არქივი

გვანცა ყუფარაძე და თანაკლასელისთვის მიყენებული 30 ჭრილობა

a31d56fec38f
9 საათიან კურიერს ვუყურებდი,როცა გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ რომ გვანცა ყუფარაძემ რომელიც ბრალდებულია და ციხეში ზის თანაკლასელისთვის 30 ჭრილობის მიყენებაში,გაზეთ კვირის პალიტრას მიწერა წერილი სადაც ის წერდა რომ მას არ მიუყენებია ტყემალაძესთვის 30 ჭრილობა და თავს იმართლებდა.მაინტერესებს თქვენი აზრი ამ გოგოსთან დაკავშირებით და მინდა შემოგთავაზოთ საინტერესო სტატია სადაც გექნებათ საშუალება გაეცნოთ ფაქტებს ამ საქმესთან დაკავშირებით…

ეს წერილი ციხიდან მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებულ 16 წლის გოგონას ეკუთვნის. შემთხვევა, რომელიც 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მოხდა, საკმაოდ რეზონანსული იყო. 14 წლის გვანცა ყუფარაძეს ბრალად თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებოდა.
14 წლის გვანცა ყუფარაძე გაასამართლეს, ის ბრალეულად ცნო სასამართლომ და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესი ბრალდებულის არასრულწლოვნების გამო დახურული იყო და პრესას საშუალება არ ჰქონდა, პროცესის მიმდინარეობისთვის თვალყური ედევნებინა. სასამართლომ 14 წლის მოზარდი ბრალეულად ცნო, მაგრამ საქმის მასალების, ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების გაცნობის შემდეგ ეჭვი გაჩნდა სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობაში, რადგან საქმეში ზედმეტად ბევრი საეჭვო ფაქტი გამოიკვეთა. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებულს 30 ჭრილობა აქვს მიყენებული, რაც საეჭვოა, 14 წლის კაფანდარა გოგონას მოეხერხებინა. მეორე საეჭვო გარემოება ის არის, რომ ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული სრულიად უმოტივოა. საბრალდებო დასკვნაში და მოგვიანებით განაჩენში მითითებულია, რომ ყუფარაძემ უმიზეზოდ მიაყენა 30 ჭრილობა თავის მეგობარს

