საკითხავი

საზოგადოების მტერი №1 – ჟაკ მესრინი

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ ძეგლს უდგამენ და არსებობენ ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცევენ, თუნდაც იმიტომ რომ ბედავენ და ახერხებენ იმას, რასაც სხვა ვერ გაბედავდა, ვერ მოახერხებდა. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ჟაკ მესრინი, ფრანგი განგსტერი და სამოცდაათიანი წლების ცოცხალი ლეგენდა.

1979 წლის 2 ნოემბერს პარიზის გარეუბანში, მეტრო Porte de Clignancourt-თან ახლოს სიმშვიდე უეცრად მომხდარმა შემთხვევამ დაარღვია – გზაჯვარედინზე გაჩერებული სატვირთოდან მძიმედ შეიარაღებულმა ათობით პოლიციელმა მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნა მის უკან მდგარ BMW-ს მარკის ავტომობილს. საჭესთან მჯდომი მამაკაცი მთლიანად ჩაცხრილეს, მძიმედ დაიჭრა მის გვერდით მჯდომი ქალიც. შემთხვევიდან ერთი წუთით არ იყო გასული რომ მოედანი ხალხით გაიტენა, ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობდნენ მიეღწიათ მანქანამდე და გადაეღოთ ჩაცხრილული მამაკაცის ცხედარი ან რამოდენიმე სიტყვა მაინც გამოეძალათ რომელიმე პოლიციელისთვის. კიდევ ერთ წუთში უკვე საფრანგეთის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა კადრები და ცნობა – პოლიციამ შეტაკების დროს გაანადგურა საზოგადოების მტერი №1 – ჟაკ მესრინი.

30 წლის შემდეგ, იმავე ადგილას ზუსტად იგივე სიტუაციაა: დაცხრილული BMW რომელსაც უამრავი ხალხი, პოლიცია და ჟურნალისტები შემოსევია, ტყავის ქურთუკიანი მამაკაცის ცხედარი და კომისარი, რომელიც თითქოს სინანულით ამბობს რომ განზრახული ჰქონდათ მესრინის ცოცხლად აყვანა მაგრამ წინააღმდეგობის გამო იძულებულნი გახდნენ გაენეიტრალებინათ ის. კომისარი ტყუის ეხლა, ტყუოდა მაშინაც, 30 წლის წინათ, თუმცა ამაზე მოგვიანებით, ეხლანდელი სცენა სულ სხვაა, კომისარიც და ჟურნალისტებიც მსახიობები არიან, მანქანაში ჩაკეცილი დაცხილული მამაკაცი კი ვინსენტ კასელი გახლავთ. მიმდინარეობს ფილმის, “L’ennemi public n°1”-ის გადაღება. სწორედ ვინსენტ კასელის მოთხოვნით შეცვალეს ფილმის სცენარი და ზედმეტად რომანტიულის ნაცვლად ის მაქსიმალურად მიუახლოვეს ჟაკ მესრინის ნამდვილ ისტორიას.

ვინ იყო ჟაკ მესრინი? იყო კი მისი ცხოვრება ისეთი შინაარსიანი რომ ამაზე ფილმის გადაღება შეიძლებოდა? იმსახურებს კი ის რომ ლეგენდა ეწოდოს? აი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდები ამ პოსტში. აქვე ვიტყვი რომ ლეგენდა შეიძლება იყოს კარგი, ან შეიძლება იყოს ცუდი, ნურავინ იფიქრებს რომ მე ამ პოსტში ხოტბას ვასხამ მკვლელს და დამნაშავეს, აქ მხოლოდ იმაზე მაქვს საუბარი, იყო თუ არა ჟაკ მესრინი თუნდაც ცუდი, მაგრამ მაინც ცოცხალი ლეგენდა.

