არქივი

სულხან-საბა ორბელიანი

09cbc6c3a08e

სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725)

„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. – ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.

ორბელიანთა გვარი ბარათაშვილების საგვარეულოს ერთ-ერთი განშტოება იყო. მათი სამკვირდო ქვემო ქართლში მდებარეობდა. სწორედ აქ, ქართლში, სოფელ ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა.

სულხანის მამა ქართლის მეფესთან – ვახტანგ V დაახლოებული პირი იყო, დედა კი – კახეთის 1659 წლის აჯანყების ერთ-ერთი მოთავის – ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მამიდა ვახტანგ მეფეს ჰყავდა ცოლად, ამიტომ სულხანი პატარაობიდანვე სამეფო კარზე იზრდებოდა თავის მამიდაშვილებთან – არჩილთან, გიორგისთან და ლევანთან. ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. სულხანი არჩილს ბიბლიური ტექსტების თავმოყრასა და მოწესრიგებაში ეხმარებოდა, ლევანთან პოეზიის სიყვარული აკავშირებდა, ხოლო გიორგი, რომელიც გიორგი XI სახელით მეფობდა ქართლში, თითქმის სულიერ მოძღვრად მიაჩნდა. სწორედ გიორგიმ შთააგონა 20-25 წლის სულხანს ქართული ლექსიკონის შედგენა.

სულხან-საბამ ბრწყინვალე განათლება მიიღო, როგორც საერო, ისე – სასულიერო. განსწავლულობით გამორჩეულს მოგვიანებით უფლისწულ ვახტანგ ლევანის ძის (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ VI) აღზრდა დაავალეს.

სულხან-საბა ახალზგაზრდობაშივე ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში და გიორგი XI მხარდამხარ იბრძოდა ირანელთაგან ქართლის გასათავისუფლებლად. ამ დროს მოხდა დიდი აჯანყება ქართლში, მაგრამ ქართველები დამარცხდნენ. მეფობიდან გათავისუფლებული გიორგი იმერეთში გადაიხვეწა, დევნა არც სულხან-საბას ასცდა, რის გამოც იგი ჯერ იმერეთში, შემდეგ კი სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს დავით გარეჯის მონასტერში სულხანი ბერად აღიკვეცა და საბა ეწოდა, სწორედ ამ დროიდან მოიხსენიება იგი სულხან-საბად.

ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლში გამეფების სანაცვლოდ გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგმა სულხან-საბა საიდუმლო დავალებით ევროპაში გაგზავნა იმ იმედით, რომ იქნებ ევროპა მაჰმადიანთა უღელქვეშ ტანჯულ საქართველოს დახმარებოდა, ტახტზე ქრისტიანი უფლისწული დაესვათ.

სულხან-საბამ უცხოეთში რამოდენიმე წელიწადი დაჰყო. მრავალგზის ეახლა საფრანგეთის მეფეს პარიზში, მაშინ იქ ლუი მეთოთხმეტე მეფობდა. არაერთხელ შეხვდა რომის პაპს კლიმენტი მეთერთმეტეს. ევროპაში სულხან-საბამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავისი განათლებით, სიდარბაისლითა და ქცევა-პასუხით, მჭევრმეტყველებითა და დიპლომატიური ნიჭით. მაგრამ იმ დროისათვის ევროპას უზარმაზარ და უძლიერეს ირანთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა და სულხან-საბაც უშედეგოდ დაბრუნდა საქართველოში.

ქართლში ამ დროს უკვე ვახტანგ VI მეფობდა, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი რუსეთთან კავშირი. მან სულხან-საბა რუსეთში გაგზავნა, რათა რუსთ ხელმწიფესთან ვახტანგის შეხვედრა შეემზადებინა. მაგრამ მრავალჭირგადახდილ მოღვაწეს აღარ დასცალდა. 1725 წელს იგი გარდაიცვალა. დაკრძალეს მოსკოვის მახლობლად ვსეხსვიატსკოეს ტაძარში.

სულხან-საბა ორბელიანი გამორჩეული იყო არა მარტო პოლიტიკაში, არამედ მწერლობაშიც. მან უდიდესი ამაგი დასდო ქართულ ლიტერატურას, პირველმა შეადგინა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა“, ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან დაამკვიდრა მემუარულ-სამოგზაურო ჟანრი თხზულებით „მოგზაურობა ევროპაში“.

იმ ხანად, ქართველები ყიზილბაშებისაგან მრავალ უზნეობას სწავლობდნენ, ხალხი გადაგვარების გზას ადგა. ამიტომ უპირველესი ამოცანა ამ უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, რაც ქართული ეროვნული სულის, ტრადიციებისა და ენის დაცვაში გამოიხატებოდა, ერს მაღალი სულიერება უნდა შეენარჩუნებინა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სულხან-საბას შესანიშნავი ნაწარმოები „სიბრძნე-სიცრუისა“, რომელშიც შედის იგავ-არაკები ზნეობაზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ღალატზე, უგუნურებასა და სხვა ყურადსაღებ საკითხებზე. სულხან-საბა კიდევ მრავალი ნაშორმის ავტორია. მისი დამუშავებულია ბიბლიის ტექსტი, რომელიც „მცხეთური ხელნაწერების“ სახელწოდებით დაიბეჭდა.

საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე).

სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, – წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს.

სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით… იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს – ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს:

„სულხან-საბა ორბელისძე
სიბრძნით აღხდა ორბებისზე“.

სულხან საბა ორბელიანის შეგონებანი და წიგნი ,,სიბრძნე სიცრუისა”

1. �თუ ღმერთი კაცს არ მისცემს, თვისისა ცდითა არა ღონე არ დაიდების და ცუდი შრომა შერჩემის. ღმერთსა უნდა სთხოვოს კაცმან.�
2. �კარგი საქმე ისე უნდა ქნას, ან ღმერთმან დსაუმადლოს, და ან კაცმან მოუწონოს.�
3. �უგვანს ნუ დაენდობი, გაუსინჯავად საქმეს ნუ იქმ, თორემ ბოლოს დაინანებ. �
4. �ავ კაცს ყოველი კაცი თავისი მსგავსი ჰგონია.�
5. �ენით მოკვდება კაცი, სხვით არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენით ვეღარ აღადგინოს და აღარცა ენით ვეღარ აღადგინოს და აღარცა ენით წყლულს ელხინოს.�
6. �მიწაში თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვა, თუცა არა დახარჯავ.�
7. �მრისხანეს, კაცსა მტერი რადმცა უნდა? თვით არს მტერი თავისა თვისისა. მტერი უმტრებს ერთჯერ, ან ორჯერ და იგი დაუცილებელი არს თავისათვის მტერ.�
8. �ცოდვისა უამესი ცოტა ხანს არა არის რა, და ბოლოს სამსალა არის და საწყენი, პირველ უხაროდეს და ბოლოს ინანებდეს. მადლისაგან და კარგის საქმისაგან უფრო ძნელად შესამართავი არა არის რა და, რა ხელთა აიღოს, ადვილად ქმნას, პირველ ხარობდეს და ბოლოს უხაროდეს, დიდად სიამე შეექმნას. ავსა და ცუდსა საქმესა ბოლო მოკლე და საწყენი აქვს და კარესა და სამადლოსა-დაულეველი საუკუნომდის.�
9. �სამადლო საქმე მალვითა სჯობს და ღმერთიცა უფროსად შეუწირავს: კაცმან შენზე სამსახური ქმნას, იკვეხდეს და ზვაობდეს- გეწყინება!�
10. �ყოველი მტერი ამის ცდაშია, რომ დრო შემოიგდოს და წაახდინოს.
11.დიდს მტერს კაცი ან შეეხვეწება და ან გარდაეხვეწება.
სწორს მტერს ან პასუხს უზამს, ან მოუფრთხილდება.
ცოტას და ცუდს მტერს უნდა უფრო უფრთხილდეს კაცი: ცოტა მტერი ცეცხლსა ჰგავს, ნაცარში დამალულსა: არა ჩანს და რა გაჰქექ, ხელს დაგწვავს .
ცოტა მტერი სიკვდილსა ჰგავს, უჩინარსა: მოვა, ვერცა ქრთამით, ვერცა ძალით, ვერცა ხვეწნით ვერ მორჩება.
ცოტა მტერი რა კაცზე დროს იშოვნის, აღარას ღონითა არ გაუშვებს- არ გადარჩესო.
ცოტა მტერი ორმოსა ჰგავს, თივის ქვეშე დაფარულსა: რა შესდგე, ჩაიჭრები. ამისათვის უნდა ყოველი კაცი ცოტას მტერს უფრთხოდეს, საფათერაკო იგია.�
12. �ავის კაცისაგან წახდენაც სირცხვილია კაცისა და გაკეთებაცა, თვარამ კარგის კაცისაგან კარგი სჭირს თუ ავი, ორივ სახელია, ამად რომ, თუ ავი არა ხარ,რად შეეხვეწები? ეგრევე, თუ კარგი ხარ, კარგს გიზამს; კარგისაგან კარგი გამოვა და მას იქმს, და თუ ავს გიზამს, – სიკეთე, ჭკუა და ძალისამივ შენზე მეტი ექნება და მოგერევა:
13. კაცისა დიდი სიკეთე იგია, რომე სიავე არ იმახსოვროს და სიკეთით დაფაროს.�
14.�უმეცარს კაცსა გულით ნუ მიენდობი;შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები ; ყოველ ჟამს ფრთხილად იყავ, შენი სახლიც იყოს; მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი; გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდა!�
15.� კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზედ ცუდად არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.
ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.
ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულთა გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია.
ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთ, ძალთა და ზურგთ მომბმელია.
ამხანაგი მტერთათვის მაზიანებელია, მოყვარეთათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა.
ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.
ამხანაგის უკეთესსა შენ რას იშოვი? რად გძულან, რად ეშუღვლი, რად ეკამათები? მე მრავალი კარგი კაცი მინახავს, მამაშვილობასა და ძმობას გაჰყროდეს და ამხანაგს შესწყობოდეს.
ამხანაგში თუ არ სიყვარული, საქიშპარი არა არის რა.�

9bb0b25ef4a1

გამოყენებულია ლიტერატურა:„საქართველო არის ესე“

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button