გვანცა ყუფარაძის წერილი

“ამ წერილის დაწერა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ ვერ შევეგუები იარლიყს, რომელიც უსამართლოდ მაქვს მოკერებული. ამბობენ, ყველა პატიმარს თავი მართალი ჰგონიაო… მე კი ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე ბრძოლა მაქვს გადაწყვეტილი და დარწმუნებული ვარ, ბოლოს და ბოლოს, ჩემს უდანაშაულობასაც დავამტკიცებ. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ მე ფრიადოსანი, სანიმუშო მოსწავლე ვიყავი, უამრავი სიგელი და მადლობა მაქვს მიღებული და უცბად “დაუნდობელ დამნაშავედ” ვიქეცი. როგორ?
ჩემი უბედურება 2006 წლის 9 ნოემბერს დაიწყო, როცა შემთხვევით შევესწარი თანაკლასელის, თორნიკე ტყემალაძის დაჭრას, რომელიც თბილისის მე-12 საშუალო სკოლის ეზოში მოხდა. ტყემალაძე ფულის შოვნაში დახმარებას მთხოვდა და მეუბნებოდა, თუ ფულს არ ვიშოვი, ჩემი საქმე ძალიან ცუდად იქნებაო. ამ საუბრის დროს სკოლის ეზოს კედელს გადმოახტა 4 შედარებით დიდი ასაკის ბიჭი, რომლებმაც ის გააკავეს, ორმა კი დანებით ჭრილობა მიაყენეს, თანაც უყვიროდნენ, ის მიიღე, რისი ღირსიც იყავიო. ამ ფაქტის ერთადერთი მოწმე მე ვიყავი და ამ ბიჭებისაგან მეც საშინელი მუქარა მერგო, მემუქრებოდნენ, თუ ხმას ამოიღებ და რამეს იტყვი, შენც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებიო.
მიუხედავად მუქარისა, გავიქეცი და ყველაფერი შევატყობინე იქვე მცხოვრებ ქართული ენის პედაგოგ ფატი მიქაძეს და ვთხოვე პოლიციის გამოძახება. დაჭრილი ტყემალაძე სკოლის სამედიცინო პუნქტში შეიყვანეს, სადაც მან განაცხადა, რომ დაზიანებები სკოლის მე-2 სართულიდან გადმოვარდნით მიიღო. იქვე ვიდექი და სკოლის პედაგოგებს განვუცხადე, რომ ის მეორე სართულიდან კი არ გადმოვარდა, არამედ დაზიანებები ოთხმა უცნობმა პირმა მიაყენა. სიმართლე მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ტყემალაძისათვის, ისე სკოლის პედაგოგებისა და ხელმძღვანელობისათვის. სკოლის ეზოში უცხო პირების მიერ მოსწავლის დაჭრის ფაქტით ხომ სკოლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა?
მას შემდეგ, რაც პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ტყემალაძე პირადად იცნობდა იმ პირებს, რომლებმაც ვალის გამო დაჭრეს, მას ისღა დარჩენოდა, პოლიციისათვის კონკრეტულად დაესახელებინა დამნაშავეები. იმის თქმა, რომ არ იცნობდა დამნაშავეებს, არარეალური და არადამაჯერებელი იქნებოდა, რის გამოც თავად ტყემალაძეს შეექმნებოდა პრობლემები – მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში დანაშაულის დაფარვისათვის, მაგრამ მან შიშის გამო ვერ დაასახელა დამნაშავეები. ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექციაც, ტყემალაძის მშობლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. საჭირო იყო განტევების ვაცის მოძებნა და ასეთი მე აღმოვჩნდი.
საინტერესოა ისიც, რომ თორნიკეს 2006 წლის 14 ნოემბრიდან ამ სკოლაში აღარ უსწავლია, სასწრაფოდ გადაიყვანეს სხვაგან, სხვა რაიონში. ვის დაუმალეს? მე ხომ 14 ნოემბრიდან ციხეში ვიყავი?

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა გორგასლიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ როგორმე არ დამტკიცებულიყო ჩემ მიერ ნანახი ფაქტი. ჯერ დეტალურად გამომკითხეს, თუ რა ადგილზე დაჭრეს თორნიკე. იმის მაგივრად, გამოეძახებინათ პატრული, სასწავლო ნაწილის გამგემ ტყემალაძის სისხლის ყველა წვეთი წაშალა კვალის დასაფარავად. პატრულის მაგივრად და საქმის მოსაგვარებლად კი სახლში დაურეკეს ამავე სკოლის კურსდამთავრებულ პოლიციელს. მანამდე მაჩუმებდნენ, სანამ სასწრაფოს ექიმი უკან არ მობრუნდა ჩხუბით, რატომ მომატყუეთ, ბავშვი დაჭრილი ყოფილაო. მან მოითხოვა ტანსაცმელი, რომელიც იქვე მცხოვრებ პედაგოგს ჰქონდა სახლში გადამალული. სწორედ ამ პედაგოგმა და მისმა მეუღლემ მიიტანეს საავადმყოფოში ტყემალაძის გადამალული ტანსაცმელი.