მოგვიანებით, როცა ამ თემაზე საუბარი მიდიოდა მისი ოჯახის წევრები ალჟირის ომს ადანაშაულებდნენ, თვლიდნენ რომ მან შეცვალა ჟაკის პიროვნება და ხასიათი, თუმცა ეს ნაკლებად სარწმუნოა, ის ბუნჩულა ბავშვი არასოდეს ყოფილა. ერთიც შეიძლება ითქვას, 1979 წლის 20 ნოემბერს, საფრანგეთის მთავრობამ ჟაკ მესრინის სახით (რომლის ოცწლიანი “კარიერაც” ათობით ბანკის ძარცვას, მკვლელობებს და ადამიანთა გატაცებებს სამი კონტინენტის ექვს ქვეყანაში, ოთხ გაქცევას სხვადასხვა მკაცრი რეჟიმის ციხიდან, ორ შოკისმომგვრელ წიგნს და ათობით სკანდალურ ინტერვიუს ითვლიდა) დიდი თავისტკივილი მოიშორა.

ჟაკ რენე მესრინი 1936 წლის 28 დეკემბერს, პარიზთან ახლოს, Clichy-la-Garenne-ში დაიბადა. მისი მშობლები კომერსანტები იყვნენ და იმედოვნებდნენ რომ მათი შვილიც მათივე გზას გაუყვებოდა მაგრამ ჟაკმა ადრეულ ასაკშივე მიახვედრა ისინი რომ ცდებოდნენ. კათოლიკურ სკოლაში რომელსაც Collège de Juilly ეწოდებოდა, მისი აგრესიული ქცევით თავმობეზრებულმა დირექტორატმა მისი გარიცხვის საკითხი დააყენა, ამაზე პასუხი არც ჟაკმა დააყოვნა, დირექტორს კაბინეტში ეწვია და უხეშად რომ ვთქვა “დაიფინა”. ის შემდგომში კიდევ ორი სკოლიდან გარიცხეს აგრესიული ქცევის გამო

ჟაკ მესრინი სკოლაში

1955 წელს, 19 წლის ასაკში მან ცოლად მოიყვანა ლიდია დე ზოუზა მაგრამ ალბათ ჟაკის მძიმე ხასიათის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო მათმა ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა და ისინი ერთმანეთს 1956 წელს დაშორდნენ. ამის შემდეგ ჟაკმა ჯარში წასვლა გადაწყვიტა. ის საფრანგეთის არმიაში შევიდა და ალჟირის ომში მიიღო მონაწილეობა. ეს ომი ჟაკისთვის საკმაოდ მძიმე გამოცდა გამოდგა. არსებობს ცნობები რომ ის ამ ომში ე.წ. “შემსრულებლის” მოვალეობასაც ასრულებდა, “შემსრულებლებს” იმ ჯარისკაცებს უწოდებდნენ რომლებსაც ნაწამებ ტყვეებს გადააბარებდნენ ხოლმე მოსაკლავად და ისინიც პისტოლეტის ერთი გასროლით უღებდნენ მათ ბოლოს. იყო თუ არა მესრინი “შემსრულებელთა” სიაში, ეს დანამდვილებით არავინ იცის. მან ალჟირში მიიღო მედალი “მამაცობისთვის” და 1959 წელს ომიდან საკმაოდ ხასიათშეცვლილი დაბრუნდა. მოულოდნელი დაბრუნება მან მოგვიანებით რამოედნიმე მიზეზით ახსნა. მისი თქმით ის დაბრუნდა რათა შეტაკებოდა იმ საზოგადოებას, რომელმაც მისი ადამიანობა დაამახინჯა. ჟაკმა დაბრუნებისთანავე დაუსვა წერტილი მშობლების იმედს მისი კომერსანტობის შესახებ და საცხოვრებლად პარიზის სხვა უბანში გადავიდა. 1961 წელს მან მეორე ცოლი შეირთო, მარია დე ლა სოლედადი.

19 წლის ჟაკი და მისი მეუღლე ლიდია

ჟაკი და მარია სოლედადი 1961 წ.

