გასართობისაკითხავისასარგებლო

ინფორმაცია ასასინებზე ქართულ წყაროებში

ასასინ-მოლიდების სექტა, რომლის მთავარი ციხე-ქალაქი ალამუთი ირანის ჩრდილოეთში მდებარეობდა, თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა აზიისა და ევროპის იმდროინდელ ხელმწიფე-გამგებელთ.

ქართულ ისტორიულ წყაროებში ასასინები 1191 წელს მოიხსენებიან. ,,მასა ჟამსა შინა მოიკლა ყიზ-არსლან ათაბაგი მოლიდთა მიერ” , წერს თამარ-მეფის ისტორიკოსი. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის აზრით, არ შეიძლებოდა, ასასინების არსებობა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში არ ასახულიყო, მით უმეტეს, რომ მათი პარპაშის ხანა ,,ვეფხისტყაოსნის” დაწერის სავარაუდო თარიღს (1189-1207) ემთხვევაო. როცა მეცნიერი გენიალური პოემის ისტორიულ ფონს მიმოიხილავდა, ყურადღება მიაქცია არა მარტო სასასინების ციტადელის, ალამუთისა და ქაჯეთის ციხის, არამედ მოლიდებისა და გრძნეულ-ქაჯების მსგავსებასაც

,,ქაჯთა ქალაქი აქამდე მტერთაგან უბრძოლველია
ქალაქსა შინა მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,
მას კლდესა შინა გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია

…ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივს გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან”

ხოლო ქაჯებს ნესტან-დარეჯანი ასე ახასიათებს:

,,ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი,
კაცნი გრძებისა მცოდნენი, ზედაზედ გახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი,
მათი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი”

ეს ტაეპი თითქმის ზუსტად ემთხვევა მემატიანის მიერ ასასინ-მოლიდების დახასიათებას:

,,სპარსთა შორის მულიდნი მხიბლავნი (მომნუსხავი-მაჰიპნოზებელი) და მწამვლელნი
მრავლ იპოებიან” (თამარის ისტორიკოსი)

მეცნიერის აზრით, რუსთაველმა თვალწინ გადაგვიშალა XII-XIII საუკუნეების მაჰმადიანური სამყარო. ამ სამყაროში კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენა წარმოადგენდა ასასინ-მოლიდობა… რუსთაველს არ შეეძლო , გვერდი აევლო ასეთი მოვლენისათვის და თავის მხატვრულ ტილოზე არ მიეჩინა მისთვის გარკვეული ადგილი (კ. კეკელიძე ,,ეტიუდები”, ტ. XII). რაც შეეხება ალამუთის განადგურებაში ქართველების წვლილს, მემატიანე ამ ამბავს ასე აღგვიწერს:

,,მონღოლთა წარიყვანე ქართველნი ალმუთს, ქართველნი დიდ ჭირსა იყვნეს თათართა მიერ, რამეთუ მიმდები და მოუწყინებელი ბრძოლა აქუვნდა ალმუთელთა მიმართ… დიდსა ჭირსა იყვნეს მეფენი (დავით ულუ და დავით ნარინი) და ყოველნი მთავარნი, დაუცხრომლად ებრძოდეს ურჩთა და უმეტეს ალმუთს მყოფთა, რამეთუ შვიდსა წელსა ჟამსა განგრძელდა ბრძოლისა ყოფა მათი”

მონღოლების, ქართველებისა და სპარსელების შეერთებულმა ძალებმა, ბოლოს და ბოლოს, გატეხეს ალამუთის სიმაგრე. 1256 წლის 19-24 ნოემბერს მათ აიღეს უძლეველი ციხე-ქალაქი, ხელთ იგდეს დიდძალი სიმდიდრე, ტყვე და წერილობითი დოკუმენტები… ამის შემდეგ მოეღო ბოლო ასასინთა ძლიერებას და პოლიტიკურ გავლენას. გადარჩენილი ასასინების უმნიშვნელო ნაწილი ეგვიპტეში გადასულა, ,,ივლტოდეს მეგვიპტედ, რომელ არს მირსი, რამეთუ აღიღეს დედაწული და ხვასტაგი და ყოველი სიმდიდრე მათი და მუნ დაამკვიდრა სულთანმა მისრეთისამან”, მოგვითხრობს მემატიანე

წყარო: ჟურნალი არსენალი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close