54b7d09588e2

ჩემი მშობლებისა და ჩემივე თანდასწრებით პოლიციას სასწავლო ნაწილის გამგეები ატყუებდნენ, რომ ტყემალაძე კიკვიძის ბაღში დაჭრეს და სკოლის ეზოში გადმოაგდეს. ჩემდა გასაკვირად, პოლიციას კითხვები არ გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება უკვე მიცემული მქონდა. დანაშაულის ადგილას, რომელიც ღამით დაათვალიერეს, ვერაფერი აღმოაჩინეს, რადგან სკოლის დირექციამ წინასწარ მოასუფთავა ყველაფერი. ტყემალაძის ქუდიც კი, რომელიც დანაშაულის ადგილზე ეგდო, სასწავლო ნაწილის გამგემ მის დას გაატანა. სამაგიეროდ სკოლის დირექტორმა ჯერ 2006 წლის 10 ნოემბერს, ხოლო შემდგომ 14 ნოემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაავრცელა ყოვლად უსირცხვილო ვერსია, თითქოს მე, არატრადიცული ორიენტაციის გოგონამ, კონკურენციის მიზნით დავჭერი თანაკლასელი ტყემალაძე(?!). დირექტორმა იცრუა ისიც, რომ თითქოს მამაჩემი დაზარალებულის მოსაკლავად იწევდა, ხოლო დამნაშავე შვილი ქალაქიდან უკვე გახიზნული ჰყავდა. სიუჟეტიდან ვერაფერი გავიგე, ვერც ის, თუ რა “ტრადიციულობაზე” იყო ლაპარაკი. 2006 წლის 14 ნოემბერს საღამოს 9 საათზე დედამ და მამამ პოლიციაში წამიყვანეს. მათ სჯეროდათ საქართველოში სამართლის არსებობის. სამწუხაროდ, პოლიციის მეცხრე განყოფილებიდან უკვე აღარ გამომიშვეს.საათზე დედამ და მამამ პოლიციაში წამიყვანეს. მათ სჯეროდათ საქართველოში სამართლის არსებობის. სამწუხაროდ, პოლიციის მეცხრე განყოფილებიდან უკვე აღარ გამომიშვეს.
დირექტორის გავრცელებული ვერსია ძალზე დაუჯერებელი იყო საზოგადოებისთვის, ამიტომ ეს “შეცდომა” სამართალდამცველებმა გამოასწორეს და უფრო დიდი სასწაული მოიგონეს: რადგანაც ჩვენებაში ნახსენები მქონდა, რომ ტყემალაძე ფულს ეძებდა სასესხებლად, ამ ფულზე ააგეს აბსურდი, რომ მე თითქოს ტყემალაძეს ფულს ვჩუქნიდი და მერე უმოტივოდ მივაყენე დაზიანებები. მიუხედავად იმისა, რომ 9 ნოემბერს დეტალურად აღვუწერე პოლიციას დამნაშავეების აღნაგობა, სურათებიც კი არ მაჩვენეს ტყუილად მაინც, ვინმეს ხომ არ იცნობო (რატომღაც ერთადერთ მოწმესთან არ ისურვეს თანამშრომლობა), მე კი ეს პირები არასდროს დამავიწყდება, მათი სახეები დღესაც თვალწინ მიდგას. მათ ამოცნობას ყოველთვის შევძლებ, რა დროც უნდა გავიდეს. მათ მხოლოდ პლასტიკური ოპერაციები, თვალის ფერის შეცვლა და მარჯვენა ხელის პროთეზი თუ უშველით (ერთ თავდამსხმელს მარჯვენა ხელის მთელ მტევანზე სვირინგი აქვს).