1962 წელს ჟაკ მესრინი თავის სამ თანამზრახველთან ერთად ნეუბურგის ბანკის ძარცვისას დააკავეს. ეს მისი პირველი პატიმრობა იყო მიუხედავად იმისა, რომ ის ამ მომენტისთვის უკვე საკმაო გამოცდილების მქონე კრიმინალი იყო. მართალია მის წიგნებში (რომელიც მან მოგვიანებით, ციხეში დაწერა) ბევრი რამ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, რასაც თავადვე აღნიშნავდა, მაგრამ ალჟირის ომში რომ მისი საქმიანობა უბრალო კრიმინალურობის საზღვრებს ცდებოდა ეს სავსებით შეესაბამება სიმართლეს. ჟაკს ამ პირველ შემთხვევაში 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 1963 წელს ის ციხიდან გამოვიდა. იმავე წელს დაიწყო მუშაობა არქიტექტორულ ფირმაში და თითქოს მისი ცხოვრებაც კალაპოტში ჩადგა მაგრამ 1964 წელს ის შემცირებაში მოყვა და სამსახურიდან დაითხოვეს. ჟაკი ისე კრიმინალური ცხოვრების გზას დაადგა და ამჯერად საბოლოოდ. 1965 წელს მესრინი დააკავეს ესპანეთში, პალმე დე მალიორკაზე, ერთერთი ესპანელი სამხედრო პირის ვილაში და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის განმავლობაში ის კატეგორიულად მოითხოვდა რომ საფრანგეთის ხელისუფლებას მოეთხოვა მისი განთავისუფლება ესპანეთის ხელისუფლებისაგან, რასაც ვერ მიაღწია. 1966 წელს მან კანარის კუნძულებზე საკუთარი რესტორანი გახსნა მაგრამ იმავე წელს ჟენევაში სამკაულების მაღაზია “გაიტანა”, ჩამონიქსში სასტუმრო, ხოლო მომდევნო წელს ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვა პარიზში. ამ დროს კი მისი პირადი ცხოვრება იმდენად აირია, რომ, მისმა ცოლმა რამოდენიმეჯერ სცადა თვითმკვლელობა და ბოლოს დაშორდა. შვილები, რომლებიც მესრინს სიგიჟემდე უყვარდა თავის მშობლებთან გაუშვა საცხოვრებლად. ის გახდა პროფესიონალი მძარცველი, ქილერი და სოლიდური ადგილი დაიჭირა იტალიურ კრიმინალურ საზოგადოებაშიც. 1968 წელს მესრინს უკვე კარგად იცნობდა და მასზე ნადირობდა საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთისა და შვეიცარიის პოლიცია, მაგრამ მას არ იცნობდა ფრანგული საზოგადოება, ანუ როგორც მოგვიანებით აღნიშნავდა მას არ ჰქონდა ის, რაც პირველ რიგში სჭირდებოდა – საზოგადოების მხარდაჭერა. აქაც და შემდეგშიც ავღნიშნავ რომ მართლია მესრინი მძარცველი და მკვლელი იყო მაგრამ ის არ ძარცვავდა უბრალო მოქალაქეებს, როგორ შემდეგში პრესაში გაიჟღერა ფრაზამ, მესრინს უნდოდა რობინ ჰუდის თანამედროვე და ფრანგული ვარიანტი ყოფილიყო. შეიძლება ეს მთლად ასეც არ იყო მაგრამ მესრინს რომ მასზე საზოგადოების აზრი უფრო მეტად აღელვებდა ვიდრე ნებისმიერი სიმდიდრე, ეს ფაქტია.

