არქივი

თვითმფრინავის ბიჭები

81eda28a3dca
ამ ადამიანების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ბევრი მათ ტერორისტებად მიიჩნევს, უფრო მეტი კი – გმირებად. მე მაინც მგონია, რომ ესენი ერთი უბრალო თბილისელი ბიჭები იყვნენ, სწორედ მათ უბრალოებაშია მთელი ამ ისტორიის ტრაგიზმიცა და სევდაც.

თვითმფრინავის ბიჭები – ასე უწოდეს იმ ადამიანებს, ვინც თვითმფრინავის გატაცებით სცადა საბჭოთა ტერორისაგან თავის დახსნა. თვითმფრინავის გატაცებაში სულ შვიდი ადამიანი მონაწილეობდნენ – გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე. . მართალია ამ პერიოდში გეგა სულ რაღაც 21 წლის იყო, მაგრამ უკვე საკმაოდ  პოპულარული მსახიობი იყო.
თინა ფეტვიაშვილი,  გეგას მეუღლე  – სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახლდათ. სოსო წერეთელი, გეგას მეჯვარე, ილია II–ის ერთ–ერთი პირველი სტიქაროსანი იყო.   დათო მიქაბერიძე პროფესიით მხატვარი იყო. თვით გეგაც საკმაოდ კარგად ხატავდა, ერთი პერიოდი სამხატვრო აკადმიაში ჩაბარებასაც აპირებდა, თუმცაღა ბოლოს კინემატოგრაფი აირჩია. დათოს  საბჭოთა საქართველოდან წასვლა ყოველთვის უნდოდა და ამის მცდელობა თვითმფრინავის გატაცებამდეც ხშირად ჰქონდა. ერთხელ გეგა ლიძავაში ისვენებდა, დატო მიქაბერიძე იქ გემით ჩავიდა და გეგას ოდესით გაქცევა შესთავაზა. გეგამ მაშინ უარი უთხრა.
გეგამ და მისმა მეგობრებმა ლვოვის ქუჩაზე ბინა იქირავე, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ. ნათელა მაჭავარიანი, გეგას დედა იხსენებს, რომ გეგასა და მის მეგობრებს ამ ბინაში მოლბერტები ჰქონდათ და ხშირად ხატავდნენ, ჰქონდათ დისკუსიები ხელოვნებაზე, მოკლედ, ეს ბინა მათთვის ერთგვარ ინტელექტუალურ თავშესაფარს წამოადგენდა იმდორინდელ თბილისში.  მოგვიანებით ლვოვის ქუჩაზე ნაქირავები სახლი გამოძიებამ ტერორისტების შტაბად მონათლა.
bb396b96f2e6
თინას გაცნობის შემდეგ, გეგა უფრო მხიარული გახდა, იხსენებს ნათელა მაჭავარიანი. მათ ერთად ნახეს რობერტ ბენეტონის ფილმი –„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. ფილმში დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი მონაწილეობენ. როგორც გეგა და თინა ჩვენებებში წერენ, საზღვარგარეთ წასვლაც საბოლოოდ ამ ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს. იმავე აზრზე იყვნენ ძმები ივერიელები და გია ტაბიძეც.
2e5cd134de59
თუმცა მანამდე გეგამ მამა თეოდორე გაიცნო. ერთხელ სოსო წერეთელი ძალიან დათვრა და გეგამ მისი სახლში გაცილება გადაწყვიტა, სოსო ჯერ ამბობდა, ქუჩაში უნდა დავიძინოო, მერე სთხოვა, ჩემს მეგობართან წამიყვანეო და მამა თეოდორესთან მიიყვანა. სოსოს მალევე დაეძინა, გეგა მამაოსთან პირისპირ დარჩა და მთელი ღამე საუბრობდნენ. მამა თევდორეს პიროვნები უკეთ გასაგებად თვითონ მისი სიტყვები მოვიშველიოთ : „თხუთმეტი წლის ასაკიდან გული მქონდა აცრუებული ჩვენს ხელისუფლებაზე. ვიყავი ჰიპების პრეზიდენტი და მილიციაში წამიყვანეს და მცემეს, დღემდე არ ვიცი, რატომ. თხუთმეტი წლისას მომინდა ინდოეთში წასვლა. მაგრამ მერე ცოლი მოვიყვანე… ”. სხვათაშორის, მამა თევდორე ბავშობაშიც საკმაოდ ექსცენტრიკული პიროვნებად თვლიდნენ,  ამიტომ მშობლებმა ავლიპ ზურაბიშვილს მიუყვანეს, რომელმაც მოსკოვში გააგზავნა სამკურნალოდ.