ჩემს საქმეში ორი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაა, ერთი ტყემალაძის, რომ ვითომ მას 30 ჭრილობა მივაყენე მე, მისმა თანაკლასელმა, 14 წლის გოგონამ, და მეორე – ჩემი ჩვენება, რომ ტყემალაძეს დაზიანებები მიაყენა ორმა ჩემთვის უცნობმა, მაგრამ ტყემალაძისთვის კარგად ნაცნობმა პირმა. ამ ფაქტის უშუალოდ მხილველი სხვა მოწმე საქმეში არ არსებობს. განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის აშკარად ცრუ ჩვენებას, რის გამოც 10 წელი მომისაჯეს. ჩემი ჩვენება დადასტურებულია ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით, მოწმეების: მ. პაცუკისა და ნ. ნინუას ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ტრასოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო დასკვნებით დადგინდა, რომ ტყემალაძეს 30 ჭრილობა მიყენებული აქვს ორი სხვადასხვა ზომის (2 სმ-იანი და 4 სმ-იანი) მჩხვლეტავი მჭრელი საგნებით (ეს მართლაც ასე წერია ექსპერტიზის დასკვნაში. – ავტ.), შესაძლებელია, დანებით. ექსპერტიზების დასკვნებში ასევე ნათქვამია, რომ ტყემალაძეს ფიზიკურად ვერ მივაყენებდი იმ დაზიანებებს, რადგან მას ადეკვატური რეაგირება უნდა მოეხდინა პირველივე დარტყმაზე, მას არც გონება დაუკარგავს და ის, რომ ჩემგან ამდენი დარტყმა აიტანა, საღად მოაზროვნე ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს? იდგა და მიყურებდა, სანამ 30-ჯერ არ დავარტყი დანა? ან ამდენი ჭრილობის მიმყენებელს ერთი წვეთი სისხლი მაინც ხომ უნდა მომსხმოდა? სიმართლე ის არის, რომ ტყემალაძეს იმ ბიჭებმა განძრევის საშუალება არ მისცეს! მოწმეები პაცუკი და ნინუა ჩვენებებში ადასტურებენ ჩემს ნათქვამს, რომ ტყემალაძის დაჭრის დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა ოთხი ზრდასრული პირი, რომელთა გინებისა და მუქარის ხმა მათ აშკარად ესმოდათ. გამაოგნა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა. მან პროცესზე ჩემს მშობლებს განუცხადა: ერთადერთი შვილის პატრონები ხართ, როგორ ხართ მშვიდად, თუ უსამართლოდ გაბრალებთ დანაშაულს, თქვენს ადგილას მე ბრალმდებელს მოვკლავდიო (ესეც მოსამართლის შინაგანი რწმენა. თუ კანონმორჩილი ხარ და ვინმეს არ კლავ, ესე იგი, დამნაშავე ხარ).

ალბათ, იმისათვის ვისჯები, რომ სიმართლე ვთქვი და არ დავემორჩილე დირექციის მოთხოვნას. ჩემი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა გორგასლიძემ კი სკამი შეინარჩუნა. ის ხომ განათლების სამინისტროდან გადმოიყვანეს პროტექციით, მან ხომ გამოცდებიც კი ვერ ჩააბარა. ჩემი საქმის ასე საუკეთესოდ “გამომძიებელი” და ზედამხედველი პროკურორი დათხოვნილი არიან თანამდებობიდან (მიზეზი არ ვიცი), მე 10 წლით ციხეში ვარ გამწესებული, დამნაშავეები კი მართლმსაჯულებას შორიდან დასცინიან. ტყემალაძე სასამართლოს მერე თავის უბანში ხმას ავრცელებდა, რომ თურმე მე კი არ დამიჭრია, ბიჭები მიმიგზავნია და იმათ დაუჭრიათ, თორემ მე როგორ მოვერეოდი. ციხიდან გამოსვლის მერე შურისძიებას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ დამნაშავეების ამოცნობით ნათელს მოვფენ ამ საქმეს. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ბოლოს და ბოლოს, მოსამართლე დალი მეტრეველს მინდა დავუმტკიცო, რომ უდანაშაულო ვარ, იქნებ მაშინ მაინც ინანოს, 14 წლის სრულიად უდანაშაულო გოგონას 10 წელი რომ მომისაჯა.