1968 წელს მესრინი თავის ახალ მეგობარ გოგოსთან და თანამზრახველთან, ჟანნე შნეიდერთან ერთად კანადაში, კვებეკში გაიქცა. სწორედ კვებეკში, და არა პარიზში ჩაეყარა საფუძველი ჟაკ მესრინის ლეგენდას. კვებეკში ისინი, იქაური მილიონერის ჯორჯეს დესლორიერსის სახლში მოეწყვნენ, მესრინი მძღოლად, ხოლო შნეიდერი მოსამსახურედ. 1969 წლის ივნისში მათ თავიანთი უფროსი გაიტაცეს და უზარმაზარი გამოსასყიდი მოითხოვეს. ივნისის მიწურულს დესლორიერსმა როგორრაც მოახერხა თავის დაღწევა და პოლიციასთან დაკავშირება. წყვილს, რომელიც კანადურმა პრესამ “ფრანგ ბონი და კლაიდად” მონათლა, კანადაში აღარ დაედგომებოდა. ისინი ტურისტებად “გარაიქმნენ” და შეერთებულ შტატებში გაიქცნენ, სადაც რამოდენიმე ხანი დაყვეს. 16 ივლისს ისინი არკანზასში დააკავეს და კანადაში დააბრუნეს. მოგვიანებით იმ სასტუმროს ნომერში სადაც ისინი ცხოვრობდნენ ხანში შესული ქალის დამხრჩვალი ცხედარი აღმოაჩინეს და ეს მკვლელობაც მესრინს მიეწერა მაგრამ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელაღებით უარყოფდა ამ მკვლელობას და შემდგომში თავისი ერთერთი წიგნი “იყო უდანაშაულო” სწორედ ამ შემთხვევაზე დაწერა. ამ მომენტში გამოხატა მესრინმა პირველად თავისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ: თვითმფრინავის ტრაპთან მას ჟურნალისტმა სთხოვა ეთქვა რამოდინიმე სიტყვა რაზეც მან ირონიული ღიმილით ესროლა შარლ დე გოლის მიერ 1965 წელში ნათქვამი ცნობილი და ყველაზე არადიპლომატიური ფრაზა “Vive le Québec libre”, პირველად მაშინ მონათლა ის საზოგადოების მტერი №1-ად კანადის ხელისუფლებამ

ჟაკ მესრინი და ჟანნე შნეიდერი

მესრინს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მაგრამ რამოდენიმე თვეში მან შეუძლებელი შეძლო – 5 მეგობართან ერთად გაიქცა კანადის განსაკუთრებით მკაცრად დაცული ციხიდან. ჟაკ მესრინმა და კანადელმა ფრანგმა მძარცველმა ჟან პოლ მერსემ ერთად დაიწყეს “მოღვაწეობა”. ამ დროს მესრინმა გაამართლა მის მიერ მოგვიანებით დაწერილ წიგნში ნათქვამი ფრაზა: “ძარცვა ადამიანს ნარკოტიკივით იჩვევს, შენ ძარცვავ არა ფულის სიყვარულით, არამედ იმ რისკისთვის, იმ მღელვარებისთვის… შენ გადაკვეთე საზღვარი და იცი რომ უკვე უკან გზა აღარაა, შენ დაკარგე ყველაფერი და ამიერიდან შენ ვალდებული ხარ მხოლოდ გაიმარჯვო, გაიმარჯვო ნებისმიერი რისკის ფასად.” მათი მეთოდი კი მართლაც განსაკუთრებით რისკიანი იყო: ისინი დღეში მინიმუმ ორ ბანკს ძარცვავდნენ, მონრეალში მათ 20 წუთის შუალედში ერთმანეთის მოპირდაპირე ქუჩებზე მოქმედი 2 ბანკი გაძარცვეს ხოლო ერთხელ სამი დღის განმავლობაში ორჯერ “გაიტანეს” ერთი და იგივე ბანკი (!). 3 სექტემბერს ისინი კბილებამდე შეიარაღებულნი მიადგნენ სენტ ვინსენტ დე პოლის მკაცრი რეჟიმის ციხეს, საიდანაც ცოტა ხნის წინ გაიქცნენ და სცადეს მათი იქ დარჩენილი სამი მეგობრის გამოყვანა რაშიც არ გაუმართლათ და ამის შემდეგ ტყეს შეაფარეს თავი სადაც ორი რეინჯერი გამოასალმეს სიცოცხლეს. მერსე მძიმედ დაიჭრა და ამის შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ ვენესუელაში გაქცეულიყვნენ. 1972 წელს მესრინი საფრანგეთში გამოჩნდა, სადაც მეთოდურად შეუდგა ბანკების ძარცვას. სწორედ ამ დროს გამოუჩნდა მესრინს მთავარი მოწინააღმდეგე, კომისარი ბრუსარი. ამავე წელს მისი და ჟან პოლ მერსეს გზები გაიყო.