1db92d402128
გაქცევის რამდენიმე გეგმა არსებობდა, თუმცა მოლაპარაკების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ყველაზე უსაფრთხო მაინც თვითმფრინავის გატაცება იქნებოდა. მათ ბოლომდე არ ჰქონდათ წარმოდგენა საბჭოთა ხელისუფლების სისასტიკეზე, ამიტომაც სჯეროდათ, რომ მთავრობა საშუალებას მისცემდათ, თვითმფრინავი თურქეთის აეროპორტში დაესვათ, საჭოთა მგზავრებს კი, რომლებსაც მანამდე გაზით გააბრუებდნენ, მთავრობა უკან დააბრუნებდა. საჭირო იყო მხოლოდ იმის მოფიქრება, როგორ შეეტანათ თვითმფრინავში იარაღი. გაჩნდა რამდენიმე ვერსია. რაკი სასულიერო პირებს აეროპორტში ზოგჯერ არ ჩხრეკდნენ, იარაღი მამა თეოდორეს უნდა შეეტანა, იარაღის შეტანა შეეძლო საქორწილო კაბით გეგას მეუღლეს, თინა ფეტვიაშვილსაც. თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოჩნდა მესამე და ყველაზე საიმედო ვარიანტი, ვინმე ანა ვარსიმაშვილი, რომელიც აეროპორტის ვიპ-გასასვლელში მუშაობდა. მხოლოდ საჭირო იყო ამ ადამიანთან დაახლოება და მისი ნდობის მოპოვება. ამბობენ იმასაც, რომ ამ ანას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა სოსო წერეთელთან (თუმცა ამ ფაქტს სოსოს დედა უარყოფს), რომელიც ცდილობდა საქმიდან გამომდინარე ანა სხვებთანაც დაეახლოვებინა. ამ მიზნით ის გეგასა და თინას ქორწილში დაპატიჟეს. ამ მიზნით შარდენის ქუჩაზე მას ჯერ სოსო შეხვდა, თუმცა უარი მიიღო, შემდეგ ანა ქორწილში თავად გეგამ დაპატიჟა. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მათი ჯვრისწერა და იმიტომ დავთანხმდიო, – წერს თავის ჩვენებაში ანა ვარსიმაშვილი. არსებოს ის მოსაზრებაც, რომ ანა მთავრობასთან თანამშრომლობდა და თვითმფრინავის ბიჭეის გეგმები მან შესაბამის ორგანოებს აფრენამდე აცნობა.
გაქცეულთა გეგმები სრულიად შეიცვალა მაშინ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი თურქეთის ნაცვლად ისევ უკან, თბილისში დაბრუნდა. თბილისი აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავი საბჭოთა პოლიციამ გარედან დაცხრილა, რასაც მგზაბრების მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა ერთი პილოტიც.
გია ტაბიძე ადგილზევე გარდაიცვალა, როგორც კი თვითმფრინავის შტურმანმა სროლა ატეხა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დათო მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა. ძმებ ივერიელებს, გეგა კობახიძესა და მამა თეოდორეს, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა თვითმფრინავში, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თინა ფეტვიაშვილსაც, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო. ციხეში თინას ძლიერმოქმედი პრეპარატები დაალევინეს, დილით გაღვიძებული სისხლდენით მიხვდა, რომ, როდესაც ეძინა, აბორტი გაუკეთეს…