დიახ, დამნაშავე უნდა დაისაჯოს და არა ჩემნაირი სანიმუშო ყოფაქცევის, ფრიადოსანი არასრულწლოვანი, რომლის ბრალეულობაც არაფრით მტკიცდება. მკვლელობის მცდელობა, თან გოგონასაგან? რა ვქნა, ამ სამარცხვინო იარლიყს ვერ შევეგუები. დღესაც მზად ვარ, სიცრუის დეტექტორზე გამომცადონ, რაც არაერთგზის განმიცხადებია. პატიმრებს ჰგონიათ, პრეზიდენტი ყველა მათგანის კონკრეტულ საქმეს იცნობს, რაც დაუჯერებელია. დარწმუნებული ვარ, ჩემ შესახებ პრეზიდენტს არც კი სმენია. სასამართლოც კი დახურული მქონდა, არასრულწლოვანი ვარ. ჩემი საქმე ახლა ევროსასამართლოშია. დარწმუნებული ვარ, გავმართლდები და ამაზე მალე ატყდება განგაში. მინდა, პრეზიდენტმა ამ ფაქტის შესახებ იცოდეს, მინდა, იცოდეს, რომ მის ქვეყანაში ციხეში უკვე ორი წელია 16 წლის უდანაშაულო მოზარდი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს.
გვანცა ყუფარაძე.”

eb797214a186

ეს კი თორნიკე ტყემლაძის (დაზარალებულის) ჩვენებაა

“სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ერთი თვით ადრე გავეხუმრე, 50 ლარი მასესხე-მეთქი. არ მაქვსო, მითხრა, პირიქით, მე შენთვის უნდა მეთხოვაო. ჩემს დაჭრამდე ერთი კვირით ადრე გვანცამ მკითხა, ფული ისევ გინდაო? კი, მინდა-მეთქი, ვუთხარი. ხუთშაბათს ქართულის გაკვეთილი მქონდა. გვანცამ მითხრა, დედაჩემმა არ მინდა, დაინახოს, ფულს რომ გაძლევ, სკოლის ეზოში მოფარებული ადგილია (ფანჯრიდან დამანახვა ის ადგილი) და იქ ჩამოდი და მოგცემო. ფიზკულტურის გაკვეთილიდან გავედი, პირველად ქუჩიდან, ალაყაფის კართან კედელზე გადავძვერი და ხუთი წუთი ეზოში ვიცადე. მერე უკან გადმოვძვერი. გვანცა ნათაძის ქუჩის ასასვლელში დამხვდა, მითხრა, წამო, ერთად გადავძვრეთო. გვანცამ მითხრა, ფული ფეხბურთის სტადიონზე მაქვს დამალული “ჟეშტის” ქვეშ და ამაწევინეო. უცბად რაღაც მომხვდა უკან, თავიდან ზურგზე დანა მომხვდა. რომ შევძელი, ხელი მოვიქნიე და გამოვიქეცი. გვანცამ დამიძახა, თოკო, მაპატიეო. მერე დავიყვირე, მიშველეთ-მეთქი. მანდ რას აკეთებო, მკითხა თამაზი მასწავლებელმა. მერე გრძნობა დავკარგე. შემიყვანეს მედპუნქტში. მკითხეს, რა მოხდაო. თავიდან არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მეგონა და არ ვთქვი სიმართლე. ვთქვი, სკოლიდან ვიპარებოდი და მეორე სართულიდან გადმოვხტი-მეთქი. ხუთი დღის მერე რომ დამკითხა გამომძიებელმა, მაშინ ვთქვი სიმართლე. დანით რომ ვიყავი დაჭრილი, არ ვიცოდი. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ექიმებმა მითხრეს, – დანით ხარ დაჭრილიო.დანა არ დამინახავს, ვერ დავინახავდი. ძირს ვეგდე და უკნიდან მირტყამდა გვანცა… დანას როგორ დავინახავდი? თავიდან თავში ვიგრძენი დარტყმა, გავბრუვდი, ვეღარ ვგრძნობდი ვეღარაფერს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც შემდიოდა და გამომდიოდა, მაგრამ რა, არ ვიცი. თუმცა გონება არ დამიკარგავს. დავიბენი და ძირს დავეცი, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. გვანცას ცალი ხელი მხარზე ედო და, ალბათ, ერთი და იმავე ხელით მირტყამდა,მე ამ დროს ვხოხავდი. მერე შემეშინდა და გავიქეცი.