პოლკოვნიკი ლეკლერკი და პოლკოვნიკი ბრუსარი

1973 წლის მარტში, პარიზის ერთერთ კაფეში შეტაკების დროს მესრინმა მძიმედ დაჭრა პოლიციელი ხოლო სამი დღის შემდეგ ის პარიზის ერთერთ სასტუმროში აიყვანეს. მაისში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს თუმცა რომელიღაც მისმა მეგობარმა სასამართლოს ტუალეტის საშუალებით მას პისტოლეტი გადასცა რომლის საშუალებითაც მესრინმა მოსამართლე აიყვანა მძევლად და სასამართლო დარბაზიდან გაიქცა

4 თვის შემდეგ ის პარიზში, საკუთარ ბინაში დააკავეს, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ის 20 წუთის განმავლობაში აწარმოებდა პოლკოვნიკ ბრუსართან მოლაპარაკებას და ამ დროს განმავლობაში სიგარას აბოლებდა და შამპანურს მიირთმევდა… ლა სანტეს ციხეში მესრინმა დაწერა ავტობიგრაფიული წიგნი “სასიკვდილო ინსტიქტი” (L’instict De mort), ამასთანავე მან აქ გაიცნო და დაუახლოვდა შემდეგში თავის მეგობარს და მარჯვენა ხელს – რადიკალურ მემარცხენე შარლემ ბუას რომელთან ერთადაც იბრძოდა პატიმრების უფლებებისთვის. სწორედ შარლემ ბუას ხელით ეხმარებოდა ის რევოლუციონერებს, მოგვიანებით, როცა მესრინის ხელში კოლოსალურმა თანხებმა მოიყარა თავი, შარლემ ბუას ხელით ამარაგებდა გაღატაკებულ მოსახლეობის ნაწილს, რომელიც იმდროინდელი ფრანგული მმართველობის მანკიერი სისტემის ქვეშ ღაფავდა სულს.

ჟაკ მესრინი დაკავებისას

L’instict De mort წიგნის გარეკანი

ჟაკ მესრინი ლა სანტეს ციხეში

1978 წლის 8 მაისს მესრინი კიდევ ერთხელ გაიქცა ციხიდან თავის სამ მეგობართან ერთად, რომელთა შორის ერთი პოლიციამ გაქცევისას მოკლა. ამ შემთხვევის შესახებ დაწვრილებით ბევრი არაფერია ცნობილი, ვერავინ გაიგო თუ როგორ მოახერხა მან ეს, რადგან ციხე ლა სანტე უმაღლესი დაცვისა და მეთვალყურეობის ქვეშ იყო. საფრანგეთში ამ შემთხვევას დიდი სკანდალი მოჰყვა

ლა სანტეს ციხიდან გაქცევისას მოკლული 26 წლის ქარმენ რაივსის სხეული

მესრინი უკვე განსაკუთრებთ საშიში გახდა ხელისუფლებისთვის, ის “მოგზაურობდა” სიცილიაში, ალჟირში, ლონდონში, ბრიუსელში, 1978 წლის ნოემბერში ის დაბრუნდა პარიზში და მოსამართლის გატაცება სცადა მაგრამ ვერ მოახერხა, შემდეგ კი ძარცვავდა ბანკებს, საიუველირო მაღაზიებს, კაზინოებს, მის სახელთან უკვე 39 მკვლელობა იყო დაკავშირებული, ის აღარავის და აღარაფერს აღარ ერიდებოდა, მალე მას ახალი სახელი შეარქვეს, “ადამიანი ათასი სახით”, რადგან ის განსაკუთრებით კარგად ფლობდა შენიღბვის ხელოვნებას და ყოველ დანაშაულს შეცვლილი გარეგნობით სჩადიოდა.1979 წლის 21 ივნისს მესრინმა გაიტაცა ფრანგი მილარდერი ანრი ლელევრი და მისი გამოსასყიდი, 6 მილიონი ფრანკი მიიღო. ჟაკ მესრინი ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა როგორც “საზოგადოების მტერი №1”