გამოძიებამ არც ისე დიდი ხანი გასტანა და სასამართლომ უმაღლესი ზომის სასჯელი გამოიტანა ვერდიქტად. გამოძიების განმავლობაში დაიკითხა ირაკლი ჩარკვიანიც, გეგას ახლო მეგობარი, რომელმაც წინასწარ იცოდა გაქცევის შესახებ. გეგამ მასაც შესთავაზა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ ირაკლი არ წავიდა. იგი თვლიდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ დაანებებთა მათ თავისუფლებით ტკბობას, აკი მართალიც აღმოჩნდა.ნაწყვეტი ირაკლი ჩვენებიდან:
4ae268b91a56
”-რატომ არ გაფრინდი,  არ გინდოდათ?
-გაფრენა ყოველთვის მინდოდა,ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც,ოღონდ არა თვითმფრინავით.

-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ.
-რას?
-ზღვას.
-როგორ?
-სიმღერით.
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ.
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი, ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას…”
თინა ფეტვიაშვილი ციხეში ხუთწელიწადნახევარი იჯდა. ზვიად გამსახურდია ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ამ დროისთვის არც მან და არც სხვებმა არ იცოდნენ, რომ ბიჭები დიდი ხნის დახვრეტილები იყვნენ. მანამდე ნათელა მაჭავარიანთან უამრავი ადამიანი მოდიოდა, და ეუბნებოდა, რომ გეგა ხან აქ ნახეს ცოცხალი და ხან იქ.  5 წლის შემდეგ გეგას მამა მიხეილ კობახიძე ჯუმბერ პატიაშვილთან მივიდა თავის ფილმებზე სასაუბროდ. და საუბარში შეაპარა. იქნებ გაგვაგებინოთ, სად არიან გადასახლებულებიო. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ გეგა დახვრიტეს. დახვრიტეს თითქმის მაშინვე, როგორც კი სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. არადა მოსკოვში წერილი ჰქონდათ გაგზავნილი შეწყალებაზე…
შემდგომ დაიწყო გაუთავებელი ძებნა საფლავებისა. მიაგნეს მხოლოდ სოსო წერეთელი საფლავს. სოსო წერეთლის დედა ”თბილისელებისათვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „გია ბუღაძემ დაგვირეკა ღამის პირველ საათზე, ჩემს მეუღლეს უთხრა, ბატონო კოტე, სოსო აღმოჩნდაო და სოსო მოდის ჩვენთანო. კოტემ მითხრა: რაღა ვქნა, ლეილა, მგონი, გია ვერ არის კარგადო. მეორე დღეს მოვიდა და მოგვიყვა, რომ საფლავი იპოვეს. როგორც გვითხრეს, მისი საფლავი კლდოვან ნიადაგში იყო გათხრილი და ამიტომაც შეინახა ასე კარგად, თუმცა მე ჩემი შვილი არ მინახავს. არ შემეძლო მისი ნახვა. ჩვენი მეზობელი იყო პათანატომი, ის წავიდა საფლავის სანახავად და მითხრა, რომ, როგორც კი კუბო ამოვიტანეთ, ცისარტყელა ისევ გამოჩნდაო. საბურთალოს პანთეონში გადავასვენეთ და ამის მერე ისე ცუდად გავხდი, ფსიქიატრებიც კი დამჭირდა, ერთი თვე არც წყალი დამილევია და არც არაფერი მიჭამია, ორმოცი კილო დავიკელი…“
ქალბატონი ნათელა ერთგან წერს: ”საოცარი ინტუიცია მაქვს, მთელი სხეული მიკრთის ხოლმე. მაგალითად, დუდუს (დუდუ დადიანი – ქალბატონი ნათელას გერი) მკვლელობის წინა დღეს მთელი სხეულით ვცახცახებდი. მეორე დღეს ეს ამბავი რომ მოხდა, ხომ საშინელ დღეში ჩავვარდი, მაგრამ სხეული აღარ მიცახცახებდა. ასეთი რამ გეგაზე არ დამმართნია. ათი წელი გავიდა უკვე, რაც დუდუ აღარ არის და რამდენჯერ დამესიზმრა, გეგა კი არასდროს მინახავს სიზმარში. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვხედავ, მაგრამ გამოკვეთილად არა, სადღაც ქრება. შინაგანად რაღაც არ მაძლევს იმის საშუალებას, დავჯდე და ვიტირო. როგორც ჩანს, ძლიერი ფსიქიკა მაქვს, თორემ, ასეთი სამი ვაჟკაცი გამოეცალოს ქალს ხელიდან, რად გინდა თავი ცოცხალი?! (ქალბატონმა ნათელამ გეგასთან და დუდუსთან ერთად 21 წლის დისშვილიც დაკარგა) არ მინდა, ვიღაცამ ჩემი ცრემლები დაინახოს და შემიცოდოს. ჩემი პრობლემები არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს.”
f7c3ddb75dbd
ამ ახალგაზრდების ოცნებამ მხოლოდ უბედურება მოიტანა. სიცოცხლის გაგრძელება მხოლოდ თინა ფეტვიაშვილმა შეძლო, რომელმაც მოგვიანებით თავი სამხატვრო აკადემიაში აღიდგინა და მსახიობ სოსო ლაღიძის შვილზე გათხოვდა. მისი მეუღლეც მხატვარია. ისინი დღეს საფრანგეთში ცხოვრობენ და 15 წლის შვილი ჰყავთ. თინა დღესაც დადის ნათელა მაჭავარიანის სანახავად და დღემდე არ ავიწყდება გეგას დაბადების დღე – 7 ივნისი…
ამ ისტორიაზე ბევრი დაიწერა. არაერთმა ბლოგერმა დაუთმო მას ტურადღება. აღსანიშნავია, დატო ტურაშვილის წიგნი ”ჯინსების თაობა”, რომელსაც არც ისე დიდი მხატვრული ღირებულება აქვს, მაგრამ ისტორია თავისთავად იმდენად საინტერესოა, რომ მკითხველი ვერ ახერხებს მოსწყდეს მას.
4ac02d68138c
მოგვიანებით წიგნის მიხედვით, დათო დოიაშვილმა თავისუფალ თეატრში დადგა ამავე სახელწოდების სპექტაკლი.

და ბოლოს, ირაკლი ჩარკვიანის სიტყვები: ”თვითგანადგურების სურვილი ზოგს გვიან უჩნდება ზოგს ადრე. ნიჭიერ ადამიანს  მალე მობეზრდა ერთ განზომილებაში ყოფნა და საკუთარი ინიციატივით დატოვა ის წარმოდენა, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით.”

ირაკლი ჩარკვიანმა და დათო ევგენიძემ სიმღერა Emotions სწორედ გეგას მიუძღვნეს.

რუსთავი 2 საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სიუჟეტი ჰქონდა ამ თემაზე, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა
1173073225.2274.113839696
Coyo & Pol – Wish you were here (Pink Floyd) by coyo335

Back to top button