ადვოკატი: – თუ უკნიდან გირტყამდა, წინა მხარეს როგორ გაქვს ჭრილობები?
– წინა მხარეს არა მაქვს ჭრილობები მიღებული, არც ტანსაცმელზე”…
– როგორ მოგაყენე 30 ჭრილობა?
– დარტყმის შედეგად არ გავითიშე, მაგრამ დავიბენი… ვითიშებოდი, წამიერად გავითიშე, მაგრამ გრძნობა არ დამიკარგავს. თავში მომხვდა რაღაც საგანი, მაგრამ რა, არ ვიცი. ძალა მთლიანად გამომელია, უცებ მომაყოლე დარტყმა კიდევ. შემწევდა ძალა, შეგწინააღმდეგებოდი, ვცადე, მაგრამ ვეღარ შეგეწინააღმდეგე. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვერ წამოვდექი, არ ვიცი, რატომ. პირველად რომ მომაყენე ჭრილობა, მაშინ ვერ წამოვდექი, მერე წამოვდექი, 30 ჭრილობის შემდეგ შევძელი გაქცევა.
მე თუ დაგჭერი, რატომ გავიქეცი ფატი მასწავლებელთან სასწრაფოს და პატრულის გამოსაძახებლად?(გვანცა ეკითხება)
– ჩემი აზრით, გეგონა, ვერ გადავრჩებოდი და შეგეშინდა, ვინმეს არ დაენახე…

ერთს ვიტყვი რა, ტყუილად ხომ არ დავადებდი ხელს გვანცას. მე მეგონა, მძიმედ არ ვიყავი დაჭრილი. არ მინდოდა, გვანცა დასჯილიყო და თავიდან ამიტომ არ ვთქვი სიმართლე. სამი დღე არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მერე ამიტომ ვთქვი ყველაფერი. სასამართლოს მივანდობ გვანცას დასჯის საკითხის გადაწყვეტას, მაგრამ მე არ მინდა გვანცა მსუბუქად დაისაჯოს”.

ამ სტატიის ავტორმა შეამოწმა სკოლის ტერიტორია და წერს რომ კედელი საიდანაც გვანცა და თორნიკე გადაძვრნენ(თორნიკეს თქმით) 3 მეტრი სიმაღლისაა.ავტორი თავად ეცადა ამ კედელზე გადაძრომას მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ტყემალაძე ამბობს რომ იქ იდო “ჟესტი”,ადგილის დათვალიერების ოქმში კი “ჟესტი” საერთოდ არ არის ნახსენები.თორნიკე ამბობს რომ მას წინ არ ქონია ჭრილობები,მაგრამ ექსპერტიზის დასკვნების შესწავლით დადგინდა რომ ტყემალაძეს 10 ჭრილობა ზუსტად წინიდან აქვს მიყენებული.თორნიკე ტყემალაძე ასევე ამბობს რომ პირველი დარტყმა თავში მიიღო.ექსპერტიზის დასკვნებში კი თავში მიყენებულ დაზიანებაზე არაფერია ნათქვამი.

წყარო : www.kvirispalitra.ge

P.S ჩემი აზრით ეს გოგო უსამართლოს იხდის სასჯელს.ბევრი ფაქტი მეტყველებს იმაზე რომ გვანცა ყუფარაძეს არ დაუჭრია თორნიკე ტყემალაძე.არც მტკიცებულება აქვს სასამართლოს იმისი რომ გვანცამ თორნიკე ნამდვილად დაჭრა.ასევე ბევრი უზუსტობაა ტყემალაძის ჩვენებაში.მაგრამ დარწმუნებული არაფერში ვარ.
თქვენ რას ფიქრობთ?ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი…

მსგავსი ამბები

Back to top button