უცნაური

ადგილი, საიდანაც დროში მოგზაურობა შეიძლება

375b68267a75

დროში მოგზაურობაზე ადამიანები უხსოვარი დროიდან ოცნებობდნენ. მსოფლიო ფოლკლორში ამ ოცნებამ თავისი ასახვა ჰპოვა. ზღაპრული თუ მითური გმირები ხშირად მოგზაურობენ წარსულში და აწმყოს ცვლიან. მათ მომავლის განჭვრეტა, დანახვა და შეცვლაც შეუძლიათ. დროის მანქანაზე უამრავი ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები შეიქმნა და იქმნება ლიტერატურასა თუ კინოში. ამ “მანქანის” შექმნაზე მეცნიერები სრული სერიოზულობით მუშაობდნენ და ჩვენს დროშიც – ერთი მხრივ, პრაგმატიზმისა და, მეორე მხრივ, ტექნიკის არნახული განვითარების ეპოქაში – იმედს ისევ არ კარგავენ, რომ დადგება დღე, როცა ადამიანი შეძლებს წარსულსა თუ მომავალში შეღწევას. ადამიანის სწრაფვა შეუცნობელის შეცნობისაკენ, სამყაროს საიდუმლოებებში წვდომისაკენ დაუოკებელია. ასტროლოგებსა და ეზოთერიკოსებში არსებობს ინფორმაცია, რომ ტიბეტში, ეგრეთ წოდებულ სარკეების ველზე, მომავლისა და წარსულის კარიბჭე იხსნება, საიდანაც ადამიანებს წარსულსა და მომავალში მოგზაურობა შეუძლიათ, ოღონდ არა – ფიზიკურად, არამედ ცნობიერებაში. სხვა საკითხია, რას მოუტანს ეს კაცობრიობას. ქრისტიანული რელიგიის სწავლებით, იმ ზღვარის გადალახვამ, რაც თვით სამყაროს შემოქმედის, უფლის მიერ არის დაწესებული, ადამიანს შეიძლება ის ხვრელები გაუხსნას, საიდანაც მის სულში დემონები და ბნელი ძალები შეაღწევენ, ეს კი სრული დაღუპვაა.

8c9541dbf5c8

ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი:
– მეცნიერულად დროის მანქანის შექმნის შესაძლებლობა მაშინ გაჩნდა, როცა აინშტაინის ფარდობითობის თეორია შეიქმნა. ამ თეორიის მიხედვით, თუკი ადამიანი სინათლის სიჩქარეს მიაღწევს, მაშინ ის შეძლებს მოხვდეს მომავალში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმავე თეორიის მიხედვით, ადამიანს წარსულშიც შეუძლია მოხვედრა. 1949 წელს მათემატიკოსმა გებელმა აინშტაინის განტოლებების საფუძველზე შექმნა დროის მანქანის მათემატიკური მოდელი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა წარსულსა და მომავალში მოგზაურობა. მის მათემატიკურ მოდელს საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. თავად გებელიც ამბობდა, რომ პრაქტიკულად ამის განხორციელება შეუძლებელია, რადგან მათემატიკური მოდელი პრაქტიკულად რომ განეხორციელებინათ, ადამიანს უნდა მიეღწია სინათლის სიჩქარისთვის ან უდიდესი სიძლიერის გრავიტაციის ველი უნდა შეექმნა. თეორიულად ამის შესაძლებლობა არსებობს.
ფილოსოფოსები დროის მანქანის აბსურდულობას ამტკიცებდნენ. წარმოიდგინეთ, ადამიანი ფიზიკურად მართლაც მოხვდა წარსულში, იქ კი თუნდაც პეპელას დააბიჯა ფეხი ან შემთხვევით წრუწუნა მოკლა. მაშინ ხომ ათასობით წრუწუნა აღარ დაიბადება, ანუ, ამ ლოგიკით, წარსულში ფიზიკურად მოხვედრის შემთხვევაში აწმყოს ნებისმიერ შემთხვევაში შევცვლით. ასე აწმყო თავდაყირა დადგება და შეიძლება დედამიწამ არსებობა შეწყვიტოს.
– მიუხედავად ამ საშიშროებისა, მეცნიერები “დროის მანქანის” შექმნაზე მაინც მუშაობდნენ და ეს ჩვენს ეპოქაშიც გრძელდება.
– სხვადასხვა დროს რამდენიმე “დროის მანქანა” შეიქმნა. მეცნიერმა კიტ ტორნიმაც შექმნა, მაგრამ ისიც მათემატიკური მოდელია. ჩვენ სამ განზომილებიან სამყაროში ვცხოვრობთ. ტორნის თეორიით, სამყაროში დამატებით კიდევ რომ შეიქმნას სამ განზომილებიანი ხვრელი, რომელსაც მეცნიერები თხუნელას ხვრელს უწოდებენ, საშუალება გვექნება, მოვხვდეთ წარსულში ან მომავალში. ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება სინათლის სიჩქარე ან უდიდესი გრავიტაციული ველი, რომლის შექმნაც ჯერჯერობით კაცობრიობას არ შეუძლია.

