არქივი

მაიკო ორბელიანის ტრაგედია

Image and video hosting by TinyPic

ქართველი თავადების სამარცხვინო ნაბიჯი…

ეს ამბავი მოხდა 1837 წლის ოქტომბერში, როდესაც რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I საქართველოს ეწვია თავისი გუბერნიის დათვალიერების მიზნით. მას ქართველმა თავადაზნაურებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს. იმდენად მოსწონებია იმპერატორს ქართველი არისტოკრატების მიღება, რომ სამშობლოში დაბრუნებული, აღფრთოვანებითა და გაკვირვებით ამბობდა, საქართველოში ისეთი მიღება მომიწყვეს, როგორსაც მხოლოდ მოსკოვში მიწყობენო. ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ იმპერატორმა 1832 წლის აჯანყებულები დასაჯა, რომელშიც მაშინდელი ნაღები და ღირსეული საზოგადოება იყო გარეული. თავად ნიკოლოზ ბარათაშვილიც კი, რომელიც მაშინ წლოვანებით პატარა იყო, ისე იყო გამოწყობილი ქართულ ტანსაცმელში, რომ ნიკოლოზ პირველი–ს ძალიან მოსწონებია და უთქვამს: “შენ ჩემი ორდინარეცი ხარ”.

ჩამოსვლის მეოთხე დღეს ნიკოლოზს მეჯლისი მოუწყვეს, სადაც თავმოყრილი იყო ქართველი არისტოკრატიული საზოგადოების უმაღლესი წარმომადგენლობა. მათ შორის მანდილოსნები, რომლებიც თავიანთი სილამაზით ბრწყინავდნენ. ამ მანდილოსნებში ერია მაიკო ორბელიანიც, ქალი რომლის სილამაზეზე პოეტები ლექსებს წერდნენ, ხოლო მხატვრები შედევრებს ქმნიდნენ.

მაიკო ორბელიანის დაბადების თარიღი დღემდე სადავოა. ზოგიერთნი მის დაბადების თარიღად 1817 წელს მიიჩნევენ, ზოგიერთნი კი – 1818 წელს. მამამისი ქაიხოსრო ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილის დედის, ეფემია ორბელიანის ბიძაშვილი იყო. ალბათ, ამ ნათესაურმა კავშირმაც იმოქმედა იმაზე, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი და მაიკო ორბელიანი დიდი მეგობრები იყვნენ. მთელი ცხოვრების მანძილზე უთანაგრძნობდა ბარათაშვილი მაიკოს ამ ტრაგედიას. მაიკოს ჰყავდა უფროსი ძმა მიხაკო, რომელიც პოეტი და ეპიგრამისტი იყო, ხოლო საქმრო – თავადი ლევან მელიქიშვილი. ლევან მელიქიშვილი თბილისელი, ხელმოკლე ქართველი თავადის ოჯახის შვილი იყო. დაიბადა 1817 წელს. იგი ნიკოლოზ ბარათაშვილის თანაკლასელი და მეგობარიც გახლდათ. სწორედ ის უწევდა დახმარებას ბარათაშვილს, სამსახურშიც მოაწყო ნახჭევანში. უდროოდ დაღუპულ პოეტს მან მიუჩინა საბოლოო განსასვენებელი. ლევანს ყმაწვილობიდანვე უყვარდა ულამაზესი მაიკო ორბელიანი, მაგრამ გაჭირვების გამო ვერ მოხერხდა შეყვარებული წყვილის დაქორწინება. ლევანმა სამხედრო კარიერა აირჩია და დიდ თანამდებობასაც მიაღწია. ელისაბედ ელიზბარის ასულ ერისთავის მოგონებებში მინიშნებულია, რომ ლევან მელიქიშვილი, მიუხედავად დიდი თავადიშვილობისა, ღარიბი იყო. მისი ოცნება მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მიღწევა იყო, რასაც წლების შემდეგ მიაღწია კიდეც. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, მას ობოლი და ღარიბი ქალის შერთვა თავმოყვარეობის შელახვად მიაჩნდა. ასე რომ, მან არ შეირთო მაიკო ორბელიანი.

იმ დროს ლევანი თბილისში არ იმყოფებოდა. მაშინ ის ნახჭევანის მაზრის უფროსი გახლდათ, შემდგომში კი კავკასიის მთავარმართებლის მოადგილე და სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა. იმპერატორს მეჯლისის დროს 3 ქალი მოეწონა: გრაფი სიმონოვიჩის ასული, უკვე დაქვრივებული ნინო ჭავჭავაძე–გრიბოედოვი და მაიკო ორბელიანი. აი, რას წერდა გენერალ–მაიორი სემიონ სტიშინსკი 1837 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ წერილში: “ის (მაიკო ორბელიანი) ძალიან საინტერესოდ და მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა, როგორც წვნიანი და ტკბილი ფორთოხალი”. იმპერატორის გამორჩეული ყურადღებით დაიწყო მაიკოს ტრაგედია. ულამაზესი, მაგრამ დაუცველი და ყველასგან განწირული არსება უღირსმა ქართველებმა იმპერატორს საძინებელში მიჰგვარეს.

დაშინებული იყო მაშინდელი თავადაზნაურობა. ისინი ის ძლიერი ადამიანები არ იყვნენ, რომლებსაც სამშობლოსთვის უძგერდათ გული. ძლიერი და ჭეშმარიტი ქართველები გადასახლებული იყვნენ. დარჩენილები და გადარჩენილები კი საკუთარ ინტერესებზე ფიქრობდნენ, მათ მხოლოდ ჩინ–მენდლებზე ეჭირათ თვალი. რა იყო ეს – ადამიანების უღირსი საქციელი თუ ქართველი ქალის თავგანწირვა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც მზად იყო დაეცვა სამშობლოს ინტერესები? ალბათ ორივე. მაგრამ მაიკოს თავგანწირვა უშედეგო აღმოჩნდა.

იმპერატორი წავიდა, მაიკო კი შეურაცხყოფილი დარჩა. მალე ის ჭლექით დაავადდა და გარდაიცვალა. მართალია, ლევან მელიქიშვილისა და მაიკო ორბელიანის ოფიციალური ქორწინება არ შედგა, მაგრამ 1840 წელს მაიკომ ლევანისგან შვილი გააჩინა, რომელსაც ვანო (ივანე) დაარქვეს. როგორც ელისაბედ ერისთავი თავის მოგონებაში წერს, ლევანმა ბოლოს სთხოვა მაიკო ორბელიანს ცოლობა, მაგრამ მაიკომ უარი უთხრა, რადგან მას უკვე მძიმე სენი სჭირდა. ლევანი მაიკოსთან სიცოცხლის ბოლომდე იყო. მაიკო 1849 წელს ჭლექით გარდაიცვალა, პატარა ივანე კი მამამისმა წაიყვანა, გვარი მისცა და იშვილა. ლევანმა, მაიკოს გარდაცვალების შემდეგ, ცოლად მოიყვანა მამუკა ორბელიანის ასული, ულამაზესი ალექსანდრა, რომელსაც დედით ობოლი ბიჭი უშვილებია. ცოლ–ქმარს იმდენად უყვარდათ პატარა ივანე, რომ პირველ ვაჟს ივანე დაარქვეს, მის პატივსაცემად. ლევანს სხვა შვილებიც შეეძინა: გიორგი, პეტრე და ნიკოლოზი. ლევან მელიქიშვილი 1892 წლის 25 თებერვალს თბილისში, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: www.sana.ge

მსგავსი ამბები

Back to top button