოგზაურობდა და ინდიელების ერთ–ერთ ტომს, იუმას, ქრისტიანებად ნათლავდა. ეს შეიძლება მისი ფანტაზიის ნაყოფად მიეჩნიათ, ერთი ფაქტი რომ არა. 1622 წელს კათოლიკე ბერმა რომის პაპ ურბან მესამეს კითხვით მიმართა, ვინ გააქრისტიანა იუმას ტომის ინდიელები მანამდე, სანამ ის იქ ჩავიდოდა. პაპმა ვერაფერი უპასუხა. ბერს ინდიელები ეუბნებოდნენ, რომ ისინი ქალმა გააქრისტიანა, რომელსაც ცისფერი ტანსაცმელი ეცვა. მას ქრისტიანული სიმბოლიკის ნივთებიც კი აჩვენეს, რომლებიც მათ იმ ქალმა გადასცა. ბერი ამ ფაქტებით დაინტერესდა და 1630 წელს მონაზონ მარიას შეხვდა. მონაზონმა დაწვრილებით უამბო, იუმას ტომი როგორ ცხოვრობდა, ის საეკლესიო ნივთებიც კი აღუწერა, რომლებიც მან ინდიელებს დაუტოვა. დღემდე უცნობია, ეს მონაზონი როგორ მოგზაურობდა.

მეცნიერი აივენ სანდერსონი საინტერესო ფაქტს აღწერს ჭიანჭველების ერთ–ერთ სახეობაზე, რომელსაც ატტა ჰქვია და ჩრდილოეთ ამერიკაშია გავრცელებული. ეს სახეობა ისეთ ბუდეს აგებს, რომლის დანგრევაც ძალიან ძნელია. მათ კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვთ: ატტას ოჯახებს ჰყავთ ერთი დედა, რომელიც მუდმივად დებს კვერცხებს. დედა ჭიანჭველა დიდი ზომისაა, ამიტომ გადაადგილება უჭირს. მისი მთავარი ფუნქცია გამრავლებაა. ის ცალკე, დაახლოებით ქოქოსის კაკლის სიდიდის ბუდეში ცხოვრობს. მეცნიერებმა ბუდე განივად გაჭრეს, რომ დაკვირვებოდნენ, დედა ჭიანჭველა როგორ იქცეოდა. ბუდეს რომ დახურავდნენ და მერე ხსნიდნენ, დედა ჭიანჭველა იქ აღარ ხვდებოდათ, მას ათეულობით მეტრით დაშორებულ სხვა ბუდეში პოულობდნენ. არადა ის ფიზიკურად იმ მოკლე დროში გადაადგილებას ვერ შეძლებდა და ვერც ჭიანჭველები გადაიტანდნენ. მერე იფიქრეს, დედა ჭიანჭველები ერთმანეთში ხომ არ გვერევაო და წითელი საღებავით დანიშნეს. ისევ იგივე განმეორდა – უმოკლეს დროში წითელი საღებავით შეღებილი ჭიანჭველა ათეულობით მეტრით დაშორებულ ბუდეში იპოვეს. სანდერსონი აღნიშნავს, ეტყობა, ეს ჭიანჭველები ტელეპორტაციის უნარს ფლობენო. კვანტური ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებლის, ავსტრიელი მეცნიერის, შრედინგერის თეორიის მიხედვით, ნაწილაკი ზოგჯერ ისე იქცევა, როგორც ტალღა. ამ თეორიის მიხედვით, მეცნიერები იკვლევენ, შეიძლება თუ არა, რომ გარკვეულ პირობებში ადამიანი ცარიელ ენერგიად გარდაიქმნას, ანუ სხეული გაქრეს და მხოლოდ ენერგიად იქცეს, შემდეგ კი ეს ენერგია სხვა ადგილას ისევ სხეულად გარდაიქმნას, მატერიალიზება მოხდეს.

ამ ყველაფრის ახსნა საკმაოდ რთულია, მაგრამ მეცნიერები მაინც ცდილობენ. ზოგიერთის აზრით, დედამიწის რომელიღაც მონაკვეთში თავისუფლდება დიდი ენერგია, რაც დროისა და სივრცის გამრუდებას იწვევს. მოგეხსენებათ, რომ კოსმოსში არის შავი ხვრელები, რომლებსაც დიდი მიზიდულობის ძალა გააჩნია. ერთ–ერთი მეცნიერის აზრით, შავი ხვრელები არამარტო კოსმოსშია, დედამიწაზეც არსებობს. იქ მოხვედრის შემთხვევაში ადამიანები ან უეცრად კვდებიან, ან იკარგებიან. მეცნიერი ირწმუნება, რომ დროისა და სივრცის გამრუდება სწორედ დედამიწაზე არსებულ შავ ხვრელებში ხდება.

წყარო: sana.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close