ea44398518b4

– ვთქვათ, მოხდა სასწაული და ოდესმე ასეთი რამ მართლაც გახდა შესაძლებელი…
– მაშინ ვაწყდებით ფილოსოფიურ პარადოქსს, ანუ ფიზიკურად როგორ ვიმოგზაურებთ წარსულში ისე, რომ აწმყო არ შევცვალოთ. მეცნიერები საუბრობენ ე. წ. ბებიის ეფექტზე, ანუ თქვენ რომ მოხვდეთ წარსულში, ფაქტობრივად შეხვდებით ბებიათქვენს. თუ მის ცხოვრებაში ჩაერევით, მაშინ აწმყოში მისი შვილიშვილის როლში ვეღარ მოხვდებით, ანუ ისევ პარადოქსამდე მივდივართ. ასე რომ, ფიზიკურად დროში მოგზაურობა ფილოსოფიურ ლოგიკას ნამდვილად ეწინააღმდეგება, მაგრამ არსებობს დროში მოგაზურობის სხვა მეთოდები, რომლებიც ლოგიკას არ ეწინააღმდეგება.
– მაგალითად?
– როცა გვძინავს, ჩვენ დროის მიღმა ვიმყოფებით, ვმოგზაურობთ. ალბათ ყველას დასიზმრებია ისეთი რამ, რაც მეორე დღეს აცხადებია. მაგალითად, ერთხელ ზუსტად ის ფილმი და სიუჟეტი დამესიზმრა, რომელიც მეორე დღეს ცხადში ვნახე. მითხარით, ჩემმა ქვეცნობიერმა რა მექანიზმით ამოიცნო, რა მოხდებოდა მეორე დღეს?! გამოდის, რომ სიზმარში მე მოვხვდი ჩემს მომავალში. იქ მე ვერაფერი შევცვალე, უბრალოდ დავინახე, რა მოხდებოდა. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეცნობიერის გარკვეული ნაწილი დროის მიღმა იმყოფება, რომელიც იწყებს მუშაობას მაშინ, როცა ჩვენ გვძინავს. ადამიანები სიზმრებში სხვადასხვა ისტორიულ ფაქტსაც ხედავენ. ეს ფანტაზიის ნაყოფი არ არის. ჩვენს ქვეცნობიერებას შეუძლია, წარსულიც გვაჩვენოს. თქვენ თუ ფარნავაზის ეპოქა დაგესიზმრათ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ქვეცნობიერება იმ ეპოქაში მოხვდა. ცნობილი ფსიქოლოგის, იუნგის ერთ–ერთი თეორიის მიხედვით, არსებობს გარკვეული ველი, რომელსაც ყველა ქვეცნობიერება აღიქვამს. ასე რომ, დროში ქვეცნობიერის მოძრაობის ფაქტი უფრო რეალური და ლოგიკურია, ვიდრე ფიზიკურის.
– გვიამბეთ იმ ექსპერიმენტებზე, რომლებიც დროში მოგზაურობაზე ტარდებოდა და ტარდება.
– რუსმა მეცნიერმა კოზირევმა შექმნა ჩაზნექილი სარკეების სისტემა. ტიბეტში არის ადგილი, რომელსაც სარკეების ველს ეძახიან. კოზირევმა თავისი მოდელი სწორედ ამ ადგილის მიხედვით შექმნა. ეს არის მთებს შორის მოქცეული ველი. მის გარშემო არის ჩაზნექილი ქვის ფილები, რომლებიც ჩაზნექილი სარკეების ეფექტს ქმნის. ვინც იქ ხვდება, მას შეუძლია, დროში იმოგზაუროს. იქ მიდიან ადამიანები, რომლებსაც მომავლის დანახვა ან წარსულში ჩახედვა აინტერესებთ. რუსი ექიმი, მურდაშევი, რომელიც ეზოთერიკაშიც ატარებს კვლევებს, ტიბეტში იმ ადგილას მივიდა. მისი თქმით, იქ იმდენად მძიმე ენერგეტიკული ველი იყო, რომ წელში ვერ გასწორდა და კარვის გარშემო დაფოფხავდა.
– კოზირევის ექსპერიმენტი რაში მდგომარეობდა?
– მან შექმნა ჩაზნექილი სარკეების სისტემა, სადაც ადამიანს ათავსებდნენ და ის ქვეცნობიერად წარსულში ხვდებოდა. ეწყებოდა ხილვები წარსულიდან.