ამ მომენტიდან მესრინმა განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მოქმედება მთავრობის წინააღმდეგ. პრესის ნაწილი სულაც არ იყო მისი წინააღმდეგი და მას “რომანტიკოს კრიმინალს” უწოდებდნენ. მესრინი თავის მხრივ პრესის საშუალებით მიმართავდა ხალხს და არწმუნებდა რომ ის დანაშაულს ჩადიოდა არა მათ, არამედ “ძირგამომპალი” მმართველობის წინააღმდეგ. ის იმუქრებოდა რომ მოკლავდა ნებისმიერს, ვინც წინ გადაუდგებოდა, აგრეთვე მოკვლით დაემუქრა თვით საფრანგეთის იუსტიციის მინისტრს. მესრინი ცდილობდა დისკუსიაში ჩაბმულიყო ქვეყნის წამყვან პოლიტიკოსებთან, თავის თავს პოლიტიკურ დევნილს უწოდებდა და ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდა. ჟაკს იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდა ხალხის აზრი მასზე რომ, არაფერზე დაიხია უკან და ჟურნალისტი ჟაკ ტიე რომელიც მას აგდებით მოიხსენიებდა თავის სტატიებში, გაიტაცა და ჩაცხრილა.

“ადამიანი ათასი სახით” ჟაკ მესრინი

ჟაკ მესრინი სიცოცხლის ბოლო წლებში

1979 წლის აგვისტოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟაკ მესრინის დაყოვნებლივ შეჩერების ბრძანება გასცა. ამავე წლის ოქტომბერში ჟაკმა პოლიციას რამოდენიმე წუთით გაასწრო თავისი სახლიდან.

1979 წლის 2 ნოემბერს ჟაკ მესრინი საფრანგეთის დატოვებას აპირებდა, დღის სამ საათზე პარიზის გარეუბანში, გზაჯვარედინზე გაჩერებული ბრეზენტგადაფარებული სატვირთოდან პოლიციელებმა მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი BMW-ს მარკის ავტომობილს, რომლის საჭესთანაც ჟაკ მესრინი იჯდა. ნასროლი 52 ტყვიიდან 14 მას მოხვდა, მძიმედ დაიჭრა მისი მეუღლე, სილვია ჟანჟაკოტი. კიდევ ერთ წუთში უკვე საფრანგეთის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა კადრები და ცნობა – პოლიციამ შეტაკების დროს გაანადგურა საზოგადოების მტერი №1 – ჟაკ მესრინი.

სილვია ჟანჟაკოტი

ჟაკ მესრინის სიკვდილის ამსახველი კადრები

ჟაკ მესრინის დაკრძალვის დღე

ჟაკ მესრინის საფლავი

ჟაკის ქალიშვილის პასუხი პრესას

…ჟაკ მესრინის განადგურებისთვის საფრანგეთის პოლიციამ და ამ საქმის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ბრუსარმა მილოცვა და მადლობა პირადად საფრანგეთის პრზიდენტისგან მიიღო. მისი სიკვდილიდან 1 წლის შემდეგ საფრანგეთის პოლიციის წინააღმდეგ დაგროვდა ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებდნენ რომ პოლიციის მიერ მესრინის ლიკვიდაცია იყო კანონის სახელს ამოფარებული მკვლელობა. სინამდვილეში მესრინს პოლიციისთვის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათ შანსი არ მისცეს მას რომ მშვიდობიანად ჩაბარებოდა, გაფრთხილების გარეშეც ესროლეს. დღეს ჟაკ მესრინი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის გმირია, ადამიანი რომელმაც რევოლუცია გააღვიძა ხალხში, მეორეთათვის კი მკვლელი. მე ჩემს მხრივ არ ვამართლებ ადამიანთა შორის ძალადობის არავითარ გამოვლინებას, მისი პიროვნების განსჯაც თქვენთვის მომინდვია, მაგრამ ჩემს თვალში ჟაკ მესრინი არის ცოცხალი ლეგენდა, თუნდაც ცუდი, მაგრამ მაინც ლეგენდა.

სტატია მომზადებულია პირადად ჩემს მიერ, ყოველგვარი კოპირებისა და თარგმნის გარეშე, მხოლოდ ucnauri.com-ისთვის. მისი წერის დროს არ ვხელმძღვანელობდი ჟაკ მესრინზე გადაღებული ფილმით და მასში არაა გამოყენებული ფილმიდან მიღებული ინფორმაცია.

ავტორი: Velociraptor ™

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close