ტიბეტი
d453ec252931

– იქნებ ის ადამიანი რაიმე წამლის ან თუნდაც ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ ექცეოდა?
– ეს კითხვა ლოგიკურია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ექსპერიმენტი რამდენიმე ქვეყანაში ტარდებოდა. მაგალითად, ექსპერიმენტი ერთდროულად რუსეთსა და ბრიტანეთში ჩატარდა. ადამიანები ერთსა და იმავე ეპოქაში ხვდებოდნენ და ერთნაირ ამბებს აღწერდნენ. სხვათა შორის, ამ ცდის მიზანი იყო, რომ სარკეების ველში მოხვედრილ ადამიანებს ერთმანეთთან ტელეპათიური კავშირი გაებათ, მაგრამ სხვა შედეგი მიიღეს – ადამიანები წარსულში მოხვდნენ და ერთნაირი სურათები დაინახეს. კოზირევის თეორიის მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს. მეცნიერებმა ვერაფრით ახსნეს, ეს ყველაფერი როგორ ხდება. სხვათა შორის, ამას ვერც კოზირევი ასაბუთებს. მან უბრალოდ ტიბეტის ჩაზნექილი სარკეების ველის ანალოგი შექმნა.
– ტიბეტში ეს სარკეების ველი ბუნებრივად არის წარმოქმნილი თუ ადამიანებმა შექმნეს?
– არავინ იცის. შეიძლება ადამიანებმა უხსოვარ დროში შექმნეს, მაგრამ, ტიბეტელების თქმით, ბუნებრივია.
– შეიძლება, რომ ცნობიერებამ მართლაც იმოგზაუროს დროში, მაგრამ აწმყოში ვეღარ დაბრუნდეს?
– სხვათა შორის, სარკეების ველზე ინდოელი იოგები სპეციალურად მიდიან სიკვდილის წინ, რომ ცნობიერება იქ გადაიტანონ, სადაც მათ სურთ და იქ დარჩნენ ანუ გარდაიცვალონ. უკან დაბრუნება მაინც ადამიანების ნებაზეა დამოკიდებული. “კოზირევის სარკეები” დღემდე აქტუალური თემაა, მაგრამ არავინ იცის, ეს როგორ მუშაობს. სხვათა შორის, ამერიკელმა ექიმმა რაიმონდ მოუდმა, რომელმაც დაწერა წიგნი “სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ”, შექმნა სარკეების ოთახი. იქ მოხვედრილ ადამიანებს სხვა დროსა და განზომილებაში მოხვედრა შეეძლოთ.
– ამბობენ, რომ “დროის მანქანაზე” ფაშისტებიც მუშაობდნენ. ჰიტლერი მასზე მომუშავე მეცნიერებს დიდ თანხას უხდიდა.
– მესამე რეიხს ჰქონდა სპეციალური განყოფილება, სადაც ეზოთერიკას იკვლევდნენ, ტიბეტში მოგზაურობდნენ. “დროის მანქანის” შექმნას რომ ცდილობდნენ, ამაზე დოკუმენტური ფილმებიც არსებობს. ისინი მფრინავი თეფშების შექმნაზეც მუშაობდნენ. სხვათა შორის, ტიბეტში ჩაზნექილი სარკეების ველზე ისინიც აწყობდნენ ექსპერიმენტებს. მოკლედ, ასეა თუ ისე, კაცობრიობა დგას იმ აღმოჩენის ზღურბლზე, როცა ადამიანი ქვეცნობიერად შეძლებს დროში მოგზაურობას. ეს სრულიად რეალურია, მაგრამ ის აწმყოსა და მომავალში ვერაფერს შეცვლის.

წყარო: ჟურნალი “სარკე”

4d41dfec535e

მსგავსი ამბები

Back to top button